რეფრაქციის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. რეფრაქციის დარღვევები
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
რეფრაქციის დარღვევები

რეფრაქციული დარღვევების დროს თვალში შესული სხივები არასწორად ფოკუსირდება ბადურაზე, რაც არამკაფიო გამოსახულების წარმოქმნას, მხედველობის დაბურვას იწვევს.

  • თვალის ან რქოვანას ფორმის, ბროლის ასაკობრივი გამკვრივების გამო თვალის გარდამტეხი ძალა შეიძლება დაქვეითდეს

  • ახლოს ან შორს მდებარე საგნები (ან ორივე) შეიძლება დაბურულად, არამკვეთრად ჩანდეს

  • ოფთალმოლოგი (ექიმი, რომელიც თვალების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, თვალის ქირურგიაში სპეციალიზდება) ან ოპტომეტრისტი (რეფრაქციული დარღვევების სპეციალისტი) განსაზღვრავს, რეფრაქციის ანომალიის გამოსწორების საუკეთესო გზას

  • მხედველობის გამოსწორება შეიძლება სათვალით, კონტაქტური ლინზებით ან რეფრაქციული ქირურგიის მეშვეობით

ნორმაში, თვალში საგნების მკვეთრი, მკაფიო გამოსახულება წარმოიქმნება, რადგან რქოვანა და ბროლი სინათლის სხივებს ისე გარდატეხენ, რომ ისინი ზუსტად ბადურაზე დაეცეს. რქოვანას ფორმა არ იცვლება, მაგრამ ბროლი ამოიზნიქება ან ბრტყელდება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარე საგანზე სურს ადამიანს მზერის ფოკუსირება. ბროლის ამოზნექვით, უფრო მრგვალი ფორმის მიღებით, შორს არსებულ საგნებზე სწორდება ფოკუსი. რეფრაქციული დარღვევების დროს რქოვანას ან ბროლს არ შეუძლია საგნის გამოსახულების ზუსტად ბადურაზე ფოკუსირება.

მიზეზები

ბროლისა და რქოვანას მიერ სინათლის სხივების არასწორად გარდატეხას და შესაბამისად, მათ არასწორ ფოკუსირებას ბადურაზე რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თვალის კაკალი შესაძლოა ზედმეტად გრძელი იყოს რქოვანას და ბროლის გარდამტეხ ძალასთან შედარებით. ამის გამო სხივები ბადურას წინ ფოკუსირდება და არა ზუსტად ბადურაზე, რის გამოც ადამიანი კარგად ვერ ხედავს შორს მდებარე საგნებს. ამას ახლომხედველობა (მიოპია ეწოდება). ზოგჯერ თვალის კაკალი პირიქით, ზედმეტად პატარაა რქოვანას და ბროლის გარდამტეხ ძალასთან შედარებით, ამიტომ სინათლის სხივები ბადურას უკან ფოკუსირდება. ამას შორსმხედველობა ეწოდება (ჰიპეროპია). შორსმხედველებს უჭირთ გარკვევით დაინახონ ახლოს არსებული საგნები და ასაკის მატებასთან ერთად – შორს მდებარენიც.

ზოგი ადამიანის რქოვანას არასწორი ფორმა აქვს (არათანაბრად მრგვალი ან სფერული), რის გამოც ნებისმიერი მანძილით დაშორებული საგნები არამკაფიოდ ჩანს. ამას ასტიგმატიზმი ეწოდება. ზოგჯერ ერთი თვალის რეფრაქციული დარღვევა მნიშვნელოვნად განსხვავდება მეორეში არსებულისგან. ამას ანიზომეტროპია ეწოდება.

