მითითება "არ ჩაატარო რეანიმაცია", რომელიც მკურნალი ექიმის მიერ აღინიშნება სათანადო ფორმით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში, მიუთითებს სამედიცინო პერსონალს, არ ჩაატაროს კარდიოპულმონური რეანიმაცია (კპრ). ეს მითითება სასარგებლოა სიცოცხლის დასასრულს უსარგებლო და არასასურველი ინვაზიური მკურნალობის თავიდან ასაცილებლად.
ექიმები პაციენტთან ერთად განიხილავენ გულისა და სუნთქვის გაჩერების შესაძლებლობას, აღწერენ კპრ-ის პროცედურას და სთხოვენ პაციენტს განსაზღვროს, რა მკურნალობას აძლევს უპირატესობას. თუ პირს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი კპრ-ის თაობაზე, სუროგატმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება პირის ადრე გამოხატულ სურვილებს იმის თაობაზე, თუ რას ანიჭებს ის უპირატესობას, რას მიიჩნევს უმჯობესად; ან თუ ამ სურვილების თაობაზე არაფერია ცნობილი, პირის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მოხსენიებული მითითება არ ნიშნავს ბრძანებას "არ უმკურნალო". ის მხოლოდ კარდიოპულმონური რეანიმაციის ჩატარებას ეხება. სხვა მკურნალობა (მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპია, გადასხმები, დიალიზი ან ხელოვნური სუნთქვა), რამაც შეიძლება გაახანგრძლივოს სიცოცხლე, მაინც უნდა ჩატარდეს. აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტკივილგამაყუჩებელი მკურნალობა და ღონისძიებები, რომლებიც პაციენტის მშვიდ მდგომარეობას უზრუნველყოფენ (პალიატიური მზრუნველობა).
გარდა ამისა, შტატების უმრავლესობაში, დაწესებულია სპეციალური სტანდარტული ფორმა მითითებისა `არ ჩაატარო რეანიმაცია“, რომელიც მოქმედებს საავადმყოფოს გარეთ, იმ დასახლებული პუნქტის ნებისმიერ ადგილზე, სადაც პაციენტი ცხოვრობს. ამ ფორმას მოიხსენიებენ როგორც საავადმყოფოსგარე განკარგულებას, სიმშვიდის მომგვრელ მითითებას, ან სხვა სახელწოდებით. დოკუმენტზე საჭიროა როგორც პაციენტის (ან პაციენტის სუროგატის), ისე ექიმის ხელმოწერა. ამ პაციენტებს გაკეთებული აქვთ თვალში საცემი ფორმის სამაჯური ან ყელსაბამი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალი ადვილად შეამჩნევს და, პირის იდენტიფიცირების შემდეგ, დაემორჩილება მოთხოვნას. ასეთი მითითებების ამსახველი დოკუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისათვის, რომელთაც ავადმყოფობის ტერმინალური სტადია აქვთ და სურთ კომფორტის უზრუნველმყოფი ზრუნვა და არა რეანიმაცია იმ შემთხვევაში, თუ შეუწყდებათ გულისცემა და სუნთქვა. გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისას სიცოცხლეში გაცხადებული ნება და მუდმივი მინდობილობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ არ არის ეფექტური.