1. ცერებრული დამბლა
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლა აერთიანებს სიმპტომთა ჯგუფს: კუნთების სისუსტეს, სპასტიკურობას, პარალიზს და სხვა ნევროლოგიურ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია დაბადებამდე, დაბადებისას ან მის შემდეგ მიღებულ თავის ტვინის დაზიანებასთან.

  • ცერებრული დამბლის გამომწვევვი მიზეზებია: სამშობიარო ტრავმა, ჟანგბადის ნაკლებობა, ინფექციები და მძიმე დაავადებები;

  • სიმპტომები მერყეობს ძნელად შესამჩნევი

  • მოუქნელობიდან მძიმე სპასტიკურობამდე, რასაც შესაძლოა თან ერთვოდეს ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა, ქცევითი პრობლემები, მხედველობისა და სმენის დაქვეითება და კრუნჩხვითი მოვლენები;

  • დიაგნოზი ემყარება განვითარების პრობლემებს, სპასტიკურობასა და კუნთების სისუსტეს;

  • ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების უმეტესობა ზრდასრულ ასაკამდე აღწევს;

  • ცერებრული დამბლის განკურნება არ ხდება, მაგრამ ფიზიკური თერაპია და სპეციალური განათლება ეხმარება ბავშვს, მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

ყოველი 1000 ახალშობილიდან 2-4 ბავშვი ცერებრული დამბლით იბადება. დღენაკლულ ახალშობილებში ის 10-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება და განსაკუთრებით ხშირია ძალიან მცირე წონის მქონე ახალშობილებში.

ცერებრული დამბლა დაავადება არ არის. ეს არის სიმპტომების ერთობლიობა, რაც ტვინის იმ ნაწილის დაზიანების შედეგად ვითარდება, რომელიც კუნთების მოძრაობას აკონტროლებს (მოტორული ცენტრი). ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს ზოგჯერ ტვინის სხვა უბანიც აქვთ დაზიანებული. ტვინის დაზიანება, რომელმაც შესაძლოა ცერებრული დამბლა გამოიწვიოს, შესაძლოა მოხდეს ორსულობის პერიოდში, მშობიარობისას, დაბადების შემდეგ ან ადრეულ ბავშვობაში. თავის ტვინის დაზიანების შემდეგ მისი დაზიანების ხარისხი არ იცვლება, თუმცა, ბავშვის ზრდასთან და მომწიფებასთან ერთად, სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს. ცერებრულ დამბლად არ ითვლება ტვინის დაზიანება, რომელიც 5 წლის ასაკის შემდეგ ხდება.

გამომწვევი მიზეზები

ცერებრული დამბლის განვითარება თავის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს და ხშირად გამომწვევი მიზეზი ერთზე მეტია. შემთხვევათა 15-20%-ში გამომწვევი მიზეზია დაბადებისას მიღებული ტრავმა და დაბადებამდე, დაბადებისას ან დაუყოვნებლივ, დაბადების შემდეგ ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდება. ზოგჯერ ცერებრული დამბლის განვითარების მიზეზი ხდება პრენატალური ინფექციები, როგორიც არის წითურა, ტოქსოპლაზმოზი ან ციტომეგალოვირუსული ინფექცია. დღენაკლული ახალშობილები ტვინის ტრავმის განვითარების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ეს, სავარაუდოდ, შესაძლოა ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ მათ ტვინში სისხლძარღვები ცუდად არის განვითარებული და ადვილად სისხლმდენია. თავის ტვინის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ბილირუბინის მაღალმა დონემ, რაც კერნიქტერუსის სახელითაა ცნობილი. თავის ტვინის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს და ცერებრული დამბლის მიზეზი გახდეს სიცოცხლის პირველ წლებში განვითარებული მძიმე დაავადება, როგორიც არის ტვინის მფარავი ქსოვილის ანთება (მენინგიტი), სეფსისი, ტრავმა და მძიმე დეჰიდრატაცია.

სიმპტომები

ცერებრული დამბლის სიმპტომები ვარირებს ძნელად შესამჩნევი მოუქნელობიდან მძიმე სპასტიკურობამდე, რაც ბავშვის ხელებისა და ფეხების დეფორმაციას იწვევს. შედეგად, გადაადგილებისთვის ბავშვს სჭირდება დახმარება, რისთვისაც კორსეტებს, ყავარჯნებსა და ინვალიდის ეტლს იყენებენ.

