1. შაქრიანი დიაბეტი (ბავშვთა ჯანმრთელობა)
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
შაქრიანი დიაბეტი (ბავშვთა ჯანმრთელობა)

შაქრიანი დიაბეტი არის ისეთი პათოლოგია, რომლის დროსაც სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე ძლიერ იმატებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ორგანიზმი ვერ იმუშავვბს ინსულინის საკმარის რაოდენობას.

  • დიაბეტი ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ინსულინი არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდება;

  • ტიპური სიმპტომებია: გაძლიერებული წყურვილი, შარდვა და საერთო სისუსტე;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და შარდისა და სისხლის ანალიზების მონაცემებს;

  • მკურნალობა მოიცავს დიეტის შეცვლას, ვარჯიშებს და წონაში დაკლებას (ჭარბწონიანობის შემთხვევაში), ინსულინის ინექციებს და, აგრეთვე, ორალურად მისაღებ მედიკამენტებს.

დიაბეტის სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში მსგავსია. ბავშვებში დიაბეტის მართვის პროცესი უფრო კომპლექსურია, ვიდრე მოზრდილებში. იგი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ფიზიკური და ემოციური მომწიფების ხარისხის და კვების, ფიზიკური აქტივობისა და სტრესების დადგენილ ვარიაციებს.

ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც პანკრეასის ჯირკვალი გამოყოფს. ინსულინი სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონეს აკონტროლებს. დიაბეტის მქონე ბავშვებს სისხლში შაქრის დონე მომატებული აქვთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, ის, რომ პანკრეასი მცირე რაოდენობით ინსულინს გამოიმუშავებს ან საერთოდ არ გამოიმუშავებს მას (ტიპი 1 დიაბეტი, რომელსაც ადრე იუვენილურ, ბავშვობაში დაწყებულ დიაბეტს უწოდებდნენ), ან, მეორე მხრივ, შესაძლოა ორგანიზმი არ არის მგრძნობიარე გამომუშავებული ინსულინის რაოდენობის მიმართ (ტიპი 2 დიაბეტი). ორივე შემთხვევაში არსებული ინსულინის რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მასზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ტიპი 1 დიაბეტი შეიძლება ბავშვობის ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, ჩვილობის პერიოდშიც კი, თუმცა, ჩვეულებრივ, იგი 6-დან 13 წლამდე ასაკში იწყება; ტიპი 2 დიაბეტი, ძირითადად, მოზარდობის ასაკში ვითარდება, თუმცა, იგი ამჟამად უფრო გახშირებულია ჭარბწონიან ან მსუქან ბავშვებში.

1990 წლამდე, 95%-ზე მეტი დიაბეტის მქონე ბავშვებში ჭარბობდა ტიპი 1 დიაბეტი, იმიტომ, რომ იმუნური სისტემის ზემოქმედებით ნადგურდებოდა პანკრეასში არსებული ინსულინის გამომმუშავებული უჯრედები (ლანგერჰასის უჯრედები). ამ ზემოქმედებას განაპირობებდა გარემოში არსებული ფაქტორი, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც გენეტიკურად აწეული მგრძნობელობა ახასიათებდათ მათ მიმართ. ამჟამად, ბავშვების, განსაკუთრებით მოზარდების რაოდენობა, რომლებსაც ტიპი 2 დიაბეტი აქვთ, განსაკუთრებულად იზრდება. სადღეისოდ, დიაბეტის მქონე ახალი გამოვლენილი და დიაგნოსტირებული ბავშვების 10%-დან 50%-ს ტიპი 2 დიაბეტი აღენიშნება. სიმსუქნე და ოჯახური ანამნეზი ტიპი 2 დიაბეტის არსებობის შესახებ წამყვანი ფაქტორებია ბავშვებში ტიპი 2 დიაბეტის განვითარებაში.

