დაბერება თანდათანობითი, უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივი ცვლილებებით ვლინდება, იწყება დაბადებისას და გრძელდება სიცოცხლის ყველა ეტაპზე. იგი მოიცავს მომწიფებასა და განვითარებას ბავშვობაში, მოზარდობისას და ზრდასრულობის ადრეულ პერიოდში. შემდგომ კი, შუახნის და უფროს ასაკში ორგანიზმის მრავალი ფუნქცია ქვეითდება. შესაბამისად, დაბერებას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც.
ადამიანები მოხუცები ან ხანში შესულები კონკრეტულად რომელიმე ასაკში არ ხდებიან. მოხუცებულობის დასაწყისად, როგორც წესი 65 წელი მიიჩნევა, მაგრამ ამის მიზეზი უფრო ისტორიულია და არა ბიოლოგიური. 65 წელი პენსიაზე გასვლის ასაკად პირველად გერმანიაში დადგინდა და იგი დღემდე რჩება საპენსიო ასაკად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუმცა, ეს ტრადიცია თანდათან იცვლება.
ის, თუ როდის უნდა ჩაითვალოს ადამიანი მოხუცად, სხვადასხვანაირად შეიძლება განისაზღვროს:
დაბერება ნორმაში: ადამიანებს ხშირად აწუხებთ კითხვა, ნორმალურია თუ პათოლოგიური ის, რასაც განიცდიან ასაკის მატებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დაბერება მეტნაკლებად ინდივიდუალურია, მრავალი ცვლილება თითქმის ყველა ადამიანში ვითარდება. ზოგი მათგანი შინაგანი პროცესების შედეგია, ანუ თავად დაბერებისა. შესაბამისად, ეს ცვლილებები მაინც ნორმად ითვლება მიუხედავად იმისა, რომ არასასურველია. მათი განვითარება მოსალოდნელია და თავიდან აცილება, როგორც წესი – შეუძლებელი. მაგალითად, ასაკის მატებასთან ერთად თვალის ბროლი სქელდება, მყარდება და კარგავს ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირების უნარს, რაც თუნდაც კითხვის დროსაა საჭირო (ამ დარღვევას პრესბიოპია – მოხუცებულობითი შორსმხედველობა ეწოდება). ეს ცვლილება თითქმის ყველა შემთხვევაში ვითარდება ხანში შესულებში და მისი გამომწვევი რაიმე მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი, გარდა თავად სიბერისა. შესაბამისად, მოხუცებულობითი შორსმხედველობა ნორმად ითვლება. სხვა ტერმინები, რომელიც ასეთ ცვლილებებს აღწერს არის – ჩვეულებრივი დაბერება და ფიზიოლოგიური დაბერება.
ყველა შემთხვევაში ზუსტად გარკვეული არ არის, რას მოიცავს ნორმაში დაბერების პროცესი. ცვლილებები, რომლებიც ამ დროს ხდება, ზრდის ზოგიერთი დაავადების განვითარების ალბათობას, თუმცა, ზოგჯერ ადამიანებს სხვადასხვა გზით ამ ცვლილებების კომპენსაციაც შეუძლიათ. მაგალითად, მოხუცებში უფრო დიდია კბილების დაკარგვის საშიშროება. მაგრამ სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებით, ნაკლები ტკბილეულის ჭამით, ყოველდღიური გახეხვითა და სპეციალური კბილის ძაფით გაწმენდით ეს რისკი შესაძლოა შემცირდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კბილების დაკარგვა ხშირია ასაკის მატებასთან ერთად, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.
