ორსულობა და წამლები | მკურნალი.გე
  1. ორსულობა და წამლები
  2. ქალთა ჯანმრთელობა
ორსულობა და წამლები

ორსულობის მანძილზე ქალთა 90%-ზე მეტი იღებს რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემულ წამლებს, მოიხმარს ე.წ. სოციალურ ნარკოტიკებს (მაგ., თამბაქოსა და ალკოჰოლს) ან აკრძალულ ნარკოტიკებს. ზოგადად, ფეხმძიმობისას მედიკამენტების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სხვა გზა არ არის, რადგან მრავალი მათგანი მავნეა ნაყოფისთვის. განვითარების თანდაყოლილი მანკების დაახლოებით 2-3% რომელიმე ნივთიერების მოხმარებითაა გამოწვეული, გარდა ალკოჰოლისა.

ზოგჯერ წამლები აუცილებელია ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში ორსული თავის ექიმს ან სხვა სპეციალისტს უნდა დაელაპარაკოს მედიკამენტების მიღების დადებით და უარყოფით მხარეებზე. ნებისმიერი წამლის, მათ შორის, ურეცეპტოდ გაცემული საშუალებებისა და საკვები დანამატების (სამკურნალო ბალახების ჩათვლით) მიღებამდე, ფეხმძიმე ქალი თავის ექიმს უნდა დაეკითხოს. სპეციალისტმა თავად შეიძლება ურჩიოს ორსულს ზოგი ვიტამინისა და მინერალის მიღება.

ფეხმძიმე ქალის მიერ მიღებული წამლები ნაყოფის ორგანიზმში, ძირითადად, პლაცენტის გავლით აღწევს, იმავე გზით, რითაც ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ორსულობისას მიღებულმა მედიკამენტებმა შეიძლება ნაყოფზე იქონიოს სხვადასხვანაირი გავლენა:

  • მათ შეიძლება პირდაპირ იმოქმედონ ნაყოფზე, გამოიწვიონ ზიანი, განვითარების დარღვევა (რაც თანდაყოლილ მანკებს იწვევს) ან სიკვდილიც კი;

  • მათ შეუძლიათ პლაცენტის ფუნქციონირებაზე იქონიონ გავლენა, რაც ხშირად მისი სისხლძარღვების შევიწროებას (კონსტრიქციას) იწვევს და, შესაბამისად, ამცირებს ნაყოფის მომარაგებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ზოგჯერ ამის შედეგად ბავშვი ზრდასა და განვითარებაში ჩამორჩება;

  • წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს კუნთების ძლიერი შეკუმშვა, რაც ირიბად ნაყოფზეც ზემოქმედებს და ზიანს აყენებს მას სისხლმომარაგების შემცირებით ან ნაადრევი მშობიარობის გამოწვევით.

რა გავლენას მოახდენს წამალი მუცელში მყოფ ბავშვზე, დამოკიდებულია ნაყოფის განვითარების ეტაპზე, მედიკამენტის სიძლიერესა და დოზაზე. ზოგი სამკურნალო საშუალება ორსულობის ადრეულ პერიოდში (განაყოფიერებიდან 20 დღის განმავლობაში მიღებისას მოქმედებს პრინციპით "ყველაფერი ან არაფერი", ანუ ან ნაყოფის სიკვდილს იწვევს, ან საერთოდ არ ახდენს გავლენას მასზე. ამ პერიოდში ნაყოფი ძლიერ რეზისტენტულია თანდაყოლილი მანკებისადმი. თუმცაღა, იგი მეტად მოწყვლადი ხდება განაყოფიერებიდან 3-8 კვირებს შორის, მაშინ, როცა ორგანოები ყალიბდება. ამ პერიოდში მოქმედ წამლებს შესაძლოა არანაირი გავლენა არ ჰქონდეთ, გამოიწვიონ აბორტი, შესამჩნევი თანდაყოლილი მანკი ან სამუდამო, მაგრამ შეუმჩნეველი დაზიანება, რასაც მოგვიანებით აღმოაჩენენ ხოლმე. ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ წამლები იშვიათად იწვევს თანდაყოლილ მანკებს, მაგრამ მათ შეიძლება ხელი შეუშალონ ნორმალურად განვითარებული ორგანოებისა და ქსოვილების ზრდას, ფუნქციონირებას.

