1. სმენის დაქვეითება და სიყრუე
  2. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
სმენის დაქვეითება და სიყრუე

სმენის დაქვეითება სმენის გაუარესებაა; სიყრუე სმენის სრული დაკარგვაა.

  • სმენის დაქვეითება უფრო ხშირია ასაკოვან პაციენტებს შორის. მიზეზებს შორის აღსანიშნავია ხმაურის ზეგავლენა. აუდიომეტრიით განისაზღვრება სმენის დაქვეითების ხარისხი და მახასიათებლები;

  • სმენის დაქვეითება უმეტესწილად არ იკურნება. გარკვეულ შემთხვევებში იყენებენ სასმენ აპარატებს, უფრო იშვიათად – ქირურგიულ მეთოდს.

შეერთებულ შტატებში 28 მლნ-ზე მეტ ადამიანს აქვს სმენა დაქვეითებული ან სიყრუე სჭირს. რაც ყველაზე ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. 65 წლის ასაკიდან მოყოლებული პაციენტების 30-40%-ს აღენიშნება სმენის დაქვეითება. სმენის დაქვეითება გვხვდება ბავშვებშიც, რაც უარყოფითად მოქმედებს მეტყველების განვითარებზე, ხელს უშლის სოციალურ ადაპტაციას. ყოველწლიურად 5000-დან ერთ ადამიანს უვითარდება უცაბედი სიყრუე, რაც სმენის მძიმე დაქვეითებაა და, ჩვეულებრივ, ცალ ყურში ვითარდება, სწრაფად, რამდენიმე საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.

სმენადაკარგული პაციენტების უმეტესობას ყურებში ხმაური (ტინიტუსი) აქვს. ხშირად ისინი ყურებში ხმაურს მანამდე ამჩნევენ, ვიდრე სმენის დაკარგვას გააცნობიერებენ.

მიზეზები

სმენის დაკარგვა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის ყველაზე ხშირია ხმაურის ზეგავლენა, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა მცირე დროის განმავლობაში ძალიან მაღალი სიხშირის ბგერების ზემოქმედებამაც შეიძლება სმენა სამუდამოდ დააზიანოს. ყურსასმენებით ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ხშირად ხდება სმენის დაკარგვის მიზეზი. ასევე თავის ტრავმაც, განსაკუთრებით ბავშვებში.

სმენის დაკარგვა მექანიკური ფაქტორების ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს გარეთა სასმენ მილში ან შუა ყურში ბგერის გატარების შეფერხების გამო (კონდუქციური სიყრუე). გარეთა სასმენ მილში ბგერის გატარების შეფერხების მიზეზებია გოგირდის საცობი ან, იშვიათად, სიმსივნე; ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში, შუა ყურში სითხის დაგროვებაა, რაც შეიძლება ინფექციით, ალერგიით ან სიმსივნით იყოს გამოწვეული. ამ დროს იხშობა ევსტაქის მილი, რის გამოც შუა ყურის დაწრეტა აღარ ხდება.

სმენის დაკარგვა შეიძლება შიგნითა ყურში სენსორული სტრუქტურების (წამწამების) დაზიანებამაც განაპირობოს, აგრეთვე, სმენის ნერვის ან სმენის ნერვის თავის ტვინამდე გამტარი გზების დაზიანებამ (ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება). სენსორულ სტრუქტურებზე მოქმედებს მედიკამენტები, ინფექცია, სიმსივნე, თავის ქალას ტრავმები. სმენის დაკარგვა შეიძლება იყოს შერეული – კონდუქციური და ნეიროსენსორული.

ასაკი: ასაკთან ასოცირებულ სმენის დაკარგვას პრესბიაკუზიას უწოდებენ. პაციენტების ნაწილს ასაკის მატებასთან ერთად ყურის სტრუქტურის ელასტიკურობა უქვეითდება, ვითარდება დისტროფიული ცვლილებები, რის გამოც ქვეითდება ბგერითი ტალღების აღქმის უნარი, რაც სმენის დაკარგვას უწყობს ხელს. თუ ხმაურის ზემოქმედება დიდხანს გრძელდება, მდგომარეობა თანდათან უარესდება. ასაკთან ასოცირებული სმენის დაკარგვა ხშირად 20 წლიდან იწყება, თუმცაღა, ძალიან ნელა პროგრესირებს და შეიძლება 50 წლამდე შუმჩნეველიც კი დარჩეს.

