ინფორმაცია დაავადების შესახებ | მკურნალი.გე
  1. ინფორმაცია დაავადების შესახებ
  2. მაქსიმალური სარგებლობის მიღება სამედიცინო მომსახურებისას(საფუძვლები)
  3. საფუძვლები
ინფორმაცია დაავადების შესახებ

დაავადების პირველადი დიაგნოსტირების შემდეგ ექიმი პაციენტს ხშირად ხელზე აძლევს მასალას, რომელშიც შეჯამებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემები. ზოგჯერ პაციენტს აქვს ზოგადი ცოდნა ამ დაავადების თაობაზე გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, ტელერადიომაუწყებლობიდან მიღებული ინფორმაციის მეოხებით.

მათ, ვისაც თავისი დაავადების შესახებ მეტის გაგების სურვილი აქვთ, შეუძლიათ გამოიყენონ სხვა ხელმისაწვდომი შესაძლებლობებიც, სახელდობრ, თხოვნით მიმართონ ექიმებს, ექთანებს ან სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებს, მოუთხრონ ან მიუთითონ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის სარწმუნო წყაროები. მრავლადაა სასარგებლო ზოგადი ინფორმაციის შემცველი წიგნი, ზოგიერთ ადგილობრივ, საუნივერსიტეტო ან საავადმყოფოს ბიბლიოთეკას და სამკითხველოსაც გააჩნია სათანადო ლიტერატურა. სასარგებლო წყაროების მოძიება შეიძლება ინტერნეტში, თუმცა მათი სანდოობის განსაზღვრა ყოველთვის ადვილი არ არის.

ზოგადად, სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს სამთავრობო წყაროები. ინტერნეტის გზით დიდად სასარგებლო და ზუსტი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის, ჯანდაცვის კვლევისა და ხარისხის ინსტიტუტის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდებზე. აქვე შეიძლება ინახოს სხვა სასარგებლო და სარწმუნო წყაროების მისამართები. ბევრ ცალკეულ დაავადებაზე ან ერთი რომელიმე დაავადებით შეპყრობილი პაციენტების კონტინგენტზე ორიენტირებული ვებგვერდი (მაგალითად, მრავლობითი სკლეროზის ნაციონალური ცენტრისა) იძლევა ინფორმაციას იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მეორე მხრივ, ვებგვერდები, რომელთა მიზანია ამა თუ იმ სპეციფიკური პროდუქტის ან სპეციფიკური მომსახურების გაყიდვა, ნაკლებად სარწმუნოა, არაობიექტურია.

სასარგებლო ინფორმაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეიძლება ე.წ. დამხმარე ჯგუფებისგან. ასეთი ჯგუფების ადგილსამყოფელი შეიძლება მოძიებული იქნეს ადგილობრივი გაზეთების, სატელეფონო ცნობარების გამოყენებით, საავადმყოფოების, ექიმებისა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალების მეშვეობით, ინტერნეტით. დამხმარე ჯგუფები მოქმედებენ ქალაქების უმრავლესობაში. მათი სამიზნეა ამა თუ იმ დაავადების მქონე პაციენტები. მაგალითად, ასეთია ჯილდას კლუბი (Gilda’s Club), რომელიც ბევრ ქალაქში ეხმარება კიბოთი დაავადებულ ადამიანებს. მოქმედებენ, აგრეთვე, ერთი და იმავე ავადმყოფობით შეპყრობილი პირების ან მათი მომვლელების გაერთიანებები, რომელთაც, შესაძლოა, ჰქონდეთ ბევრი პრაქტიკული, სასარგებლო წინადადება ამ პაციენტთა ყოველდღიური ყოფის შესახებ, სახელდობრ, სად შეიძლება სპეციალური აღჭურვილობის თუ დამხმარე საშუალებების მოძიება, რომელი უკეთესია, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ადამიანთან, რომელსაც აქვს ეს დაავადება. სხვა რესურსებია "სასაუბრო ოთახები" ინტერნეტში, რომლებიც შესაძლებელს ხდის კომუნიკაციას ერთი და იმავე დაავადების მქონე პირებს შორის, საჭირო ინფორმაციის გაზიარებას.