1. ფატალური დაავადების სიმპტომები
  2. სიკვდილი და მომაკვდავი
  3. საფუძვლები
ფატალური დაავადების სიმპტომები

სხვადასხვა ფატალურ დაავადებას შეიძლება მსგავსი სიმპტომები ჰქონდეს. ასეთებია ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, საჭმლის მონელების პრობლემები, შარდის ან განავლის შეუკავებლობა, კანის საფარველის დაზიანება, დაღლილობის, დაქანცულობის გრძნობა.

ტკივილი

სიკვდილის პირისპირ აღმოჩენისას ადამიანების უმრავლესობას ეშინია ტკივილის. ამავე დროს, თითქმის ყოველთვის არის იმისი შესაძლებლობა, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, ბევრი კი მხნედაც დარჩეს და არ გამოეთიშოს ჩვეულ გარემოს. აგრესიულმა ტკივილის თერაპიამ შესაძლოა სედაცია ან გონების დაბინდვა გამოიწვიოს. ტკივილის შემამსუბუქებელი წამლის (ანალგეზიური საშუალების) შერჩევისას ექიმი ითვალისწინებს ტკივილის ინტენსივობას და მის გამომწვევ მიზეზს. ამ უკანასკნელს ექიმი განსაზღვრავს პაციენტთან საუბრისას და მასზე დაკვირვების გზით. ასპირინი, აცეტამინოფენი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ეფექტურია სუსტი ინტენსივობის ტკივილისას. საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ საჭირო ხდება უფრო ეფექტური ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა ოპიოიდები. დასალევი ოპიოიდები – ოქსიკოდინი, ჰიდრომორფინი, მორფინი და მეთადონი, ადვილად აყუჩებენ ტკივილს რამდენიმე საათით. ძალიან ძლიერი ტკივილი, ჩვეულებრივ, მოითხოვს უფრო ძლიერმოქმედ ოპიოიდებს კანზე დასაწებებლის სახით ან ინექციის გზით შესაყვანად, ან ვენაში უწვეტი ინფუზიისთვის. კუნთში ინექცია მტკივნეულია, წამალი კარგად არ შეიწოვება.

ადეკვატური თერაპია წამლით ადრეულად უნდა დაიწყოს, მანამ, სანამ ტკივილი აუტანელი გახდება. სტანდარტული დოზირება არ არსებობს. ზოგს მცირე დოზა სჭირდება, სხვებს, იმავე ეფექტის მისაღებად, გაცილებით უფრო მეტი. თუ ოპიოიდის დაბალი დოზა აღარ არის ეფექტური, ექიმმა უნდა გაზარდოს დოზა. ოპიოიდების რეგულარული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს წამალდამოკიდებულება, მაგრამ მომაკვდავ ადამიანთან მიმართებაში ეს არ არის საგანგაშო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭირო ხდება წამლის მიცემის უეცარი შეწყვეტა და ამასთან დაკავშირებული აბსტინენციის სიმპტომების თავიდან აცილება.

ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოქმედება, როგორიცაა გულისრევა, სედაცია, დეზორიენტაცია, შეკრულობა ან იშვიათი და ზედაპირული სუნთქვა. მოხსენიებულთა უმრავლესობა, გარდა შეკრულობისა, დროთა განმავლობაში ალაგდება ხოლმე. იმ შემთხვევებში, როცა გვერდითი მოვლენები მკვეთრად არის გამოხატული ან მდგრადია, ან ტკივილის შემსუბუქება არ ხერხდება, სასარგებლოა მკურნალობაში ტკივილის სპეციალისტის ჩართვა.

ოპიოიდებთან ერთად სხვა წამლების გამოყენებისას ეფექტი უკეთესია, შესაძლებელი ხდება ოპიოიდების დოზისა და გვერდითი მოვლენების შემცირება. კორტიკოსტეროიდებმა (როგორიცაა პრედნიზონი ან მეთილპრედნიზოლონი) შეიძლება შეამციროს ანთებით და შეშუპებით გამოწვეული ტკივილი. ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ნორტრიპტილინი და დოქსეპინი) ან გაბაპენტინი კარგი დამხმარე საშუალებებია პერიფერიული ნერვების, ზურგის ტვინის, თავის ტვინის დაზიანებით შეპირობებული ტკივილის სამართავად. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, მაგალითად დოქსეპინი, შეიძლება მიეცეს საღამოს, ძილის წინ, ძილის გასაუმჯობესებლად. ბენზოდიაზეპინები (როგორიცაა ლორაზეპამი) სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომელთაც ტკივილი უძლიერდებათ შფოთვის დროს.

