1. ნაწოლები
  2. კანის დაავადებები
ნაწოლები

ნაწოლი არის კანის უბნის დაზიანება, რომელიც ხანგრძლივი ზეწოლით განპირობებული დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის შედეგად ვითარდება.

  • ნაწოლები ხშირად ზეწოლის შედეგად ვითარდება, თუმცა, მიზეზი ასევე, შესაძლოა კანთან შეხებაში მყოფ ზედაპირზე სხეულის ცდომა ანდა ხახუნი (უპირატესად ძვლოვან უბნებზე) იყოს.

  • დიაგნოზის დასმა კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება.

  • მკურნალობა მოიცავს დაზიანებული უბნის სისუფთავის უზრუნველყოფას, მასზე ზეწოლის მოხსნას და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას.

ნაწოლები შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის მწოლიარე, სავარძელს მიჯაჭვულ ან დამოუკიდებლად პოზიციის შეცვლის უნარის უქონელ ადამიანს. შედარებით ხშირია ხანდაზმულებში. უპირატესად ლოკალიზებულია კანის იმ უბნებზე, რომლებიც ძვლებს ფარავს, მაგალითად, როგორიცაა: ბარძაყის ძვალი, კუდუსუნი, ქუსლები, კოჭები და იდაყვები. წყლულები ყალიბდება კანის საწოლთან, ინვალიდის ეტლთან ან ნებისმიერ მყარ საგანთან ზეწოლის ადგილას. მათი არსებობა ახანგრძლივებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდს და ფინანსურ ხარჯებს ზრდის. მკურნალობის გარეშე დატოვებული დაზიანება შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათი იყოს.

მიზეზები

მიზეზებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწოლების განვითარებას, მიეკუთვნება:

  • ზეწოლა

  • ტრაქცია

  • ხახუნი (ფრიქცია)

  • ტენიანობა

  • არასრულფასოვანი კვება

ზეწოლა: კანზე ზეწოლა, განსაკუთრებით ძვლების ზედაპირებზე, ამცირებს ან სრულად აფერხებს შესაბამის უბანზე სისხლის მიმოქცევას. სისხლის მიდინების შეწყვეტიდან 1-2 საათში კანი ზედაპირული შრიდან (ეპიდერმისი) იწყებს კვდომას, რის შედეგადაც ღია წყლულები ყალიბდება. ადამიანების უმრავლესობას არ უვითარდება ნაწოლები, რადგან ისინი მუდმივად, ძილის დროსაც კი, ავტომატურად იცვლიან პოზიციას. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეზღუდული აქვს პოზიციის შეცვლის უნარი და, შესაბამისად, მიეკუთვნებიან ნაწოლების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებს. ესენი არიან: პარალიზებული, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი, ძალზე დასუსტებული პაციენტები (განსაკუთრებით მაღალია რისკი კომატოზურ და პარალიზებულთა შორის, რადგან მოძრაობის უნარის უქონლობასთან ერთად დაქვეითებული აქვთ ტკივილის აღქმა, ტკივილი კი ნორმაში აიძულებს ადამიანს, შეიცვალოს პოზიცია ან გადაადგილება ითხოვოს).

ტრაქცია: ასევე ამცირებს კანში სისხლის მიმოქცევას. ტრაქციის დროს კანი იჭიმება შემხები ზედაპირის საპირისპიროდ გადაადგილებით. იგი იმავე შედეგს იძლევა, რასაც ზეწოლა.

ხახუნი (ფრიქცია): ხახუნს შეუძლია გამოიწვიოს ან გააუარესოს ნაწოლების მდგომარეობა. განმეორებითი ფრიქციის გავლენით ზიანდება კანის ზედაპირული შრე. ადგილი აქვს, მაგალითად, მომვლელის მიერ პაციენტის საწოლის გასწვრივ განმეორებითი გადაადგილებისას (გაწევისას).

ტენიანობა: ხანგრძლივი ტენიანობა ზრდის ხახუნის ძალას და ამცირებს კანის ზედაპირული შრის დაცვით უნარს. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს კონტაქტი ოფლთან, შარდთან ან ფეკალურ მასებთან.

არასრულფასოვანი კვება: არასრულფასოვანი კვება ზრდის ნაწოლების განვითარების ალბათობას და ხელს უშლის უკვე არსებული დაზიანების შეხორცებას. კვების დეფიციტის მქონე პაციენტებს შესაძლოა სუსტად განუვითარდეთ ცხიმოვანი ქსოვილი კანსა და ძვლებს შორის, რაც ასევე, სისხლძარღვთა მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. კანის აღდგენის უნარი დაქვეითებულია პროტეინების, C ვიტამინისა და თუთიის დეფიციტით დაავადებულ ადამიანებში.

