ამა თუ იმ ინვაზიური ტესტის ან მკურნალობის ჩატარებამდე ექიმებმა უნდა მიიღონ პაციენტის ნებართვა, რომელიც არის ინფორმირებული, თავისუფალი და გაცნობიერებული. ეს პროცესი ინფორმირებულ თანხმობად იწოდება. სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია ჩარევის თანმხლები რისკების, სარგებლობის და ალტერნატივების შესახებ. ამასთან, არჩევანის გაკეთებისას ის თავისუფალი (დამოუკიდებელი) უნდა იყოს. თუ პაციენტს არ აქვს ზემოხსენებულის გაგების ან გადაწყვეტილების მიღების უნარი, ექიმი მიმართავს სამედიცინო მოვლის მინდობილობით აღჭურვილ პირს. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მიმართოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პირს, რომელსაც აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება.
თვითგამორკვევის (ავტონომიის) უფლება ნიშნავს, რომ საღ გონებაზე მყოფ ზრდასრულ პაციენტს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოეპყრონ მის სხეულს. სწორედ ეს არის ინფორმირებული თანხმობის დოქტრინის სამართლებრივი და ეთიკური საფუძველი. ინფორმირებული თანხმობის პროცესი სათავეს იღებს პაციენტებსა და ექიმებს შორის საუბრიდან. პაციენტები სვამენ კითხვებს მათი მდგომარეობის და მკურნალობის შესაძლებლობების თაობაზე, ექიმები კი აწვდიან ინფორმაციას მათ ხელთ არსებული ფაქტების მნიშვნელობის შესახებ, აძლევენ რჩევებს და აგრძნობინებენ თანადგომას. ექიმებმა პაციენტს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მისთვის გასაგები ფორმით, გულწრფელად მოუთხრონ რისკებისა და სარგებლობის შესახებ. თუ პაციენტს არ ესმის ენა, რომელზეც ექიმი საუბრობს ან რაიმე სხვა დაბრკოლება აფერხებს კომუნიკაციას, კანონი მოითხოვს ექიმებისგან სათანადო ღონისძიებების განხორციელებას პაციენტთან სრულფასოვანი ურთიერთობისთვის. ინფორმირებული თანხმობის არსებითი პირობაა ის, რომ პაციენტმა იცის:
საუბრის შეჯამებული შინაარსი წერილობითი დოკუმენტის სახით ფორმდება და დასტურდება პაციენტის ხელმოწერით.
უარი მკურნალობაზე: ინფორმირებული თანხმობის გარდა, პაციენტს ინფორმირებული უარის უფლებაც აქვს. პირებს, რომელნიც სამართლებრივად და კლინიკურად ქმედუნარიანები არიან, შეუძლიათ უარი განაცხადონ ნებისმიერ მკურნალობაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც მიღებულია ან აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაგალითად, პირს, რომელსაც გულის შეტევა აქვს, შეუძლია გადაწყვიტოს საავადმყოფოს დატოვება, მაშინაც კი თუ ეს, სავარაუდოდ, სიკვდილს გამოიწვევს. თუ გარშემო მყოფები თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია, უაზროა, მკურნალობაზე უარის თქმა არ შეიძლება, იმის დასტურად იქნეს მიჩნეული, რომ პირი ქმედუუნაროა. ხშირად მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზია შიში, მცდარი წარმოდგენა ან უნდობლობა, დეპრესია, დელირიუმი, ან რომელიმე სხვა მდგომარეობა. მკურნალობაზე უარმა უნდა უბიძგოს ექიმს შემდგომი საუბრებისკენ. საღ გონებაზე მყოფი პირის უარი მკურნალობაზე არ განიხილება თვითმკვლელობის მცდელობად, ხოლო ექიმის თანხმობა მკურნალობის შეწყვეტაზე – ექიმის დახმარებით თვითმკვლელობად. მოხსენიებული, სამართლებრივი თვალსაზრისით, დაავადების შედეგად ითვლება.
ზოგჯერ პირის უარი მკურნალობაზე სხვებისთვის აღმოჩნდება ხოლმე ზიანის მომტანი. მაგალითად, ზოგიერთი ინფექციური დაავადების მქონე ადამიანების უარი მკურნალობაზე საშიშროებას უქმნის სხვა ადამიანებს. ასეთ შემთხვევაში ექიმები რჩევისთვის მიმართავენ იურისტებს და ეთიკის სფეროს ექსპერტებს.