ერთ წერტილში ლოკალიზებული ძლიერი ტკივილის დროს ანესთეზიოლოგის (ექიმი, რომელსაც გავლილი აქვს ტკივილის მართვის სასწავლო კურსი და ეხმარება პაციენტებს ქირურგიული ჩარევების დროს) მიერ ნერვში ან მის ირგვლივ შეყვანილმა ადგილობრივმა საანესთეზიო საშუალებებმა ("ნერვის ბლოკადა") შეიძლება შეამსუბუქოს ტკივილი. გვერდითი ეფექტები ამ დროს მცირედ არის გამოხატული.

ტკივილის მოდიფიცირების ტექნიკა (როგორიცაა მართული პოზიტიური წარმოდგენები, ჰიპნოზი, აკუპუნქტურა, რელაქსაცია და ბიოუკუკავშირი) ზოგჯერ შედეგიანია. კონსულტაცია სტრესისა და შფოთვის დროს აგრეთვე შეიძლება დაეხმაროს პაციენტს.

ქოშინი

ქოშინი და სუნთქვის გაძნელება (დისპნეა) შიშის მომგვრელია მომაკვდავისთვის. მათი შემსუბუქება შესაძლებელია, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, სახელდობრ, სითხისგან განტვირთვა, სხეულის მდებარეობის შეცვლა, ჟანგბადის მიწოდება. ოპიოიდები (როგორიცაა მორფინი) შეიძლება დაეხმაროს სუსტად გამოხატული, მუდმივი დისპნეის მქონე პაციენტებს, მაშინაც კი, როცა მათ არ აქვთ ტკივილი. ოპიოიდების მიღება ძილის წინ ხელს უწყობს მშვიდ ძილს, თავიდან აცილებს ავადმყოფს ხშირ გაღვიძებას ჰაერის უკმარისობის გამო. ბენზოდიაზეპინები (როგორიცაა ლორაზეპამი) კარგი დამხმარე საშუალებაა დისპნეით გამოწვეული შფოთვის შესამცირებლად. სხვა სასარგებლო საშუალებებია ფანჯრების გაღება საწოლის გასანიავებლად, საგრილებელი მარაოს გამოყენება, მშვიდი გარემოს შენარჩუნება.

თუ ყოველივე ზემოხსენებული უეფექტოა, ჰოსპისის პროგრამით მომუშავე ექიმების უმრავლესობა იყენებს ოპიოიდების ისეთ დოზას, რომელიც საკმარისია დისპნეის შესამსუბუქებლად, თუნდაც ამ დოზამ პაციენტის უგონო მდგომარეობა გამოიწვიოს. სიცოცხლის დასასრულს დისპნეის თავიდან აცილების მსურველი პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ექიმი ამ სიმპტომს სრულფასოვნად უმკურნალებს, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობამ შეიძლება უგონო მდგომარეობა გამოიწვიოს და რამდენადმე დააჩქაროს სიკვდილი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები, როგორიცაა პირის სიმშრალე, გულისრევა, შეკრულობა, უმადობა ჩვეულებრივი მოვლენაა მძიმე ავადმყოფთათვის. ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი დაავადებით არის გამოწვეული, ზოგიერთი, მაგალითად, შეკრულობა, შეიძლება წამლების გვერდითი მოქმედებით იყოს შეპირობებული.

პირის სიმშრალე: პირის სიმშრალე შეიძლება შემსუბუქდეს სველი ჯაგრისის გამოყენებით. სხვადასხვა ხელმისაწვდომი კომერციული პროდუქტები შეამსუბუქებს ტუჩების დასკდომას. დენტალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეუძლია მომვლელმა ავადმყოფს გამოუხეხოს კბილები ან ხშირად გამოიყენოს პირის ღრუბელი კბილების, ლოყების შიდა ზედაპირის და ენის გასაწმენდად.