ასაკთან ასოცირებული სმენის დაკარგვისას პირველ რიგში აღინიშნება ყველაზე მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის უნარის დაქვეითება, შემდეგ კი – დაბალი სიხშირის ბგერებისა. მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის უნარის დაკარგვა ხშირად ქმნის მეტყველების პრობლემებს. პაციენტების ნაწილი ხმამაღალ საუბარს მიიჩნევს ნორმად, ვინაიდან გარკვეული თანხმოვნების, მაგალითად – ს, დ, კ, პ, ც და ტ-ს გარჩევა უჭირთ; ამის გამო სმენადაქვეითებულ პაციენტებს ეჩვენებათ, რომ ისინი ბუტბუტებენ, რის გამოც სიტყვები შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული და აღქმული. პაციენტები უფრო მეტად იმას უჩივიან, რომ სხვები არ ლაპარაკობენ გასაგებად, ვიდრე იმას, რომ თვითონ არ ესმით კარგად. ქალების და ბავშვების საუბარი, რომლებიც უფრო მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემენ, უფრო რთული გასაგებია, ვიდრე მამაკაცებისა. პაციენტების ნაწილი ამჩნევს ვიბრირებას ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტის, მაგალითად, ვიოლინოს და ფლეიტის ხმიანობაში.

ოტოსკლეროზი: ოტოსკლეროზი მემკვიდრეობითი დაავადებაა. ძვალი, რომელიც შუა და შიგნითა ყურზეა გარშემოხვეული, ზომაგადასულად იზრდება. ეს ჭარბი ზრდა ბოჭავს უზანგს (ძვალი, რომელიც შიგნითა ყურს ემაგრება), რის გამოც ბგერის გადაცემა ისე, როგორც საჭიროა, ვეღარ ხდება. ოტოსკლეროზი, როგორც წესი, გენეტიკურია. შესაძლებელია განუვითარდეს პაციენტებს, ვისაც ბავშვობაში წითელა აქვს გადატანილი. სმენის დაკარგვა, პირველ რიგში, ცხადი გვიანი მოზარდობის ან ადრე მოზრდილობის ასაკში ხდება. მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს აღენიშნება ოტოსკლეროზის ნიშნები, მაგრამ მხოლოდ 1%-ს ეკარგება სმენა.

ხმაური: აშშ-ში 30 მილიონი ადამიანი განიცდის სხვადასხვა სიხშირის ხმაურის ზემოქმედებას, რამაც სმენის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს. ხმაური ანადგურებს შიგნითა ყურის წამწამებს, პაციენტები მგრძნობიარენი ხდებიან მაღალი სიხშირის ბგერების მიმართ. თუ ხმაურის ზეგავლენა ხანგრძლივია, ადამიანი სმენას ჰკარგავს.

ბგერების მაღალი სიხშირე და ზეგავლენის ხანგრძლივობა თანაბრად მნიშვნელოვანია. რაც უფრო მაღალი სიხშირის ბგერა მოქმედებს, მით უფრო სწრაფად ქვეითდება სმენა. ძალიან მაღალმა სიხშირემ სმენის დაკარგვა ერთჯერადი ხანმოკლე ზეგავლენის შემდეგაც შეიძლება გამოიწვიოს. მაღალი სიხშირის ბგერების ზეგავლენა ხშირ შემთხვევაში სმენის დროებით დაკარგვას იწვევს, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს ( ე.წ. დროებითი ზღურბლის შეცვლა); ზოგჯერ სმენის დაკარგვა შეიძლება მუდმივი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ზეგავლენა მრავალჯერადია. თუ პაციენტს აქვს ტინიტუსი და სირთულეები მეტყველების აღქმაში, ეს იმის ნიშანია, რომ იგი ძალიან მაღალი ბგერების ზეგავლენას განიცდის.