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო (FDA) წამლებს იმის მიხედვით ყოფს, თუ რამდენად სახიფათოა ისინი ნაყოფისთვის ორსულობის პერიოდში მიღებისას. ზოგი მედიკამენტი ძლიერ ტოქსიკურია და ფეხმძიმე ქალების მიერ მათი გამოყენება არაფრით არ შეიძლება, რადგან მძიმე თანდაყოლილ მანკებს იწვევს. ერთ-ერთი მაგალითია თალიდომიდი. რამდენიმე ათწლეულის წინ ამ წამალმა კიდურების, ნაწლავების, გულისა და სისხლძარღვების მძიმე მანკებით დააავადა ის ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობისას იღებდნენ თალიდომიდს. ზოგი მედიკამენტი თანდაყოლილ მანკებს იწვევს ცხოველებში, მაგრამ მსგავსი გართულებები არ დაფიქსირებულა ადამიანებში. ამის მაგალითია მეკლიზინი, რომელიც ხშირად გამოიყენება მოძრაობის დაავადების, გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.

მრავალ შემთხვევაში ორსულთათვის სახიფათო წამლის ნაცვლად შეიძლება დაინიშნოს უფრო უსაფრთხო მედიკამენტი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების დროს ფეხმძიმე ქალებში პროპილთიოურაცილს ამჯობინებენ, თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის კი – ჰეპარინს. ასევე, არსებობს რამდენიმე უსაფრთხო ანტიბიოტიკიც, მაგალითად, პენიცილინი.

ზოგი მედიკამენტი ნაყოფზე ზემოქმედებას მოხსნის შემდეგაც აგრძელებს. მაგალითად, იზოტრეტინოინი, კანის დაავადებების სამკურნალო საშუალება, კანქვეშა ცხიმში გროვდება და იქიდან ნელ-ნელა გამოთავისუფლდება. მას განვითარების მანკების გამოწვევა შეუძლია, თუ ქალი წამლის მოხსნიდან ორი კვირის განმავლობაში დაორსულდა. შესაბამისად, საჭიროა, სულ მცირე, 3-4 კვირა მოცდა წამლის მიღების შეწყვეტიდან დაფეხმძიმებამდე.

ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინებით (მაგ.: წითურასა და ჩუტყვავილას ვაქცინებით) არ ცრიან ქალებს, რომლებიც არიან ან შეიძლება იყვნენ ორსულად. სხვა ვაქცინები (მაგ.: ქოლერის, A და B ჰეპატიტის, შავი ჭირის, ცოფის, ტეტანუსის, დიფთერიისა და მუცლის ტიფის) მხოლოდ მაშინ გამოიყენება ფეხმძიმეებში, თუ რომელიმე კონკრეტული ინფექციის განვითარების რისკი ძალიან მაღალია. თუმცაღა, ყველა ორსული ქალი, ვინც მე-2 ან მე-3 ტრიმესტრშია გრიპის სეზონის დროს, უნდა აიცრას ამ ინფექციაზე.