გულისრევა და ღებინება: ეს სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს წამლებმა, ნაწლავის ობსტრუქციამ, კუჭის დაავადებებმა, ქიმიურმა დისბალანსმა, ქალასშიდა წნევის მომატებამ (ტვინის სიმსივნის დროს) ან სხვა შორსწასულმა დაავადებამ. თუ მიზეზი დადგენილია, მისი მკურნალობაა საჭიროა. სხვა შემთხვევაში ექიმს შეუძლია შეუცვალოს პაციენტს წამლები, რომლებსაც იღებს ან დაუნიშნოს გულისრევის საწინააღმდეგო (ანტიმიმეტური) მედიკამენტი.

ნაწლავების ობსტრუქციამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. სიცოცხლის დასასრულს მოხსენიებულის უხშირესი მიზეზი კიბოა. ნაწლავის ობსტრუქციით შეპირობებული გულისრევა და ღებინება ნაკლებად შემაწუხებელია, თუ მკურნალობა ტარდება ანტიმიმეტური წამლებით და ზოგჯერ – კორტიკოსტეროიდებით. ამავე დროს, სიმპტომების შემსუბუქება შეიძლება მხოლოდ დროებით მოხერხდეს და ობსტრუქციის მოსაცილებლად ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის და ობსტრუქციის მიზეზის გათვალისწინებით შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს ნაწლავის დამბლის გამომწვევ წამლებს და კუჭის სეკრეციის დამთრგუნველ მედიკამენტებს. ზოგჯერ მიმართავენ კუჭის შიგთავსის მუდმივ ამოწოვას ცხვირიდან კუჭში შეყვანილი მილის (ნაზოგასტრალური მილი) საშუალებით. ოპიოიდები სასარგებლოა ტკივილის შესამსუბუქებლად.

შეკრულობა: შეკრულობა ხშირი და უაღრესად შემაწუხებელი სიმპტომია სიცოცხლის დასასრულს. ნაწლავის ინერტულობას იწვევს საკვების, სითხის მიღების შემცირება, დიეტური უჯრედისის გამოყენება, ფიზიკური აქტივობის უკმარისობა და ზოგიერთი წამალი. შეიძლება განვითარდეს აბდომინური სპაზმები. შეკრულობის შესამსუბუქებლად მიმართავენ განავლის დამარბილებელ რეჟიმს, სასაქმებელ საშუალებებს, ოყნებს, განსაკუთრებით თუ ოპიოიდებით არის გამოწვეული. შეკრულობის შემსუბუქება სასარგებლოა თუნდაც დაავადების გვიან სტადიაზე.

ყლაპვის გაძნელება: ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) აღენიშნება პაციენტებს ინსულტის შემდეგ, შორსწასული დემენციის ან კუჭისა და ხახის შემაერთებელი მილის (საყლაპავის) კიბოთი გამოწვეული ობსტრუქციის დროს. ზოგჯერ პაციენტს შეუძლია ყლაპვა საკვების მიღებისას განსაკუთებულ პოზიციაში ან თხევადი საკვების გამოყენებისას. ყლაპვის გაძნელებისას ზოგიერთი ოჯახი ავადმყოფის ხელოვნური მილით კვებაზე გადაყვანის (მილი, რომელიც მოთავსებულია პირდაპირ კუჭში ან წვრილ ნაწლავში) სურვილს გამოთქვამს.

უმადობა: უმადობა (ანორექსია) აღენიშნება მომაკვდავი პაციენტების უმრავლესობას. საკვებისა და წყლის მიღების სურვილის შემცირების გამომწვევი მრავალი მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია, მათ შორის კუჭის ამომფენი გარსის ანთების, შეკრულობის, კბილის ტკივილის, პირის ღრუში სოკოვანი ინფექციის, ტკივილისა და გულისრევის. ზოგს შველის მადის სტიმულატორები, როგორიცაა დასალევად მისაღები კორტიკოსტეროიდები (დექსამეთაზონი ან პრედნიზონი), მეგესტროლი ან დრონაბინოლი. პაციენტებს, რომლებიც უკვე სიკვდილის პირას არიან, არ უნდა დავაძალოთ საკვების მიღება, მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნო შეიძლება იქნეს მათი საყვარელი შინ მომზადებული საკვების მიღება მცირე ულუფებით.