40 წელს გადაცილების შემდეგ ბროლი უფრო და უფრო მაგრდება. მას ნაკლებად შეუძლია ფორმის შეცვლა, ამიტომ თვალს უჭირს ახლოს მდებარე საგნებზე ფოკუსირება, რასაც პრესბიოპია ეწოდება. თუკი კატარაქტის მკურნალობის მიზნით ბროლი ამოიკვეთა და ხელოვნური იმპლანტი არ ჩადგმულა, ნებისმიერ მანძილზე არსებულ საგნებს არამკვეთრად დაინახავს ადამიანი. ბროლის არარსებობას (იქნება ეს თანდაყოლილი დეფექტი, თვალის ტრავმით თუ კატარაქტის ოპერაციით გამოწვეული) აფაკია ეწოდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

რეფრაქციული დარღვევის მქონე ადამიანმა შესაძლოა შეამჩნიოს, რომ მკვეთრად ვერ ხედავს. მაგალითად, ახლომხედველ ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს დაფაზე ნაწერის გარჩევა სკოლაში.

თვალის გამოკვლევა ყველა ადამიანმა რეგულარულად უნდა ჩაიტაროს ოჯახის ექიმთან, თერაპევტთან, ოფთალმოლოგთან ან ოპტომეტრისტთან. მხედველობის სიმახვილის გასაზომად სნელენის ცხრილი გამოიყენება. სიმახვილე განისაზღვრება ნორმალურ, სრულყოფილ მხედველობასთან მიმართებაში. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც მხედველობა 20/60 აქვს, 20 ფუტის (დაახლოებით 6 მეტრის) მანძილიდან ისევე ხედავს, როგორც ნორმალური მხედველობის მქონენი ხედავენ 60 ფუტიდან (დაახლ. 18 მეტრი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ადამიანი 20 ფუტის დაშორებით უნდა იდგეს, რათა შეძლოს, გაარჩიოს ასოები, რომლებსაც ნორმალური მხედველობის მქონე პიროვნება 60 ფუტის მანძილიდან არჩევს. რეფრაქციული დარღვევები, როგორც წესი, სხვა მხრივ ჯანმრთელ თვალში გვხვდება, თუმცა, ექიმები მაინც ატარებენ გამოკვლევებს, რომელთაც რეფრაქციასთან კავშირი არ აქვს, მაგალითად, მხედველობის ველისა და თვალების მოძრაობის გამოკვლევას. თვალები ცალ-ცალკე და ერთდროულად მოწმდება.

მკურნალობა

რეფრაქციული დარღვევების მკურნალობის ძირითადი მეთოდი მაკორეგირებელი ლინზების გამოყენებაა. თუმცა, ამ ანომალიების გასწორება შეიძლება ზოგი ქირურგიული პროცედურითა და ლაზერული ოპერაციითაც, რომელიც რქოვანას უცვლის ფორმას.

მაკორეგირებელი ლინზები

რეფრაქციული დარღვევების გასწორება შეიძლება ჩარჩოში ჩასმული მინის ან პლასტმასის ლინზებით (ანუ სათვალით) და რქოვანაზე მოთავსებული, პატარა, პლასტიკური ლინზებით (კონტაქტური ლინზები). მხედველობის სიმახვილეს ორივე აუმჯობესებს – სათვალეც და კონტაქტური ლინზებიც. ადამიანთა უმრავლესობა მათ შორის არჩევანს გარეგნული მხარის, მოსახერხებლობის, ღირებულებისა და კომფორტულობის მიხედვით აკეთებს.

სათვალე: სათვალის პლასტმასის ლინზები უფრო მსუბუქია, მაგრამ ადვილად იკაწრება. მინის ლინზები უფრო გამძლეა, მაგრამ შედარებით ადვილად ტყდება. პლასტიკურ ლინზებს ხშირად იყენებენ, რადგან თხელია და მათი ზედაპირი შეიძლება დაიფაროს გაკაწვრის საწინააღმდეგო სპეციალური გარსით. ორივე – მინისა და პლასტმასის ლინზებიც შეიძლება შეიფეროს ან დამუშავდეს ნივთიერებით, რომელიც ამუქებს მათ სინათლეზე. ლინზებს ისეთი ნივთიერებითაც ფარავენ, რომელიც თვალს პოტენციურად მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს.

