მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები | მკურნალი.გე
  1. მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები
  2. ქალთა ჯანმრთელობა
მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება ქალის რეპროდუქციული ორგანოების ზედა ნაწილის ინფექციაა.

  • დაავადება, ჩვეულებრივ, ინფიცირებული პარტნიორისაგან სქესობრივი გზით გადაიცემა;

  • ტიპურია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, გამონადენი და არარეგულარული სისხლდენა საშოდან;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან აღებული გამონაჟონის ანალიზს და ულტრასონოგრაფიას;

  • ინფექციის განვითარების რისკს ამცირებს მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება (როგორიცაა კონდომი), სპერმიციდებთან ერთად;

  • ინფექციისაგან განკურნება ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი.

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთების (ენდომეტრიტი), ფალოპის მილების ანთების (სალპინგიტი) ან ორივე მათგანის სახით. მძიმე ინფექციის შემთხვევაში, შეიძლება გავრცელდეს საკვერცხეებზე (ოოფორიტი) ან ფალოპის მილში წარმოიქმნას ჩირქგროვა (ტუბო-ოვარიული აბსცესი).

აშშ-ში მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება უნაყოფობის ყველაზე ხშირი მიზეზია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია. უშვილობა აღნიშნული დაავადების მქონე ყოველი ხუთი ქალიდან ერთს აღენიშნება. ხოლო მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების შემდეგ, ქალების მესამედს, იგი კვლავ უვითარდება.

დაავადება, ჩვეულებრივ, სქესობრივად აქტიურ ქალებს შორის ვითარდება. იშვიათად ვითარდება გოგონებს შორის პირველ მენსტრუალურ ციკლამდე (მენარქე), ორსულობის დროს ან მენოპაუზის შემდგომ. რისკი მომატებული აქვთ ქალებს:

  • რომლებიც 24 წელზე ახალგაზრდა არიან;

  • რომლებიც არ იყენებენ ბარიერულ კონტრაცეპტივებს (როგორიცაა კონდომი ან დიაფრაგმა);

  • რომელთაც ჰყავთ მრავალი სქესობრივი პარტნიორი;

  • რომელთაც აქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ან ბაქტერიული ვაგინოზი;

  • რომელთაც წარსულში ჰქონიათ მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება;

  • რომელთაც აქვთ დაბალი სოციალ-ეკონომიური სტატუსი (ნაკლებად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა).

მიზეზები

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება, ჩვეულებრივ, საშოდან შეღწეული ბაქტერიითაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად, ბაქტერიები ინფიცირებული სქესობრივი პარტნიორისაგან გადაიცემა სქესობრივი კონტაქტის დროს. აღნიშნული ბაქტერიები შეიძლება გონორეის (Neisseria gonorrhoeae) ან ქლამიდიური (Chlamydia trachomatis) ინფექციის გამომწვევი იყოს. გონორეა და ქლამიდიური ინფექცია ვრცელდება საშოდან საშვილოსნოს ყელის მიმართულებით, სადაც იწვევს ინფექციას (ცერვიციტი). აღნიშნული ინფექცია შეიძლება დარჩეს საშვილოსნოს ყელში ან გავრცელდეს ზედა მიმართულებით და მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება გამოიწვიოს.

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება ზოგჯერ ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი ბაქტერიითაა განპირობებული. აღნიშნული ბაქტერიები, ჩვეულებრივ, იმყოფებიან საშოში. სიმპტომებს იწვევენ ან სხვა ორგანოებზე ვრცელდებიან იმ შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა იმატებს (ჭარბი ზრდა). ისინი სქესობრივი გზით არ გადაიცემა.

უფრო იშვიათად ქალის დაინფიცირება შესაძლებელია ბუნებრივი გზით მშობიარობის, აბორტის, ისეთი სამედიცინო პროცედურების დროს, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის გაფართოვება და გამოფხეკა (D და C), ასევე, გინეკოლოგიური ქირურგიული ჩარევების დროს, როდესაც ბაქტერიები ხვდებიან საშოში ან საშოს ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენელი ბაქტერია საშვილოსნოში გადაიტანება. ცნობილი არაა, იზრდება თუ არა აღნიშნული ინფექციების განვითარების რისკი საშოს გამორეცხვების დროს.

