1. ფიბრომული კვანძები (ფიბრომიომა)
  2. ქალთა ჯანმრთელობა
ფიბრომული კვანძები (ფიბრომიომა)

ფიბრომიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც კუნთოვანი და ფიბროზული ქსოვილისაგან შედგება.

  • ფიბრომულმა კვანძებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სისხლდენა საშოდან, შეკრულობა, განმეორებითი მუცლის მოშლა და გახშირებული შარდვა ან მოშარდვის დაუძლეველი სურვილი;

  • დიაგნოზის დასადასტურებლად, ექიმი ატარებს მენჯის გასინჯვას და ულტრასონოგრაფიას;

  • მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ფიბრომული კვანძები რაიმე პრობლემას იწვევს;

  • სიმპტომების შესამსუბუქებლად ან იმისათვის, რომ ბავშვის გაჩენა შესაძლებელი გახდეს, ქირურგიული ჩარევა ან კვანძების დარღვევაა საჭირო.

ფიბრომულ კვანძებს სხვანაირად ფიბრომიომა, ფიბრომა, მიოფიბრომა, ლეიომიომა ან მიომა ეწოდება.

საშვილოსნოს ფიბრომული კვანძები ქალის რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეებია. იგი 45 წლის ასაკისათვის ქალების 70%-ს უვითარდება. კვანძების დიდი ნაწილი მცირე ზომის და უსიმპტომოა. თუმცა თეთრკანიანი ქალების მეოთხედს და შავკანიანი ქალების დაახლოებით ნახევარს აქვს კვანძები, რომლებიც სიმპტომებს იწვევს. ფიბრომული კვანძები ხშირია ჭარბწონიან ქალებს შორის.

უცნობია, თუ რა იწვევს საშვილოსნოში ფიბრომული კვანძების ზრდას. შესაძლოა ესტროგენისა და პროგესტერონის მაღალი დონე ასტიმულირებს მათ ზრდას. ამიტომ კვანძები ზომაში იმატებს ორსულობის დროს, ნაკლები სიმძლავრით მენოპაუზამდე და მცირდება მენოპაუზის შემდეგ. თუ ფიბრომული კვანძი ძალიან დიდი ზომის იზრდება, შესაძლოა მან საკმარისი რაოდენობით სისხლი ვეღარ მიიღოს, რის შედეგადაც შემცირებას იწყებს.

ფიბრომული კვანძები ზომით შეიძლება მიკროსკოპულად მცირე ან კალათბურთის ბურთივით დიდი ზომის იყოს. შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოს სხვადასხვა ნაწილში, ძირითადად, კედელში (რომელსაც სამი შრე აქვს):

  • საშვილოსნოს კედლის სისქეში (ინტრამურული კვანძები);

  • საშვილოსნოს შიგნითა გარსის (ლორწოვანი გარსი, ანუ ენდომეტრიუმი) ქვეშ (სუბმუკოზური კვანძები);

  • საშვილოსნოს გარედან (სუბსეროზული კვანძები).

ზოგი ფიბრომული კვანძი ღეროზე იზრდება (ეწოდება ფიბრომული კვანძები ფეხზე). თუ კვანძები, რომლებიც კედელში ან ენდომეტრიუმის ქვეშ იზრდება, ერთზე მეტია, ისინი, ძირითადად, არღვევს საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მოხაზულობას.

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია კვანძების რაოდენობაზე, ზომასა და საშვილოსნოში მდებარეობაზე. მრავალი ფიბრომიომა, თუნდაც დიდი ზომის, სიმპტომებს არ იწვევს. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ განვითარებული კვანძები ხშირად იწვევს ჭარბ და ჩვეულებრივთან შედარებით ხანგრძლივად მიმდინარე მენსტრუალურ სისხლდენას. სისხლის დაკარგვამ შეიძლება ანემია გამოიწვიოს. იშვიათად, ფიბრომული კვანძები იწვევს მენსტრუალურ ციკლთა შორის, სქესობრივი კონტაქტის შემდგომ ან მენოპაუზის შემდგომ სისხლდენას.

