კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული კოლიტი | მკურნალი.გე
  1. კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული კოლიტი
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული კოლიტი

კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი (Clostridium difficile) გამოწვეული კოლიტი (ასევე ცნობილია, როგორც ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი) მსხვილი ნაწლავის ანათებაა, რომელიც დიარეით მომდინარეობს. ანთება გამოწვეულია იშვიათი ბაქტერიის ზრდით, რაც, როგორც წესი, ანტიბიოტიკების მოხმარების შედეგია.

  • კოლიტი, როგორც წესი, ანტიბიოტიკების მიღებითაა გამოწვეული;
  • ტიპური სიმპტომებია ოდნავ გაფაშრებული განავალი ან სისხლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი და ცხელება;
  • Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის სიმპტომების არსებობისას, მოწმდება განავალი და მსხვილი ნაწლავი;
  • უმეტესობას, ვისაც Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის მსუბუქი ფორმა აქვს, გამომწვევი ანტიბიოტიკის გამოყენების შეწყვეტისას მდგომარეობა უუმჯობესდება, თუმცა სერიოზული ინფექციის მქონეთ სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობა სჭირდებათ.

ბევრი ანტიბიოტიკი ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობასა და ტიპს შორის არსებულ ბალანსს ცვლის, რაც დაავადების გამომწვევ გარკვეულ ბაქტერიას გამრავლებისა და სხვა ბაქტერიების ჩანაცვლების საშუალებას აძლევს. ბაქტერიის ტიპი, რომელიც ჭარბად და ყველაზე ხშირად მრავლდება და დაავადებას იწვევს, არის Clostridium difficile. ის გამოიმუშავებს ორ ტოქსინს, რომლებიც განაპირობებს მსხვილი ნაწლავის დამცავი შრის ანთებას (კოლიტი).

ამ დაავადების გამოწვევა თითქმის ყველა ანტიბიოტიკს შეუძლია, თუმცა მათგან ყველაზე ხშირია კლინდამიცინი, პენიცილინები (როგორიცაა ამპიცილინი და ამოქსიცილინი) და ცეფალოსპორინები (მაგალითად ცეფალექსინი). დაავადების გამომწვევი სხვა ანტიბიოტიკებია: ერითრომიცინი, სულფონამიდები (როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი), ქლორამფენიკოლი,ტეტრაციკლინი და ქინოლონები (მაგალითად ნორფლოქსაცინი). Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტი შეიძლება ასევე იყოს კიბოს ზოგიერთი ფორმის დროს გამოყენებული ქიმიოთერაპიული წამლების შედეგი.

Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექცია ყველაზე ხშირია ანტიბიოტიკის დალევის შემთხვევაში, მაგრამ ანტიბიოტიკების ინექციის ან ინტრავენური შეყვანის შემდეგაც ვითარდება. Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის რისკი ასაკთან ერთად იზრდება. სხვა რისკ-ფაქტორებია: მძიმე ფონური დაავადება, საავადმყოფოში ხანგრძლივი დროით დაყოვნება, მოხუცთა სახლში ცხოვრება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები. წამლები, განსაკუთრებით პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და ისეთი მდგომარეობები, რომელიც კუჭის მჟავიანობას ამცირებს, ზრდის ამ დაავადების განვითარების ალბათობას.

ბაქტერიის წყარო ზოგჯერ ადამიანის საკუთარი ნაწლავებია. ნორმაში Clostridium difficileნაწლავში გვხვდება ახალშობილების 15-70%-ში და, ხშირად, ჯანმრთელ მოზრდილებში. ადამიანების ეს პოპულაცია ცნობილია როგორც ბაქტერიის მატარებელი. მათ ნაწლავებში ეს ბაქტერია ბინადრობს, თუმცა ავადმყოფობის ნიშნები არ არის გამოხატული. ზოგ შემთხვევაში ბაქტერიის მატარებელს ინფექციის გავრცელება შეუძლია რისკის ჯგუფში. ბაქტერია ხშირად გვხვდება ნიადაგში, წყალსა და შინაურ ცხოველებში. ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეიძლება ხელების გულდასმით დაბანით.

Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტი იშვიათად ემართება მათ, ვისაც ბოლო ხანებში ანტიბიოტიკი არ გამოუყენებია. ფიზიკური სტრესი, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა (კუჭზე ან ნაწლავებზე), როგორც ჩანს, ნაწლავებში იწვევს ბაქტერიების ტიპებსა და რაოდენობას შორის ბალანსის შეცვლას, რაც დაავადების გამომწვევ ზოგიერთ ბაქტერიას ჭარბი გამრავლების და სხვა ბაქტერიების ჩანაცვლების საშუალებას აძლევს. ფიზიკური სტრესი აგრეთვე აქვეითებს ნაწლავის საკუთარ დაცვით მექანიზმებს, რაც ხელს უწყობს კოლიტის განვითარებას.

სიმპტომები

სიმპტომები, როგორც წესი, ანტიბიოტიკების მიღების დაწყებიდან 5-10 დღეში ვითარდება, თუმცა შეიძლება პირველივე დღეს გამოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ დაავადებულთა ერთ მესამედს მკურნალობის შეწყვეტიდან 1-10 დღის მანძილზე, ზოგჯერ 2 თვის განმავლობაშიც კი სიმპტომები არა აქვს.