წონაში ჩამორჩენილი ახალშობილებს შეიძლება აღენიშნოთ შაქრის დონის დროებითი მომატება სისხლში. ჩვეულებრივ, ეს დაკავშირებულია გლუკოზის სწრაფ გადასხმებთან, რომელიც მათ უკეთდებათ წონაში მატების ხელშესაწყობად. ეს პრობლემა, ჩვეულებრივ, მკურნალობის გარეშე იხსნება.

სიმპტომები

სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს სხვადასხვა სიმპტომს და მოგვიანებით – გართულებებს.

ტიპი 1 დიაბეტის დროს სიმპტომები სწრაფად ვითარდება, ჩვეულებრივ, 2-3 კვირაში ან უფრო ნაკლებ დროში და მათი ინტენსივობა თანდათან იმატებს. სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს გახშირებულ შარდვას. სითხის დაკარგვა კი იწვევს წყურვილის გაძლიერებასა და სითხის დიდი რაოდენობით მოხმარებას. ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება დეჰიდრატაცია, რაც თავისთავად იწვევს საერთო სისუსტეს, ლეთარგიას და პულსის გახშირებას. მხედველობა შეიძლება დაბინდული გახდეს.

დიაბეტური კეტოაციდოზი ვითარდება დაავადების დასაწყისში, პირველი ტიპის მქონე ბავშვების ერთ მესამედში. უჯრედები ინსულინის გარეშე ვერ იყენებენ სისხლში არსებულ შაქარს. ამიტომ უჯრედები იძულებული არიან ჩართონ ალტერნატიული მექანიზმი ენერგიის მოსაპოვებლად და შლიან ცხიმს, რომელიც გამოიმუშავებს სპეციალურ სტრუქტურებს, სახელწოდებით კეტონები. კეტონები ახდენენ სისხლში მჟავების მომატებას (კეტოაციდოზი), რაც იწვევს ხოლმე გულისრევას, ღებინებას, საერთო სისუსტეს და მუცლის ტკივილს. კეტონების ზეგავლენით ბავშვის ამონასუნთქი ჰაერი აცეტონის მსგავსი სუნის ხდება, ზოგჯერ სუნთქვა არის უფრო ღრმა და აჩქარებული, რითაც ორგანიზმი ცდილობს სისხლში მომატებულ მჟავობის კორექტირებას. ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, მცირე აღგზნებადობა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში სითხის დაგროვებით (ცერებრალური შეშუპება). შეიძლება დიაბეტური კეტოაციდოზის პროგრესირება მოხდეს, განვითარდეს კომა და სიკვდილი. დიაბეტური კეტოაციდოზის მქონე ბავშვებში, ასევე, ვითარდება დეჰიდრატაცია და ხშირად სისხლში აღინიშნება სხვა ისეთი ქიმიური სუბტანციების დისბალანსი, როგორიცაა კალიუმის შემცველობის ცვლილება და ლიპიდების (ცხიმების) დონის მომატება.

სიმპტომები ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვებში უფრო მსუბუქად არის გამოხატული, ვიდრე ტიპი 1 დიაბეტის დროს, და ნელი ტემპით ვითარდება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. მშობლებმა შეიძლება ბავშვს შეამჩნიონ წყურვილისა და შარდვის გაძლიერება ან მხოლოდ ადვილად დაღლილობა და საერთო სისუსტე. ტიპურ შემთხვევებში ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვებში არ ვითარდება კეტოაციდოზი ან მძიმე დეჰიდრატაცია.

დიაგნოზი

ექიმებს დიაბეტის დიაგნოზზე ეჭვი მიაქვთ, როცა ბავშვებს აღენიშნებათ ტიპური სიმპტომები ან, როცა რუტინული ფიზიკური გამოკვლევის პროცესში, შარდის ტესტირებით აღმოჩნდება შარდში შაქრის არსებობა. დიაგნოზი დასტურდება სისხლში შაქრის დონის გამოკვლევის საფუძველზე. უმჯობესია, სისხლის ტესტის გაკეთების წინა პერიოდში ბავშვმა ღამით და დილით საკვების მიღებისაგან თავის შეიკავოს.