ბიფოკალურ სათვალეებს ორი ლინზა აქვს: ზედა შორს არსებული საგნების დანახვაში ეხმარება ადამიანს, ქვედა კი – ახლომდებარეების, მაგალითად, კითხვისას. თუმცაღა, ხშირად საშუალო მანძილზე არსებულ საგანზე ფოკუსირებაც საჭიროა, თუნდაც კომპიუტერის ეკრანზე. ამისთვის ტრიფოკალური სათვალეებია შექმნილი, რომელთაც მესამე, საშუალო მანძილის ლინზაც აქვთ დამატებული. გარდამავალი ანუ პროგრესული ლინზების მეშვეობითაც შეიძლება საშუალო დაშორებით მდებარე საგნების კარგად დანახვა და მათ კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნიათ: სათვალის ლინზების სხვადასხვა ნაწილს შორის მკვეთრი საზღვარი ან ხაზი არ არსებობს.

კონტაქტური ლინზები:ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ კონტაქტური ლინზები უფრო მიმზიდველია, ვიდრე სათვალე და ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ მხედველობა მათი გამოყენებით უფრო ემსგავსება ბუნებრივს. თუმცაღა, ლინზების ამ სახეს უფრო მეტი მოვლა სჭირდება, ვიდრე სათვალეს და იშვიათად, მათ შეიძლება თვალიც კი დააზიანონ. ზოგ ადამიანს, განსაკუთრებით ხანში შესულებსა და ართრიტის მქონეებს, შესაძლოა გაუჭირდეს კონტაქტური ლინზების გამოყენება და თვალში ჩასმა.

არის შემთხვევებიც, როცა კონტაქტური ლინზებით მხედველობა ისე ვერ უმჯობესდება, როგორც სათვალით. თუმცა, შექმნილია უფრო ახალი ლინზებიც, რომლებიც რეფრაქციის უფრო მეტ დარღვევას ასწორებს. მაგალითად, რბილი, ტორიკული ლინზები ასტიგმატიზმის დროს გამოიყენება. იმ ადამიანებისთვის, ვისაც პრესბიოპია და მიოპია ერთად აქვს და ვისაც სურს, კონტაქტური ლინზა ატაროს, ექიმი ლინზის გამოსაწერად სპეციალურ მეთოდს, მონომხედველობას მიმართავს. ამ შემთხვევაში ერთი თვალისთვის საკითხავი ლინზა ინიშნება, მეორისთვის კი – შორი მხედველობის. თუმცაღა, ზოგს უჭირს მონომხედველობასთან შეგუება.

მყარი კონტაქტური ლინზები, როგორც წესი, აირგამტარია. ისინი მაგარი, პლასტიკური მასალისგან შექმნილი პატარა დისკებია. რქოვანას ჟანგბადი ესაჭიროება ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ეს აირი ადვილად ვერ გადის ძველებურ მყარ კონტაქტურ ლინზებში. აირგამტარი ლინზები მზადდება სილიკონის ახალშექმნილი ნაერთებისგან და მეტ ჟანგბადს აძლევს რქოვანამდე შეღწევის საშუალებას. მყარი ლინზების გამოყენება რქოვანას უსწორობის (ასტიგმატიზმის) სამკურნალოდ შეიძლება.

თვალის ასეთ ლინზებთან შეგუებას დრო სჭირდება და დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ტარების შემდეგ ისინი შედარებით უფრო კომფორტული ხდება ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ლინზები ყოველდღიურად ნელ-ნელა მზარდი პერიოდის მანძილზე უნდა გამოიყენოს ადამიანმა. მყარი კონტაქტური ლინზები თავიდან არაკომფორტულია, მაგრამ მტკივნეული არ უნდა იყოს. ტკივილი მიანიშნებს, რომ ისინი არასწორადაა მორგებული. მყარი ლინზებით მხედველობის სიმახვილე უფრო უმჯობესდება, ვიდრე რბილით.

რბილი ჰიდროფილური (წყლის შემწოვი) ლინზები უფრო დრეკადი მასალისგან მზადდება. ისინი მყარ ლინზებზე უფრო დიდია და მთელ რქოვანას ფარავს, თუმცა, ყველა მათგანი არ ატარებს ჟანგბადს ადვილად.

