1. კატარაქტა
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
კატარაქტა

კატარაქტა ბროლის შემღვრევას (გამჭვირვალობის შემცირებას) იწვევს, რაც ვლინდება მხედველობის პროგრესირებადი, უმტკივნეულო დაქვეითებით.

  • მხედველობა შეიძლება დაიბინდოს, გამოსახულებაში კონტრასტი დაიკარგოს და შუქის გარშემო ორეოლები, სინათლის რგოლები გაჩნდეს;

  • ექიმები კატარაქტის დიაგნოზს ოფთალმოსკოპით ან ბიომიკროსკოპით თვალის დათვალიერების შედეგად სვამენ;

  • შემღვრეული ბროლი უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია ამოიკვეთოს და ხელოვნურით ჩანაცვლდეს.

კატარაქტა სიბრმავის უპირველესი მიზეზია მთელ მსოფლიოში. იგი ხშირია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც დაავადებულთა უმრავლესობა უფროსი ასაკის ადამიანია. ხუთიდან დაახლოებით ერთ ადამიანს 65-74 წლის ასაკში იმდენად მძიმე კატარაქტა უვითარდება, რომ მხედველობა უქვეითდება, 75 წლის ასაკის ზემოთ კი თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება ეს დაავადება. საბედნიეროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად მკურნალობა მანამ ტარდება, სანამ პაციენტი მხედველობას დაკარგავდეს.

კატარაქტა ხშირად რაიმე თვალსაჩინო მიზეზის გარეშე ვითარდება, თუმცა, არსებობს მისი ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის:

  • თვალის დაზიანება

  • ზოგი წამლის ხანგრძლივი გამოყენება (მაგ. კორტიკოსტეროიდების)

  • რენტგენის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება (მაგ. თვალის სხივური თერაპიისას)

  • თვალის ანთებითი და ინფექციური დაავადებები

  • ზოგიერთი დაავადება, მაგ. დიაბეტი

  • მუქი თვალის ფერი

  • მზის სინათლის ხანგრძლივი, პირდაპირი ზემოქმედება თვალზე

  • არასრულფასოვანი კვება

  • მწეველობა

  • ალკოჰოლის მოხმარება

  • სითბური ზემოქმედება ინფრაწითელი სხივებით

მათ, ვისაც ცალ თვალზე ჰქონდა კატარაქტა, უფრო დიდი რისკი აქვთ მოგვიანებით მეორე თვალის დაზიანებისაც. ზოგჯერ ბროლი ორივე თვალში ერთდროულად იმღვრევა. ხანდახან კატარაქტა დაბადებისას უკვე აქვს ახალშობილს (თანდაყოლილი კატარაქტა) ან იგი ბავშვობის ასაკში ვითარდება, როგორც წესი, დაზიანების ან დაავადების გამო.

სიმპტომები

თვალში შესული მთელი სინათლე ბროლში გაივლის, ამიტომ მისი შემღვრევა სხივებს ხელს უშლის, მიმართულებას უცვლის ან ფანტავს მათ და მხედველობის დაქვეითებას იწვევს. კატარაქტის პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს ორეოლების ანუ სინათლის რგოლებისა და მბრწყინავი სინათლის გაჩენა შუქის გარშემო (კაშკაში). ზოგჯერ თავიდან მხედველობის დაბინდვა ვლინდება. უფრო იშვიათად, მხედველობის გაორებაა საწყისი სიმპტომი. ადამიანმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ ფერებს ნაკლებად ხასხასად ხედავს და მათ მოყვითალო ელფერი დაჰკრავთ. კითხვა შესაძლოა გაძნელდეს, რადგან ქვეითდება კონტრასტის აღქმა დაბეჭდილი ასოების ნათელ და მუქ ნაწილებს შორის ფურცელზე.

ის, თუ რამდენად დააქვეითებს კატარაქტა მხედველობას, დამოკიდებულია თვალში შემავალი სინათლის ინტენსივობასა და შემღვრეული უბნის მდებარეობაზე.

როცა კატარაქტა ბროლის უკანა ნაწილშია (უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა), მხედველობის სიმახვილე იკლებს გუგის შევიწროებისას (მაგ. ძლიერ სინათლეზე ან კითხვის დროს). უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა ასევე უფრო ხშირად იწვევს კონტრასტის აღქმის დარღვევასა და კაშკაშის შეგრძნებას ძლიერი სინათლის ან მანქანის ფარების შუქის შეხედვისას, ღამით ტარების დროს. კატარაქტის მქონე ადამიანებს, ვინც გუგის შემავიწროებელ წამლებს იღებს (მაგალითად, გლაუკომის სამკურნალო წვეთებიდან ზოგიერთს), შესაძლოა კიდევ უფრო დაუქვეითდეთ მხედველობა.

