საყლაპავის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. საყლაპავის დაავადებები
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
საყლაპავის დაავადებები

საყლაპავი ღრუ მილია, რომელიც ხახასა და კუჭს შორის მდებარეობს. საკვები საყლაპავში კუჭისკენ გადაადგილდება არა სიმძიმის ძალით, არამედ საყლაპავის კედლების კუნთების თანამიმდევრული, რიტმული შეკუმშვის მეშვეობით, რასაც პერისტალტიკას უწოდებენ.

ხახისა და საყლაპავის შეერთების ადგილის ქვემოთ მოთავსებულია კუნთების კონა, რომელსაც საყლაპავის ზედა სფინქტერს უწოდებენ. საყლაპავის და კუჭის შეერთების ადგილის ოდნავ ზემოთ კიდევ ერთი კუნთების კონაა – საყლაპავის ქვედა სფინქტერი. როდესაც საყლაპავი არააქტიურია, ეს სფინქტერები შეკუმშულია, რის გამოც მიღებული საკვები და კუჭის წვენი არ ამოდის კუჭიდან მაღლა, პირის ღრუში. ყლაპვის დროს სფინქტერები დუნდება, რაც საკვებს კუჭში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

დაბერებასთან ერთად საყლაპავის კედლების შეკუმშვების სიმძლავრე და სფინქტერების ტონუსი მცირდება. ამ მდგომარეობას პრესბიეზოფაგუსს უწოდებენ. ასაკოვან ადამიანებს კუჭიდან მჟავე შიგთავსის უკუდინებისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ ხოლმე (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), განსაკუთრებით ჭამის შემდეგ დაწოლისას.

საყლაპავის დაავადებების ორი ყველაზე ხშირი სიმპტომია დისფაგია (ყლაპვის გაძნელება) და გულმკერდის ან ზურგის ტკივილი. ორივე სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს საყლაპავის ნებისმიერი დაავადების დროს, რომელთა შორის ყველაზე საშიშია საყლაპავის კიბო.

წინამდებარე თავში განხილულია საყლაპავის დაავადებები დაკავშირებული მოტორული ფუნქციის დარღვევასთან, ინფექციასთან, ტრავმასთან და ობსტრუქციასთან. საყლაპავის სხვა დაავადებების დროს, ე.წ. საყლაპავის ვარიკოზის დროს საყლაპავის ქვედა ნაწილის ვენები გაფართოებულია და ადვილად სისხლმდენი.