საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია | მკურნალი.გე
  1. საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია

საჭმლის მომნელებელი სისტემა განფენილია პირის ღრუდან მოყოლებული ვიდრე ანუსამდე. მისი ფუნქციებია: საკვების მიღება, მისი დაშლა შემადგენელ ნივთიერებებად (მონელება), ამ უკანასკნელთა სისხლში შეწოვა, მოუნელებელი ნარჩენებისორგანიზმიდან გამოყოფა. საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილებია: პირის ღრუ, საყლაპავი, კუჭი, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, სწორი ნაწლავი და ანუსი. ამავე სისტემას მიაკუთვნებენ მის გარეთ მდებარე ორგანოებს: პანკრეასს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

საჭმლის მომნელებელ სისტემას ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის სისტემასაც უწოდებენ. ამ დასახელებებიდან არც ერთი არ ესადაგება სრულად სისტემის ფუნქციებს და შემადგენელ ორგანოებს. საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები, საკვების მონელების, შეწოვის, მოუნელებელი ნაწილების სხეულიდან გამოყოფის გარდა, გამოიმუშავებს შედედების ფაქტორებს და ჰორმონებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს საჭმლის მონელებასთან; გარდა ამისა, ამ ორგანოების დანიშნულებაა სისხლის გაწმენდა ტოქსიკური ნივთიერებებისგან, წამლებზე ქიმიური ზემოქმედება და მათი ჩართვა ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

საჭმლის მომნელებელი ორგანოები მუცლის ღრუშია მოთავსებული. ეს უკანასკნელი წინიდან მუცლის კედლით არის შემოფარგლული (რომელიც შედგება კანის, ცხიმის, კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილისგან), უკნიდან – ხერხემლით, ზემოდან – შუასაძგიდით, ქვემოდან – მენჯის ღრუს ორგანოებით. მუცლის ღრუს შიდა ზედაპირი, ისევე, როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების გარეთა ზედაპირი, დაფარულია მემბრანით, რომელსაც პერიტონეუმი ეწოდება.

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ტვინს შორის მჭიდრო კავშირია. მაგალითად, ფსიქოლოგიური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს ნაწლავის კედლების ტალღისებურ თანამიმდევრულ შეკუმშვებზე, მომნელებელი ფერმენტების სეკრეციასა და სხვა ფუნქციებზე. სისტემის ზოგიერთი დაავადების გამომწვევი ინფექციებისადმი მგრძნობელობის ხარისხსაც კი ტვინი განაგებს. თავის მხრივ, საჭმლის მომნელებელი სისტემაც ზემოქმედებს ტვინზე. მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი და სხვა ხანგრძლივი ან მორეციდივედაავადებები გავლენას ახდენს პაციენტის ემოციებზე, ქცევასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე. ამ ორმხრივ კავშირს ტვინ-ნაწლავის ღერძს უწოდებენ.