პოტენციურად საშიში წყაროებია: ხმამაღალი მუსიკა, ელექტროხელსაწყოები, მძიმე ტექნიკა, მრავალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება, მაგალითად, თოვლის საწმენდი მანქანები. პაციენტების ნაწილი შეიძლება მავნე ხმაურის ზემოქმედებას განიცდიდეს სამუშაო გარემოშიც, რის გამოც ბევრი მათგანისთვის სმენის დაქვეითება მნიშვნელოვანი პროფესიული რისკია. აფეთქებების და სროლის ხმაც აზიანებს სმენას.

ყურის ინფექცია: ბავშვებში ყურის ინფექციის (ოტიტი) გადატანის შემდეგ, ხშირია ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული კონდუქციური სმენის დაკარგვა; მიზეზია სითხის დაგროვება შუა ყურში (ექსუდატი). უმეტესწილად სმენის აღდგენა ინფექციისგან განკურნების შემდეგ 3-4 კვირაშია შესაძლებელი. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში რჩება სმენა მუდმივად დაქვეითებული. შუა ყურის ქრონიკული ინფექციები იწვევს როგორც კონდუქციურ, ისე ნეიროსენსორულ სმენის დაკარგვას. სმენის დაკარგვა უმეტესად ყურის განმეორებითი ინფექციების შემდეგ აღინიშნება.

ავტოიმუნური დარღვევები: ავტოიმუნური დაავადებები სმენის დაქვეითებას იწვევს. მაგალითად, რევმატოიდული ართრიტით, სისტემური წითელი მგლურათი და კვანძოვანი პოლიარტერიიტით დაავადებულ პაციენტებს პერიოდული სმენაჩლუნგობა შეიძლება ორივე ყურში ჰქონდეთ გამოხატული და პროგრესირებდეს, რაც იმუნური სისტემის ყურის ლოკოკინაზე ზემოქმედებით არის გამოწვეული.

მედიკამენტები: სმენის დაკარგვის ერთ-ერთ მიზეზი ზოგჯერ მედიკამენტების ზემოქმედებაა, მაგალითად, ამინოგლიკოზიდების მაღალი დოზების ინტრავენურად გამოყენება. ზოგიერთ პაციენტს აქვს იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეს ხდის ადამიანს ამინოგლიკოზიდების მიმართ; მათ შორის ძალიან ხშირია ამ პრეპარატის ზეგავლენით განპირობებული სმენის დაქვეითება. სხვა მედიკამენტებიდან აღსანიშნავია ვანკომიცინი, ქინინი, ქიმიოთერაპიული პრეპარატები – ცისპლატინი და ნიტროგენი. სმენის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს ასპირინიც, მაგრამ წამლის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ სმენა აღდგება ხოლმე.

უეცარი სიყრუე: სიყრუე უეცარია, თუ წუთების ან საათების განმავლობაში ვითარდება. ის შეიძლება გამოწვეული იყოს გოგირდის დაგროვებით გარეთა სასმენ მილში, თავის ტრავმით, წნევის უცაბედი ცვლილებით (თვითმფრინავით მგზავრობისას) ან წნევის შინაგანი ცვლილებით, მაგალითად, ძლიერი ფიზიკური დაძაბვის დროს – სიმძიმის აწევისას. ინფექციამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა და ყურის სისხლძარღვების დაავადებებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიყრუე.

სიმსივნეები: ცალმხრივი სმენის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზია კეთილთვისებიანი სიმსივნე – ვესტიბულური შვანომა (ხშირად უწოდებენ აკუსტიკურ ნევრომას) და მენინგიომა. სმენის დაქვეითებას შეიძლება თან ახლდეს ტინიტუსი, წონასწორობის დარღვევა, სახის დაბუჟება, სისუსტე.

