აზრის მოძიება | მკურნალი.გე
  1. აზრის მოძიება
  2. მაქსიმალური სარგებლობის მიღება სამედიცინო მომსახურებისას(საფუძვლები)
  3. საფუძვლები
აზრის მოძიება

მიუხედავად პროფესიული მზადების პროგრამებს შორის არსებითი მსგავსებისა, ექიმები შესაძლოა სხვადასხვა აზრისანი იყვნენ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაისვას ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზი ან რა მკურნალობაა საჭირო. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება აღინიშნოს საუკეთესო ექიმებს შორისაც კი. მოხსენიებულის მიზეზია ის გარემოება, რომ ყველა შემთხვევაში სარგებლობისა და რისკის ზუსტი შეფასება ერთობ ძნელია. მაგალითად, შეიძლება განსხვავდებოდეს მოსაზრებები იმის თაობაზე, არის თუ არა საჭირო და როდის არის საჭირო პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ამოცნობისთვის იმ მამაკაცებს შორის, რომელთაც არ აღენიშნებათ დაავადების სიმპტომები. რეკომენდაციების არაერთგვაროვნების მიზეზი, აგრეთვე, შეიძლება იყოს განსხვავება ამა თუ იმ ტესტის ან მკურნალობის მეთოდის შესახებ ცოდნაში, ან უახლესი სადიაგნოზო და სამკურნალო მეთოდების გამოყენების სურვილში.

ამ მიზეზების გამო, მეორე აზრის მოძიებამ შეიძლება ადამიანს მისცეს უფრო მეტის გაგების შესაძლებლობა და მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცეს. როდესაც მეორე აზრი ადრინდელი დასკვნის იდენტურია, ეს ამშვიდებს და თვითდაჯერებას მატებს პაციენტს; თუ მეორე აზრი განსხვავებულია, ვარიანტები გულდასმით უნდა შეჯერდეს და გადაწყვეტილებაც იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს, უფრო დასაბუთებული იქნება. პაციენტმა შეიძლება მესამე აზრიც მოიძიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მეორე აზრი განსხვავდება პირველისგან.