ბავშვის დიაბეტით დაავადება იმ შემთხვევაში შეიძლება დავუშვათ, თუ მას უზმოზე სისხლში შაქრის დონე აქვს 126 მილიგრამი დეცილიტრზე (მგ/დლ) ან უფრო მაღალი. ზოგჯერ ექიმები, აგრეთვე, აკეთებენ სისხლის ტესტირებას იმისათვის, რომ დაადგინონ, არის თუ არა სისხლში მჟავობის მომატება ან შეიცავს თუ არა იგი კეტონებს. იშვიათად, ექიმები იკვლევენ სისხლს იმისათვის, რომ გამოავლინონ ლანგერჰასის უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულები, რაც ეხმარება მათ, ტიპი 1 გაარჩიონ ტიპი 2 დიაბეტისგან.

ვინაიდან ისეთი ღონისძიებების გატარებით, როგორებიცაა დიეტის შეცვლა, მომატებული ფიზიკური აქტივობა და წონაში დაკლება, შეიძლება ტიპი 2 დიაბეტის პრევენცია ან მისი განვითარების შენელება, რისკის მქონე ბავშვების სკრინინგი სისხლის ტესტირებით აუცილებელია. რაც შეეხება ტიპი 1 დიაბეტს, არ არსებობს ისეთი მეთოდი ან ღონისძიება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი პრევენცია.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია სისხლში შაქრის დონის შენარჩუნება, რამდენადაც შეიძლება, მაქსიმალურად ნორმის საზღვრებში. ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებს უკეთდებათ ინსულინი, ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვები კი მედიკამენტებს იღებენ ორალურად. სხვა ტიპის დიაბეტის შემთხვევებში, ბავშვებს ესაჭიროებათ დიეტის შეცვლა, რეგულარული ვარჯიში და, ჭარბწონიანობის შემთხვევაში, წონაში დაკლება.

ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის პირველად დასმის შემთხვევაში, ბავშვი უნდა იყოს ჰოსპიტალიზებული, ხოლო დიაბეტური კეტოაციდოზის მქონე ბავშვების მკურნალობა ინტენსიური თერაპიის პალატაში უნდა ჩატარდეს. ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში, ბავშვებს ეძლევათ სითხეები (დეჰიდრატაციის სამკურნალოდ) და უკეთდებათ ინსულინი. მათ მუდმივად ესაჭიროებათ ინსულინი, რადგან ასეთ შემთხვევაში სხვა, უფრო ეფექტიანი, საშუალება არ არსებობს. კეტოაციდოზის დროს საჭიროა ინსულინის ვენაში შეყვანა მოკლე პერიოდით. ბავშვებს, რომლებსაც არა აქვთ კეტოაციდოზი, ესაჭიროებათ ინსულინის ინექციები ერთხელ ან მეტჯერ დღეში, მუდმივად, მისი კანქვეშ შეყვანის გზით. ინსულინით მკურნალობა, ჩვეულებრივ, სტაციონარის პირობებში იწყება, რადგან იქ შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის ხშირი კონტროლი და, შესაბამისად, ექიმს აქვს ინსულინის დოზირების შესაბამისად შეცვლისა და მისი დარეგულირების საშუალება. იშვიათად, მკურნალობა ბინაზეც შეიძლება დაიწყოს. ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვებს არ სჭირდებათ მკურნალობის სტაციონარის პირობებში დაწყება. სისხლში შაქრის დონის დასაწევად, მათ ესაჭიროებათ მკურნალობა მედიკამენტებით (ანტიჰიპერგლიკემიური მედიკამენტები). ეს მედიკამენტები ბავშვებისათვის უსაფრთხოა, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით დიარეა, რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ბავშვებს. მხოლოდ ზოგიერთ ბავშვს, რომელსაც ტიპი 2 დიაბეტი აქვს, შეიძლება დასჭირდეს ინსულინის გამოყენება. ბავშვების მცირე ნაწილს, რომლებიც შეძლებენ წონაში დაკლებას, დიეტის დაცვას და რეგულარულ ვარჯიშებს, შეიძლება შეუწყდეთ მედიკამენტოზური მკურნალობა.