ცერებრული დამბლის ოთხი ძირითადი ფორმა არსებობს: სპასტიკური, ათეტოიდური, ატაქსიკური და შერეული. ბავშვს უჭირს მეტყველებაში მონაწილე კუნთების კონტროლი, რის გამოც, ცერებრული დამბლის ყველა ფორმის დროს, ბავშვის ლაპარაკი რთულად გასაგები შეიძლება იყოს. ცერებრული დამბლის მქონე ბევრ ბავშვს, ტვინის არამოტორული უბნის დაზიანების გამო, შეიძლება ჰქონდეს სხვა შეზღუდვებიც, როგორებიცაა გონებრივი ჩამორჩენა/ინტელექტის შეზღუდვა, ქცევითი დარღვევები, სმენისა და მხედველობის პრობლემები და კრუნჩხვითი დარღვევები.

სპასტიკური ფორმის დროს, რაც ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების 70%-ში აღინიშნება, კუნთები დაჭიმული და სუსტია. პროცესში შეიძლება ჩართული იყოს: ორივე ხელი და ფეხი (კვადრიპლეგია), დომინანტურად ფეხები და ტანის ქვედა ნაწილი (პარაპლეგია ან დიპლეგია), ან ხელი და ფეხი ერთ მხარეს (ჰემიპლეგია). დაზიანებული ხელები და ფეხები ცუდად არის განვითარებული, დაჭიმული და სუსტია. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ახასიათებდეს გადაჯვარედინებული ფეხებით სიარული, რა დროსაც ერთ ფეხს ანაცვლებს მეორეზე (მაკრატლის მსგავსი სიარული), ზოგიერთი კი თითის წვერებზე დადის. მხედველობის პრობლემებიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჯვარედინი, ზარმაცი ან მოძრავი თვალის (სტრაბიზმი, სიელმე) განვითარებას და სხვ. სპასტიკური კვადრიპლეგია ცერებრული დამბლის ყველაზე მძიმე ფორმაა. ასეთ ბავშვებს, კრუნჩხვებთან და ყლაპვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, ხშირად აქვთ გონებრივი განვითარების შეფერხება/ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა (ხანდახან მძიმე). ყლაპვის პრობლემების გამო, ასეთ ბავშვებში იქმნება პირისა და კუჭის სეკრეტის გადაცდენის (ასპირაცია) საშიშროება. ასპირაცია აზიანებს ფილტვებს და იწვევს სუნთქვის გაძნელებას. განმეორებითმა ასპირაციამ შეიძლება ფილტვის დაზიანებას პერმანენტული ხასიათი მისცეს. სპასტიკური დიპლეგიის მქონე ბავშვები ნორმალური გონებრივი განვითარების არიან. კრუნჩხვები მათ იშვიათად უვითარდებათ. სპასტიკური ჰემიპლეგიის მქონე ბავშვთა დაახლოებით ერთ მეოთხედს საშუალოზე დაბალი დონის ინტელექტი აქვს. კრუჩხვები ერთ მესამედს უვითარდება.

ათეტოიდური ფორმა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების 20%-ში გვხვდება. ამ დროს კუნთები სპონტანურად, ნელა მოძრაობს და მათი ნორმალური კონტროლი ვერ ხერხდება. ხელების, ფეხებისა და ტანის მოძრაობა შეიძლება იყოს ტალღოვანი, მოულოდნელი, ბიძგისებური. მძაფრი ემოციის ფონზე მოძრაობები ძლიერდება, ძილის დროს კი ქრება. ინტელექტი ათეტოიდური ფორმის მქონე ბავშვებს, როგორც წესი, ნორმალურად აქვთ განვითარებული. კრუნჩხვები მათ იშვიათად უვითარდებათ. ხშირად და ხანდახან მძიმედ ვლინდება მეტყველების პრობლემა – ბავშვს უჭირს სიტყვების გარკვევით და ნორმალურად გამოთქმა. კერნიქტერუსით გამოწვეული ათეტოიდური ფორმისთვის დამახასიათებელია ნერვული სიყრუე და ზემოთ ახედვის პრობლემა.

ატაქსიკური ფორმა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების 5%-ში გვხვდება. ამ დროს დარღვეულია კოორდინაცია და მოძრაობები არაზუსტია. ატაქსიკური ტიპის ბავშვებს ახასიათებთ, ასევე, კუნთების სისუსტე და კრთომა. ასეთ ბავშვებს არ აქვთ სწრაფი ან ნატიფი მოძრაობის შესრულების უნარი. ისინი დადიან არამყარად, განზე გადგმული ფეხებით.

შერეული ფორმის ცერებრული დამბლის დროს უფრო ხშირად გვხვდება სპასტიკური და ათეტოიდული ფორმების კომბინაცია. ეს ტიპი ბევრ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვში გვხვდება. ბავშვებს, რომლებსაც შერეული ფორმა აქვთ, ახასიათებთ მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა/ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა.