როცა კატარაქტა ბროლის შიგნით, ცენტრში ვითარდება (ნუკლეარული კატარაქტა) შორ მანძილზე მხედველობა უარესდება. თუმცაღა, თავდაპირველად ახლოს მდებარე საგნების დანახვა შეიძლება გაუადვილდეს ადამიანს, რადგან კატარაქტა ბროლის გარდამტეხ ძალას აძლიერებს და სინათლის სხივების ფოკუსს ცვლის. შესაბამისად, ხანში შესულებმა, ვისაც ახლო მანძილზე კარგად ხედვა უჭირს სათვალის გარეშე, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ უსათვალოდ კითხვა ისევ შეუძლიათ, რასაც ხელმეორედ შეძენილი მხედველობის ფენომენი ეწოდება. სამწუხაროდ, ნუკლეარული კატარაქტა საბოლოოდ ხელს უშლის სინათლის შეღწევას თვალში, დაბინდავს და აქვეითებს მხედველობას.

კატარაქტა თითქმის არასდროსაა მტკივნეული, თუმცა, იგი ზოგჯერ შეიძლება შეშუპდეს და თვალშიდა წნევა გაიზარდოს (გლაუკომა), რაც ტკივილს იწვევს.

დიაგნოზი

ექიმს კატარაქტის აღმოჩენა თვალის ოფთალმოსკოპით გამოკვლევისას შეუძლია. ბიომიკროსკოპით კი, ბროლისა და თვალის სხვა ნაწილების დეტალურად დასათვალიერებელი ინსტრუმენტით, ხერხდება კატარაქტის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა და იმის დადგენა, თუ რამდენად არღვევს იგი სინათლის სხივების გამტარობას.

პრევენცია

კატარაქტის განვითარების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. სპეციალური, ულტრაიისფერი სხივების ფილტრის მქონე სათვალის მუდმივი გამოყენება იცავს თვალს ძლიერი მზის სინათლისგან. თამბაქოს მოწევისგან თავის შეკავება ასევე სასარგებლოა და სხვა დადებითი ეფექტებიც აქვს ჯანმრთელობაზე. დიაბეტით დაავადებულებმა ექიმის მეთვალყურეობით კარგად უნდა აკონტროლონ სისხლში შაქრის დონე. კატარაქტისგან დაცვას შესაძლოა უზრუნველყოფდეს ჩ და ვიტამინებით, კაროტინოიდებით (შედის ბოსტნეულში, მაგ. ისპანახსა და ყვავილოვან კომბოსტოში) მდიდარი საკვები. მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის მიღება ქალბატონების მიერ ასევე შეიძლება იცავდეს კატარაქტისგან, მაგრამ არაა სასურველი ამ ჰორმონის გამოყენება მხოლოდ ამ მიზნით. დაბოლოს, იმ ადამიანებს, ვინც ხანგრძლივად იღებს კორტიკოსტეროიდებს, შეუძლიათ ექიმს გაესაუბრონ მათი სხვა წამლებით ჩანაცვლების შესაძლებლობაზე.

მკურნალობა

მხედველობის მნიშვნელოვნად დაქვეითებამდე იგი შეიძლება სათვალითა და კონტაქტური ლინზებით გაუმჯობესდეს. ძლიერ სინათლეზე სათვალის ტარება და უკანა სანათების გამოყენება (სინათლის წყარო ამ დროს მხარუკანაა) ამცირებს კაშკაშის შეგრძნებას და ასევე აუმჯობესებს მხედვლობას. ზოგჯერ, თუ კატარაქტა პატარაა და ბროლის ცენტრშია მოთავსებული, გუგის გამაფართოებელი წამლები ინიშნება.

მკურნალობის ერთადერთი საშუალება, რომლითაც განკურნებაა შესაძლებელი – ოპერაციაა. არ არსებობს თვალის წვეთები ან რაიმე სხვა მედიკამენტი, რომელიც კატარაქტას გააქრობს. ზოგ შემთხვევაში ვითარდება გართულებები (მაგ. კატარაქტის შეშუპება ან გლაუკომა), რის გამოც ექიმი სასწრაფო ოპერაციას ურჩევს პაციენტს. თუმცაღა, შემთხვევათა უმრავლესობაში ქირურგიული ჩარევა მაშინ ხდება, როცა მხედველობის ძლიერ დაქვეითების გამო ადამიანი თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად აღარ გრძნობს ან ხელი ეშლება ყოველდღიურ საქმიანობაში. შემღვრეული ბროლის მანამდე ამოკვეთას რაიმე უპირატესობა არ გააჩნია.

კატარაქტის ოპერაცია ნებისმიერი ასაკის ადამიანებში შეიძლება გაკეთდეს და ზოგადად უსაფრთხოა მათთვისაც, ვისაც გულის დაავადება ან შაქრიანი დიაბეტი აქვს. ექიმი პატარა განაკვეთს აკეთებს თვალზე, ბროლს ულტრაბგერითი ტალღებით დაშლის და მას კაფსულიდან ნაწილ-ნაწილ ამოიღებს (ფაკოემულსიფიკაცია). კატარაქტის ამოკვეთის შემდეგ თვალში, ბუნებრივ კაფსულაში ხელოვნური ბროლი (თვალშიდა ბროლი) იდგმება. თუმცაღა, მისი ჩასმა ყოველთვის უსაფრთხო არ არის. შესაბამისად, როცა ეს ვერ ხერხდება, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ადამიანებს სქელი სათვალის ან კონტაქტური ლინზების ტარება უწევთ.