თუ სიკვდილი არ არის მოსალოდნელი უახლოესი დღეების ან საათების განმავლობაში, ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია – ინტრავენურად ან კუჭში შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით – შეიძლება იქნეს მცირე ხნით გამოყენებული, რომ ინახოს, გაუმჯობესდა თუ არა პაციენტის თვითგრძნობა, მენტალური უნარები ან ენერგია. გაუმჯობესება ხშირად არ აღინიშნება და პაციენტი ირჩევს ამ დახმარების შეწყვეტას. მომაკვდავმა ადამიანმა და ოჯახის წევრებმა ექიმთან წვრილად უნდა განსაჯონ, რის მიღწევას აპირებენ და როდის უნდა შეწყდეს ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია, თუ ისინი უშედეგო აღმოჩნდა.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ანორექსია საკმარისად ხშირია და არ ქმნის დამატებით ფიზიკურ პრობლემებს, არ ტანჯავს პაციენტს, თუმცაღა ავადმყოფის უარი საკვებისა და წყლის მიღებაზე ოჯახის წევრებს სტრესულ მდგომარეობაში აყენებს. სავარაუდოდ, ანორექსია კიდეც ეხმარება ადამიანებს უფრო მშვიდად სიკვდილში. როდესაც გულის და თირკმლების ფუნქცია ქვეითდება, სითხის ჩვეული რაოდენობით მიღება, ფილტვებში სითხის დაგროვების გამო, ხშირად დისპნეას იწვევს. საკვებისა და სითხის მიღების შეზღუდვა აქვეითებს შეწოვის საჭიროებას და შეიძლება შეამციროს ტკივილი კიბოიან ადამიანებში სიმსივნის გარშემო შეშუპების შემცირების გამო. დეჰიდრატაცია შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს სხეულის ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებების (ენდორფინები) დიდი რაოდენობით გამოთავისუფლებისთვის. მაშასადამე, მომაკვდავი ადამიანის იძულება, მიიღოს საკვები ან წყალი, არ არის გამართლებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ეს დაკავშირებულია ისეთ არასასიამოვნო პროცედურებთან, როგორიცაა ვენის კათეტერის ან კუჭის ზონდის ჩადგმა, ან ეს პროცედურა მოითხოვს საავადმყოფოში მოთავსებას.

შეუკავებლობა

მომაკვდავი ადამიანი ხშირად კარგავს ნაწლავებისა და შარდის ბუშტის გამომყოფი ფუნქციის კონტროლის უნარს (შეუკავებლობა), რაც დაავადებით, ან სისუსტით არის შეპირობებული. ამ დროს გამოიყენება საფენები, გულდასმით ტარდება ჰიგიენური ღონისძიებები. შეუკავებლობის მქონე პირებს, სიმშრალის უზრუნველსაყოფად, შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა გამოეცვალოს ქვეშაგები, საწოლის თეთრეული და საფენები. კათეტერის (შარდის ბუშტში მოთავსებული ვიწრო მილი) გამოყენება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ქვეშაგების გამოცვლა ტკივილს იწვევს ან როდესაც თავად მომაკვდავი, ან მისი ოჯახის წევრები დაჟინებით მოითხოვენ ამას.

ნაწოლები

მომაკვდავ ადამიანებს ხშირად უვითარდებათ ნაწოლები, რაც იწვევს დისკომფორტს, არცთუ იშვიათად – ინფექციის შეჭრას. მძიმე ავადმყოფები ნელა მოძრაობენ, მიჯაჭვულნი არიან საწოლს, აქვთ შეუკავებლობა, არიან გამხდრები, დროის დიდ ნაწილს წამომჯდარი ატარებენ. ჩამოთვლილი გარემოებები ზრდის ნაწოლების განვითარების ალბათობას. ჯდომისას კანზე სხეულის სიმძიმის დაწოლის გამო, ზეწარზე ჰორიზონტალური მიმართულებით გადაადგილებისას კანი იფხაჭნება, მისი მთლიანობა ირღვევა. კანის მთლიანობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული. კანის შეწითლების ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს ან ექთანს. პოზიციის შეცვლა ყოველ 2 საათში ამცირებს ნაწოლის განვითარების ალბათობას. დამხმარე საშუალებებია სპეციალური ლეიბები ან პნევმატური საწოლები.