დიდი ზომის ფიბრომიომებმა, განსაკუთრებით მათ, რომლებიც საშვილოსნოს კედელში იზრდება, შეიძლება მენსტრუაციის დროს ან ციკლებს შორის ტკივილი, მენჯის არეში ზეწოლის ან სიმძიმის შეგრძნება გამოიწვიოს. კვანძებმა, შარდის ბუშტზე ზეწოლის გამო, გახშირებული შარდვა ან მოშარდვის ძლიერი სურვილი შეიძლება გამოიწვიოს, სწორ ნაწლავზე ზეწოლის გამო – დისკომფორტი და შეკრულობა. დიდი ზომის კვანძები მუცლის ზომაში მატებას განაპირობებს. საშვილოსნოს ღრუში ფეხზე მზარდი ფიბრომული კვანძი შეიძლება შემოიგრიხოს და მუცლის ძლიერი ტკივილის მიზეზი გახდეს. მზარდი ან დაშლის პროცესში მყოფი კვანძები ზეწოლის შეგრძნებას ან ტკივილს იწვევს. ფიბრომიომის დაშლის გამო განვითარებული ტკივილი გრძელდება მანამ, სანამ კვანძი რღვევას განიცდის.

კვანძებმა, რომლებიც ორსულობამდე უსიმპტომო იყო, შეიძლება ორსულობის მიმდინარეობისას გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობამდე ნაყოფის არასწორი პოზიცია (წინამდებარეობა) და მშობიარობის შემდგომი ჭარბი სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი ჰემორაგია).

იშვიათად, ფიბრომულმა კვანძებმა, ფალოპის მილების დახშობის ან საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მოხაზულობის დარღვევის გამო, რაც აძნელებს ან შეუძლებელს ხდის საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას (იმპლანტაციას), შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს.

დიაგნოზი

ექიმები ფიბრომულ კვანძებს ხშირად ნახულობენ მენჯის გასინჯვის დროს. დიაგნოზის დასადასტურებლად, ასევე, მიმართავენ საშვილოსნოს გამოსაკვლევ სხვა პროცედურებს:

  • ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია: ულტრაბგერითი გადამწოდი თავსდება საშოში;

  • ჰისტეროსონოგრაფია ფიზიოლოგიური წყლის ინფუზიით: ულტრასონოგრაფია ტარდება საშვილოსნოს ღრუში მცირე რაოდენობით სითხის ინფუზიით, მისი შიდა კონტურის უკეთ გამოსახვის მიზნით.

ზოგჯერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც ტარდება და შესაძლოა სხვა დამატებითი კვლევებიც გახდეს საჭირო.

სისხლდენის (მენსტრუაციისაგან განსხვავებული) შემთხვევაში ექიმი ატარებს კვლევებს საშვილოსნოს კიბოს გამოსარიცხად. ასეთია: პაპა ნიკოლაუს (პაპ) ტესტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) ბიოფსია, ულტრასონოგრაფია, ჰისტეროსონოგრაფია ან ჰისტეროსკოპია. ჰისტეროსკოპიისათვის, დრეკადი ზონდი საშოს და საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოში თავსდება. კვლევა ტარდება ადგილობრივი, რეგიონული ან ზოგადი ანესთეზიით.

მკურნალობა

ფიბრომული კვანძების არსებობისას, თუ ქალს შემაწუხებელი სიმპტომები ან სხვა პრობლემები არ აქვს, მკურნალობა არ არის საჭირო. ფიბრომული კვანძების ზომაში ზრდის შეფასების მიზნით, განმეორებითი გამოკვლევა ტარდება ყოველ 6-12 თვეში.

სისხლდენის, სიმპტომების გაუარესების ან კვანძების ზომაში მატების შემთხვევაში, მიზანშეწონილია რამდენიმე სახის მკურნალობაა, მათ შორის, მედიკამენტური და ქირურგიული ჩარევა.

მედიკამენტები: მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტია, რომელთა გამოყენება შეამსუბუქებს სიმპტომებს და ზომაში შეამცირებს ფიბრომულ კვანძებს, თუმცა მათი ეფექტი დროებითია. ვერცერთი სამკურნალო საშუალება სამუდამოდ ვერ დააპატარავებს კვანძებს.