ეს ქირურგიული ჩარევა თითქმის ყოველთვის ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, რომლის დროსაც ინექციით ან სპეციალური წვეთებით თვალის ზედაპირის მგრძნობელობას აქვეითებენ.

იშვიათად, ბავშვებსა და იმ ზრდასრულებში, ვისაც ოპერაციის დროს გაუნძრევლად ყოფნა არ შეუძლია, ზოგად ანესთეზიას მიმართავენ. მთელი პროცედურა დაახლოებით 30 წუთი გრძელდება და პაციენტს იმავე დღეს გაწერენ სახლში. ნაკერები, როგორც წესი, საჭირო არ არის, რადგან განაკვეთი თვალზე პატარაა და თავისით ხორცდება.

საჭიროა ოპერაციის შემდგომი რამდენიმე დღის წინასწარ დაგეგმვა, რადგან ადამიანს შესაძლოა დახმარება დასჭირდეს სახლში ზოგი საქმიანობის შეზღუდვის გამო (მაგალითად, არ შეიძლება წინ გადახრა და სიმძიმეების აწევა) და ასევე, მხედველობის დარღვევის, დაბინდვის ან ძლიერ სინათლეზე დისკომფორტის შემთხვევაში, რაც ცოტა ხანს გრძელდება ოპერაციის შემდეგ. ინფექციის თავიდან ასაცილებლად, ანთების შესამცირებლად და შეხორცების პროცესის გასაუმჯობესებლად პროცედურიდან რამდენიმე კვირის მანძილზე თვალის წვეთები და მალამოები ინიშნება. სრულ შეხორცებამდე, როგორც წესი, რამდენიმე კვირა, ადამიანს სათვალე ან სპეციალური დამცავი ფირფიტა უნდა ეკეთოს ძილისას, რათა შემთხვევით ტრავმა არ მიიღოს. ოპერაციის შემდეგ პაციენტები უნდა მოერიდონ თვალის მოსრესას. პროცედურის მეორე დღეს, და ასევე, როგორც წესი, ერთი კვირის და ერთი თვის მერე მათ კვლავ გასინჯავს ექიმი. თუ კატარაქტა ორივე თვალზეა, ბევრი ოფთალმოლოგი ამჯობინებს, მოიცადოს რამდენიმე თვე პირველი ოპერაციიდან, სრულ გამოჯანმრთელებამდე და შემდეგ ამოკვეთოს მეორე ბროლი.

ბევრი ადამიანი პროცედურიდან რამდენიმე კვირაში უკვე ამჩნევს შორ მანძილზე მხედველობის გაუმჯობესებას. თითქმის ყველას სჭირდება სათვალე საკითხავად, ზოგს კი – შორს მდებარე საგნების მაქსიმალურად კარგად დასანახადაც. შედარებით ახალი, თვალშიდა ბროლები მულტიფოკალურია ანუ სხვადასხვანაირი გარდამტეხი ძალა აქვს, რაც საშუალებას იძლევა, ახლო და შორ მანძილზე მხედველობა კარგი იყოს სათვალის გარეშეც, თუმცა, ზოგჯერ ისინი კაშკაშსა და სინათლის გარშემო ორეოლების გაჩენას იწვევს ღამით. ექიმი ოპერაციამდე ზუსტად გამოთვლის, რამდენად ძლიერი უნდა იყოს ხელოვნური ბროლი. შესაბამისად, პროცედურის შემდეგ ზოგჯერ ხერხდება ძალიან სქელი სათვალის შეცვლა ბევრად თხელით.

კატარაქტის ოპერაციის გართულებები ძალიან იშვიათია. ზოგჯერ ძლიერი სისხლდენა ან ინფექცია ვითარდება თვალში, რამაც მხედველობის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლოა თვალშიდა წნევამ მოიმატოს, რაც მკურნალობის გარეშე გლაუკომას ან ხელოვნური ბროლის გადაადგილებას იწვევს. თვალის უკანა კედელი, ბადურა შეიძლება შეშუპდეს ან ჩამოიცალოს. იშვიათად, ბადურას რაიმე დაავადების, მაგ. დიაბეტური რეტინოპათიის მქონე ადამიანებს მხედველობა შეიძლება უფრო დაუქვეითდეს ოპერაციის შემდეგ. ამ იშვიათი გართულებების დროულად აღმოჩენა და მკურნალობა შესაძლებელია პროცედურის შემდგომი კონსულტაციების სრულყოფილად ჩატარებით.

ზოგჯერ ბუნებრივი ბროლის ამოკვეთის შემდეგ დარჩენილი ქსოვილი (ბროლის კაფსულა) იმღვრევა, რასაც მეორეული კატარაქტა ეწოდება. ეს ოპერაციის შემდეგ პაციენტთა მეოთხედში ვითარდება, ხელოვნური ბროლის ჩასმიდან თვეების ან წლების მერე. მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს შემღვრეულ კაფსულაში პატარა ხვრელის შექმნას ლაზერით, რათა მან სინათლე გაატაროს.