წამლის ორგანიზმში შეყვანა სხვადასხვა გზით ხდება. მათი მიღება შეიძლება პირის ღრუდან (ორალურად); მათი შეყვანა შეიძლება ინექციით ვენაში (ინტრავენურად), კუნთებში (ინტრამუსკულურად), ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში (ინტრათეკალურად) ან კანქვეშ (სუბკუტანეურად); შეიძლება მათი მოთავსება ენის ქვეშ (სუბლინგვურად); შეყვანა სწორი ნაწლავიდან (რექტალურად) ან საშოდან (ვაგინალურად); შეიძლება თვალში ჩაწვეთება (ოკულარულად); შეიძლება ცხვირში შესხურება და ცხვირის ლორწოვანი გარსიდან შეწოვა (ინტრანაზალურად); შესუნთქვა ფილტვებში პირიდან (ინჰალაცია); კანზე წასმა (კუტანეურად) ადგილობრივი ან ზოგადი (სისტემური) მოქმედებისთვის ან კანის გზით შეყვანა პლასტირის მიწებებით (ტრანსდერმულად) სისტემური ეფექტის მისაღწევად. თითოეულ მეთოდს თავისი მიზანი, უპირატესობა და უარყოფითი მხარეები აქვს.
ორალური გზა: იმის გამო, რომ პირის ღრუდან წამლის მიღება (დალევა, ჩაყლაპვა) ყველაზე მოსახერხებელი და, ჩვეულებრივ, ყველაზე უსაფრთხო და იაფია, ის ყველაზე ხშირად გამოიყენება. თუმცა, მას ნაკლოვანებებიც აქვს წამლის კუჭ-ნაწლავში გადაადგილების თავისებურების გამო. ორალურად მიღებული წამლის შეწოვა შეიძლება პირის ღრუსა და კუჭში დაიწყოს. ამასთან, ჩვეულებრივ, წამლების უმრავლესობა წვრილ ნაწლავში შეიწოვება. წამალი გაივლის ნაწლავის კედელს და სისხლის ნაკადთან ერთად სამიზნე ადგილზე მისვლამდე ღვიძლისკენ გადაადგილდება. ნაწლავის კედელი და ღვიძლი მრავალ წამალს ქიმიურად ცვლის (მეტაბოლიზმი), რაც ამცირებს სისხლის ნაკადში მოხვედრილი წამლის რაოდენობას. შესაბამისად, ასეთი წამლების დოზა ნაკლებია, როცა ისინი ვენაში შეჰყავთ იგივე ეფექტის მისაღებად.
როდესაც წამალს პირის ღრუდან იღებენ, კუჭ-ნაწლავში არსებული საკვები და სხვა წამლები გავლენას ახდენენ შეწოვილი წამლის მოცულობასა და შეწოვის სისწრაფეზე. ამიტომ ზოგიერთი წამალი უზმოზე უნდა დაინიშნოს, ზოგი საკვებთან ერთად, ზოგის მიღება არ შეიძლება სხვა სპეციფიკურ წამლებთან ერთად, ზოგი წამლის ორალური მიღება კი საერთოდ შეუძლებელია.
პირის ღრუდან მიღებული ზოგიერთი წამალი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს. მაგალითად, ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები (ასას-ები) ხშირად აზიანებენ კუჭის და წვრილი ნაწლავის ამომფენ ქსოვილს და შეიძლება გამოიწვიონ წყლული ან გააუარესონ არსებული წყლულით გამოწვეული დაზიანება. სხვა წამლები ცუდად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, ან კუჭში იშლება მჟავასა და მომნელებელი ფერმენტების ზემოქმედებით.
როცა ორალური მიღების გამოყენება ვერ ხერხდება, საჭიროა წამლის შეყვანის სხვა გზის შერჩევა. მაგალითად, მაშინ, როცა ადამიანი ვერაფერს იღებს პირის ღრუდან, ან წამლის შეყვანა სასწრაფოა, ან შეყვანა საჭიროა მაღალი სიზუსტით, ან ძალიან მაღალი დოზებით, ან როცა წამალი კუჭ-ნაწლავში ცუდად შეიწოვება.