დიდი ზომის გამო რბილი ლინზების გამოყენება უფრო ადვილია, ვიდრე მყარის. ისინი ასევე უფრო ნაკლებად ვარდებიან თვალიდან და მათ ქვეშ უფრო იშვიათად ხვდება მტვერი და სხვა ნაწილაკები. ამასთანავე, რბილი კონტაქტური ლინზების ტარება თავიდანვე კომფორტულია. თუმცაღა, ასეთ ლინზებს დიდი ყურადღებით მოვლა ესაჭიროება პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რადგან რბილი ლინზების შემთხვევაში ინფექციის რისკი უფრო მეტია, ვიდრე მყარის გამოყენებისას.

კონტაქტური ლინზების უმრავლესობა ყოველდღე უნდა ამოიღოს ადამიანმა და გაასუფთაოს (ყოველდღიური გამოყენების ლინზები). მათი უმრავლესობა ყოველღამე უნდა დეზინფიცირდეს, გაიწმინდოს ცილისა და კალციუმის ნალექისგან. ზოგ მათგანს ყოველკვირეული დამუშავებაც ესაჭიროება ფერმენტით. ასეთი ლინზები მრავალჯერადია. არსებობს ერთჯერადი ლინზებიც, რომელთა გამოყენების დროსაც არ არის აუცილებელი გაწმენდა, ფერმენტით დამუშავება ან დეზინფექცია, თუ მხოლოდ ერთი დღით იხმარს მათ ადამიანი. ზოგი ლინზა 1-4 კვირის მანძილზე გამოიყენება და შემდეგ ისინი უნდა გადაიყაროს. არსებობს ისეთი ჩვეულებრივი ან ერთჯერადი ლინზებიც, რომელთა თვალში დატოვება ძილის დროსაც შეიძლება რამდენიმე დღის მანძილზე (გახანგრძლივებული გამოყენების ლინზები). მათი უმრავლესობა 7 დღე შეიძლება ატაროს ადამიანმა ამოუღებლად, მაგრამ არსებობს უფრო ახალი ლინზებიც, რომელთა უწყვეტი გამოყენების ვადა 30 დღეა. თუმცაღა, აღსანიშნავია, რომ ინფექციის რისკი უფრო მაღალია კონტაქტური ლინზების ღამით თვალში დატოვების შემთხვევაში.

ლინზების ტარებას თან ახლავს სერიოზული, მხედველობისთვის საშიში, მტკივნეული გართულებების რისკი, მათ შორის რქოვანას წყლულების გაჩენისაც. წყლული შეიძლება ინფექციამ გამოიწვიოს და შედეგად ადამიანმა მხედველობაც დაკარგოს. ამ რისკების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია თვალის ექიმის, ასევე ლინზების მწარმოებლის მიერ მოცემული დარიგებებისა და საკუთარი საღი აზრის მიყოლით.

მძიმე ინფექციის რისკი იზრდება კონტაქტური ლინზებით ცურვისას, მათი გაწმენდისას სახლში დამზადებული მარილხსნარით, ნერწყვით, ონკანის ან გამოხდილი წყლით. ნებისმიერი სახის ლინზით ძილის დროსაც იმატებს სერიოზული ინფექციის საშიშროება. რისკი იზრდება რბილი ლინზებით ძილის ყოველი ღამის გასვლასთან ერთად. ინფექციის თავიდან აცილების ყველაზე კარგი გზაა ძილის წინ ლინზების მოხსნა. თუკი ადამიანს უჩნდება უსიამოვნო შეგრძნება, ცრემლდენა, მხედველობის დარღვევა ან თვალის სიწითლე, მან ლინზები მაშინვე უნდა ამოიღოს. თუ სიმპტომები სწრაფად არ გაქრა, აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

ქირურგია რეფრაქციული დარღვევებისთვის

ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის სამკურნალოდ ქირურგიული და ლაზერული პროცედურებიც (რეფრაქციული ქირურგია) გამოიყენება. ამ ჩარევებით რქოვანას ფორმას ისე ცვლიან, რომ მან უკეთესად შეძლოს ბადურაზე სხივების ფოკუსირება. რეფრაქციული ქირურგიის მიზანია შეამციროს ადამიანის მხედველობის დამოკიდებულება სათვალესა და კონტაქტურ ლინზებზე. ასეთი პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ისეთი საკითხების დეტალურად განხილვა ოფთალმოლოგთან, როგორიცაა თავად პაციენტის საჭიროებები და მოლოდინი, რისკები და სარგებელი ოპერაციიდან.

