პიგმენტაციის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. პიგმენტაციის დარღვევები
  2. კანის დაავადებები
პიგმენტაციის დარღვევები

ადამიანის კანის ფერს ყავისფერი პიგმენტი, მელანინი განაპირობებს, რომლის გარეშეც კანი იქნებოდა ფერმკრთალი თეთრი, მიწოდებული სისხლის დინებით განპირობებული სხვადასხვა ინტენსივობის ვარდისფერი უბნებით. თეთრკანიანებში მელანინი ძალზე მცირე რაოდენობით გამომუშავდება, მუქი კანის შემთხვევაში – საშუალო რაოდენობით, ხოლო შავკანიანებში – ჭარბად. ალბინოსებს აქვთ პიგმენტის უმცირესი რაოდენობა ან სრული დეფიციტი.

მელანინი წარმოიქმნება სპეციალურ უჯრედებში (მელანოციტები), რომლებიც გაფანტულია კანის ზედაპირული შრის (ეპიდერმისი) დანარჩენ უჯრედებს შორის (პიგმენტს ახასიათებს გავრცელება ახლომდებარე უჯრედებშიც).

მზის სხივების გავლენით მელანოციტებში ხდება მელანინის სინთეზის სტიმულირება, რაც კანის გამუქებას იწვევს (რუჯი). ზოგიერთ თეთრკანიანში უჯრედების ნაწილი პიგმენტს უფრო მეტი რაოდენობით გამოიმუშავებს, ვიდრე დანარჩენი მელანოციტები. მელანინის არათანაბარი პროდუქცია იწვევს კანზე პიგმენტირებული ლაქების გაჩენას, რასაც ჭორფლი ეწოდება. გვხვდება მისი ოჯახური შემთხვევები. მელანინი გაზრდილი რაოდენობით შეიძლება წარმოიქმნას ჰორმონული ცვლილებების პასუხადაც, მაგალითად, ადისონის დაავადების, ორსულობის ან ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს. კანის გამუქებას ყოველთვის მელანინის სიჭარბე არ იწვევს. იგი კანის უჯრედებში სხვა პიგმენტების დაგროვების შემთხვევაშიც ვითარდება. კანის გამუქება ასევე ახასიათებს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის ჰემოქრომატოზი ან ჰემოსიდეროზი; ზოგიერთი მედიკამენტის კანზე აპლიკაციას ან ინექციას, ხოლო ბილირუბინი (ნაღვლის ძირითადი პიგმენტი) კანის სიყვითლეს იწვევს.

მელანინის დეფიციტმა (ჰიპოპიგმენტაცია) შესაძლოა დააზიანოს სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ან პატარა უბნები. მელანინის პროდუქცია ხშირად ქვეითდება კანის დაზიანებების (მაგ: ისეთის, როგორიცაა წყლული, დამწვრობა, ინფექციები) ან ანთებითი მდგომარეობების შედეგად. იშვიათ შემთხვევაში არის მემკვიდრეობითი.