დიაგნოზი

ზოგადი პროფილის ექიმთან გეგმური ვიზიტისას პაციენტს სმენის გამოკვლევაც უნდა ჩაუტარდეს. სმენის დაკარგვის დიაგნოზი ექიმ-ლარინგოლოგის კომპეტენციაა. აუდიოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც ამოწმებს სმენას, განსაზღვრავს სმენის დაკარგვის ხარისხს, მათ შორის კონკრეტული სიხშირის ბგერების აღქმის უნარს. სმენის დაკარგვისას ტარდება დამატებითი ტესტები, იმის გასარკვევად, რამდენად მოქმედებს სმენის დაკარგვა ადამიანის მიერ საუბრის აღმის უნარზე, რა სახის დარღვევაა ჩამოყალიბებული – ნეიროსენსორული თუ კონდუქციური, თუ ერთდროულად ორივეა გამოხატული. გარკვეული ტიპის ტესტების ჩატარებისას პაციენტის აქტიური მონაწლეობაა საჭირო.

უეცარი სმენის დაკარგვა გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებელ შეფასებას სპეციალისტის მიერ. ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები; სადიაგნოზო ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო.

პირველ რიგში ექიმი ოტოსკოპით სინჯავს ყურს, იმის დასადგენად, დახურულია, თუ არა სასმენი მილი. ოტოსკოპით ფასდება დაფის აპკის მდგომარეობა, განისაზღვრება ყურის ინფექციის არსებობა ან სითხის დაგროვება დაფის აპკის უკან. სკრინინგისთვის შესაძლებელია ხელის ბგერათა გენერატორის გამოყენება. ხშირად კვლევების კომბინირებაა საჭირო სმენის დაკარგვის მიზეზის ზუსტად განსაზღვრისთვის და შესაბამისი მკურნალობის შესარჩევად.

აუდიომეტრია: სმენის გამოკვლევის პირველი ეტაპია. გამოსაკვლევი პირი იზოლირებულ ოთახში თავსდება, ყურებზე უმაგრდება ყურსასმენები, მიეწოდება სხვადასხვა სიხშირისა და სიმაღლის ბგერები ერთ ან ორივე ყურში. ტესტით განისაზღვრება ყველაზე დაბალი სიხშირის ბგერები, რომლებიც პაციენტმა აღიქვა. ტონის გაგონებისას პაციენტი ნიშანს აძლევს მკვლევარს ხელის აწევით. მიღებულ შედეგებს ადარებენ ნორმის მაჩვენებლებს.

ტონების ზღვრული აუდიომეტრია: ამ მეთოდით განისაზღვრება, როგორი სიმაღლის ბგერები უნდა იქნეს გამოყენებული, რომ მათი აღქმა შესაძლებელი იყოს. პაციენტი ისმენს ორმარცვლიან, ერთნაირად აქცენტირებულ, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლის ბგერებს. განისაზღვრება ხმის ის სიმაღლე, რომლის საპასუხოდ ის სწორად გაიმეორებს სიტყვების ნახევარზე მეტს.

დისკრიმინაცია: მსგავსი ტიპის ბგერების განსხვავების უნარი. მოწმდება ერთმარცვლიანი ბგერების გამოყენებით. სწორად გამეორებული სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა წარმოადგენს გარჩევის ზღვარს. პაციენტებს კონდუქციური სმენის დაკარგვით, ჩვეულებრივ, გარჩევის ზღვარი ნორმალური აქვთ, ხოლო ნეიროსენსორული სმენის დაკარგვისას ნებისმიერ ხმის სიმაღლეზე ბგერების გარჩევა პათოლოგიურია.

ტიმპანომეტრიით მოწმდება, რამდენად კარგად ტარდება ბგერები დაფის აპკსა და შუა ყურში. ეს ტესტი არ მოითხოვს პაციენტის აქტიურ მონაწილეობას, რის გამოც ბავშვებისთვისაც გამოიყენება. მოწყობილობა, რომელიც წარმოდგენილია მიკროფონით და ხმის გადამცემით, მჭიდროდ მაგრდება სასმენ მილში. ხმოვანი ტალღები დაფის აპკიდან აირეკლება მოწყობილობის მოქმედებით შეპირობებული წნევის ცვლილებების შესაბამისად სასმენ მილში. კონდუქციური სმენის დაკარგვის დროს ტიმპანომეტრიის შედეგები პათოლოგიურია.