დიაგნოზი

ცერებრული დამბლის დიაგნოსტიკა რთულია ადრეულ ახალშობილობაში. განვითარების შეფერხება, სისუსტე, სპასტიკურობა ან კოორდინაციის დარღვევა შესამჩნევი ხდება ბავშვის მომწიფებასთან ერთად. ექიმმა, ტვინის დაზიანების ბუნების გასარკვევად და სხვა დარღვევების სანახავად, შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები და კომპიუტერული ტომოგრაფია ან თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებითი კვლევა, იმის მიუხედავად, რომ ლაბორატორიული ტესტი ცერებრულ დამბლას ვერ გამოავლენს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის სიმპტომები არატიპურია ცერებრული დამბლისთვის, ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს დამატებითი კვლევების ჩატარება, როგორიც არის ნერვებისა და კუნთების ელექტრული კვლევები (ნერვის გამტარებლობა და ელექტრომიოგრაფია) ან კუნთის ბიოფსია (იღებენ კუნთის ქსოვილის პატარა ნაწილს და იკვლევენ მიკროსკოპულად). 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ცერებრული დამბლის სპეციფიკური ტიპის დადგენა ხშირად ვერ ხდება.

პროგნოზი და მკურნალობა

ცერებრული დამბლის პროგნოზი, როგორც წესი, მის ტიპსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების უმეტესობა მოზრდილობის ასაკს აღწევს. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებში – როდესაც ბავშვს თავის მოვლის უნარი სრულიად არ აქვს.

ცერებრული დამბლის განკურნება არ ხდება და პრობლემები მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ბავშვის მოძრაობისა და დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ფიზიკურმა თერაპიამ, ოკუპაციურმა თერაპიამ და კორსეტებმა შესაძლოა გააუმჯობესოს კუნთების კონტროლი და სიარული, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეაბილიტაცია ადრეა დაწყებული. თუ დაჭიმული კუნთი მოძრაობას ზღუდავს, მისი მყესის გასაჭრელად ან დასაგრძელებლად შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ზურგის ტვინიდან გამომავალი გარკვეული ნერვული ფესვების გადაჭრა (დორსალური რიზოტომია) ზოგჯერ სპასტიკურობას ამცირებს. ამ გზით შეიძლება დაეხმარონ ზოგიერთ დღენაკლულ ბავშვს, რამდენადაც სპასტიკურობა, ძირითადად, ფეხებს აზიანებს და ამ დროს გონებრივი განვითარება კარგია. მეტყველების თერაპიამ ბავშვის ლაპარაკი შეიძლება გაცილებით გასაგები გახადოს და, შესაძლებელია, ის ამავდროულად, ბავშვს ყლაპვის პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმაროს. კრუნჩხვების მკურნალობა შეიძლება ანტიკონვულსანტებით. დასალევი წამლები, მათ შორის, ბაკლოფენი, ბენზოდიაზეპინები (როგორიც არის დიაზეპამი), ტიზანიდინი და ზოგჯერ დანტროლენი ხანდახან სპასტიკურობის შესამცირებლად გამოიყენება. თუმცა, მათი სარგებელი გვერდითი ეფექტების გამო შეზღუდულია. მძიმე სპასტიკურობის მქონე ბავშვებისთვის ზოგჯერ შედეგიანია ისეთი ტუმბოს იმპლანტაცია, რომელიც ზურგის ტვინის გარშემო ბაკლოფენის ხანგრძლივ ინფუზიას უზრუნველყოფს. ეს ტექნიკა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და ფართოდ არ გამოიყენება. სპასტიკურ კუნთში შეიძლება ბოტულინის ტოქსინის შეყვანა.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვები ნორმალურად იზრდებიან და დადიან ჩვეულებრივ სკოლებში, თუ მათ არ აქვთ მძიმე ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდვები. სხვა ბავშვები ინტენსიურ ფიზიკურ თერაპიასა და სპეციალურ განათლებას საჭიროებენ. ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან შეზღუდულები არიან, სიცოცხლის განმავლობაში საჭიროებენ მოვლას და დახმარებას. თუმცა, განათლება და ვარჯიშები, რომლებიც მათ დამოუკიდებლობას და თავდაჯერებულობას ზრდის, მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვისთვისაც კი ეფექტურია და ოჯახის წევრებისა და მომვლელების ტვირთს ამსუბუქებს.

აუცილებელია მშობლის ინფორმირება და კონსულტირება. ეს ეხმარება მშობელს, გაიგოს ბავშვის მდგომარეობა, პოტენციალი და პრობლემის გაჩენის შემთხვევაში მასზე სწორი რეაგირება მოახდინოს. საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში, მშობლის ზრუნვასთან ერთად, ბავშვს ეხმარება საჯარო და კერძო სააგენტოები, როგორიც არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო, ჯანდაცვის ორგანიზაციები, მაგალითად, ცერებრული დამბლის გაერთიანებული ასოციაცია და პროფესიული სარეაბილიტაციო ორგანიზაციები.