დაღლილობა

ფატალური დაავადებების უმრავლესობა დაღლილობას იწვევს. მომაკვდავი ადამიანი უნდა ეცადოს დაზოგოს ენერგია ყოველდღიური ყოფითი აქტივობებისთვის. ექიმთან ხშირად მისვლა, ვარჯიში, რომელიც უკვე არაფერს ცვლის, აღარ არის საჭირო, ვინაიდან იხარჯება ზემოთ მოხსენიებული აქტივობებისთვის საჭირო ენერგია. ზოგჯერ შედეგიანია ენერგიის მომგვრელი წამლების გამოყენება.

დეპრესია და შფოთვა

სიკვდილის მოლოდინში სევდიანობა ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ ეს არ არის დეპრესია. ამ უკანასკნელის დამახასიათებელია მომხდარისადმი ინტერესის დაკარგვა, მხოლოდ ცხოვრების ჩრდილოვან მხარეებზე ყურადღების გამახვილება ან ინდიფერენტულობა. ფსიქოლოგიური თანადგომა, საკუთარი შეხედულებებისა და გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა საუკეთესო მიდგომაა დეპრესიით შეპყრობილი პაციენტის მოვლისას. დახმარების გაწევა შეუძლიათ გამოცდილ სოციალურ მუშაკს, ექიმს, ექთანს ან ღვთისმსახურს. მომაკვდავი ადამიანი ან მისი ოჯახის წევრები უნდა ესაუბრონ ექიმს განწყობის, გრძნობების შესახებ იმისათვის, რომ დეპრესია დიაგნოსტირებული და ნამკურნალები იქნეს. მკურნალობა (ჩვეულებრივ, ანტიდეპრესიული წამლები და ფსიქოლოგის დახმარება) სასარგებლოა, თუნდაც სიცოცხლის ბოლო კვირებში, ვინაიდან აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

შფოთვა უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მღელვარება, ნერვიულობა ან მოუსვენრობა. შფოთვა ნერვიულობის და შიშის ნარევია, ყოველდღიური აქტივობების განხორციელების ხელის შემშლელია. არაინფორმირებულობამ, დათრგუნვილობამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, რომლის შემსუბუქებას ხელს უწყობს მომვლელის მიერ მეტი ინფორმაციის მიწოდება, მეტი გულითადობა და დახმარება. თუ ადამიანს აქვს შფოთვის გრძნობა სტრესულ სიტუაციებში, მაღალია იმისი ალბათობა, რომ მას შფოთვის შეგრძნება ექნება სიცოცხლის დასასრულს. ის, რაც ამ ადამიანს შველოდა წარსულში, მათ შორის, გამხნევება, წამლები, შესაძლოა დაეხმაროს მომაკვდავსაც. აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია და, საჭიროებისამებრ, შფოთვის საწინააღმდეგო წამლები.

ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა

მძიმე ავადმყოფებს ხშირად აღენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა. ეს შეიძლება გამოიწვიოს წამალმა, ინფექციამ, ქიმიურმა დისბალანსმა, აგრეთვე ცვლილებებმა ცხოვრების რეჟიმში. დარწმუნებამ და განმარტებამ შეიძლება შეამსუბუქოს ცნობიერების დაბინდვა. ექიმმა უნდა განსაზღვროს მიზეზი, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია. პაციენტები, რომელთაც აქვთ ცნობიერების მკვეთრად გამოხატული დაბინდვა, საჭიროებენ მსუბუქ სედაციას და მომვლელის განუწყვეტელ მეთვალყურეობას.