რინეს კამერტონის ტესტის დახმარებით შესაძლებელია კონდუქციური და ნეიროსენსორული სმენის დაკარგვის ერთმანეთისგან განსხვავება. ტესტი განსაზღვრავს, რომელი ადგილიდან უფრო ხანგრძლივად ესმის პაციენტს ბგერა, ჰაერის გზით გამტარებლობა სჭარბობს თუ ძვლოვანი. ჰაერის გზით გამტარებლობის შემოწმებისთვის მოწყობილობა თავსდება ყურთან ახლოს, ძვლოვანი გამტარებლობა კი ფასდება კამერტონით, რომელიც თავსდება თავზე ისე, რომ ბგერები გვერდს უვლიან შუა ყურს და პირდაპირ აღწევენ ნერვულ უჯრედებამდე შიგნითა ყურში. თუ ჰაეროვანი გამტარებლობა დაქვეითებულია, მაგრამ ძვლოვანი ნორმალურია, სმენის დაქვეითება კონდუქციურია; თუ ორივე დაქვეითებულია, სმენის დაკარგვა ნეიროსენსორულია ან შერეული ტიპისა არის. პაციენტებს სმენის ნეიროსენსორული დაკარგვით შემდგომი გამოკვლევები ესაჭიროებათ ისეთი დაავადებების გამოსავლენად, როგორიცაა მენიერის ავადმყოფობა ან თავის ტვინის სიმსივნე.

ტვინის ღეროს ბგერითი პასუხის ტესტით მიღებული ინფორმაციით ფასდება, რა ტიპის სიგნალებს იღებს თავის ტვინი ყურებიდან. ტესტის შედეგები პათოლოგიურია ნეიროსენსორული სმენის დაკარგვის მქონე პაციენტებში და თავის ტვინის სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების დროს. ეს კვლევა გამოიყენება ჩვილებშიც, აგრეთვე, თავის ტვინის გარკვეულ ფუნქციებზე დაკვირვებისთვის პაციენტის კომურ მდგომარეობაში ყოფნისას ან ტვინზე ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას.

ელექტროკოქლეოგრაფია ლოკოკინას და სმენის ნერვის აქტივობას ადგენს ელექტროდის მეშვეობით, რომელსაც დაფის აპკზე ან მის შიგნით ათავსებენ. აღნიშნული კვლევა და ტვინის ღეროს ბგერითი პასუხი შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს სმენის გამოსაკვლევად პაციენტებში, რომელთაც ან არ შეუძლიათ, ან ნებაყოფლობით არ რეაგირებენ ბგერებზე. ასეთები არიან ჩვილები ან ძალიან მცირე ასაკის ბავშვები. გამოკვლევის მიზანია სიყრუის დადგენა, აგრეთვე, იმისი განსაზღვრა, ხომ არ ცრუობს ან აზვიადებს პაციენტი სმენის დაკარგვას (ფსიქოგენური ჰიპაკუზია).

ოტოაკუსტიკური ემისიის ტესტი ბგერებს შიგნითა ყურის სტიმულირებისთვის იყენებს. ყური თავად წარმოქმნის ძალიან დაბალი ინტენსივობის ბგერებს, რომლებიც ამგზნებს შეესაბამება. ლოკოკინადან გამოყოფილი ბგერები იწერება რთული მოწყობილობების მეშვეობით და რუტინულად გამოიყენება ბევრ საბავშვო ბაღში სმენის თანდაყოლილი დაკარგვის სკრინინგისთვის. ტესტი მოზრდილებსაც უტარდებათ სმენის დაკარგვის მიზეზის დასადგენად.

სხვა ტესტების დახმარებით შესაძლებელია დამახინჯებული მეტყველების ინტერპრეტაცია და იმ სიტყვიერი გზავნილების გაგება, რომელთა აზრობრივად განსხვავებული ვარიანტი მეორე ყურს მიეწოდა. თითოეულ ყურში მიწოდებული არასრული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება და მათ საფუძველზე ერთიანი აზრის ჩამოყალიბება, იმისი განსაზღვრა, საიდან მოდის ბგერები, რომლებიც ორივე ყურს მიეწოდება. პაციენტის სიმპტომებისა და ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით ზოგჯერ საჭირო ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, ყურის სტრუქტურებში შეჭრილი სიმსივნის არსებობის ან ევსტაქის მილის სიმსივნით დახშობის დასადგენად.