ამასთანავე, ფუნქციების დაქვეითება, რაც ამ დროს ვითარდება, ხშირად დაავადებების მსგავსად ვლინდება. ასაკში გონებრივი ფუნქციების გაუარესება თითქმის ყველა ადამიანში გვხვდება და ნორმალური დაბერების ნაწილად მიიჩნევა. ეს მოიცავს ახალი ენების სწავლის გაძნელებასა და მომეტებულ გულმავიწყობას. ამის საპირისპიროდ, გონებრივი ფუნქციების დაქვეითება დემენციის დროს ბევრად მძიმედაა გამოხატული. დაბერებისას ჯანმრთელ ადამიანებსაც უჭირთ ხოლმე, გაიხსენონ დეტალები, მაგალითად, სად დადეს რაიმე ნივთი, მაგრამ დემენციის მქონე პაციენტებს მოვლენები სრულიად ავიწყდებათ. ამ დაავადების გამო რთულდება ყოველდღიური საქმიანობებიც (მაგ., მანქანის მართვა, საჭმლის მომზადება, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა), ირღვევა ორიენტაცია, მაგალითად, ადამიანმა არ იცის, რომელი წელია ახლა ან სად არის იგი. შესაბამისად, დემენცია დაავადებად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირია ხანში შესულებში დემენციის ზოგი სახე, მაგ., ალცჰაიმერის დაავადება, სხვა მხრივაც განსხვავდება დაბერების ნორმალური პროცესისგან. ასე მაგალითად, ალცჰაიმერით დაავადებულთა თავის ტვინის ქსოვილი (რომელსაც გვამის გაკვეთის დროს იღებენ) განსხვავდება იმისგან, რაც ნორმაში მოხუც ადამიანებში გვხვდება. შესაბამისად, ნათელია, რომ დემენცია და ფიზიოლოგიური დაბერება სხვადასხვა რამაა.
ზოგჯერ განსხვავება ფუნქციების ნორმალური დაბერების თანმდევ დაქვეითებასა და ამა თუ იმ დარღვევით გამოწვეულ დაქვეითებას შორის პირობითია. მაგალითად, ასაკის მატებასთან ერთად ნახშირწყლების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე უფრო იმატებს, ვიდრე ახალგაზრდებში. თუმცა, ეს ნორმალურ, ასაკობრივ ცვლილებად მიიჩნევა. მაგრამ, თუკი შაქრის შემცველობამ რაღაც დონეს გადააჭარბა, ისმება დაავადების – შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სხვაობა მხოლოდ მომატების ხარისხშია.
ჯანმრთელი (წარმატებული) დაბერება: ჯანმრთელი დაბერება მოიცავს ასაკის მატების არასასურველი ეფექტების უფრო გვიან ან უფრო მსუბუქად გამოვლენას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება, დაავადებების თავიდან აცილება, აქტიურ და დამოუკიდებელ პიროვნებად დარჩენა. ადამიანთა უმრავლესობისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს დაბერებასთან ერთად. ამაში მათ შესაძლოა დაეხმაროს ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება – საჭირო ნივთიერებებით მდიდარი საკვების მიღება, რეგულარული ვარჯიში და გონებრივი დატვირთვა. რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ამ ყველაფერს, მით უფრო უკეთესია შედეგი. თუმცა, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიყოლა არასოდეს არის გვიანი. ამ გზით შესაძლებელია მეტნაკლებად ვაკონტროლოთ, რა ცვლილებები მოხდება ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად. ზოგი კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატების მოსახლეობაში ჯანმრთელი დაბერების მაჩვენებელი იზრდება, რაზეც მიანიშნებს შემდეგი:
ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზარდა წინა საუკუნის განმავლობაში. 1900 წელს დაბადებული მამრობითი სქესის ბავშვის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მხოლოდ 46 წელი იყო, მდედრობითისა კი – 48. დღეს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მამრობითი სქესის ბავშვებში 73 წელზე მეტია, გოგონებში კი – თითქმის 80 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მატება ბავშვთა სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას მიეწერება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ასევე მკვეთრადაა გაზრდილი ყველა ასაკობრივ ჯგუფში 40 წლის შემდეგ. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ 70 წლის მამაკაცი 83 წელზე მეტხანს იცოცხლებს, 70 წლის ქალი კი – 85 წლის ასაკის შემდეგაც.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის მიუხედავად, მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა – ანუ ის უდიდესი ასაკი, რომლამდეც ადამიანებს სიცოცხლე შეუძლიათ, ძალიან მცირედით შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამ მონაცემების აღრიცხვა დაიწყო. 125 წლის შემდეგ დიდხანს ვეღარავინ ცოცხლობს, რაც არ უნდა კარგი გენეტიკა ან სამედიცინო მომსახურება ჰქონდეს. თუმცა ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ეს რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. ამჟამად 120 წლამდე სიცოცხლის შანსი ერთია ორ მილიარდში.
სიცოცხლის ხანგრძლივობაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: