სიკვდილის პროცესი | მკურნალი.გე
  1. სიკვდილის პროცესი
  2. სიკვდილი და მომაკვდავი
  3. საფუძვლები
სიკვდილის პროცესი

პროგნოზი არის დაავადების მიმდინარეობისა და გამოსავლის ალბათობის წინასწარ განსაზღვრა. პაციენტები ხშირად ფიქრობენ, რომ ექიმმა იცის და შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს, რამდენ ხანს იცოცხლებს ავადმყოფი, მაგრამ არ უმხელს მათ ამ ინფორმაციას. სინამდვილეში, ზოგადად, არავინ იცის, როდის მოკვდება ავადმყოფი. ოჯახებმა არ უნდა მოინდომონ ხსენებულის წინასწარ ზუსტი განსაზღვრა და საკმარისად მიიჩნიონ ის ინფორმაცია, რომელსაც მათ მიაწოდებენ. ზუსტი პროგნოზები ავადმყოფი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის თაობაზე ხშირად მცდარია. ზოგჯერ უაღრესად მძიმე ავადმყოფმა შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი იცოცხლოს იმაზე მეტად, რაც, ერთი შეხედვით მოსალოდნელი ჩანდა. თუ მომაკვდავ ადამიანს სურს, რომ მის სიკვდილს დაესწროს ვინმე ახლობელთაგან, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად. ამავე დროს, წინასწარ განსაზღვრა, როდის მოკვდება პაციენტი, ზოგჯერ აუცილებელია. მაგალითად, პაციენტის ჰოსპისში მოთავსების ერთ-ერთი პირობაა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა არა უმეტეს 6 თვისა.

ნაცვლად კითხვისა – "რამდენ ხანს ვიცოცხლებ?" ან "მე ალბათ 6 თვეში მოკვდები?" პაციენტს შეუძლია იკითხოს, როგორია სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ დაავადების დროს. გარდა ამისა, ექიმმა, ავადმყოფობის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება ივარაუდოს სიკვდილის გარდაუვალობა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. პაციენტისთვის რბილად იმის შეხსენება, რომ სიცოცხლე წარმავალია, მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილი, შესაძლებლობას აძლევს მას, თავისი შეხედულებისამებრ დაგეგმოს დარჩენილი ცხოვრება.

ზოგჯერ ექიმი აიმედებს პაციენტს იმავე დაავადების მქონე სხვა ადამიანების გამოჯანმრთელების გასაოცარი შემთხვევების აღწერით, მაგრამ არაფერს ეუბნება იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებულთა უმრავლესობა მალე კვდება; მძიმე ავადმყოფი და მისი ახლობლები კი ხვდებიან, რომ ეს იმედი ფუჭია, არ არის სარწმუნო. ავადმყოფს და მისი ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, მიიღონ სრული ინფორმაცია, მოჭარბებული ოპტიმიზმის გარეშე და იცოდნენ, შესაძლებლობის ფარგლებში, რეალისტური პროგნოზი.

სხვადასხვა დაავადების დროს სიმპტომების დინამიკა განსხვავებულია. ადამიანს, რომელიც კიბოთი კვდება, ჩვეულებრივ, ენერგია, ფუნქციონირების უნარი, თვითგრძნობა უქვეითდება სიკვდილამდე ერთი-ორი თვით ადრე. ამის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უარესდება და სიკვდილის გარდაუვალობა ყველასთვის ნათელი ხდება. სხვა დაავადებების დროს, როგორიცაა ალცჰაიმერის ავადმყოფობა, ღვიძლის უკმარისობა, თირკმლების უკმარისობა, მდგომარეობა გამუდმებით, თანდათან უარესდება. იგივე ითქმის გულის დაავადებაზე, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე, თუმცა ამ უკანასკნელთა დროს აღინიშნება მკვეთრად გაუარესების ეპიზოდები. ასეთი ეპიზოდები ხშირად მდგომარეობის გაუმჯობესებით იცვლება; სიკვდილი, ჩვეულებრივ, დგება სტაბილურ მდგომარეობაში გადასვლიდან რამდენიმე დღეში.