ნუტრიციული მართვა და განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ყველა ბავშვისთვის. საკვებში არსებული ნახშირწყლების მიღებისას, ჩვეულებრივ, იცვლება სისხლში შაქრის დონე, ვინაიდან ნახშირწყლები ორგანიზმში გლუკოზად გარდაიქმნება. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება, რომელსაც შეიცავს გაზირებული წყლები, კანფეტები, ნამცხვრები, ტკბილეული, არ უნდა იქნეს წახალისებული, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში შაქრის დონე სისხლში ძალიან მაღლა იწვევს. მშობლებმა და მოზრდილმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ საკვებში ნახშირწყლების შემცველობის განსაზღვრა და შეიმუშაონ ისეთი დიეტა, რომელიც უზრუნველყოფს ნახშირწყლების შესაბამის დღიურ რაოდენობას. ყველა ასაკი ბავშვისთვის სირთულეს წარმოადგენს სათანადო, ბალანსირებულ კვების რეჟიმისა და კვებათა შორის საჭირო ინტერვალების დაცვა და, ასევე, მათთვის საყვარელი ტკბილეულის მიღებისაგან თავის შეკავება. ჩვილებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების მართვა განაკუთრებული გამოწვევაა მშობლებისთვის, მით უმეტეს, რომ ამ ასაკში საშიშროება მეტია და ხშირად შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია).

მოზარდები: მოზარდებისთვისაც, ასევე, პრობლემატურია გააკონტროლონ სისხლში შაქრის დონე შემდეგი მიზეზების გამო:

  • ჰორმონული ცვლილებები პუბერტულ პერიოდში: ეს ცვლილებები მოქმედებს ინსულინის მიმართ ორგანიზმის საპასუხო რეაქციაზე. ამის შედეგად, ჩვეულებრივ, ამ ასაკში საჭირო ხდება ინსულინის უფრო მაღალი დოზების გამოყენება;

  • მოზარდების ცხოვრების სტილი: თანატოლთა გავლენა, მომატებული აქტიურობა, ცვალებადი დღის წესრიგი, სხეულის იმიჯთან დაკავშირებული განცდები და, ასევე, განცდები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ კვების რეჟიმის დარღვევები შეიძლება აისახოს დანიშნული მკურნალობის რეჟიმზე და მათთვის აუცილებელი კვების გეგმის შესრულებაზე;

  • გამოცდილების მიღების სურვილი ალკოჰოლთან, სიგარეტთან ან აკრძალულ მედიკამენტებთან მიმართებაში: მოზარდებმა, რომლებმაც გამოსცადეს ეს ნივთიერებები, შეიძლება საერთოდ უარი თქვან მკურნალობის რეჟიმის დაცვაზე;

  • მშობლებთან და სხვა ავტორიტეტულ პიროვნებებთან კონფლიქტი: ასეთმა კონფლიქტებმა შეიძლება სურვილი დაუკარგოს მოზარდებს, მისდიონ დანიშნულ მკურნალობის რეჟიმს.

ამგვარად, მოზარდებს ესაჭიროებათ, რომ მშობელმა ან სხვა მოზრდილმა პირმა გააცნობიეროს და ჩაწვდეს ამ საკითხებს და მიეცეთ მათ საშუალება ისაუბრონ ამ პრობლემებზე მედიცინის მუშაკთან. მედიცინის მუშაკს შეუძლია დაარწმუნოს მოზარდი, რომ იგი დარჩეს მოტივირებული და ფოკუსირებული სისხლში შაქრის დონის შემცველობის გაკონტროლებაზე. მშობლებმა და მედიცინის მუშაკებმა შეიძლება წაახალისონ მოზარდი, რომ მან ხშირად გააკონტროლოს სისხლში შაქრის დონე.