სიმპტომები

შემთხვევათა უმრავლესობაში ნაწოლებს ახლავს ტკივილი და ქავილი, თუმცა, პაციენტთა ნაწილში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ მგრძნობელობა, შესაძლოა მძიმე დაზიანებაც კი უმტკივნეულო იყოს.

დაზიანების სიმძიმის მიხედვით ნაწოლების მიმდინარეობაში განასხვავებენ ოთხ სტადიას:

  • I სტადია: ვლინდება კანის სიწითლე და ანთება;

  • II სტადია: ზიანდება ან იკარგება კანის ზედაპირული შრე, ვლინდება აბრაზიები და ბუშტები ან ორივე ერთად;

  • III სტადია: ვითარდება კანის ყველა შრის კარგვა ცხიმოვან შრემდე (დაზიანება ღრმავდება);

  • IV სტადია: პროცესი ვრცელდება კუნთებამდე, ძვლებამდე და მყესებამდე.

ნაწოლები ყოველთვის არ პროგრესირებს დაზიანების მსუბუქი ფორმიდან მძიმე სტადიებამდე. ზოგჯერ მისი პირველი შესამჩნევი ნიშანი გვიანი სტადიის წყლულია.

დაზიანებას, დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა ახლდეს უსიამოვნო სუნი, ჩირქოვანი გამონადენი და სიწითლე, კანის შეხებით ხდება ცხელი, პროცესის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე გავრცელებისას ტკივილის ინტენსივობა მატულობს (იწვევს ცელულიტს). ინფექცია ეწინააღმდეგება ზედაპირული წყლულების შეხორცებას და სიღრმეში გავრცელებით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ანთებითი პროცესის ძვალში შეღწევა (ოსტეომიელიტი) რამდენიმე კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ინფექცია სისხლშიც ვრცელდება (სეფსისი).

დიაგნოზი

დიაგნოზი, როგორც წესი, ფიზიკალური გამოკვლევის საფუძველზე ხდება. დაზიანების სტადიისა და მკურნალობის გეგმის განსასაზღვრად ნაწოლის ფართობი და სიღრმე იზომება.

დაავადების მძიმე ფორმის დროს ტარდება ძვლების რადიონუკლიდური სკანირება ან MRTკვლევა ნაწოლიდან ინფექციური პროცესის ძვლოვან სისტემაზე გავრცელების (ოსტეომიელიტი) შესაფასებლად. ამასთან ერთად, ზოგჯერ საჭირო ხდება ძვლის ბიოფსიის წარმოება და მასალის კულტურალური კვლევა.

პრევენცია

პრევენცია ნაწოლების მართვის საუკეთესო სტრატეგიაა. მათი თავიდან არიდება უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია მომვლელთა და ოჯახის წევრთა მხრიდან პაციენტის სხეულის ყოველდღიური გულმოდგინე დათვალიერებით, რაც დაზიანების ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენის საშუალებას იძლევა. კანის ნებისმიერი ცვლილება (სიწითლე ან დისკოლორაცია) ზეწოლის ადგილებში იმის ნიშანია, რომ პაციენტს ესაჭიროება პოზიციის (მდებარეობის) შეცვლა და დაზიანებული უბნის დაცვა ზეწოლისგან იმ დრომდე, სანამ ნორმას დაუბრუნდება.

რადგან მდებარეობის შეცვლა აუცილებელია კანში სისხლის შეუფერხებლად მოძრაობისთვის, უნდა ვეცადოთ, ზედმეტ სედაციას თავი ავარიდოთ. პიროვნება, რომელსაც დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეუძლია, რეპოზიციას ყოველ 2 საათში საჭიროებს, თუ იგი მწოლიარეა და ყოველ საათში ან უფრო ხშირად – თუ ეტლით მოსარგებლეა. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი, რადგან ტენიანობა ნაწოლების განვითარების ალბათობას ზრდის. ხშირად უნდა შეიცვალოს მწოლიარეთა თეთრეული (უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი სისუფთავე და სიმშრალე). ტალკის (პუდრის) აპლიკაცია სხეულის ერთმანეთთან შეხებაში მყოფ ზედაპირებზე (მაგ: დუნდულოები და საზარდული) შედეგიანია აღნიშნული უბნების სიმშრალის შესანარჩუნებლად.