პრევენცია და მკურნალობა

ასაკთან დაკავშირებული და ბევრი სხვა მიზეზით განპირობებული სმენის დაკარგვის პრევენცია ვერ ხერხდება. იმავდროულად, შესაძლებელია ხმაურით გამოწვეული სმენის დაკარგვის თავიდან აცილება ხმაურის წყაროსთვის თავის არიდებით, ხმაურის შესამცირებლად საჭირო ღონიძიებებით, ყურსასმენებით მოსმენილი მუსიკის დონის გაკონტროლებით. ამავე მიზანს ემსახურება ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული ხმაურის ზემოქმედებისგან თავის დაცვა ყურის დამცავი საშუალებებით, როგორიცაა პლასტმასის ან რეზინის დამცავების მოთავსება სასმენ მილებში, გლიცერინით სავსე დამცავი რეზინის რგოლების გაკეთება ყურებზე.

სმენის დაკარგვის მკურნალობის ეფექტიანობა გამომწვევზეა დამოკიდებული. თუ სასმენი მილი გოგირდის საცობით არის ამოვსებული, საჭიროა მილის გამორეცხვა ან ურეცეპტოდ გასაცემი ყურის წვეთების გამოყენება, რომლებიც შლის გოგირდის საცობს. თუ გამომწვევი მიზეზი შუა ყურში სითხის დაგროვებაა, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის იყენებენ მცირე ზომის მილს, რომელიც დაფის აპკთან თავსდება (ტიმპანოსტომია). მილი საწრეტის როლს ასრულებს და სითხის დაგროვებას უშლის ხელს. ზოგ ბავშვს ადენოიდების ამოკვეთა (ადენოიდექტომია) შეიძლება დასჭირდეს, რის შემდეგაც ევსტაქის მილები თავისუფლად გამავალი ხდება. ავტოიმუნური დაავადებებით გამოწვეული სმენის დაკარგვის ან უეცარი სმენის დაკარგვის სამკურნალოდ გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, მაგალითად, პრედნიზოლონი.

დაფის აპკის ან შუა ყურის ძვლების დაზიანებისას შესაძლებელია, საჭირო გახდეს რეკონსტრუქციული ქირურგია. ოტოსკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის სმენის ქირურგიული მეთოდით აღსადგენად ხელოვნური უზანგით ჩანაცვლებაა შესაძლებელი. თავის ტვინში სიმსივნით გამოწვეული სიყრუე, წარმონაქმნის მოცილების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, აღდგება.

სხვა მიზეზებით გამოწვეული სიყრუის მკურნალობა არ ხერხდება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაკარგული სმენის რაც შეიძლება უკეთ კომპენსირება. პაციენტების უმეტესობა ზომიერი ან მძიმე სმენის დაკარგვისას ყურის სასმენ აპარატებს იყენებს. მათ, ვისაც სმენის მძიმე ან სრული დაკარგვა აქვთ, კოქლეარული იმპლანტაცია უტარდებათ.

სასმენი აპარატები: პაციენტებს კონდუქციური ან ნეიროსენსორული სმენის დაკარგვის დროს, სასმენ აპარატებთან ერთად, ეხმარება ხმის გამაძლიერებლები. სამწუხაროდ, აპარატები ვერ აღადგენს სმენას ნორმალურ ზღვრამდე. სასმენი აპარატები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების ურთიერთობების შესაძლებლობებს, ზრდის საუბრით სიამოვნების გრძნობას.

პაციენტების ნაწილს, სოციალური სტიგმის გამო, არ სურს აპარატის გამოყენება. ექიმებმა უნდა განსაჯონ ეს საკითხები, გაამხნევონ პაციენტი, ურჩიონ აუდიოლოგის კონსულტაცია და კომფორტული სასმენი აპარატიც შეურჩიონ. მოზრდილ, ართრიტის ან ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს უჭირთ მცირე ზომის აპარატების ხმარება, რის გამოც მათთან საუბარი უფრო დიდი ზომის მოწყობილობებს უნდა შეეხოს.

