პრევენცია მოხუცთა შორის | მკურნალი.გე
  1. პრევენცია მოხუცთა შორის
  2. ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
პრევენცია მოხუცთა შორის

მოხუცთა შორის პრევენციის მიზანი, ჩვეულებრივ, დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი ყოველდღიური ყოფითი აქტივობის დონესა და რისკების პროფილზე. მაგალითად, ჯანმრთელი, აქტიური ადამიანისთვის სერიოზული დაავადებების გარეშე, პრევენციული ღონისძიებების მიზანია დაავადებების თავიდან აცილება. ქრონიკული ავადმყოფობის მქონე პირისთვის, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარი, პრევენციის მიზანია მოხსენიებული უნარის დაქვეითების თავიდან აცილება ან შენელება, ახალი დაავადებების განვითარების თავიდან აცილება. რამდენიმე შორსწასული ქრონიკული დაავადების მქონე დასუსტებული პირისთვის, რომელიც უპირატესად სხვებზეა დამოკიდებული, პრევენცია ფოკუსირებული უნდა იყოს უბედური შემთხვევების და გართულებების თავიდან აცილებაზე; ერთიც და მეორეც გამოიწვევს დამოუკიდებლად რაიმეს კეთების უნარის შემდგომ დაკარგვას და სიკვდილს.

ცხოვრების წესი: ვარჯიში, მათ შორის აერობული ვარჯიში, წინანდებურად მნიშვნელოვანია. სიმძიმეების აწევა სხეულს უნარჩუნებს კუნთოვანი სისტემის ძალას, თავიდან არიდებს კუნთოვანი მასის ასაკთან დაკავშირებულ შემცირებას, იცავს ოსტეოპოროზისგან კუნთების გაძლიერებისა და ძვლის სიმკვრივის გაზრდის მეშვეობით. გარდა ამისა, აერობული ვარჯიში ზრდის ამტანობას და შეუძლია ოდნავ შეამციროს ზოგიერთი გულისა და სისხლძარღვების ავადმყოფობის რისკი. მოხუცებისთვის ცეკვა და ტაი ჩი (Tai Chi– ჩინური ვარჯიშის სისტემა, რომელიც იყენებსსხეულის ნელ, რბილ მოძრაობებს სხეულისა და გონების რელაქსაციის მიზნით) ვარჯიშის ხალისიანი ფორმებია და შეიძლება, სასარგებლო იქნეს წონასწორობის დაცვის უნარის შენარჩუნებისა და დაცემების პრევენციისთვის.

თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა სასარგებლოა მოხუცებულთათვის – ხელს უწყობს ამტანობის გაზრდას, ამცირებს ზოგიერთი დაავადების (როგორიცაა ანგინა და ხანგამოშვებითი კოჭლობა) თანმხლები სიმპტომების სიმწვავეს, აგრეთვე, ზოგი ავადმყოფობის (როგორიცაა მიოკარდის ინფარქტი) განვითარების რისკს.

ალკოჰოლის მეტაბოლიზმი მოხუცებში თავისებურია, განსხვავებული. მოხუცებმა, რომელნიც იღებენ ალკოჰოლს, უნდა იცოდნენ, რომ დღეში ერთ დალევაზე მეტმა ალკოჰოლმა შესაძლოა, გაზარდოს ტრავმის მიღებისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

წამლები და ვაქცინები: წამლით მკურნალობაზე ნათელი წარმოდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებისთვის, ვინაიდან ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან წამალთა გვერდითი მოქმედების მიმართ. ეს გარემოება დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ასაკით შეპირობებულ განსხვავებებთან წამლების მეტაბოლიზმში, მეორე მხრივ, ერთდროულად ბევრი სხვადასხვა წამლის გამოყენებასთან (რაც მათ შორის ურთიერთქმედების მიზეზია). პირველადი ჯანდაცვის ექიმსა და ფარმაცევტს ხელეწიფებათ პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება როგორც რეცეპტით, ისე რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლების შესახებ. წამლის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებაში მოხუცებს შეიძლება დაეხმაროს მათ მიერ მისაღები წამლების ბრენდული და გენერიული დასახელებების, გამოყენების მიზნებისა და ხანგრძლივობის ცოდნა. იგივე შეიძლება ითქვას დანიშნული წამლის მიღებისას გარკვეული აქტივობებისთვის, საკვების, სასმლის თუ სხვა წამლების გამოყენებისთვის თავის არიდების საჭიროების ცოდნაზეც. ყველა, როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემი წამალი, რომელსაც ისინი იღებენ, მოხუცებმა უნდა მიიტანონ თავის ექიმთან შეხვედრაზე, რათა შესაძლებელი იქნეს მათი მიღების საჭიროების განსჯა ექიმთან ერთად.

გრიპის და პნევმოკოკური პნევმონიის (ფილტვების ბაქტერიული დაავადებაა), აგრეთვე, კომბინირებული ყივანახველას და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება მნიშვნელოვანია მოხუცებისთვის მათი მომეტებული აღმქმელობის გამო პნევმონიისა და ტეტანუსის მიმართ.