რეფრაქციული ქირურგიისთვის საუკეთესო კანდიდატები ის ადამიანები არიან, ვინც ვერ ეგუება ლინზებს და სურს, დაკავდეს ისეთი აქტივობებით, რომლებსაც ხელს უშლის სათვალე ან ლინზა, მაგ. ცურვით ან თხილამურებზე სრიალით. ბევრი ამ ოპერაციას მოსახერხებლობის ან კოსმეტიკური მიზნების გამო იკეთებს. თუმცაღა რეფრაქციული ქირურგია ყველანაირი რეფრაქციული დარღვევის დროს არ არის რეკომენდებული. მაგალითად, ეს პროცედურები უმჯობესია არ ჩატარდეს, თუკი: გასული წლის განმავლობაში შეიცვალა სათვალის ან კონტაქტური ლინზის რეცეპტი, პაციენტს აქვს ავტოიმუნური ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, რქოვანას კონუსის ფორმა აქვს (კერატოკონუსი), აღინიშნება თვალის ძლიერი სიმშრალე, პაციენტი იღებს ზოგიერთ მედიკამენტს (მაგ. იზოტრეტინოინს ან ამიოდარონს) ან არის 18 წელზე ახალგაზრდა (ზოგი გამონაკლისის გარდა).

ექიმი ზუსტად განსაზღვრავს რეფრაქციული დარღვევის ხარისხს (იმავე სათვალის რეცეპტს) ოპერაციამდე, თვალებს ზედმიწევნით გამოიკვლევს, განსაკუთრებით კი რქოვანას ზედაპირულ უჯრედებს (დაადგენს, მისი ზედაპირი მყარადაა მიმაგრებული თუ თავისუფლად), მის ფორმასა და სისქეს (პაქიმეტრიის მეშვეობით), გუგის ზომას სინათლესა და სიბნელეში, თვალშიდა წნევას, მხედველობის ნერვსა და ბადურას. რეფრაქციული ქირურგიის პროცედურები, როგორც წესი, ხანმოკლეა და მცირე დისკომფორტს იწვევს. თვალის ანესთეზიისთვის სპეციალური წვეთები გამოიყენება. თვალი ამ დროს დაფიქსირებული არ არის, ამიტომ ადამიანი უნდა ეცადოს, რომ არ გაამოძრაოს იგი. პროცედურის შემდეგ, პაციენტს, როგორც წესი, მალევე გაწერენ სახლში.

რეფრაქციული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ადამიანების უმრავლესობას შორ მანძილზე მხედველობა იმდენად უუმჯობესდება, რომ მათ საქმიანობების დიდ ნაწილში პრობლემა არ ექმნებათ (მაგ. მანქანის მართვაში ან კინოდარბაზში ფილმის ყურებაში), თუმცა, პროცედურის შემდეგ ყველას იდეალური, 20/20 მხედველობა არ აქვს სათვალის გარეშე. პაციენტთა 95%-ს შორს მკაფიოდ დასანახად ლინზები აღარ სჭირდება. შორ მანძილზე მხედველობის 20/20-მდე გაუმჯობესების შანსი ყველაზე დიდი მაშინაა, თუ ოპერაციამდე ადამიანს ისედაც სუსტი სათვალე სჭირდებოდა. პროცედურის მერე, მაშინაც კი, თუ შორს დასანახად სათვალე აღარაა საჭირო, 40 წლის ასაკს გადაცილებულთა უმრავლესობას მაინც ესაჭიროება საკითხავი სათვალე.