ყველა სასმენ აპარატს აქვს მიკროფონი ბგერების თავმოსაყრელად, ბატარეაზე მომუშავე გამაძლიერებელი და ადამიანისთვის ბგერების გადამცემი. სასმენი აპარატების უმეტესობა ბგერებს გადასცემს მცირე ზომის დინამიკის მეშვეობით, რომელიც სასმენ მილშია მოთავსებული. სხვა ტიპის აპარატები, რომლებიც ქირურგიული გზით არის იმპლანტირებული, ბგერებს გადასცემს პირდაპირ შუა ყურში არსებულ სასმენ ძვლებს. სასმენი აპარატები ერთმანეთისგან განსხვავდება შემადგენელი კომპონენტების ზომით, აგრეთვე იმით, სად თავსდება აპარატი. როგორც წესი, დიდი ზომის აპარატები უფრო შესამჩნევია და ნაკლებმიმზიდველი, მაგრამ ადვილი გამოსაყენებელი და მოსარგები. დიდი ზომის აპარატებს შეიძლება ჰქონდეს ფუნქციები, რომლებიც არ აქვს მცირე ზომის ხელსაწყოებს.

სასმენ აპარატებს განსხვავებული ელექტრონული მახასიათებლები აქვთ. მათი არჩევისას სმენის დაკარგვის კონკრეტული მიზეზის გათვალისწინებაა აუცილებელი. მაგალითად, თუ დაკარგულია მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის უნარი, მარტივი ხმის გამაძლიერებელი უეფექტოა – პაციენტს მხოლოდ ხმამაღალი ბუტბუტი ესმის. ხმის აპარატები, რომლებიც შერჩევითად აძლიერებენ მაღალ სიხშირეებს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტყველების აღქმის ხარისხს. სხვა სასმენი აპარატები შეიცავს სავენტილაციო ხვრელებს, რომლებიც ხელს უწყობს მაღალი სიხშირის ბგერების გატარებას ყურში. ბევრ მათგანში გამოყენებულია ხმის რამდენიმე სიხშირული კომპონენტის ციფრული დამუშავება, რაც უზრუნვლყოფს ხმის გაძლიერების ხარისხის შესაბამისობას სმენის დაკარგვის ფორმასთან. მათ, ვინც ვერ იტანს მაღალი სიხშირის ბგერებს, სჭირდებათ აპარატები, რომლებიც ინარჩუნებს ხმის დასაშვები მაქსიმუმის დონეს.

ტელეფონის ხმარება სასმენი აპარატის მომხმარებლისთვის რთულია, ტელეფონის ყურთან ახლოს მიტანისას წივილი ისმის. აპარატების ნაწილს აქვს ტელეფონების ზონარი. მარტივად შეიძლება მიკროფონის გამორთვა და მოხსენიებული ზონრის მიერთება ტელეფონის სალაპარაკო ნაწილთან. სასმენი აპარატები კომპლექსური რთული ფუნქციებით, როგორც წესი, ყველაზე ძვირია, მაგრამ ხშირად ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ლოკოკინას (კოქლეარული) იმპლანტაცია: ბევრი სმენადაქვეითებული პაციენტისთვის, რომელთაც სასმენი აპარატის მეშვეობითაც კი არ შეუძლიათ ბგერების აღქმა, ეფექტიანია ლოკოკინას იმპლანტაცია. კოქლეარული იმპლანტები ელექტრულ სიგნალებს პირდაპირ სმენის ნერვში გზავნის ელექტროდების მეშვეობით, რომლებიც ლოკოკინაშია მოთავსებული. ეს უკანასკნელი შიგნითა ყურის სტრუქტურაა, რომელიც სმენის ნერვს შეიცავს. გარეთა მიკროფონი და პროცესორი კრებს ბგერით სიგნალებს და გარდაქმნის მათ ელექტრულ იმპულსებად, რომლებიც გარეთა ხვეულადან კანის გავლით შიდა ხვეულას გადაეცემა; ამ უკანასკნელში ელექტროდებია მოთავსებული, რომლებიც სმენის ნერვს ასტიმულირებს.

