1. კარცინოიდული სიმსივნეები
  2. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
კარცინოიდული სიმსივნეები

კარცინოიდული სიმსივნეები კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც ზოგჯერ ჰორმონების მსგავს ნივთიერებებს ჭარბად გამოიმუშავებენ, რაც კარცინოიდულ სინდრომს იწვევს.

  • კარცინოიდული სიმსივნე შეიძლება გამოვლინდეს მუცლის მოვლითი ტკივილითა და კუჭის მოქმედების ხასიათის შეცვლით;

  • ამ დროს ასევე ვითარდება წამოწითლება და ზოგჯერ დიარეაც;

  • ექიმები დიაგნოზის დასასმელად შარდში ნივთიერება სეროტონინის დაშლის პროდუქტის შემცველობას საზღვრავენ;

  • სიმსივნის მდებარეობის დასადგენად გამოსახულებითი კვლევებია საჭირო;

  • ზოგჯერ სიმსივნე ქირურგიულად იკვეთება;

  • სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება წამლების მიღება იყოს აუცილებელი.

კარცინოიდული სიმსივნეები ხშირად წვრილი ნაწლავის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილის ამომფენი, ჰორმონწარმომქმნელი უჯრედებისგან ვითარდება. ის ასევე შეიძლება წარმოიშვას პანკრეასში, სათესლე ჯირკვლებში, საკვერცხეებში ან ფილტვებში. კარცინოიდული სიმსივნეები ჭარბად წარმოქმნიან ჰორმონებისმაგვარ ნივთიერებებს, მაგ. სეროტონინს, ბრადიკინინს, ჰისტამინსა და პროსტაგლანდინებს. მათი დიდი რაოდენობა განსხვავებულ სიმპტომთა ერთობლიობას, ე.წ. კარცინოიდულ სინდრომს იწვევს. კარცინოიდული სიმსივნეები ამინმჟავა ტრიფტოფანს მოიხმარენ სეროტონინის ჭარბად გამოსამუშავებლად. იმის გამო, რომ ტრიფტოფანი ნიაცინის (ვიტამინ B3) წარმოსაქმნელადაა საჭირო, ადამიანს ასევე შეიძლება განუვითარდეს ამ ვიტამინის ნაკლებობაც, რაც დაავადება პელაგრას იწვევს.

როცა კარცინოიდული სიმსივნე საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ან პანკრეასში მდებარეობს, მის მიერ გამომუშავებული ნივთიერებები ღვიძლისკენ მიმავალ სისხლძარღვში (კარის ვენა) გამოიყოფა და პირდაპირ ღვიძლში მიიტანება, სადაც მათ ფერმენტები შლის. შესაბამისად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული სიმსივნეები, როგორც წესი, სიმპტომებით არ ვლინდება, თუ ისინი ღვიძლზეც არ გავრცელდა.

ღვიძლში მეტასტაზირების შემდეგ ამ ორგანოს უკვე აღარ შეუძლია წარმოქმნილი ნივთიერებების გადამუშავება და ისინი სისხლით მთელ ორგანიზმში ვრცელდება. იმის მიხედვით, თუ რომელ ჰორმონებს გამოყოფს სიმსივნე, ადამიანს კარცინოიდული სინდრომის სხვადასხვა სიმპტომები უვითარდება. სიმპტომებს ფილტვების, სათესლე ჯირკვლებისა და საკვერცხეების კარცინოიდული სიმსივნეებიც იწვევენ, რადგან მათგან გამოყოფილი ნივთიერებები გვერდს უვლიან ღვიძლს და სისხლის მიმოქცევით ყველგან ვრცელდება.

სიმპტომები

დაავადებულთა უმრავლესობას ნაწლავური სიმსივნეებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, ძირითადად მუცლის მოვლითი ტკივილი და კუჭის მოქმედების ხასიათის შეცვლა ნაწლავის სანათურის დახშობის გამო.

კარცინოიდული სინდრომი: კარცინოიდული სინდრომი კარცინოიდული სიმსივნეების მქონეთა 10%-ზე ნაკლებს უვითარდება. თუმცა, ეს მაჩვენებელი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს წარმონაქმნი. უსიამოვნო წამოწითლება, ძირითადად თავისა და კისრის არეში, ამ სინდრომის ყველაზე ადრეული და ხშირი სიმპტომია. წამოწითლება სისხლძარღვების გაფართოების შედეგია და მის პროვოცირებას რაიმე ემოცია, ჭამა, ალკოჰოლის ან ცხელი სასმლის მიღება იწვევს. წამოწითლებას შესაძლოა დროებით კანის მოლურჯო ელფერის გაჩენა, ანუ ციანოზი, მოჰყვეს. ნაწლავის ძლიერი შეკუმშვები მუცლის ჭვალისებურ, მოვლით ტკივილსა და დიარეას იწვევს. საკვები ნივთიერებების შეწოვა შეიძლება დაირღვეს, რის გამოც ვითარდება არასაკმარისი ნაკვებობა და ცხიმიანი, უსიამოვნო სუნის განავალი გამოიყოფა.

