ფარისებრი ჯირკვალი პატარა, დაახლოებით 5 სანტიმეტრის სიგანის ორგანოა, რომელიც ყელზე, ადამის ვაშლის ქვემოთ, ზუსტად კანქვეშ მდებარეობს. მისი ორი ნახევარი (წილები) შუაში ფარისებრი ჯირკვლის ყელითაა შეერთებული, რის გამოც ამ ორგანოს ბაფთის ფორმა აქვს. ნორმაში მისი თვალით დანახვა შეუძლებელია, ხელით კი თითქმის არ ისინჯება. თუკი ჯირკვალი გადიდდა (რასაც ჩიყვი ეწოდება), ექიმები საკმაოდ ადვილად სინჯავენ მას და იგი თვალითაც კარგად შესამჩნევი ხდება ადამის ვაშლის აქეთ-იქითა მხარეს ან ქვეშ.
ფარისებრი ჯირკვალი თირეოიდულ ჰორმონებს გამოყოფს, რომლებიც აკონტროლებენ ორგანიზმში ქიმიური პროცესების (ნივთიერებათა ცვლის) სიჩქარეს. ფარისებრის ჰორმონები ამაზე გავლენას ორი გზით ახდენს: ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილის სტიმულირებით, რათა მათში ცილები წარმოიქმნას და უჯრედების მიერ მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობის ზრდით. ფარისებრის ჰორმონები სხეულში მრავალ პროცესზე ახდენს გავლენას: გულისცემისა და სუნთქვის სიხშირეზე, კალორიების წვის სიჩქარეზე, კანის ქსოვილებზე, ზრდაზე, სითბოს წარმოქმნაზე, ნაყოფიერებასა და მონელებაზე.
არსებობს ორი თირეოიდული ჰორმონი – T4 (თიროქსინი) და T3 (ტრიიოდთირონინი). T4 ფარისებრი ჯირკვლის მიერ წარმოქმნილი მთავარი ჰორმონია და ძალიან მცირედ, ან საერთოდ არ მოქმედებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე. ამიტომ იგი T3-ად გარდაიქმნება, რომელიც უფრო აქტიური ჰორმონია. T4-ის T3-ად გარდაქმნა ღვიძლსა და სხვა ქსოვილებში ხდება. ამ პროცესს მრავალი ფაქტორი აკონტროლებს, მათ შორის ორგანიზმის ყოველწუთიერი საჭიროებები და ავადმყოფობის არსებობა ან არარსებობა. ამ ორი ჰორმონის დიდი ნაწილი სისხლში სპეციალური ცილით, თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინით გადაიტანება. T4-ისა და T3-ის მხოლოდ მცირე რაოდენობა მოძრაობს თავისუფალი ფორმით, თუმცა, სწორედ ეს ნაწილია ბიოლოგიურად აქტიური. როცა თავისუფალ ჰორმონებს ორგანიზმი მოიხმარს, ცილასთან დაკავშირებული T3-ისა და T4-ის ნაწილი გამოთავისუფლდება და ჩაანაცვლებს დახარჯულს.
თირეოიდული ჰორმონების წარმოსაქმნელად ფარისებრ ჯირკვალს იოდი ესაჭიროება, რომელსაც საკვები და წყალი შეიცავს. ეს ორგანო შებოჭავს მიღებულ იოდს და ჩართავს მას გამომუშავებულ ჰორმონებში. ორგანიზმის სხვა ქსოვილებში T3-ისა და T4-ის გამოყენების შემდეგ, მათში არსებული იოდის ნაწილი გამოთავისუფლდება, ბრუნდება ფარისებრ ჯირკვალში, გადამუშავდება და ხელახლა გამოიყენება ჰორმონების წარმოსაქმნელად. უცნაურია, მაგრამ ფარისებრი ჯირკვალი ოდნავ უფრო ნაკლები რაოდენობით წარმოქმნის ჰორმონებს, თუკი სისხლით მას საჭიროზე მეტი იოდი მიეწოდა.
ორგანიზმს თირეოიდული ჰორმონების შემცველობის რეგულირების საკმაოდ რთული მექანიზმი აქვს. პირველ რიგში, ჰიპოთალამუსი, რომელიც ტვინში ჰიპოფიზის ზემოთ მდებარეობს, გამოყოფს თირეოტროპინ-რილიზინგ-ფაქტორს. ეს ნივთიერება კი ჰიპოფიზის მიერ თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამოთავისუფლებას იწვევს. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, TSH ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას ახდენს, რათა მან, თავის მხრივ, თირეოიდული ჰორმონები გამოყოს. ჰიპოფიზი ზრდის ან ამცირებს TSH-ის გამოთავისუფლების სიჩქარეს იმის მიხედვით, თუ როგორია სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონე, იმატებს იგი თუ იკლებს.
ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონ კალციტონინსაც წარმოქმნის, რომელიც ხელს უწყობს ძვლების გაძლიერებას მათში კალციუმის ჩალაგებით.
იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი, ექიმები, როგორც წესი, სისხლში TSH-ს, T4-ისა და T3-ის დონეს განსაზღვრავენ.
ხშირად ამ ორგანოს ფუნქციის შესაფასებლად საუკეთესო მაჩვენებელი TSH-ის შემცველობაა. თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის ფუნქცია ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციაა, ამიტომ მისი დონე მაშინაა მაღალი, როცა ჯირკვალი საკმარისად კარგად არ ფუნქციონირებს (ანუ მისი მეტი სტიმულაციაა აუცილებელი). TSH-ის დაბალი შემცველობა კი ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვლის მაჩვენებელია, რა დროსაც მას ნაკლები სტიმულაცია სჭირდება. თუმცა, იშვიათად, როცა ჰიპოფიზი კარგად არ ფუნქციონირებს, TSH-ის დონე სწორად ვერ ასახავს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას.
სისხლში T3-ისა და T4-ის შემცველობის განსაზღვრისას ექიმები ზომავენ თითოეული ჰორმონის ორივე ფორმას, თავისუფალსა და შეკავშირებულს (საერთო T4 ან საერთო T3). თუმცაღა, თუკი თიროქსინ-შემაკავშირებელი გლობულინის დონე ნორმიდან გადახრილია, ფარისებრი ჰორმონების საერთო შემცველობამ შესაძლოა არასწორ დასკვნამდე მიგვიყვანოს. ამიტომ ექიმები ხანდახან სისხლში თავისუფალი ჰორმონების დონეს განსაზღვრავენ. თიროქსინ-შემაკავშირებელი გლობულინის შემცველობა დაბალია თირკმლის დაავადებების დროს, ან ისეთი პათოლოგიების არსებობისას, როცა ღვიძლში ცილების სინთეზი დაქვეითებულია, ან ანაბოლური სტეროიდების მოხმარებისას. ამ გლობულინის დონე მაღალია ორსულ ქალებში, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ან ესტროგენის შემცველი სხვა საშუალებების მიღებისას და, ასევე, ჰეპატიტის ადრეულ სტადიაზე.
თუ ექიმმა ხელით გასინჯვისას ფარისებრ ჯირკვალში ერთი ან მეტი კვანძი აღმოაჩინა, გამოსახულებითი კვლევა ინიშნება. ექოსკოპია ულტრაბგერით ტალღებს იყენებს ამ ორგანოს ზომების განსაზღვრისთვის და იმის დასადგენად, ეს კვანძი მყარია თუ სითხითაა სავსე (ცისტა). არსებობს სხვაგვარი კვლევაც, რომლის დროსაც პაციენტის სისხლში რადიოაქტიური იოდის ან ტექნეციუმის მცირე რაოდენობა შეჰყავთ. რადიოაქტიური ნივთიერება ფარისებრ ჯირკვალში გროვდება. სპეციალური მოწყობილობა (გამა-კამერა) აღნუსხავს მისგან მომდინარე გამოსხივებას და ჯირკვლის გამოსახულებას ქმნის, სადაც ყველა სახის ფიზიკური პათოლოგია ჩანს. ამ კვლევით იმის დადგენაც შეიძლება, ჯირკვლის რომელიმე კონკრეტული ნაწილის ფუნქცია დანარჩენ ქსოვილთან შედარებით ნორმალურია, მომატებულია თუ დაქვეითებული.
იშვიათად, როცა ექიმი ვერ განსაზღვრავს, პრობლემა ფარისებრ ჯირკვალშია თუ ჰიპოფიზში, დამატებითი გამოკვლევებიც ხდება საჭირო.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში პატარა ნემსით ქსოვილის ნაწილს იღებენ გამოსაკვლევად (ბიოფსია). თუკი სავარაუდო დიაგნოზი ფარისებრი ჯირკვლის მედულური კარცინომაა, სისხლში კალციტონინის დონე ისაზღვრება, რადგან ასეთი კიბო ყოველთვის გამოყოფს კალციტონინს.