სიმპტომები ვარირებს ბაქტერიით გამოწვეული ანთების ხარისხის შესაბამისად. პაციენტს მონაცვლეობით აქვს ოდნავ თხელი განავალი და სისხლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, ცხელება. გულისრევა და ღებინება იშვიათია. ყველაზე მძიმე შემთხვევაში სახეზეა სიცოცხლისთვის საშიში დეჰიდრატაცია, სისხლის წნევის დაქვეითება, ტოქსიკური მეგაკოლონი და მსხვილი ნაწლავის გახვრეტა (პერფორაცია).

დიაგნოზი

Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის დიაგნოზი სავარაუდოა, თუ დიარეა დაიწყო ანტიბიოტიკებით მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში ან ჰოსპიტალიზაციიდან 72 საათში. დიაგნოზი დასტურდება განავლის ნიმუშში Clostridium difficile-ს ერთ-ერთი ტოქსინის აღმოჩენით. ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტის მსუბუქად მიმდინარე ფორმის დროს ტოქსინის არსებობა დასტურდება შემთხვევების დაახლოებით 20%-ში, მძიმედ მიმდინარე ფორმის დროს კი – 90%-ზე მეტში. ტოქსინის აღმოსაჩენად ზოგჯერ საჭიროა განავლის ორი ან სამი ნიმუშის შესწავლა.

Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის ანთებადი ქვედა ნაწილის (სიგმოიდური კოლინჯი) დათვალიერებითაც, რაც, როგორც წესი, სიგმოიდოსკოპის საშუალებით (რიგიდული ან დრეკადი დასათვალიერებელი მილი) ხდება. ფიქსირდება ხოლმე ანთების სპეციფიკური ტიპი, რომელსაც ფსევდომემბრანული კოლიტი ეწოდება. კოლონოსკოპია (უფრო გრძელი, დრეკადი დასათვალიერებელი მილი) გამოიყენება მთელი მსხვილი ნაწლავის გამოსაკვლევად და იმის დასადგენად, ხომ არ არის დაზიანება იმ დონეზე უფრო მაღლა, ვიდრე სიგმოიდოსკოპით შეიძლება დათვალიერება. თუმცა, როგორც წესი, ამ პროცედურების ჩატარება საჭირო არ ხდება.

მკურნალობა

თუ Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტით დაავადებულ ადამიანს დიარეა დაეწყო ანტიბიოტიკების მიღების პერიოდში, ანტიბიოტიკების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ მათი მიღება აუცილებელი არ არის. როგორც წესი, თავიდან უნდა ავირიდოთ წამლები, რომლებიც ნაწლავთა მოძრაობას ანელებს, როგორიცაა დიფენოქსილატი, რადგან მათ შეუძლია დაავადების გახანგრძლივება დაავადების გამომწვევი ტოქსინის მსხვილ ნაწლავთან კონტაქტის ხანგრძლივობის გაზრდის გამო. გართულებების გარეშე მიმდინარე Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტი, როგორც წესი, იკურნება ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტიდან 10-12 დღეში. თუმცა, მსუბუქი სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში შეიძლება ეფექტური გამოდგეს ქოლესტირამინის მიცემა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ის თავად უკავშირდება ტოქსინს.

როცა Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ხშირად ეფექტურია ანტიბიოტიკი მეტრონიდაზოლი. ანტიბიოტიკი ვანკომიცინი ყველაზე მძიმე ან რეზისტენტულ შემთხვევებში გამოიყენება. ზოგიერთი პაციენტი საჭიროებს ბაციტრაცინის ან საფუარა სოკოდან მიღებული პრობიოტიკის მიღებას. პაციენტთა 20%-ში სიმპტომები მეორდება და ისევ საჭირო ხდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუ დიარეა ისევ განმეორდა, ანტიბიოტიკებით თერაპია ხანგრძლივდება. იშვიათ შემთხვევებში მკურნალობა ტარდება ლაქტობაცილის დასალევი პრეპარატით, ფეკალური ოყნით – ნაწლავის ნორმალური ბაქტერიებით რეკოლონიზაციისთვის ან ინტრავენური გამა-გლობულინით. მიმდინარეობს კვლევა ანტიბიოტიკ რიფაქსიმინის ეფექტურობის შესასწავლად Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის დროს, აგრეთვე Clostridium difficile-სსაწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად მკურნალობის მიმართ რეზისტენტული შემთხვევების სამკურნალოდ და რისკის ჯგუფში პრევენციის მიზნით გამოსაყენებლად.

იშვიათად Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტი იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ინტრავენური სითხეების, ელექტროლიტების (როგორიცაა ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი) და სისხლის გადასხმისთვის. მძიმე შემთხვევებში, იშვიათად, პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად, საჭირო ხდება დროებითი ილეოსტომია (კავშირი წვრილი ნაწლავის ქვედა ბოლოსა და მუცლის კედელში ქირურგიული ჩარევის გზით შექმნილ ხვრელს შორის, რომელიც ნაწლავის შიგთავსს ატარებს მსხვილი და სწორი ნაწლავის გვერდის ავლით) ან მსხვილი ნაწლავის ამოკვეთა (კოლექტომია).