ზოგჯერ გულიც ზიანდება, რაც ტერფებისა და ფეხების შეშუპებას იწვევს. სასუნთქ გზებსა და ფილტვებში ჰაერის მოძრაობის გაძნელების გამო ხმაურიანი ამოსუნთქვა და ქოშინი ვითარდება. ზოგჯერ, კარცინოიდული სინდრომის გამო, სქესობრივი ლტოლვა ქვეითდება და ზოგ მამაკაცს ერექციული დისფუნქციაც აღენიშნება.

დიაგნოზი

სიმპტომების გამო ეჭვის კარცინოიდულ სინდრომზე მიტანის შემთხვევაში დიაგნოზის დადასტურება შეიძლება 24 საათის განმავლობაში შეგროვებულ შარდში სეროტონინის დაშლის პროდუქტის 5-ჰიდროქსიინდოლ-ძმარმჟავას (5-HIAA) შემცველობის გაზომვით. ამ კვლევამდე, სულ მცირე, 3 დღე მაინც ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს სეროტონინის დიდი რაოდენობით შემცველი საკვების მიღებისგან, როგორიცაა ბანანი, პომიდორი, ქლიავი, ავოკადო, ანანასი, ბადრიჯანი და ნიგოზი. ანალიზის შედეგებზე გავლენას ასევე ახდენს ზოგი წამალი, მათ შორის, გუაიფენეზინი (შედის ხველის საწინააღმდეგო მრავალ სიროფში), მეთოკარბამოლი (კუნთების მომადუნებელი საშუალება) და ფენოთიაზინი (ანტიფსიქოზური პრეპარატი).

კარცინოიდული სიმსივნეების ადგილმდებარეობის დასადგენად სხვადასხვა კვლევა ინიშნება, მაგ., კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) და არტერიოგრაფია. ზოგჯერ წარმონაქმნის პოვნის მიზნით სადიაგნოსტიკო ოპერაციაც ტარდება.

საკმაოდ გამოსადეგი კვლევაა რადიონუკლიდური სკანირება. კარცინოიდული სიმსივნეების უმრავლესობას ჰორმონ სომატოსტატინის რეცეპტორები გააჩნია. შესაბამისად, ექიმს შეუძლია, ამ ნივთიერების რადიოაქტიური ფორმა შეიყვანოს სისხლში და სკანერის მეშვეობით აღმოაჩინოს სიმსივნე მისი გავრცელების არეებთან ერთად. ამ მეთოდით წარმონაქმნების დაახლოებით 90%-ის აღმოჩენა ხერხდება. მრტ და კტ გამოსადეგია იმის გასარკვევად, სიმსივნე ღვიძლშიც ხომ არაა გავრცელებული.

მკურნალობა

თუკი კარცინოიდული სიმსივნე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილასაა, მაგ., ჭიანაწლავში, წვრილ ნაწლავში, სწორ ნაწლავში ან ფილტვებში, მისი ამოკვეთით დაავადებაც შეიძლება განიკურნოს. ღვიძლში გავრცელების შემდეგ ოპერაცია იშვიათად კურნავს მას, მაგრამ სიმპტომების შემსუბუქება მაინც ხერხდება. სიმსივნეები იმდენად ნელა იზრდება, რომ მათი მეტასტაზირების შემთხვევაშიც კი ადამიანები 10-15 წელს ცოცხლობენ.

კარცინოიდული სიმსივნეების სამკურნალოდ არც სხივური თერაპიაა ეფექტური და არც ქიმიოთერაპია. თუმცა, ზოგიერთი ქიმიოთერაპიული საშუალები კომბინაცია (სტრეპტოზოცინი ფტორურაცილთან და ზოგჯერ დოქსორუბიცინთან ერთად) სიმპტომებს ამსუბუქებს. სიმპტომების შეიძლება ოქტრეოტიდმაც შეამსუბუქოს, ტამოქსიფენი და ალფა-ინტერფერონი კი სიმსივნის ზრდას ანელებს. ფენოთიაზინები, ციმეტიდინი და ფენტოლამინი კარცინოიდული სინდრომის დროს განვითარებული წამოწითლების სამკურნალოდ გამოიყენება. ზოგჯერ ფილტვების კარცინოიდული სიმსივნეების მქონე პაციენტებს ძლიერი წამოწითლების ეპიზოდების სამკურნალოდ პრედნიზოლონს აძლევენ. დიარეის შემსუბუქებისთვის გამოიყენება კოდეინი, ოპიუმის ნაყენი, დიფენოქსილატი ან ციპროჰეპტადინი. პელაგრას თავიდან აცილება შეიძლება სეროტონინის წარმოქმნის დამთრგუნავი წამლებით, მაგ., მეთილდოპათი და ფენოქსიბენზამინით.