მხარდაჭერა: ემოციური ფაქტორები მოქმედებს დიაბეტის მქონე ბავშვებზე და მათ ოჯახის წევრებზე. იმის გააზრებამ, რომ არსებული მდგომარეობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდება, შეიძლება ზოგიერთ ბავშვში გამოიწვიოს სასოწარკვეთილება და გაბრაზება. ზოგჯერ ისინი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს დაავადება აქვთ. ექიმს, ფსიქოლოგსა და კონსულტანტს მოეთხოვებათ, ბავშვის ემოციები წარმართონ მის დასარწმუნებლად, რომ აუცილებელია დანიშნული კვების რეჟიმის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, სისხლში შაქრის გამოკვლევა და მედიკამენტების დროულად მიღება. ამ საკითხების გადაჭრაში შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები სისხლში შაქრის კონტროლის თვალსაზრისით.

დიაბეტის მქონე ბავშვებისათვის შექმნილი საზაფხულო ბანაკები საშუალებას აძლევს ბავშვებს, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები. ამავე დროს, ისინი სწავლობენ, როგორ გახდნენ პერსონალურად უფრო პასუხისმგებელნი თავიანთი მდგომარეობის მიმართ.

დიაბეტის ეფექტიანად სამკურნალოდ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმი-პედიატრი უზრუნველყოფს დახმარებას პროფესიონალთა ჯგუფიდან, რომელშიც შეიძლება შევიდნენ პედიატრ-ენდოკრინოლოგები, დიეტოლოგები, დიაბეტის საკითხებში განათლების სპეციალისტები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ასევე, გარკვეული დახმარების გაწევა შეუძლიათ ოჯახის დამხმარე ჯგუფებს. ექიმები მშობლებს აწვდიან შესაბამის ინფორმაციას სკოლაში გასავრცელებლადაც, რომ სკოლის პერსონალმაც გააცნობიეროს და გაიგოს თავისი როლი ან პრობლემების მოგვარებაში.

მკურნალობის მონიტორინგი: მშობლებსა და ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება, თუ როგორ აკონტროლონ სისხლში შაქრის დონე დღეში 4-ჯერ მაინც და როგორ აიღონ სისხლის ნიმუში პატარა ხელსაწყოს (ლანცეტი) გამოყენებით, თითის წვერის გაჩხვლეტის გზით. გამოცდილების მიღების შემდეგ მშობლებსა და ბავშვებს შეუძლიათ არეგულირონ ინსულინის დოზები საუკეთესო შედეგის მიღწევით. ზოგადად, 10 წლის ასაკისათვის ბავშვი უკვე ინტერესს იჩენს საკუთარ სისხლში შაქრის დონის ტესტირებისა და ინსულინის ინექციის დამოუკიდებლად გაკეთების მიმართ. მშობლებმა უნდა წაახალისონ ბავშვის ასეთი დამოუკიდებლობა, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ბავშვი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პროცედურებს. ექიმებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს, როგორ აწარმოონ ინსულინის დოზების სწორად რეგულირება წინა პერიოდში შაქრის დოზის განსაზღვრით მიღებული შედეგების სახლში არსებულ ჩანაწერებთან შედარების გზით.

ტიპურ შემთხვევებში, დიაბეტის მქონე ბავშვებმა უნდა ნახონ თავიანთი ექიმი წელიწადში ოთხჯერ. ექიმი აფასებს მათი ზრდა-განვითარების მონაცემებს, განიხილავს სისხლში შაქრის დონის შესახებ ჩანაწერებს, რომლებსაც ოჯახის წევრები ინახავენ, აძლევს რჩევა-დარიგებას და კონსულტაციას კვების საკითხებზე და, ასევე, გლუკოზირებული ჰემოგლობინის (ჰემოგლობინი A1c ) განსაზღვრის შესახებ, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ასახავს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ექიმი, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ აკეთებს სკრინინგს, მოსალოდნელი მოგვიანებითი გართულებების გამოსავლენად, და იკვლევს შარდში პროტეინის არსებობას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ნევროლოგიურ სტატუსს და თვალების მდგომარეობას.