ძვლოვანი ნაწილების (ქუსლები, იდაყვები) დაცვა შესაძლებელია რბილი მასალის გამოყენებით. რეკომენდებული არ არის დონატის ფორმის მოწყობილობები, რადგან ისინი ზეწოლის ერთი უბნიდან სხვა უბანზე გადანაცვლებას ახდენენ. მწოლიარე და ეტლით მოსარგებლე პაციენტებში ნაწოლების პრევენციისთვის სპეციალური საწოლები, ლეიბები და ბალიშები გამოიყენება, თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ საშუალებებიდან არც ერთი არ აღმოფხვრის სრულად სხეულზე ზეწოლის გავლენას და არ ცვლის ხშირ, განმეორებით რეპოზიციას.

მკურნალობა

ნაწოლების მკურნალობა ბევრად რთულია, ვიდრე მათი პრევენცია. მდგომარეობის მართვის მთავარი მიზანია დაზიანებულ უბანზე ზეწოლის შემცირება, მისი სისუფთავის უზრუნველყოფა, ინფექციისგან დაცვა და სრულფასოვანი კვება. ეს უკანასკნელი ძალზე მნიშვნელოვანია წყლულების შეხორცებისთვის და ახალი დაზიანების წარმოქმნას ეწინააღმდეგება. რეკომენდებულია კარგად ბალანსირებული, პროტეინების მაღალი შემცველობის დიეტა ვიტამინებისა და მინერალების დანამატებთან ერთად. გაჯანსაღების პროცესს ასევე აჩქარებს C ვიტამინისა და თუთიის მიღება. ელექტროსტიმულაციის, სითბური თერაპიის, მასაჟისა და ჰიპერბარიული ოქსიგენაციური თერაპიის ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის.

ადრეული სტადიის ნაწოლები, როგორც წესი, ზეწოლის მოხსნის შემდეგ თავისთავად უკუგანვითარდება. კანის მთლიანობის დარღვევისას გარკვეულ შემთხვევებში ურჩევენ სახვევების გამოყენებას, რომელიც დაზიანებულ უბანს იცავს და შეხორცების პროცესს აჩქარებს. ჰიდროკოლოიდური (ჟანგბადი და დამატენიანებელი) პლასტირი იცავს კანს, საკმარისად უნარჩუნებს მას ტენიანობას და ღრმა წყლულის მოშუშებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. სახვევების სხვა სახეობები გამოიყენება უხვი გამონადენით მიმდინარე ანდა დაინფიცირებული ნაწოლის მოვლისთვის.

დაზიანებული უბნის დაინფიცირებისას სასარგებლოა ფიზიოლოგიური ხსნარით ჭრილობის გამორეცხვა და დოლბანდით ფრთხილი გაწმენდა. ზოგჯერ მიმართავენ მკვდარი ქსოვილის მოცილებას სკალპელის ან ქიმიური ხსნარების გამოყენებით. აღნიშნული ჩარევა, როგორც წესი, უმტკივნეულოა (რადგან მკვდარი ქსოვილი ტკივილს ვერ გამოიწვევს), თუმცა, ზოგიერთი ირგვლივ მდებარე ჯანსაღი ქსოვილიდან მომდინარე ტკივილს გრძნობს. შეუმჩნეველი ნარჩენების მოსაცილებლად დაზიანებულ უბანს სტერილური ხსნარით ამუშავებენ.

ზოგჯერ საავადმყოფოებში გამოიყენება სპეციალური საწოლები ჰაერის ცირკულაციით, რითაც ზეწოლის შემცირებას ან გადანაწილებას მთელ სხეულზე უზრუნველყოფენ.

რთული სამკურნალოა გვიანი სტადიის ნაწოლი, გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევით დაზიანებული ქსოვილის ჩანაცვლება სხეულის ჯანმრთელი უბნიდან აღებული მასალით, თუმცა, ამ ტიპის ოპერაცია ყოველთვის წარმატებული არ არის, განსაკუთრებით დასუსტებული, ხანდაზმული პაციენტების შემთხვევებში. ინფექციური პროცესის ღრმად მდებარე სტრუქტურებზე გავრცელებისას ანტიბიოტიკები ინიშნება. უკიდურესად რთული სამართავია ოსტეომიელიტი, საიდანაც შესაძლოა ინფექცია სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღმოჩნდეს და ანტიბიოტიკოთერაპია არაერთი კვირის განმავლობაში გახდეს საჭირო.