წამლებით მკურნალობა სამედიცინო ჩარევის ყველაზე ხშირი სახეა და მოხუცების სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვანი შემადგენელია. წამლების გარეშე მრავალი ხანში შესული ადამიანი უფრო ცუდად იქნებოდა ან უფრო ადრე გარდაიცვლებოდა.
მოხუცები უფრო მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ახალგაზრდები, რადგან მათში უფრო ხშირია ქრონიკული დაავადებები, მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ართრიტი. ასეთი პათოლოგიების საწინააღმდეგო წამლების უმრავლესობას ხანში შესულები წლების განმავლობაში სვამენ. სხვა მედიკამენტები შესაძლოა მხოლოდ მოკლე დროით დაინიშნოს ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა ინფექცია, ზოგი სახის ტკივილი და შეკრულობა. მოხუცები ყოველდღიურად საშუალოდ 4-5 რეცეპტით გასაცემ და 2 ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს იღებენ. ურეცეპტოდ გასაცემი წამლების უმრავლესობა შეიძლება ხანში შესულთათვის პოტენციურად საშიში იყოს.
უკანასკნელ ათწლეულებში მოხუცების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესების მრავალი შემთხვევა შეიძლება მედიკამენტებს მივაწეროთ.
თუმცა, მედიკამენტებს შეიძლება არასასურველი ეფექტებიც ჰქონდეს (ე.წ. გვერდითი მოქმედება). შუა ხნის ასაკის შემდეგ მათი განვითარების რისკი იზრდება. მოხუცებს ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ წამლების გვერდითი მოქმედების ნიშნები, ვიდრე ახალგაზრდებს. წამლის არასასურველი ეფექტები მათში უფრო მძიმედ ვლინდება, გავლენას ახდენს სიცოცხლის ხარისხზე და იწვევს ექიმთან ხშირი ვიზიტების ან ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას.
მოხუცების წამლების გვერდითი მოვლენებისადმი მიდრეკილებას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ამ ასაკობრივი ცვლილებების გამო მრავალი სამკურნალო საშუალება ბევრად დიდხანს რჩება მოხუცებულთა ორგანიზმში, რაც ახანგრძლივებს მათ ეფექტებს და ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს. შესაბამისად, ხანში შესულებში ზოგიერთი წამალი ხშირად უფრო ნაკლები დოზით ინიშნება და ზოგჯერ ექიმები მათი მიღების სიხშირესაც ამცირებენ. მაგალითად, დიგოქსინი, რომელიც გულის ზოგი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, წყალში ხსნადია და თირკმლებით გამოიყოფა. დაბერებასთან ერთად ორგანიზმში წყლის რაოდენობის შემცირებისა და თირკმლების ფუნქციის დაქვეითების გამო, დიგოქსინის კონცენტრაცია სისხლში შესაძლოა გაიზარდოს, რაც გვერდით მოვლენებს გამოიწვევს (მაგალითად, გულისრევა ან გულის რიტმის დარღვევა). აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად ექიმმა ეს წამალი ნაკლები დოზით უნდა დანიშნოს. ზოგჯერ კი მას სხვა წამლით ჩაანაცვლებენ ხოლმე.
მოხუცები მრავალი სამკურნალო საშუალების მოქმედებისადმი უფრო მგრძნობიარენი არიან. მაგალითად, შფოთვის საწინააღმდეგო ან ძილის წამლების მიღებისას ხანში შესულებში უფრო მეტადაა გამოხატული ძილიანობა და უფრო დიდია ცნობიერების დარღვევის რისკი. მედიკამენტები, რომლებიც არტერიულ წნევას დაბლა სწევენ სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე და ამცირებენ გულის მიერ შესრულებულ მუშაობას, წნევას ბევრად უფრო მკვეთრად ამცირებენ მოხუცებში, ვიდრე ახალგაზრდებში. იმის ცოდნა, თუ რომელი წამლებია განსაკუთრებით სარისკო ხანში შესულებში, მნიშვნელოვანია გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა თავბრუხვევა, გაბრუება და წაქცევა. მოხუცებს, რომლებიც ასეთ მედიკამენტებს იღებენ, შეუძლიათ სთხოვონ ექიმებს წამლის შეცვლა.
ბევრ ხშირად გამოყენებულ სამკურნალო საშუალებას ანტიქოლინერგიკული მოქმედებაც აქვს. მათ შორისაა ზოგი ანტიდეპრესანტი, მრავალი ანტიჰისტამინური საშუალება (შედის ურეცეპტოდ გასაცემ ძილის წამლების, გაციებისა და ალერგიის სამკურნალო მედიკამენტების შემადგენლობაში) და დიფენჰიდრამინი (გამოიყენება უძილობის სამკურნალოდ). მოხუცები განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი ანტიქოლინერგიკული ეფექტებისადმი, რომელიც მოიცავს ცნობიერების დარღვევას, მხედველობის დაბინდვას, ყაბზობას, პირის სიმშრალეს, თავბრუს, მოშარდვის დაწყებისა და გაგრძელების გაძნელებას და შარდის შეუკავებლობას. ზოგი ანტიქოლინერგიკული ეფექტი სასარგებლოც არის, მაგალითად, კანკალის შემცირება (პარკინსონის დაავადების მკურნალობისას) და გულისრევის შეგრძნების დაქვეითება, მაგრამ უმეტესი მათგანი არასასურველია.
წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს მისი ურთიერთქმედებით:
იმის გამო, რომ მოხუცებს ხშირად უფრო მეტი დაავადება აქვთ და უფრო მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ახალგაზრდები, მათში წამლების სხვა წამლებთან ან დაავადებებთან ურთიერთქმედების რისკიც გაზრდილია. პაციენტები, ექიმები და ფარმაცევტები სხვადასხვა გზით ცდილობენ ამ საშიშროების შემცირებას. იმის გამო, რომ სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებებსა და სამკურნალო მცენარეებსაც შეუძლიათ, მათ გამოყენებამდე აუცილებელია ექიმისთვის რჩევის კითხვა (იგივე ეხება რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებსაც).
წამლის მიღებისას სპეციალისტის დარიგების გაუთვალისწინებლობა (სამკურნალო რეჟიმის დაუცველობა) შეიძლება სახიფათო იყოს. წამლების არადანიშნულებისამებრ მიღების რისკი მხოლოდ სიბერესთან არ არის დაკავშირებული. თუმცა, მოხუცთა დაახლოებით ნახევარი მაინც არ მიჰყვება ექიმის დარიგებას. მედიკამენტის არ მიღებას, ნაკლები ან დიდი დოზით მიღებას შესაძლოა გართულებები მოჰყვეს. ერთი შეხედვით, ლოგიკურია გვერდითი ეფექტების მქონე წამლის უფრო მცირე რაოდენობით მიღება, მაგრამ მედიკამენტური მკურნალობის ნებისმიერ ცვლილებამდე აუცილებელია ექიმთან გასაუბრება.
იმისთვის, რომ მედიკამენტურ მკურნალობას შედეგი ჰქონდეს, წამლის უბრალოდ მიღება არ არის საკმარისი; აუცილებელია, ეს საჭირო დროს და სწორად ხდებოდეს. როცა ადამიანს რამდენიმე წამალი ერთად აქვს დანიშნული, მიღების რეჟიმი შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს. მაგალითად, ზოგჯერ საჭიროა დღის განმავლობაში მედიკამენტების სხვადასხვა დროს დალევა, მათ შორის ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად. ზოგი წამალი ადამიანმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს, ზოგი კი ცარიელ კუჭზე. რაც უფრო რთულია სამკურნალო რეჟიმი, მით უფრო დიდია წამლის მიღებისას შეცდომის დაშვების რისკი. მაგალითად, ბისფოსფონატები (ალენდრონატი, რიზედრონატი), რომლებიც ძვლის სიმკვრივის გასაზრდელად გამოიყენება, ინიშნება ცარიელ კუჭზე დასალევად, მხოლოდ წყლის მიყოლებით (სულ მცირე ერთი სავსე ჭიქის). ამ წამლების სხვა სითხეებთან ან საკვებთან ერთად მიღებისას, ისინი კარგად არ შეიწოვება და ეფექტური აღარ არის.
თუ მოხუც პაციენტებს მეხსიერების პრობლემები აქვთ, მათთვის რთული რეჟიმის დაცვა კიდევ უფრო გაძნელებულია. ასეთ დროს, როგორც წესი, დახმარებაა საჭირო, ხშირად ოჯახის წევრებისგან. მათ შეუძლიათ ექიმს რეჟიმის გამარტივება სთხოვონ. ხშირად წამლების მიღების დრო შეიძლება შეიცვალოს, რათა უფრო მოსახერხებელი გახდეს ან დღის განმავლობაში მათი მიღების სიხშირე შემცირდეს.
წამლების მიღების შეხსენებაში მოხუცებს შეიძლება სპეციალური დასამახსოვრებელი ხერხებიც დაეხმაროს. მაგალითად, წამლის დალევა შესაძლებელია დაუკავშირდეს რომელიმე ყოველდღიურ საქმიანობას, თუნდაც ჭამას.
მედიკამენტების სწორად მიღებაში დასახმარებლად ფარმაცევტებს პაციენტებისთვის სპეციალური სათავსოების მიწოდებაც შეუძლიათ. 1 ან 2 კვირის ყოველდღიური დოზები შეიძლება ჩაიწყოს პლასტმასის კოლოფის უჯრებში, რომელსაც ზედ დღეების დასახელება და დროები ეწერება. სათავსოს ცარიელ უჯრებზე დაკვირვებით ადამიანი შეძლებს, გააკონტროლოს, წამლების რა დოზა აქვს მიღებული. ზოგ აფთიაქში მედიკამენტებს სპეციალურ ფირფიტებში აწყობენ, რომლიდანაც ადვილია ყოველდღიურად მისაღები დოზის ამოღება და წამლის მიღების კონტროლი. თუმცა, ასეთი შეფუთვა შესაძლოა უფრო ძვირი ღირდეს.
არსებობს შედარებით დახვეწილი სათავსოებიც, რომელთაც კომპიუტერიზებული შესახსენებელი სისტემა გააჩნია. წამლის მიღების დროს სათავსო ანათებს ან ხმოვან სიგნალს გამოსცემს. არსებობს სიგნალის მქონე პეიჯერული სერვისებიც. მათი შეძენა ტელეკომუნიკაციური კომპანიებისაგან შეიძლება.