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო (ანტიჰიპერტენზიული) წამლების გამოყენება შესაძლოა საჭირო იყოს ორსულობისას, თუ ქალს მანამდეც ჰქონდა ჰიპერტენზია ან იგი ფეხმძიმობის პერიოდში განუვითარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მაღალი არტერიული წნევა ზრდის ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს. თუმცა, ამ წამლებს შეუძლიათ მკვეთრად შეამცირონ სისხლის მიმოქცევა პლაცენტაში, თუ წნევას ძალიან სწრაფად დასწევენ. შესაბამისად, საჭიროა ორსული ქალის ყურადღებით მეთვალყურეობა ამ მედიკამენტების მიღებისას. ანტიჰიპერტენზიული წამლების ორი ჯგუფი, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და თიაზიდური დიურეტიკები, როგორც წესი, არ ინიშნება ფეხმძიმობისას, რადგან მათ ნაყოფის მხრივ მძიმე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ.

დიგოქსინი, რომელიც გულის უკმარისობისა და ზოგი არითმიის სამკურნალოდ გამოიყენება, ადვილად გადის პლაცენტაში. მაგრამ მას ძალიან მცირე გავლენა აქვს ნაყოფზე დაბადებამდე ან შემდეგ.

ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, როგორც ჩანს, უსაფრთხოა ორსულობისას.

სოციალური ნარკოტიკები

სიგარეტის (თამბაქოს) მოწევა: მიუხედავად იმისა, რომ თამბაქო ვნებს ორსულსაც და ნაყოფსაც, მწეველ ქალთა მხოლოდ 20% ანებებს მოწევას თავს ფეხმძიმობისას. ყველაზე ხშირად მწეველობის გავლენა ნაყოფზე დაბადებისას მისი წონის სიმცირეა: რაც უფრო მეტს ეწევა ქალი, მით უფრო ნაკლებს იწონის ახალშობილი. დაბადებისას იმ ბავშვების საშუალო წონა, რომელთა დედებიც ორსულობისას ეწეოდნენ, დაახლოებით 6 უნციით (170 გრამით) ნაკლებია არამწეველი ქალების ახალშობილებთან შედარებით. როგორც ჩანს, რაც უფრო დიდხანს ეწევა ქალი, მით უფრო მცირეა ჩვილის წონა.

გულის, თავის ტვინისა და სახის განვითარების მანკებიც უფრო ხშირია მწეველთა შვილებში. ამასთანავე, გაზრდილია ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკიც. ორსულ მწეველებს შედარებით ხშირად აქვთ პლაცენტის მიმაგრების ანომალიები (პლაცენტის წინმდებარეობა), პლაცენტის ნაადრევი აცლა, სანაყოფე გარსების (გარსების, სადაც ნაყოფია მოთავსებული)ნაადრევი დარღვევა, ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ინფექციები, აბორტი, მკვდრადშობადობა და დღენაკლულული ახალშობილის დაბადება. აღმოჩენილია, რომ მწეველთა შვილებს აღენიშნებათ ფიზიკურ ზრდაში, ინტელექტუალურ და ქცევით განვითარებაში მსუბუქი, მაგრამ მაინც გაზომვადი ჩამორჩენა. ითვლება, რომ ამ უარყოფით ეფექტებს ნახშირბადის მონოქსიდი და ნიკოტინი იწვევს. ნახშირბადის მონოქსიდმა შესაძლოა შეამციროს ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება. ნიკოტინი კი ასტიმულირებს იმ ჰორმონების გამოთავისუფლებას, რომლებიც საშვილოსნოსა და პლაცენტის მკვებავ სისხლძარღვებს ავიწროებენ, შესაბამისად, ნაყოფს ნაკლები ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება.

ორსული ქალები უნდა მოერიდონ პასიურ მწეველობასაც, რადგან ის იმავენაირად მავნეა ნაყოფისთვის.

ალკოჰოლი: ორსულობისას ალკოჰოლის მიღება თანდაყოლილი მანკების უპირველესი მიზეზია. უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სასმელი იწვევს ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს, შესაბამისად, ფეხმძიმე ქალებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ალკოჰოლის რეგულარულად ან მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით მიღებისგან. კიდევ უფრო უსაფრთხოა, თუ ალკოჰოლს საერთოდ არ მიიღებენ. ორსულობისას მის მიღებას მრავალი სხვადასხვა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ნაყოფზე.

