1. ურეცეპტოდ გასაცემი წამლები
  2. წამლები
ურეცეპტოდ გასაცემი წამლები

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების შეძენა ექიმის რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.

ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ, შეიმსუბუქონ მრავალი გამაღიზიანებელი სიმპტომი და ზოგ დაავადებას უმკურნალონ კიდეც, ექიმთან მისვლის დანახარჯის გარეშე. თუმცაღა, ამ წამლების უსაფრთხოდ გამოსაყენებლად აუცილებელია ცოდნა, გონივრულობა და პასუხისმგებლობა.

ასპირინისა და აცეტამინოფენის გარდა, რომლებიც ხალხს ურეცეპტოდ გასაცემ ძირითად საშუალებებად მიაჩნია, სხვა ბევრი ხშირად გამოყენებული წამალიც მიეკუთვნება ამ ჯგუფს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ასოციაციის (FDA) ნებართვით. ზოგიერთი კბილის პასტა, პირში გამოსავლები და მეჭეჭების საწინააღმდეგო საშუალება, თვალის წვეთების ზოგი სახე, ანტიბიოტიკების შემცველი პირველადი დახმარების კრემები და მალამოები, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებიც კი, ფაქტობრივად, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს მიეკუთვნება. ზოგი ასეთი წამლის შესაძენად თავიდან რეცეპტი იყო საჭირო. მრავალწლიანი გამოყენებისა და რეცეპტის მეშვეობით კონტროლის შემდეგ, ის მედიკამენტები, რომლებსაც მაღალი ხარისხის უსაფრთხოება ახასიათებთ, შესაძლოა ურეცეპტო საშუალებათა ჯგუფში გადავიდეს FDA-ს ნებართვით. სწორედ ასე მოხდა ტკივილგამაყუჩებელი იბუპროფენისა და მონელების პრობლემის სამკურნალო ფამოტიდინის შემთხვევაში. ხშირად ურეცეპტოდ გაცემული საშუალება ბევრად უფრო მცირე რაოდენობით შეიცავს აქტიურ ნივთიერებას თითოეულ აბში, შემოგარსულ აბში ან კაფსულაში, ვიდრე რეცეპტით გაცემული იგივე მედიკამენტი. ურეცეპტო წამლების დოზების შერჩევისას მწარმოებლები და FDA ცდილობენ, წონასწორობა დაიცვან უსაფრთხოებასა და ეფექტურობას შორის.

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები ყოველთვის არ არის უფრო მეტად უსაფრთხო და ეფექტური, ვიდრე მსგავსი, ექიმის რეცეპტით გასაცემი საშუალებები. მაგალითად, ურეცეპტოდ გასაცემი ძილის წამალი, დიფენჰიდრამინი, ზემოთ მოხსენიებული მახასიათებლების მიხედვით, მრავალ რეცეპტით გასაცემ საძილე საშუალებას ჩამორჩება, განსაკუთრებით მოხუცებისთვის.

ისტორიული მიმოხილვა

ერთ დროს მედიკამენტების უმრავლესობა რეცეპტის გარეშე იყო ხელმისაწვდომი. სანამ FDA დაარსდებოდა, ყველაფერი შეიძლებოდა ჩაგესხათ ბოთლში და გაგეყიდათ როგორც განკურნების უეჭველი საშუალება. ზოგი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტი შეიცავდა ალკოჰოლს, კოკაინს, მარიხუანასა და ოპიუმს ისე, რომ მომხმარებლებს ამის შესახებ არც კი ატყობინებდნენ. ამერიკაში 1938 წელს მიიღეს კანონი საკვების, მედიკამენტებისა და კოსმეტიკის შესახებ, რამაც FDA-ს მიანიჭა უფლება, არეგულიროს ეს საკითხები. თუმცა, კანონი გარკვევით არაფერს ამბობდა იმაზე, რომელი მედიკამენტები უნდა გაყიდულიყო მხოლოდ რეცეპტით და რომელი – რეცეპტის გარეშე.

1951 წელს შეიმუშავეს კანონის დამატება, რომელიც აზუსტებდა განსხვავებას წამლების ამ ორ ჯგუფს შორის და ეხებოდა მედიკამენტების უსაფრთხოების საკითხებს. ის რეცეპტით გაცემულ საშუალებებს განსაზღვრავდა როგორც ნაერთებს, რომელთა ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მიღებას შეიძლება მოჰყოლოდა მიჩვევა, მოწამვლა ან საზიანო მოხმარება. ყველა დანარჩენი წამლის ურეცეპტოდ შეძენა კი დაშვებული იყო.

