როცა სიკვდილი მოახლოებულია | მკურნალი.გე
  1. როცა სიკვდილი მოახლოებულია
  2. სიკვდილი და მომაკვდავი
  3. საფუძვლები
როცა სიკვდილი მოახლოებულია

გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილება კარდიოპულმონურ რეანიმაციაზე (კპრ – გადაუდებელი პროცედურა, რომელიც აღადგენს გულისა და ფილტვების ფუნქციონირებას) უარის თქმის შესახებ მართებულია ფაქტობრივად ყველა მომაკვდავი ადამიანისთვის, ვინც შეგუებულია სიკვდილის გარდაუვალობას. პაციენტმა, ოჯახის წევრებმა და მომვლელებმა უნდა მიიღონ და ჩაიწერონ გადაწყვეტილებები მკურნალობის შესახებ (როგორიცაა, უნდა იქნეს თუ არა მომაკვდავი ადამიანი ჰოსპიტალიზებული, უნდა იქნეს თუ არა გამოყენებული ხელოვნური სუნთქვა). ხშირად ამ გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის მომზადებაა საჭირო (მაგალითად, წამლების ქონა შინ, მზაობა სიმპტომების მართვისათვის).

თუ მოსალოდნელია, რომ პაციენტი შინ მოკვდება, ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, ვის დაურეკონ, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის (ექიმი, ჰოსპისის ექთანი) და ისიც, ვის არ უნდა დაურეკონ (მაგალითად, ამბულატორიული მომსახურების გამწევი). მათ დასჭირდებათ სამართლებრივი, დაკრძალვის ან კრემაციის საკითხების მოგვარება. პაციენტმა ან ოჯახმა და მზრუნველთა გუნდმა უნდა განსაჯონ ორგანოს და/ან ქსოვილის დონაციის შესაძლებლობა სიკვდილამდე ან უშუალოდ სიკვდილის შემდეგ. ასეთი განხილვა კანონმდებლობით მართლზომიერად არის მიჩნეული. ნეშტის გაპატიოსნების რელიგიური პროცედურების აღსრულების საკითხი წინასწარ უნდა იქნეს განხილული; არაორდინარული წესები უნდა განისაჯოს სიკვდილამდე მომვლელ გუნდთან ერთად, აგრეთვე, თავად მომაკვდავთან ან მისი ოჯახის წევრებთან.

მომაკვდავი ადამიანები და მათი ოჯახები მზად უნდა იყვნენ სიკვდილის მოახლოების დამადასტურებელი ფიზიკური ნიშნების ამოსაცნობად. ესენია ცნობიერების დაბინდვა, კიდურების გაგრილება, მათი მოლურჯოდ შეფერვა და დალაქავება, არარეგულარული სუნთქვა. სიცოცხლის უკანასკნელ საათებისთვის დამახასიათებელია ცნობიერების დაბინდვა და ძილიანობა.

ხორხში სეკრეციამ ან ხორხის კუნთების მოდუნებამ შეიძლება განაპირობოს ხმაურიანი სუნთქვა (ზოგჯერ მოიხსენიება მოგუგუნე სუნთქვად). მწოლიარე ავადმყოფის პოზიციის შეცვლამ ან სეკრეციის დამთრგუნველი წამლის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ზემოხსენებული. ასეთი მკურნალობის მიზანი ოჯახისა და მზრუნველებისთვის კომფორტის შექმნაა, ვინაიდან ხმაურიან სუნთქვას თავად მომაკვდავი ადამიანი ვერ გრძნობს. ასეთი სუნთქვა შეიძლება საათობით გაგრძელდეს.

სიკვდილის მომენტში შეიძლება აღინიშნოს მცირედ გამოხატული კუნთების შეკუმშვა, გულმკერდის აწევ-დაწევა სუნთქვასთან დაკავშირებული მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნის. სუნთქვის შეწყვეტის შემდეგ გულისცემა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, შეიძლება აღმოცენდეს ხანმოკლე კრუნჩხვები. თუ მომაკვდავ ადამიანს არ აქვს გადამდები ინფექციური დაავადება, ოჯახის წევრებს შეუძლიათ სხეულზე შეხება, მიალერსება, მოხვევა, თუნდაც სიკვდილიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. საზოგადოდ, სხეულის დანახვა სიკვდილის შემდეგ ეხმარება პირის ახლობლებს, იქმნება ილუზია იმის თაობაზე, რომ ადამიანი არ მომკვდარა.

ადამიანის ცხოვრების უკანასკნელი მომენტები შეიძლება ხანგრძლივად აღიბეჭდოს ოჯახის წევრების, მეგობრების, მზრუნველების მეხსიერებაში. თუ შესაძლებელია, მომაკვდავის გარემო წყნარი და მშვიდი, ფიზიკურად კომფორტული უნდა იყოს. თუ ეს მომაკვდავის სურვილია, სიკვდილს უნდა დაესწრონ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ღვთისმსახური.