თვითნებური აბორტის რისკი თითქმის ორჯერ მეტია ქალებში, რომლებიც ალკოჰოლის ნებისმიერ სახეობას იღებენ ორსულობისას, განსაკუთრებით კი – დიდი რაოდენობით. ხშირად რეგულარულად მსმელი დედების შვილების წონა დაბადებისას მნიშვნელოვნად ნაკლებია ნორმალურზე. ახალშობილების საშუალო წონა დაბადებისას 7 ფუნტია, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად კი ბავშვები საშუალოდ 4 ფუნტის წონისანი იბადებიან. ორსულობის პერიოდში სასმლის მიღება იწვევს ახალშობილის განვითარების შეფერხებას და ზრდის დაბადებიდან მალევე დაღუპვის რისკს.

ფეხმძიმობისას ალკოჰოლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომია. მოკლე პერიოდში სულ სამი ულუფა სასმლის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგია. იგი ყოველი ცოცხლადშობილი 1000 ბავშვიდან დაახლოებით ორში გვხვდება. სინდრომი მოიცავს ზრდის შეფერხებას დაბადებამდე ან შემდეგ, სახის განვითარების მანკებს, თავის პატარა ზომას (რაც, სავარაუდოდ, ტვინის არასრულფასოვანი ზრდითაა გამოწვეული), გონებრივ ჩამორჩენილობას (შეზღუდულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს) და ქცევით პათოლოგიებს. უფრო იშვიათად, ასევე, აღინიშნება სახსრების აგებულებისა და ფუნქციონირების მოშლა, გულის მანკები.

ჩვილებს ან ბავშვებს, რომელთა დედებიც ალკოჰოლს იღებდნენ ორსულობისას, შეიძლება ჰქონდეთ მძიმე ქცევითი დარღვევები, როგორიცაა ანტისოციალური ქცევა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. ეს პრობლემები შესაძლოა მაშინაც განვითარდეს, თუ ბავშვს რაიმე თანდაყოლილი, ფიზიკური მანკი არ აქვს.

კოფეინი: უცნობია, ვნებს თუ არა ნაყოფს კოფეინის მიღება ორსულობისას. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობით კოფეინი (მაგ., ერთი ჭიქა ყავა დღეში) ფეხმძიმობის დროს ოდნავ სახიფათო ან სულაც უსაფრთხოა ნაყოფისთვის. კოფეინს შეიცავს ყავა, ჩაი, ზოგი გაზიანი სასმელი, შოკოლადი და ზოგიერთი წამალი. ეს ნივთიერება სტიმულატორია, რომელიც ადვილად გადის პლაცენტაში და აღწევს ნაყოფის ორგანიზმში. შესაბამისად, მან შესაძლოა ბავშვის სტიმულაცია და გულისცემის გახშირებაც გამოიწვიოს. კოფეინის გამო ასევე შეიძლება შემცირდეს პლაცენტის სისხლმომარაგება და რკინის შეწოვა (რაც, სავარაუდოდ, ანემიის განვითარებას უწყობს ხელს). ზოგიერთი მტკიცებულების მიხედვით, დღეში შვიდ ჭიქა ყავაზე მეტის მიღების შედეგად იზრდება მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობის, მცირე წონის ახალშობილის დაბადების ან აბორტის რისკი. ზოგი ექსპერტის აზრით, ორსულთათვის უმჯობესია შეზღუდონ კოფეინი და, თუ შესაძლებელია, მიიღონ სასმელები ამ ნივთიერების გარეშე.

ასპარტამი: ასპარტამი ხელოვნური დამატკბობელია და, როგორც ჩანს, უსაფრთხოა ორსულებისთვის მცირე რაოდენობით მიღებისას – იმდენის, რამდენსაც ხელოვნურად დამტკბარი საკვებისა და სასმლის ნორმალური პორცია შეიცავს. ფენიკეტონურიის, იშვიათი დაავადების მქონე ქალებმა ფეხმძიმობისას ასპარტამი საერთოდ არ უნდა მიიღონ.