1962 წლის ცვლილებით კანონში, სავალდებულო გახდა, რომ ურეცეპტოდ გაცემული საშუალება ყოფილიყო ეფექტურიც და უსაფრთხოც. თუმცა, ამ ორი მახასიათებლის განსაზღვრა საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. ის, რაც ეფექტურია ერთი ადამიანისთვის, შესაძლოა, არ მოქმედებდეს მეორეზე, არასასურველი გვერდითი მოვლენები კი შეიძლება ნებისმიერმა მედიკამენტმა გამოიწვიოს (არასასურველი გვერდითი ეფექტები ანუ რეაქციები. არ არსებობს ორგანიზებული სისტემა, რომელიც აღრიცხავდა ურეცეპტოდ გაცემულ საშუალებათა გვერდით მოვლენებს. შესაბამისად, FDA-ს ან წამლის მწარმოებლებს ფაქტობრივად არანაირი საშუალება არ აქვთ, იცოდნენ, რამდენად ხშირი ან მძიმეა ისინი.

უსაფრთხოება

უსაფრთხოება ის მთავარი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც FDA მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ნებართვას იძლევა. ურეცეპტოდ გაცემული წამლების უმრავლესობა საკმაოდ სიღრმისეულადაა შესწავლილი სამეცნიერო კვლევებით, განსხვავებით ჯანმრთელობის გამაძლიერებელი საკვებისგან, საკვები დანამატებისგან (მათ შორის სამკურნალო მცენარეები) და დამატებითი თერაპიული საშუალებებისგან. თუმცაღა, ყველა სამკურნალო საშუალებას აქვს დადებითი, უარყოფითი მხარეები და გვერდითი მოვლენების რისკი რაღაც ხარისხით ზოგჯერ შესაძლოა მისაღებიც იყოს, თუკი წამალი ეფექტურია ადამიანისთვის. რისკის ხარისხის განსაზღვრა მის მიერ სუბიექტურ განსჯას მოითხოვს ამ შემთხვევაში.

უსაფრთხოება მედიკამენტის სწორად მიღებაზეა დამოკიდებული. ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების შემთხვევაში ადამიანები თავად ისვამენ დიაგნოზს და ექიმის გარეშე იყენებენ მათ, რაც შეცდომის საფრთხეს მოიცავს. მაგალითად, თავის ტკივილის შემთხვევათა უმრავლესობა საშიში არ არის, მაგრამ იშვიათად ეს სიმპტომი შეიძლება ტვინის სიმსივნის ან ამ ორგანოში სისხლდენის ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. ამის მსგავსად, ძლიერი გულძმარვა შესაძლოა მოსალოდნელ გულის შეტევაზე მიუთითებდეს. ადამიანებმა გონივრულად უნდა განსაჯონ და განსაზღვრონ, რაიმე სიმპტომი ან დარღვევა მსუბუქია თუ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს, გაურკვევლობის შემთხვევაში კი ექიმს მიმართონ.

ურეცეპტოდ გაცემული საშუალების შეძენისას აუცილებელია ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა და მისი მიყოლა. იმის გამო, რომ წამლის სხვადასხვა ფორმას – მაგ. დაუყოვნებლივი გამოთავისუფლებისა და კონტროლირებული (ნელი) გამოთავისუფლების ფორმებს – შესაძლოა, ერთი და იგივე სახელწოდება ჰქონდეს, აუცილებელია შეფუთვაზე დაკვირვება შეძენამდე და ასევე, დოზის დაზუსტებაც. ამასთანავე, ერთი და იმავე დასახელების მედიკამენტის ორი ფორმა შეიძლება სხვადასხვა ინგრედიენტისგან შედგებოდეს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ამასაც. ასე მაგალითად, ტაილენოლის რამდენიმე ათეული ფორმა არსებობს მათში შემავალი საკმაოდ მრავალფეროვანი ინგრედიენტებით. მედიკამენტი მაალოქსის ზოგი ვარიანტი ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდს შეიცავს, სხვები კი კალციუმის კარბონატს. წამლის არჩევამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა და განსაზღვრა, რომელი საშუალება შეესაბამება ზუსტად თქვენს სიმპტომებს. FDA-ს მოთხოვნით ყველა ურეცეპტოდ გაცემულ საშუალებას თავისი ინსტრუქცია მოჰყვება თან, რათა ადამიანებმა შეძლონ, გაარკვიონ რა სასარგებლო ეფექტები და რისკები ახლავს თან წამლის მიღებას და როგორ უნდა გამოიყენონ ის სწორად. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.

ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ინსტრუქციაში ხშირად ყველა გვერდითი მოვლენა არ არის ჩამოთვლილი. შესაბამისად, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ამ წამლებს მცირე რაოდენობით გვერდით ეფექტი ახასიათებთ ან სულაც არაფერი. მაგალითად, რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ინსტრუქციაში შეიძლება ეწეროს, რომ არ შეიძლება მისი მიღება ტკივილისთვის 10 დღეზე დიდხანს. თუმცაღა, ის მოსალოდნელი მძიმე გვერდითი მოვლენები, რაც ამ წამლის ხანგრძლივად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს – (მაგ. სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან), ნახსენები არ არის – არც შეფუთვაზე, არც ბოთლზე, არც ინსტრუქციაში. შესაბამისად, ქრონიკული ტკივილის ან ანთების მქონე ადამიანებმა ეს წამალი შესაძლოა, ხანგრძლივად მიიღონ და არც იცოდნენ, რა მძიმე გართულებებია მოსალოდნელი ამის გამო.