ოპერაციის გართულებებია:დარღვევის ზედმეტად გასწორება, არასაკმარისად გასწორება, ანთება, ინფექცია, მხედველობის გაორება, მგრძნობელობის მომატება ძლიერ სინათლეზე, კაშკაში და ორეოლები სინათლის წყაროს გარშემო, ღამით დანახვის ან მანქანის მართვის გაძნელება, რქოვანას შეჭმუხვნა და მასში უჯრედების ან სხვა ნალექის დაგროვება. იშვიათად, პროცედურის შემდეგ მხედველობა შეიძლება კიდევ უფრო დაქვეითდეს, სათვალის გამოყენების დროსაც კი. დარღვევის არასაკმარისად გასწორების შემდგომი მკურნალობა უფრო ადვილია, ვიდრე ზედმეტად გასწორების, ამიტომ ქირურგები უფრო ფრთხილობენ, საჭიროზე მეტად არ გაასწორონ გარდამტეხი ძალა. არასაკმარისად ან ზედმეტად გასწორების შემთხვევაში, როგორც წესი, შესაძლებელია საბოლოო კორექცია დამატებითი ჩარევით.

ლაზერული კერატომილეზი (ლასიკი): ლასიკი რეფრაქციული ქირურგიის ყველაზე ხშირი პროცედურაა და გამოიყენება ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის სამკურნალოდ. ოპერაციის დროს, პირველ რიგში რქოვანას ცენტრალური ნაწილიდან ძალიან თხელ ფირფიტას აათლიან ლაზერით ან სპეციალური მოწყობილობით – მიკროკერატომით. შემდეგ ფირფიტას გადასწევენ და მის ქვეშ მდებარე ქსოვილს ექსიმერ-ლაზერის იმპულსების მეშვეობით აორთქლებენ (ვაპორიზაცია), რითაც რქოვანას ფორმას უცვლიან. შემდეგ ანათალი ფირფიტა ისევ თავის ადგილას თავსდება და რამდენიმე დღეში ხორცდება. ლასიკის პროცედურა მცირე დისკომფორტს იწვევს ოპერაციის დროს და შემდეგ. მხედველობა სწრაფადვე უმჯობესდება და ადამიანების უმრავლესობა სამსახურში დაბრუნებას 1-3 დღეში ახერხებს. ეს პროცედურა უმჯობესია არ ჩაუტარდეთ მათ, ვისთვისაც რეფრაქციული ქირურგია არაა რეკომენდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი ასევე უკუნაჩვენებია თხელი რქოვანას ან არამყარი ზედაპირის არსებობის შემთხვევაში.

ფოტორეფრაქციული კერატექტომია (ფრკ): ამ პროცედურის დროსაც ექსიმერ-ლაზერი გამოიყენება რქოვანას ფორმის შესაცვლელად. ის ძირითადად საშუალო ხარისხის ახლომხედველობის, ასტიგმატიზმისა და შორსმხედველობის სამკურნალოდ ტარდება. ლასიკისგან განსხვავებით, რქოვანას ანათალი არ კეთდება. პროცედურის დროს თავდაპირველად რქოვანას ზედაპირზე არსებულ უჯრედებს აშორებენ. შემდეგ, ლასიკის მსგავსად, აქაც მაღალფოკუსირებული ულტრაიისფერი სხივების კომპიუტერით კონტროლირებადი იმპულსები გამოიყენება რქოვანას ფორმის შესაცვლელად. შედეგად რქოვანა სხივებს უფრო ზუსტად გარდატეხს, ისე, რომ ისინი ზუსტად ბადურაზე ფოკუსირდეს და სათვალის გარეშეც უკეთესი იყოს მხედველობის სიმახვილე. პროცედურას თითოეულ თვალზე ერთ წუთზე ნაკლები სჭირდება. ლასიკთან შედარებით დისკომფორტი და გამოჯანმრთელების დროც უფრო მეტია (რადგან რქოვანას ზედაპირიდან მოშორებული უჯრედების აღდგენას დრო სჭირდება), თუმცა ფრკ-ის გამოყენება იმ ადამიანებზეც შეიძლება, ვისთვისაც ლასიკი წინააღმდეგნაჩვენებია თხელი რქოვანას ან მისი არამყარი ზედაპირის გამო.

