თუ პირს არ აქვს სამედიცინო მომსახურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უნარი, გადაწყვეტილება სხვამ (ან სხვებმა) უნდა მიიღოს. ამ უკანასკნელს უწოდებენ სუროგატული გადაწყვეტილების მიმღებს. თუ არსებობს მუდმივი მინდობილობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ამ დოკუმენტში მითითებული რწმუნებული უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების იმ ფარგლებში, როგორც დოკუმენტშია განსაზღვრული. თუ პირს ჰყავს სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვე სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით, ის კანონიერ სუროგატული გადაწყვეტილების მიმღებად ჩაითვლება.
თუ არ არსებობს დანიშნული სუროგატი, დამკვიდრებული ტრადიციები და ჩვევები, აგრეთვე, შტატების უმრავლესობაში, კანონი ნებას აძლევს სამედიცინო პერსონალს მიმართოს უახლოეს ნათესავს, როგორც ნაგულისხმევი სუროგატული გადაწყვეტილების მიმღებს. შტატებში, სადაც ეს ალტერნატივა დაშვებულია, განსაზღვრულია რიგითობა იმ პირებისა, რომელთაც სუროგატობის უფლება აქვთ. სიაში პირველია მეუღლე (ან, თუ კანონმდებლობით აღიარებულია ეს სტატუსი, ადგილობრივი პარტნიორი, ანუ ადამიანი, რომელიც არ არის დაკავშირებული პაციენტთან სამოქალაქო ქორწინებით, მაგრამ აქვს მასთან პირადული და სქესობრივი კავშირი), შემდეგ ზრდასრული შვილი, მშობლები, და ან ძმა და ბოლოს, შესაძლოა, სხვა ნათესავები. შტატების სულ უფრო დიდი რაოდენობა აკანონებს ახლო მეგობარს ნაგულისხმებ სუროგატად. თუ ერთზე მეტ პირს აქვს ერთდროულად პრიორიტეტული უფლება (მაგალითად, რამდენიმე მოზრდილი შვილი), შერჩევის კრიტერიუმად მიიჩნევა მათ შორის შეთანხმება; ამავე დროს, ზოგიერთ შტატში ექიმებს ეძლევათ უფლება, რომ სავალდებულოდ მიიჩნიონ უმრავლესობის გადაწყვეტილება ან მოითხოვონ, რომ ჯგუფის სახელით ერთმა პირმა მიიღოს გადაწყვეტილება. ექიმები ამჯობინებენ ისეთ პირთან ურთიერთობას, რომელიც ჩახედულია პაციენტის მდგომარეობაში და, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. იმათთვის, რომელთაც არ ჰყავთ ოჯახი და ახლო მეგობრები, რომელნიც მარტონი არიან საავადმყოფოში, სასამართლო ნიშნავს მეურვეს. თუ მაინც გაურკვეველია, ვინ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები, ექიმები რჩევისთვის მიმართავენ დაწესებულების სამედიცინო ეთიკის კომიტეტს ან იურისტებს.
ბავშვები აგრეთვე საჭიროებენ გადაწყვეტილების მიმღებს სამედიცინო მომსახურებისას. თუ ბავშვის, არასრულწლოვნის მდგომარეობა არ მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას, მკურნალობა არ შეიძლება დაიწყოს მშობლების ან მეურვის თანხმობის გარეშე. დასახელებულთა გადაწყვეტილება შესაძლოა უგულებელყოფილი იქნეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მცდარია და არ ითვალისწინებს პაციენტის ინტერესებს. ზოგ შტატში ბავშვებს მშობლების დაუკითხავად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარების შესახებ (როგორიცაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა, აბორტი, რეკომენდაციები ორსულობის თავიდან ასაცილებლად).
ყველა სუროგატი, პაციენტის მიერ შერჩეული, ნაგულისხმები თუ სასამართლოს მიერ დანიშნული, მოვალეა, მისდიოს მოზრდილი ადამიანის მიერ გამოხატულ სურვილებს, იმოქმედოს მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და, თუ ცნობილია, მისი ფასეულობების გათვალისწინებით. სამედიცინო პერსონალსაც აკისრია პასუხისმგებლობა ამ სურვილების პატივისცემისთვის, თუმცა არ მოეთხოვება ისეთი მკურნალობის ჩატარება, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით არაადეკვატურია, უგულებელყოფს საყოველთაოდ აღიარებულ ჯანდაცვის სტანდარტებს. თუ მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი ეწინააღმდეგება ექიმის სინდისს, ფასეულობებს, მაგრამ შეესაბამება ჯანდაცვის საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს, ექიმი უნდა ეცადოს გაგზავნოს პაციენტი სხვა, სუროგატის მიერ შერჩეულ ექიმთან ან სამედიცინო დაწესებულებაში.