აკრძალული ნარკოტიკები

აკრძალული ნარკოტიკების (განსაკუთრებით კი ოპიოიდების) მიღება ორსულობისას გართულებებს, ნაყოფისა და შემდეგ უკვე ახალშობილის ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს იწვევს. ფეხმძიმე ქალების მიერ ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენება ზრდის იმ ინფექციების რისკს, რომლებიც შესაძლოა ნაყოფსაც გადაეცეს ან მას ავნოს. ეს ინფექციებია: ჰეპატიტი და სქესობრივად გადამდები დაავადებები (მათ შორის, შიდსიც). ამასთანავე, ორსული ქალის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისას უფრო ხშირია ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა და ნაადრევი მშობიარობა.

კოკაინის მომხმარებელი დედების შვილებს ხშირად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ უცნობია, მათ ეს ნივთიერება იწვევს თუ არა. ამის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს, მაგალითად, სიგარეტის მოწევა, სხვა ნარკოტიკების გამოყენება, პრენატალური მზრუნველობის ნაკლებობა ან სიღარიბე.

ჰალუცინოგენები, როგორიცაა მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი (მდმა, ანუ ექსტაზი), როჰიპნოლი, კეტამინი, მეთამფეტამინი და LSD (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი), ასევე, ზრდის თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის ან ახალშობილის მოხსნის სინდრომის განვითარების რისკს, რაც ნარკოტიკზეა დამოკიდებული.

ოპიოიდები: ოპიოიდები, მაგალითად, ჰეროინი, მეთადონი და მორფინი, ადვილად გადის პლაცენტაში. შესაბამისად, შეიძლება ნაყოფს მათზე დამოკიდებულება განუვითარდეს, რაც დაბადების შემდეგ 6 საათიდან 8 დღის განმავლობაში მოხსნის სინდრომს იწვევს. თუმცაღა, ამ ნივთიერებების მოხმარება იშვიათად იწვევს თანდაყოლილ მანკებს. ორსულობისას ოპიოიდების გამოყენება ზრდის გართულებების, მაგალითად, თვითნებური აბორტის, ნაყოფის არასწორი წინმდებარეობისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს. ჰეროინის მომხმარებლების შვილები უფრო ხშირად მცირე წონისანი არიან.

ამფეტამინები: ორსულობისას ამფეტამინების მოხმარებამ შეიძლება თანდაყოლილი მანკები გამოიწვიოს, განსაკუთრებით, გულის.

მარიხუანა: უცნობია, ვნებს თუ არა მარიხუანას მოხმარება ორსულობისას ნაყოფს. მასში შემავალი ძირითადი ნივთიერება, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, გადის პლაცენტაში, შესაბამისად, შეუძლია გავლენა მოახდინოს ნაყოფზე. თუმცა, როგორც ჩანს, მარიხუანა არ ზრდის თანდაყოლილი მანკების რისკს და არ იწვევს ნაყოფის ზრდის შენელებას. მარიხუანას მოხმარების გამო, ასევე, არ ვითარდება ახალშობილის ქცევითი პრობლემები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა ორსულობისას.

მშობიარობისას გამოყენებული წამლები

ადგილობრივი საანესთეზიო საშულებები, ოპიოიდები და სხვა ტკივილგამაყუჩებლები, როგორც წესი, გადის პლაცენტაში და გავლენას ახდენს ნაყოფზე. მაგალითად, მათ შეიძლება ხელი შეუშალონ ახალშობილის სუნთქვას. შესაბამისად, თუ მშობიარობისას ამ წამლების გამოყენება აუცილებელია, ისინი უმცირესი დოზით ინიშნება.