ჰოსპისი | მკურნალი.გე
  1. ჰოსპისი
  2. სიკვდილი და მომაკვდავი
  3. საფუძვლები
ჰოსპისი

  • ჰოსპისის პროგრამების მიზანია ავადმყოფობის სიმპტომების შემსუბუქება, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა, პაციენტისა და მისი ოჯახისთვის ემოციური თანადგომა.

  • ჰოსპისის პროგრამები ნაკლებადითვალისწინებს სადიაგნოზო კვლევებს და სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ღონისძიებებს.

ჰოსპისი არის ზრუნვის კონცეფცია და პროგრამა, რომელთა მიზანია ტანჯვის შემსუბუქება მომაკვდავი ადამიანისა და მის ოჯახის წევრებისთვის. შეერთებულ შტატებში ჰოსპისი ერთადერთი ფართოდ ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი პროგრამაა მძიმედ დაავადებული ადამიანების შინმოვლის უზრუნველსაყოფად. ჰოსპისის პროგრამა არ არის ორიენტირებული სადიაგნოზო ტესტების ჩატარებაზე, სიცოცხლის გახანგრძლივებაზე; მისი მიზანია სიმპტომების ინტენსივობის შემცირება. ზემოთ მოხსენიებულის გარდა, პროგრამების მიზანია, თავად მომაკვდავის და მისი ოჯახის წევრების განათლება სათანადო მოვლისა და მყუდრო გარემოს შექმნის საკითხებში.

ჰოსპისის საქმიანობაში ყოველთვის არიან ჩართული სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალები – ექიმები, ექთანები, სოციალური მუშაკები და შინმოვლის სპეციალისტები. შესაძლებელია ფარმაცევტების, კვების სპეციალისტებისა და ფიზიოთერაპევტების მონაწილეობაც. ჰოსპისის პროგრამები გათვალისწინებულია პაციენტის მოვლისთვის ბინაზე, მოხუცებულთა სახლში ან სხვა მოვლის დაწესებულებაში. მართალია, ჰოსპისის პროგრამები არ არის გამიზნული საავადმყოფოში და სარეაბილიტაციო ცენტრებში მყოფი პირებისთვის, მაგრამ ბევრ საავადმყოფოში მოქმედებს ზრუნვის პროგრამები, რომელთა მიზანია სიმპტომების შემსუბუქება (პალიატიური ზრუნვის სერვისები).

ჰოსპისის პროგრამები განსხვავდება ერთმანეთისგან მომსახურების სახეებით, მკურნალობის მეთოდებით, გამოყენებული დამხმარე მოწყობილობებით. ისინი განსაზღვრულია ავადმყოფების (და მათი ოჯახების) გარკვეული ჯგუფისთვის და ძირითადად მათ საჭიროებებსა და სურვილებზე, აგრეთვე ფინანსურ გარემოებებზეა დამოკიდებული.

ჰოსპისის მზრუნველობა ზოგჯერ მოიცავს აუცილებელ მკურნალობასაც, რაც მოვლის პროცესში ექიმების ჩართვას მოითხოვს. მზრუნველობის გეგმის შესრულებას, სახელდობრ, ჟანგბადით თერაპიას, წამლების, ინტრავენური კათეტერების, აგრეთვე, სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, ჩვეულებრივ, ექთანები მეთვალყურეობენ. სოციალური მუშაკები, ღვთისმსახურები და მოხალისეები ცდილობენ ინტერპერსონული, სულიერი და ფინანსური საკითხების მოგვარებას. მძიმე დანაკარგის კონსულტანტები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, თანაგრძნობას გლოვის პროცესში. ჰოსპისის მზრუნველობის გეგმები ეხმარება ოჯახის წევრებს მოემზადონ იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც შეხვდებიან საყვარელი ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით, გაუმკლავდნენ სიტუაციას სიკვდილის დროს, გაიაზრონ საკუთარი როლი და ისიც, როგორ მიიღონ დახმარება.

ავადმყოფი ადამიანების უმრავლესობას, რომელთაც სჭირდებათ ჰოსპისი, დახმარება ესაჭიროებათ ყოველდღიური აქტივობების განხორციელებაშიც (მაგალითად, ჩაცმა, დაბანა საკვების მომზადება). ბევრი მათგანი დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე თავის მოვლას ვერ ახერხებს. ასეთ შემთხვევებში ოჯახის წევრებისა და მეგობრების როლი მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ჰოსპისს ან ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ფასიანი დამატებითი მომსახურე პერსონალის დახმარება პაციენტის ბინაზე მოსავლელად.

სადაზღვევო სისტემა ანაზღაურებს ჰოსპისის მომსახურების დიდ ნაწილს, მაგრამ, ჩვეულებრივ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი დაადასტურებს, რომ ადამიანს აქვს ფატალური დაავადება და მისი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 6 თვეზე ნაკლებია.

ექიმები არცთუ ხალისით მიმართავენ ჰოსპისს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი მკურნალობა, რომელიც აღემატება ჰოსპისის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას. ასეთ შემთხვევებში გასათვალიწინებელია, რომ პაციენტს შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს ჰოსპისი და მოგვიანებით ისევ დაბრუნდეს. ამის გამო, ზემოთ მოხსენიებული უხალისობა ექიმებისა არ არის გამართლებული.