მომაკვდავი ადამიანი, რომელსაც ცნობიერება დაბინდული აქვს, ვერ აღიქვამს ვერც სიკვდილის მოახლოებას და ვერც ცნობიერების დაბინდვის ფაქტს. სიკვდილის წინ ამ პაციენტებს ზოგჯერ აღენიშნებათ ნათლად აზროვნების განსაცვიფრებელი პერიოდები. ასეთი ეპიზოდები სასიხარულოა ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მცდარად ფასდება ხოლმე როგორც გაუმჯობესება. ოჯახი მზად უნდა იყოს ამგვარი ეპიზოდებისთვის, მაგრამ იმისი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

სიკვდილამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მომაკვდავი ადამიანების თითქმის ნახევარი უგონო მდგომარეობაშია. თუ ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ უგონოდ მყოფ, მომაკვდავ ახლობელს შერჩენილი აქვს გაგონების უნარი, ისინი ისე უნდა დაემშვიდობონ მას, თითქოს მას ყველაფერი ესმის. უგონო მდგომარეობა სიკვდილისკენ მიმავალი მშვიდი გზაა, განსაკუთრებით მაშინ თუ მომაკვდავსაც და ოჯახსაც პირნათლად აქვთ მოხდილი ვალი ერთმანეთის წინაშე.

შესაძლებლობების შეზღუდვა

შესაძლებლობების პროგრესირებადი შეზღუდვა ფატალური დაავადების ხშირი თანმხლებია. ადამიანს თანდათან ეკარგება საცხოვრებლის მოვლის, საკვების მომზადების, ფინანსური საკითხების მოგვარების, სიარულის, საკუთარი თავის მოვლის უნარი. მომაკვდავი ადამიანების უმრავლესობა საჭიროებს დახმარებას, როგორც მინიმუმ, სიცოცხლის უკანასკნელ კვირებში. შესაძლებლობების შეზღუდვის პერსპექტივა წინასწარ უნდა იქნეს გათვალისწინებული; შერჩეული უნდა იყოს საცხოვრისი, რომელიც შესაძლებელს ხდის საგორავებიანი სავარძლის გამოყენებას და ოჯახის წევრების სიახლოვეს. ისეთი მომსახურება, როგორიცაა შრომათერაპია, ფიზიოთერაპია, შინმოვლის ორგანიზება შეიძლება დაეხმაროს ადამიანს დარჩეს შინ, მაშინაც კი, როდესაც უნარების შეზღუდვა პროგრესირებს.

სტრესი

მშვიდად სიკვდილი მხოლოდ უმცირესობის ხვედრია. ავადმყოფების, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების უმრავლესობა სტრესის ზემოქმედებას განიცდის. სიკვდილი განსაკუთრებით ძლიერი სტრესია იმ შემთხვევებში, როდესაც კონფლიქტები მომაკვდავსა და მისი ოჯახის წევრებს შორის არ აძლევს მათ შესაძლებლობას, წყნარად, მშვიდად, ერთად გაუმკლავდნენ ავადმყოფობის ბოლო სტადიას. ასეთი კონფლიქტები ახლობლებში ზომაგადასულ დანაშაულის გრძნობას იწვევს, ტანჯავს მომაკვდავ ადამიანს. მომაკვდავი ახლობლის შინ მოვლა ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური და ემოციური სტრესია. მისი შემსუბუქება, როგორც პაციენტის, ისე ოჯახის წევრებისთვის, შესაძლებელია ფსიქოლოგის კონსულტაციით, ხანმოკლე ფსიქოთერაპიული სეანსებით. ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებების გამოყენებამ შესაძლოა შეამსუბუქოს ახლობლების ტვირთი, სედაციური წამლების მიღება ხანმოკლედ, დაზოგვით არის საჭირო.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ ცოცხლად დარჩენილი შეიძლება გაოგნებული იქნეს ფინანსური და სამართლებრივი საკითხების ან საოჯახო მეურნეობის მართვის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების გამო. მოხუცებული წყვილისთვის ერთ-ერთის სიკვდილი ართულებს მანამდე ისედაც არსებულ მძიმე მდგომარეობას, რომელსაც ცოცხლად დარჩენილი გარდაცვლილი მეუღლის დახმარებით უმკლავდებოდა. ასეთი სიტუაციის ალბათობისას მეგობრებმა და ოჯახის სხვა წევრებმა სიკვდილამდე უნდა შეიგულონ და გააფრთხილონ მომვლელთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ტანჯვის შესამსუბუქებლად და ახალ გარემოებებთან შეგუებისთვის საჭირო დახმარებას.