სტაციონარული დახმარება | მკურნალი.გე
  1. სტაციონარული დახმარება
  2. საგანგებო საკითხები
სტაციონარული დახმარება

ადამიანები სტაციონარში წვებიან მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების (მაგ., გულის შეტევის) დროს ან დაავადების (მაგ., გულის უკმარისობის) უეცრად გაუარესებისას. ისინი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას მაშინაც მიმართავენ, თუ ჯანმრთელობის შედარებით მსუბუქი პრობლემა (მაგ., კოჭის დაჭიმულობა) აქვთ, რასაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. პაციენტები საავადმყოფოში ასევე შეიძლება მოხვდნენ გეგმურად, ექიმის ჩარევით, თუ რაიმე გამოკვლევა, ინტენსიური მკურნალობა ან ოპერაციაა ჩასატარებელი.

საავადმყოფო საკმაოდ შემაშინებელი და დამაბნეველი ადგილი შეიძლება იყოს. ხშირად სამედიცინო ჩარევები ადამიანებს სწრაფად და განმარტების გარეშე უტარდებათ. იმის ცოდნა, თუ რას უნდა ელოდნენ, პაციენტებს უადვილებს სტაციონარის პირობებთან შეგუებას და საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარ მკურნალობაში. როცა ადამიანმა იცის, რა და რატომ ხდება საავადმყოფოებში, იგი ნაკლებად ითრგუნება იქ ყოფნის პერიოდში, თავს უმწეოდ აღარ გრძნობს და გაწერისასაც უფრო თავდაჯერებულია საკუთარი ჯანმრთელობის მხრივ.

მიმღები განყოფილება: ბევრი პაციენტი საავადმყოფოში პირველად მიმღებ განყოფილებაში ხვდება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის და როგორ უნდა მიმართოს ადამიანმა მას. აუცილებელია, პაციენტმა თან იქონიოს სამედიცინო ინფორმაციაც, რომელშიც შედის ყველა იმ წამლის სია, რომელსაც იგი იღებს, მათ შორის, ურეცეპტოდ და რეცეპტით გაცემული საშუალებების, კვებითი დანამატების (ვიტამინების, მინერალებისა და სამკურნალო ბალახების). ასევე, უმჯობესია, პაციენტებმა თან იქონიონ სამედიცინო ფორმები ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ბოლო დროს საავადმყოფოში წოლის შესახებ, თუმცა ბევრს ეს დოკუმენტები არ აქვს. ამ შემთხვევაში მიმღები განყოფილების პერსონალი ინფორმაციას ამ პაციენტის პირადი ექიმისგან და/ან საავადმყოფოს არქივიდან მოიძიებს.