ნაწლავის ანთებითი დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ნაწლავის ანთებითი დაავადებები

ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს, ნაწლავში განვითარებული ანთება მუცლის ხშირ, განმეორებით მოვლითი ხასიათის ტკივილს და დიარეას იწვევს.

ნაწლავის ანთებით დაავადება ორი ძირითადი ტიპისაა: კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი. ამ ორ დაავადებას ბევრი საერთო აქვს და ხშირად მათი ერთმანეთისგან გარჩევა რთულია. ამავე დროს, მათ შორის არის რამდენიმე განსხვავება. მაგალითად, კრონის დაავადების დროს შეიძლება დაზიანდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი, წყლულოვანი კოლიტის დროს კი მხოლოდ მსხვილი ნაწლავი ზიანდება. ორივე დაავადების განვითარება შეიძლება შეპირობებული იყოს ნაწლავის ბაქტერიებით ან, გენეტიკურად განწყობილ პირებში, სხვა რომელიმე აგენტის საპასუხოდ განვითარებული ჰიპერაქტიური იმუნური რეაქციით. ბოლო ხანებში ცნობილი გახდა ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადებები, როგორიცაა კოლაგენური კოლიტი, ლიმფოციტური კოლიტი და დივერსიული კოლიტი.

ნაწლავის ანთებითი დაავადების სადიაგნოზოდ ექიმმა, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოს ანთების გამომწვევი სხვა შესაძლო მიზეზები. მაგალითად, ანთება შეიძლება გამოიწვიოს პარაზიტულმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ. ამიტომ ექიმი ატარებს სხვადასხვა გამოკვლევას, სახელდობრ: განავლის ნიმუშის ანალიზი ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციის აღმოსაჩენად (აუცილებელი მოთხოვნაა მოგზაურობისას), მათ შორის, ანტიბიოტიკების გამოყენებით გამოწვეული ბაქტერიული ტიპის ინფექციის არსებობის დასადგენად (Clostridium difficile-თი გამოწვეული დაავადება); მოწმდება სწორი ნაწლავის დაზიანების შესაძლებლობა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, მაგალითად, გონორეით, ჰერპესვირუსული და ქლამიდიური ინფექციით; სიგმოიდოსკოპიის გამოყენებით (სიგმოიდური კოლინჯის გამოკვლევა დასათვალიერებელი მილით) სწორი ნაწლავის შიგნითა საფარვლიდან აღებული ქსოვილის ნიმუშების (ბიოფსია) მიკროსკოპიული გამოკვლევით შეისწავლება კოლინჯის ანთების (კოლიტი) სხვა გამომწვევი მიზეზის არსებობის შესაძლებლობა. ზემოთ მოხსენიებული სიმპტომების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს იშემიური კოლიტი, რომელიც ხშირია 50 წელზე მეტი ასაკის პირებში, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადება ქალებში, ცელიაკია და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.