რეფრაქციული ქირურგიის სხვა პროცედურები: არსებობს სხვა პროცედურები და მეთოდებიც, რომლებსაც ლასიკთან და ფრკ-სთან შედარებით უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს ან განსხვავებული რისკი ახლდეს თან. ძლიერი ახლომხედველობის მქონე ადამიანებში ზოგჯერ სპეციალური ლინზა იდგმება თვალში, ფერადი გარსის წინ ან უკან (ფაკიური ლინზის თვალშიდა იმპლანტაცია). ზოგჯერ თვალის ბუნებრივ ბროლს იღებენ და მის მაგივრად, ფერადი გარსის უკან ხელოვნურს დგამენ (სრული ლენსექტომია ხელოვნური ბროლის თვალშიდა იმპლანტაციით). ეს უკანასკნელი მეთოდი უკეთესია ჰიპეროპიის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც საკითხავი სათვალე სჭირდება პრესბიოპიის გამო. ამ პროცედურების დროს თვალი იჭრება, შესაბამისად, მათ თან ახლავს მძიმე ინფექციის შეჭრის მცირედი რისკი (თუმცა, მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე ლასიკს). ფაკიური ლინზის თვალშიდა იმპლანტაციის სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია კატარაქტის ჩამოყალიბება, გლაუკომა და რქოვანას შეშუპება დროთა განმავლობაში. სრული ლენსექტომია უმჯობესია არ ჩაუტარდეს იმ ახალგაზრდებს, ვისაც მაღალი ხარისხის ახლომხედელობა აქვს, რადგან ამ დროს ბადურას ჩამოცლის რისკი იზრდება.

რქოვანასშიდა რკალები (Iთჩშ) მსუბუქი ახლომხედველობის დროს გამოიყენება, როცა ასტიგმატიზმი არ აღინიშნება. რქოვანას შუა შრეში, მის კიდესთან პატარა, პლასტიკური რკალები ინერგება. პროცედურის დროს ქსოვილი არ იკვეთება, შესაბამისად, მისი ეფექტის შებრუნება ამ რკალების ამოღებითაა შესაძლებელი. გართულებები შეიძლება იყოს: ასტიგმატიზმი, ზედმეტად გასწორება, არასაკმარისად გასწორება, ინფექცია, კაშკაში და ორეოლები.

კონდუქციური კერატოპლასტიკა (კკ) გამოიყენება მსუბუქი შორსმხედველობის დროს, როცა ასტიგმატიზმი არ აღინიშნება ან მაშინ, თუ ადამიანს მხოლოდ საკითხავი სათვალე ესაჭიროება პრესბიოპიის გამო. ეს საკმაოდ ხანმოკლე პროცედურა ჭრილობების გარეშე ტარდება. რქოვანას რამდენიმე, პატარა წერტილზე სპეციალური ლაზერული იმპულსებით მოქმედებენ. შედეგად რქოვანა რგოლივით იჭმუხნება და მისი ფორმა იცვლება. პროცედურის თანმხლები რისკები მცირეა, მაგრამ ზოგ ადამიანში პროცედურის ეფექტი დროთა განმავლობაში სუსტდება და ზოგ მათგანს ასტიგმატიზმი უვითარდება.

ასტიგმატური კერატოტომია გამოიყენება ბუნებრივად არსებული ან კატარაქტის ოპერაციის, რქოვანას გადანერგვის შემდეგ შეძენილი ასტიგმატიზმის სამკურნალოდ. ამ პროცედურის დროს ქირურგი რქოვანას გარეთა ნაწილში, მისი კიდის პარალელურად ერთ ან ორ, სწორ ან მოხრილ ღრმა განაკვეთს აკეთებს. ეს განაკვეთები ფორმას უცვლიან რქოვანას და ამცირებენ მის უსწორობას და შესაბამისად, ამით გამოწვეულ ასტიგმატიზმსაც.