სიმპტომები

სიმპტომები, ძირითადად, მენსტრუალური ციკლის დასრულებისას ან მის შემდეგ, რამდენიმე დღეში ვლინდება. ქალების უმრავლესობისათვის, პირველი სიმპტომია მსუბუქი ან საშუალო ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც ცალ მხარეს უფრო მეტადაა გამოხატული. სხვა სიმპტომებია არარეგულარული სისხლდენა და ზოგჯერ ცუდსუნიანი გამონადენი საშოდან. ინფექციის გავრცელების შემთხვევაში, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში თანდათან მძიმდება და შეიძლება თან ახლდეს ცხელება (ჩვეულებრივ, 102°F [38.9°C]-ზე ნაკლები), გულისრევა ან ღებინება. მოგვიანებით, ცხელება იმატებს და გამონადენი ჩირქოვანი და მოყვითალო-მომწვანო ხდება. ქალი შეიძლება აღნიშნავდეს ტკივილს სქესობრივი კავშირის ან მოშარდვის დროს. ინფექცია შეიძლება იყოს მძიმე, თუმცა მსუბუქი სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. გონორეით გამოწვეული სიმპტომები უფრო მძიმედაა გამოხატული, ვიდრე ქლამიდიური ინფექციით გამოწვეული, რომელიც შესაძლოა არც იწვევდეს გამონადენს ან სხვა მნიშვნელოვან სიმპტომებს.

ინფიცირებული ფალოპის მილები ზოგჯერ იხშობა. სითხის შეკავების გამო, დახშული მილები შესაძლოა შეშუპდეს. ქალი შეიძლება გრძნობდეს ზეწოლას ან ქრონიკულ ტკივილს მუცლის ქვედა არეში.

ინფექცია შესაძლებელია გავრცელდეს ირგვლივმდებარე სტრუქტურებზე, მათ შორის, მუცლის ღრუს ამომფენ და ორგანოების მფარავ გარსებზე (იწვევს პერიტონიტს). პერიტონიტი იწვევს უეცარ ან თანდათან აღმოცენებულ ძლიერ ტკივილს მთელ მუცელში.

თუ ფალოპის მილების ინფექცია გონორეით ან ქლამიდიური ინფექციითაა გამოწვეული, იგი ღვიძლის გარემომცველ ქსოვილებზეც შეიძლება გავრცელდეს. ამგვარი ინფექცია იწვევს მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილის ტკივილს. შეგრძნება წააგავს ნაღვლის ბუშტის დაავადებების ან კენჭების დროს განვითარებულ ტკივილს. აღნიშნულ გართულებას ფიტც-ჰიუ-კურტის სინდრომი ეწოდება. ინფიცირებული ფალოპის მილების მქონე ქალების 15%-ს ფალოპის მილების ან საკვერცხის აბსცესი უვითარდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექციური პროცესი დიდი ხნისაა.

ზოგჯერ აბსცესი სკდება და ჩირქი მენჯის ღრუში იღვრება (იწვევს პერიტონიტს). გახეთქვას თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელსაც სწრაფად მოსდევს გულისრევა, ღებინება და სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (შოკი). ინფექცია შეიძლება სისხლში გავრცელდეს (მდგომარეობას სეფსისი ეწოდება) და ფატალური აღმოჩნდეს.

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება ხშირად იწვევს ჩირქოვანი სითხის წარმოქმნას, რომელიც რეპროდუქციული სისტემის ან მუცლის ღრუს ორგანოებს შორის ნაწიბუროვანი ქსოვილის პათოლოგიური ჭიმების (შეხორცებები) წარმოქმნას განაპირობებს. შედეგად ვითარდება უნაყოფობა ან მენჯის ტკივილი. რაც უფრო ხანგრძლივი და მძიმეა ანთებითი პროცესი და ხშირად ვითარდება, მით უფრო მაღალია უშვილობისა და სხვა გართულებების განვითარების რისკი. რისკი ინფექციის განვითარების ყოველ ჯერზე იზრდება.

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების მქონე ქალებს 6-10 ჯერ მომატებული აქვთ მილის ორსულობის განვითარების ალბათობა, რომლის დროსაც, ნაყოფი, საშვილოსნოს ღრუს ნაცვლად, ფალოპის მილში ვითარდება. ორსულობის აღნიშნული სახეობა საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში, ასევე, სიცოცხლისუუნაროა ნაყოფი.