ყველაზე ხშირად გამოიყენება ორგანიზმში გამომუშავებული გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (GnRH (გრჰ) სინთეზური ფორმები. აღნიშნულ საშუალებებს GnRH (გრჰ) აგონისტები ეწოდება. ხშირად გამოიყენება ლეუპროლიდი და გოზერელინი. ფიბრომული კვანძების ზომაში შემცირებას და სისხლდენის შემსუბუქებას ნაკლები რაოდენობის ესტროგენის (და პროგესტერონის) გამომუშავების გზით იწვევენ. კვანძების შემცირებისა და სისხლდენის შემსუბუქების გამო, ექიმმა GnRH (გრჰ) აგონისტები, კვანძების ამოკვეთის გასაადვილებლად, სისხლდენის და ზოგადად ქირურგიული რისკების შესამცირებლად, ოპერაციულ ჩარევამდე შეიძლება დანიშნოს. პრეპარატი ინიშნება თვეში ერთხელ ინექციის, ცხვირის აეროზოლის ან კანქვეშ ჩასადგმელი იმპლანტის სახით. ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ძვლოვანი სიმკვრივის დაქვეითება გამოიწვიოს და გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. ამგვარი გვერდითი ეფექტების პრევენციის მიზნით, GnRH (გრჰ) აგონისტებთან ერთად ინიშნება ესტროგენი დაბალი დოზით.

ზოგ შემთხვევაში, სისხლდენის სამართავად, ინიშნება ჰორმონული კონტრაცეპტივები, ძირითადად, პროგესტინები. თუმცა კონტრაცეპტივის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, პათოლოგიური სისხლდენა და ტკივილი კვლავ იჩენს თავს. იშვიათად, როდესაც ქალი კონტრაცეპტივებს ღებულობს, ფიბრომულმა კვანძებმა შეიძლება ზომაში მოიმატოს. რალოქსიფენი და მისი მონათესავე საშუალებები (როგორიცაა რამდენიმე ესტროგენის რეცეპტორის სელექციური მოდულატორი ანუ ერსმ (SERM)) ესტროგენით გამოწვეული ეფექტების უკუგანვითარებას იწვევს და შეამცირებს კვანძების ზრდას.

ქირურგიული მკურნალობა: ქირურგიული ჩარევა, ძირითადად, იმ ქალებისათვის განიხილება, რომელთაც აქვთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • სხვა მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომები, როგორებიცაა ტკივილი და სისხლდენა, იმდენად მძიმეა, რომ გავლენას ახდენს ყოველდღიურ აქტივობაზე;

  • დიდი ზომის ფიბრომული კვანძები, რომლებსაც ქალი შეიგრძნობს და რომლებიც შემაწუხებელია;

  • ქალი გეგმავს ორსულობას და კვანძები იწვევს უნაყოფობას ან მუცლის მოშლას.

ქირურგიული მკურნალობა მოიცავს ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

  • ჰისტერექტომია: კვეთენ საშვილოსნოს მთლიანად, მაგრამ საკვერცხეები რჩება. ჰისტერექტომია ფიბრომული კვანძებისაგან განკურნების ერთადერთი სამუდამო გზაა. ამასთან, ჰისტერექტომიის შემდეგ, ქალი ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებს. ამიტომ აღნიშნული მეთოდით მკურნალობა ტარდება მაშინ, თუ ქალი ორსულობას აღარ გეგმავს.

  • მიომექტომია: იკვეთება მხოლოდ კვანძი ან კვანძები. ჰისტერექტომიისაგან განსხვავებით, მიომექტომიის შემდეგ, ქალების უმრავლესობას შეუძლია შვილის ყოლა. ამასთან, ქალების ნაწილი თავს ფსიქოლოგიურად უკეთ გრძნობს, როდესაც საშვილოსნო უნარჩუნდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიომექტომიის შემდეგ, შემთხვევების დაახლოებით 25%-ში ახალი კვანძები იზრდება და 4-8 წლის შემდეგ კვლავ საჭირო ხდება ჰისტერექტომიის ჩატარება.

ჰისტერექტომიისათვის, ქირურგმა შეიძლება გამოიყენოს ჩამოთვლილთაგან რომელიმე მეთოდი:

  • ლაპაროტომია: მუცლის კედელზე ივლება რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის განაკვეთი.

  • ლაპაროსკოპია: ჭიპის ქვემოთ კეთდება ერთი ან რამდენიმე მცირე ზომის განაკვეთი, შემდეგ აღნიშნული განაკვეთიდან იდგმება ლაპაროსკოპიული ზონდი ქირურგიული სამაგრებით. პროცედურის საშუალებით შესაძლებელია მთლიანად საშვილოსნოს ამოკვეთა ან კვეთენ მხოლოდ საშვილოსნოს სხეულს და ყელი რჩება (პროცედურას ეწოდება ლაპაროსკოპიული სუპრაცერვიკალური ჰისტერექტომია).

  • საშოსმხრივი ჰისტერექტომია: მთლიანად საშვილოსნოს ამოკვეთენ საშოდან. მუცელზე განაკვეთის გავლება არ არის საჭირო.

მიომექტომიისათვის, ქირურგმა შეიძლება გამოიყენოს ლაპაროტომია, ლაპაროსკოპია (საშვილოსნოს გარეთა ზედაპირზე არსებული კვანძების მოსაკვეთად) ან ჰისტეროსკოპია. ჰისტეროსკოპიისათვის, საშვილოსნოში საშოს გავლით იდგმება ტელესკოპის მსგავსი, სანათიანი ხელსაწყო. აღნიშნულ ხელსაწყოს შეუძლია ქსოვილების გაკვეთა და ფიბრომების მოცილება საშვილოსნოს შიდა ზედაპირიდან. რომელი მეთოდი გამოიყენება, დამოკიდებულია ფიბრომული კვანძების ზომაზე, რაოდენობასა და მდებარეობაზე. ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია ამბულატორული პროცედურებია და პაციენტი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდება, ვიდრე მუცელკვეთის დროს. თუმცა ლაპაროსკოპიის გამოყენება ყოველთვის ვერ ხერხდება დიდი ზომის კვანძების ამოსაკვეთად და ლაპაროსკოპიის შემდგომი გართულებების რისკი შეიძლება მაღალი იყოს.

სხვა მკურნალობა: მკურნალობის სხვა სახეებია, ძირითადად, ფიბრომული კვანძების დესტრუქცია და არა – ამოკვეთა.

საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაციისათვის, ექიმი ბარძაყის მცირე მონაკვეთზე ატარებს გაუტკივარებას და აკეთებს მცირე ნაჩხვლეტს. შემდეგ, აღნიშნული ნაჩხვლეტის გზით, ბარძაყის მთავარ არტერიაში (თეძოს არტერია) იდგმება თხელი, დრეკადი მილი (კათეტერი). კათეტერი ხრახნისებური მოძრაობით შეჰყავთ იმ არტერიებში, რომლებიც ფიბრომულ კვანძებს სისხლით ამარაგებს, და ინექციის გზით შეიყვანენ მცირე ზომის სინთეზურ ნაწილაკებს. აღნიშნული ნაწილაკები გადაადგილდება მცირე ზომის არტერიებში, რომლებიც სისხლს აწვდის ფიბრომებს და ახშობს მათ. შედეგად, ფიბრომული კვანძები კვდება და იჭმუხნება. საშვილოსნოს დარჩენილი ნაწილი უცვლელია. თუმცა კვანძები კვლავ გაიზრდება თუ არა (ვინაიდან დახშული არტერიების გამავლობა აღდგება ან ახალი სისხლძარღვები ყალიბდება) და ქალი შეძლებს თუ არა დაფეხმძიმებას, უცნობია. ზემოხსენებული პროცედურის შემდეგ ყველაზე ხშირი პრობლემაა ტკივილი და ინფექცია.

ფიბრომული კვანძების დესტრუქციის სხვა მეთოდებია: მოწვა (მაღალი ინტენსივობით ფოკუსირებული ულტრასონოგრაფია ან რადიოსიხშირითი აბლაცია) ან მოყინვა (კრიოაბლაცია) – ნემსის ჩადგმით, ულტრასონოგრაფიით ან ორივე მათგანის გამოყენებით. მიოლიზის დროს, ნემსი, რომელიც ელექტრულ დენს ან სითბოს ატარებს, ფიბრომულ კვანძში იდგმება და ახორციელებს მისი გულის დესტრუქციას. კრიომიოლიზის დროს (კრიოაბლაციის სახეობა), რომელიც მსგავსი პროცედურაა, იდგმება ზონდი, რომელიც დაბალი ტემპერატურის საშუალებით აზიანებს ფიბრომას. ჩამოთვლილი პროცედურებიდან რომელიმეს ჩატარების შემთხვევაში, ქალი შეძლებს თუ არა დაფეხმძიმებას, ცნობილი არ არის.

ჩამოთვლილი მკურნალობის შემდეგ, ფიბრომული კვანძები შეიძლება კვლავ გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის სხვა მეთოდის ან ჰისტერექტომიის ჩატარება.