დიაბეტის მქონე ზოგიერთი ბავშვი ყველაფერს კარგად აკეთებს და, ყოველგვარი ძალდატანებისა და კონფლიქტების გარეშე, აკონტროლებს თავის დაავადებას. სხვა შემთხვევებში, დიაბეტი შეიძლება გახდეს ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი და დაავადების კონტროლის მდგომარეობა გაუარესდეს. განსაკუთრებით, მოზარდები ხშირად ძნელად ეგუებიან დანიშნულ რეჟიმს, რადგან იგი აისახება მათ გეგმებზე და ზღუდავს მათ თავისუფლებას. მათთვის დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა ბავშვთან ერთად განიხილოს მისთვის მისაღები დღის განრგი და დაგეგმილი აქტივობები და ერთად შეიმუშაონ მოქნილი მიდგომები პრობლემის გადასაჭრელად. ამგვარად, საჭიროა ბავშვთან მუშაობა და არა დაპირისპირებითა და იძულებითი მეთოდებით პრობლემის გადაჭრის მცდელობა.

დაავადებისა და მისი მკურნალობის გართულებები: არ არსებობს მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სისხლში შაქრის დონის მუდმივად შენარჩუნება. მკურნალობის მიზანია, თავიდან ავიცილოთ სისხლში შაქრის დონის ძალიან მომატება ან ძალიან დაქვეითება. დიაბეტის გართულებები მოიცავს კორონარული არტერიების დაავადებას, თირკმლის უკმარისობას, სიბრმავეს, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებას და სხვა სერიოზულ დარღვევებს. თუმცა, ეს გართულებები წლების განმავლობაში შეიძლება განვითარდეს. რაც უფრო კარგად ხერხდება დიაბეტის მიმდინარეობის გაკონტროლება, მით ნაკლებ სავარაუდოა გართულებების განვითარების შესაძლებლობა.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) ვითარდება, როცა ინსულინის ზედმეტად დიდი დოზა შეიყვანება ან ანტიჰიპერგლიკემიური მედიკამენტების ზედმეტად მაღალი დოზების მიღება ხდება, ან როცა ბავშვი ჩართულია ძლიერ, ენერგიულ აქტივობებსა და ვარჯიშებში. ჰიპოგლიკემია იწვევს საერთო სისუსტეს, ცნობიერების შეცვლას და კომასაც კი მოზრდილებში, მოზარდებში და მოზრდილ ბავშვებში. ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები იშვიათად იწვევს ხანგრძლივ პრობლემებს. თუმცა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰიპოგლიკემიის ხშირმა ეპიზოდებმა შეიძლება დააზიანოს ინტელექტუალური განვითარება. გარდა ამისა, მცირე ასაკის ბავშვები ვერ აცნობიერებენ ჰიპოგლიკემიისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს. ჰიპოგლიკემიის შესაძლო განვითარების მინიმიზების მიზნით, ექიმები და მშობლები აწარმოებენ დიაბეტის მქონე მცირე ასაკის ბავშვების მუდმივ, უშუალო მონიტორინგს და სისხლში შაქრის დონის დასაწევად ცდილობენ, ფრთხილად და მინიმალურად მოუმატონ ინსულინის დოზები.

ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებს, ინსულინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეიძლება განუვითარდეთ კეტოაციდოზი რამდენიმე დღეში: ინსულინის ხანგრძლივმა ნაკლებობამ ან არაადეკვატური დოზის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, სქესობრივი მომწიფების შეფერხება და ღვიძლის გადიდება (მაურიაკის სინდრომი).