სიცივით გამოწვეული დაზიანებები | მკურნალი.გე
  1. სიცივით გამოწვეული დაზიანებები
  2. დაზიანებები და მოწამვლები
სიცივით გამოწვეული დაზიანებები

ადამიანის ორგანიზმი სისხლის მიმოქცევისა და სხვა დამხმარე მექანიზმების საშუალებით კანის და კანქვეშა ქსოვილების ტემპერატურას მუდმივ დონეზე ინარჩუნებს (დაახლოებით 37ºC, ან 98.6ºF). უჯრედშიგა მეტაბოლიზმის პროცესში, მასში არსებული საკვები ნივთიერებების აქტიური დაწვა (დაჟანგვა) მიმდინარეობს, რასაც სითბური ენერგიის გამოყოფა ახლავს თან. ეს ენერგია სისხლის გათბობის ძირითადი წყაროა. იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი ნორმალურად წარიმართოს, უჯრედს მუდმივად ესაჭიროება საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. სხეულის ნორმალური ტემპერატურა აუცილებელი პირობაა უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების და მთლიანად ორგანიზმის ადეკვატურად ფუნქციონირებისათვის. სხეულის ტემპერატურის დაქვეითებისას ძირითადი სასიცოცხლო ორგანოები – გული და თავის ტვინი, ანელებს, შემდეგ კი წყვეტს მუშაობას.

სხეულის ტემპერატურა ეცემა, როდესაც გარემოში არსებული სიცივე უშუალოდ ზემოქმედებს კანზე. ტემპერატურის ვარდნის საპასუხოდ ორგანიზმში აქტიურდება სითბოს შემანარჩუნებელი დამხმარე მექანიზმები. მაგალითად, კუნთების კანკალი, რომლის დროსაც დამატებითი სითბო გამოიყოფა და კანთან ახლოს მყოფი წვრილი სისხლძარღვების შევიწროება, რაც სასიცოცხლო ორგანოებთან – თავის ტვინთან და გულთან, სისხლის ნორმალური ნაკადის მიწოდებას უზრუნველყოფს. სისხლძარღვთა შევიწროებას თან ახლავს სხეულის წარზიდული ნაწილების – ხელის და ფეხის თითების, ცხვირის, ყურების სწრაფი გაცივება. თუ სხეულის ტემპერატურა ეცემა 31 გრადუსამდე(დაახლოებით 88ºF), ორგანიზმის დამხმარე გამათბობელი მექანიზმები წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო, თუ ტემპერატურა 28ºC-ზე(83ºF) ნაკლებია, ადამიანი იღუპება.

სიცივით გამოწვეული დაზიანების განვითარება ნაკლებად არის სავარაუდო ძალზე ცივ ამინდშიც კი, თუ პაციენტს კანი, ცხვირი, ყურები და თითები კარგად აქვს დაფარული ან სიცივეში ხანმოკლე პერიოდი რჩება. გადაციების რისკი იმატებს, როდესაც სისხლის მოძრაობის სიჩქარე დაბალია, პაციენტი არასათანადოდ არის ნაკვები ან განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, მაგალითად, მკვეთრად დიდ სიმაღლეზე ყოფნისას. ცივ გარემოში რეკომენდებულია თბილად ჩაცმა რამდენიმე ფენა ტანსაცმლისა, რაც სითბოს იზოლაციისთვის არის აუცილებელი (არ ატარებენ ჰაერს). უკეთესია შალის ან სინთეტიკის მასალისგან (მაგალითად, პოლიპროპილენი) დამზადებული ტანისამოსი. მნიშვნელოვანია თბილი ქუდის ტარება, რადგან თავის კანის საშუალებით სხეული დიდი რაოდენობით სითბოს კარგავს. აუცილებელია შესაბამისი კვება და სითხის მიღება (განსაკუთრებით თბილი სითხეებისა). საკვები განიხილება, როგორც ენერგიის წყარო, რომლის მიღების დროსაც ორგანიზმი სითბოს გამოიმუშავებს, ხოლო თბილი სასმელი ხელს უწყობს ორგანიზმის გათბობას და დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას. რეკომენდებულია ალკოჰოლისგან თავის შეკავება, რადგან ალკოჰოლი ხელს უწყობს კანის სისხლძარღვების გაფართოებას, რის გამოც ადამიანი თავს თბილად გრძნობს, თუმცა, ამ დროს კანის საშუალებით დიდი რაოდენობით სითბო იკარგება.

სიცივით გამოწვეული დაზიანებები მოიცავს შემდეგს: ჰიპოთერმია, გათოშვა, ჰიპოთერმიით გამოწვეულ დერმატიტი, ტრანშეის ტერფი და მოყინვა. სიცივესთან ასოცირებული სხვა დარღვევებია რეინოს სინდრომი და სიცივის ალერგია.