დიაგნოზი

ექიმებს დაავადების არსებობაზე ეჭვი მიაქვთ, როდესაც ქალს, განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკში, აქვს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან აუხსნელი გამონადენი საშოდან. ტარდება ფიზიკური, მათ შორის, მენჯის გასინჯვა. დიაგნოზის დამადასტურებლად მეტყველებს ტკივილის გაჩენა მენჯის გასინჯვის დროს.

საშოდან გამონადენში იკვლევენ ლეიკოციტების არსებობას. თუ გამონადენში ლეიკოციტები არ არის, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება ნაკლებად სავარაუდოა. საშვილოსნოს ყელიდან იღებენ ნაცხს და იკვლევენ გონორეის ან ქლამიდიური ინფექციის გამოსავლენად. ტარდება ორსულობის ტესტი, იმის გამოსავლენად, ქალს ხომ არ აქვს მილის ორსულობა, რაც, თავის მხრივ, სიმპტომების მიზეზი შეიძლება იყოს. სხვა სიმპტომები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები ეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში. სისხლში ისაზღვრება ლეიკოციტების რაოდენობა – იგი შეიძლება მომატებული იყოს.

მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ტკივილის გამო ადეკვატური ფიზიკური გასინჯვა ვერ ტარდება ან მეტი ინფორმაციის მიღებაა საჭირო. მისი საშუალებით დგინდება ფალოპის მილების ან საკვერცხის აბსცესი, ან მილის ორსულობა. თუ დიაგნოზი კვლავ გაურკვეველია ან მკურნალობა უშედეგოა, ექიმი, მუცლის ღრუს დათვალიერებისა და გამოსაკვლევი სითხის ნიმუშის აღების მიზნით, ჭიპის ქვემოთ გავლებული მცირე ზომის განაკვეთიდან დგამს ზონდს (ლაპაროსკოპი).

პრევენცია

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების პრევენციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქალის ჯანმრთელობისა და შვილოსნობის უნარის შენარჩუნებისათვის. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ამის მისაღწევად არის სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავება. თუმცა, ერთი პარტნიორის ყოლის შემთხვევაში, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების რისკი ძალიან დაბალია მანამ, სანამ რომელიმე პარტნიორი არ დაინფიცირდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გამომწვევი ბაქტერიით.

მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების პრევენციისათვის ეფექტიანია ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერული მეთოდის (როგორიცაა კონდომი) და სპერმიციდების (როგორიცაა ვაგინალური ქაფი) გამოყენება.

მკურნალობა

მკურნალობა გონორეისა თუ ქლამიდიური ინფექციის დროს რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს დასალევი თუ კუნთში საინექციო საშუალებებით. საჭიროების შემთხვევაში, კვლევის შედეგების შესაბამისად, იცვლება ანტიბიოტიკი. ქალების უმრავლესობა სახლის პირობებში მკურნალობს. თუმცა, კლინიკაში მოთავსება საჭირო გახდება, თუ:

  • ინფექცია არ მცირდება მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში;

  • სიმპტომები მძიმეა;

  • ქალი შესაძლოა იყოს ორსულად;

  • დგინდება აბსცესის არსებობა.

კლინიკაში ანტიბიოტიკები ინტრავენურად ინიშნება.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, აბსცესის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მისი დრენირება მოახდინონ. ხშირად გამოიყენება ნემსი. კანის მცირე ნაჩხვლეტის გზით და გამოსახულებითი კვლევის კონტროლით, როგორიცაა ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), ნემსი შეჰყავთ აბსცესში. აბსცესის გასკდომის შემთხვევაში, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

ქალმა, სიმპტომების გაქრობის მიუხედავად, სქესობრივი ცხოვრებისაგან თავი უნდა შეიკავოს ანტიბიოტიკებით მკურნალობის დასრულებამდე და ვიდრე ექიმი არ დაადასტურებს, რომ ინფექცია სრულადაა აღმოფხვრილი. ყველა სქესობრივ პარტნიორს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა და მკურნალობა გონორეისა და ქლამიდიური ინფექციისათვის. თუ მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა დროულად ჩატარდება, მეტად მოსალოდნელია სრული გამოჯანმრთელება.