კოქლეარული იმპლანტი ბგერას ისე კარგად არ ატარებს, როგორც ბუნებრივი ლოკოკინა, მაგრამ ეხმარება სმენადაქვეითებულ პაციენტებს. ის უადვილებს მათ ტუჩების მოძრაობის აღქმას. იმპლანტების უმეტესობის მეშვეობით შესაძლებელი ხდება სიტყვების განსხვავება "ტუჩების კითხვის" გარეშეც და ტელეფონის გამოყენება.

გარდა ამისა, კოქლეარული იმპლანტი ეხმარება ყრუ პაციენტებს გაიგონონ და განასხვაონ გარემოს და საშიშროების ნიშნები, მაგალითად, კარზე ზარი, ტელეფონის ზარი, სხვა საგანგაშო სიგნალები. ის ეხმარება მათ საკუთარი ხმის მოდულირებაში და პაციენტის მეტყველებას სხვებისთვის უფრო ადვილად გასაგებს ხდის. ლოკოკინას იმპლანტი უფრო ეფექტურია პაციენტებისთვის, რომლებსაც ცოტა ხნის წინ აქვთ სმენა დაკარგული ან ვინც ეფექტურად იყენებდა სასმენ აპარატებს იმპლანტირებამდე.

სმენის დაკარგვის მკურნალობის სხვა მეთოდები: არსებობს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალებების რამდენიმე ტიპი. სინათლე საშუალებას აძლევთ აღიქვან საგანგაშო ნიშნები, მაგალითად, კარზე ზარის ხმა ან ბავშვის ტირილი. სპეციალური სისტემები ეხმარება პაციენტს სხვადასხვა ხმის გარჩევაში თეატრში, ეკლესიასა და სხვა ხმაურიან ადგილებში. ბევრ სატელევიზიო პროგრამას აქვს სუბტიტრები. შესაძლებელია სატელეფონო კომუნიკაციაც.

სმენადაქვეითებულ პაციენტებში ტუჩების მოძრაობის "კითხვა" მნიშვნელოვანი უნარია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეუძლია გაიგონოს, მაგრამ პრობლემა აქვთ ბგერების გარჩევასა და ამოცნობაში, რაც, როგორც წესი, ასაკთან დაკავშირებული სმენის დაკარგვისას აღინიშნება. მოსაუბრის ტუჩებზე დაკვირვებით პაციენტს საშუალება ეძლევა ამოიცნოს, რომელი ხმოვანი ან თანხმოვანია წარმოთქმული. ვინაიდან სმენის დაკარგვა გავლენას ახდენს მაღალი სიხშირის ბგერების აღქმაზე, გართულებულია თანხმოვნების აღქმა; "ტუჩებით კითხვა" მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს.

"ტუჩებით კითხვას" და სხვა სტრატეგიებს ადამიანებს პროფესიონალები ასწავლიან სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სმენითი რეაბილიტაცია ჰქვია. გარდა ტუჩებით კითხვის სწავლებისა, ისწავლება რთული სიტუაციების კონტროლი მათი მოდიფიცირებისთვის ან თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, პაციენტმა შეიძლება მიმართოს რესტორანს არასამუშაო საათებში, როცა სიწყნარეა, მოითხოვოს ცალკე კაბინა უცხო ხმების დასაბლოკად, ითხოვოს, რომ ქაღალდზე დაუწერონ და არ ელაპარაკონ, სთხოვოს მოსაუბრეს მისკენ სახით შემობრუნება. სატელეფონო საუბრის დასაწყისში თავიდანვე აცნობოს, რომ სმენა აქვს დაქვეითებული.

პაციენტები სმენის ღრმა დარღვევით ხშირად ურთიერთობენ ერთმანეთთან ჟესტების ენაზე. ამერიკული ჟესტების ენა (ASL) ფართოდ გამოიყენება აშშ-ში. არსებობს კომუნიკაციის სხვა მსგავსი ფორმებიც.