ინექცია: წამლის ინექციით შეყვანა (პარენტერალურად) მოიცავს წამლის კანქვეშა (სუბკუტანეურ), კუნთშიგა (ინტრამუსკულურ), ვენაში (ინტრავენურ), ხერხემლის სვეტში (ინტრათეკალურ) შეყვანას. წამალი შეიძლება ისე დამუშავდეს, რომ ინექციის ადგილიდან მისი შეწოვა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს (საათების, დღეების განმავლობაში, ან უფრო მეტი დროის განმავლობაში). ასეთი წამლები არ ინიშნება ისე ხშირად, როგორც სწრაფად შეწოვადი წამლები.
კანქვეშა ინექციის დროს ნემსის წვერი კანის გავლით თავსდება კანქვეშ არსებულ ცხიმოვან ქსოვილში. აქ შეყვანილი წამალი ხვდება წვრილ სისხლძარღვებში (კაპილარებში) და გადაადგილდება სისხლის ნაკადთან ერთად, ან სისხლის ნაკადში ხვდება ლიმფური სადინარების მეშვეობით. ცილოვანი წამლები, რომელთა მოლეკულები დიდი ზომისაა (მაგალითად, ინსულინი) სისხლის ნაკადში, ჩვეულებრივ, ლიმფური სადინარებით ხვდებიან, რადგან ასეთი წამლები ქსოვილებიდან კაპილარებამდე ძალიან ნელა გადაადგილდება. მრავალი ცილოვანი წამლების შესაყვანად კანქვეშა ინექციები გამოიყენება, რადგან პერორალური მიღებისას მოხდებოდა მათი მონელება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ზოგიერთი წამლის (როგორიცაა პროგესტინი, რომელიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა) შეყვანა შესაძლებელია პლასტიკური კაფსულების კანქვეშ მოთავსების (ჩანერგვის, იმპლანტაციის) გზით (სუბკუტანეურად). თუმცა, ასეთ მეთოდს იშვიათად მიმართავენ.
კუნთშიგა (ინტრამუსკულური) შეყვანის გზა უპირატესია კანქვეშა ინექციებთან შედარებით, როცა საჭიროა წამლის დიდი მოცულობის შეყვანა. რადგან კუნთი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის ქვემოთ არის, ინტრამუსკულური ინექციისათვის უფრო გრძელი ნემსია საჭირო. წამლის ინექცია, ჩვეულებრივ, მკლავის, ბარძაყის ან დუნდულის კუნთებში ხდება. წამლის შეწოვის სისწრაფე, ნაწილობრივ, კუნთის სისხლით მომარაგებაზეა დამოკიდებული: რაც უფრო ნაკლებია სისხლით მომარაგება, მით უფრო დიდი დრო სჭირდება წამლის შეწოვას.
ვენაში (ინტრავენური) შეყვანისას ნემსის წვერი ვენის სანათურში თავსდება. წამლის შემცველი ხსნარი ვენაში შეიძლება ერთჯერადად შეიყვანონ ან ხანგრძლივად გადაასხან (ინფუზია). ინფუზიის დროს ხსნარი სიმძიმის ძალით (პლასტიკური ჩანთიდან) ან საინფუზიო ტუმბოს დახმარებით დრეკადი მილის გავლით გადაადგილდება ვენაში ჩადგმული მილისკენ (კათეტერისკენ), რომელიც ჩვეულებრივ წინამხარზეა მოთავსებული. ინტრავენური გზა წამლის შეყვანის საუკეთესო მეთოდია, როცა საჭიროა ზუსტი დოზის სწრაფად და დოზირებულად შეყვანა. ის ასევე გამოიყენება ქსოვილების გამაღიზიანებელი ხსნარების შეყვანისას, რომლებმაც კანქვეშა ან კუნთშიგა ინექციების დროს შეიძლება ტკივილი და ქსოვილების დაზიანება გამოიწვიონ. ინტრავენური ინექცია შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე წამლის კანქვეშ ან კუნთებში შეყვანა, რადგან ნემსის წვერის ვენის სანათურში მოხვედრა შეიძლება გაძნელდეს, განსაკუთრებით ჭარბწონიან პირებში.
ვენაში შეყვანილი წამალი მაშინვე ხვდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და მოქმედებასაც გაცილებით სწრაფად იწყებს, ვიდრე სხვა გზით შეყვანისას. ამიტომ სამედიცინო პერსონალი გულმოდგინედ აკვირდება ინტრავენურად დანიშნული წამლის სამკურნალო მოქმედებისა და მისი არასასურველი ეფექტების გამოვლენას. ამასთან, ამ გზით შეყვანილი წამალი უფრო ხანმოკლედ მოქმედებს. შესაბამისად, ზოგიერთი წამალი, ეფექტის გასახანგრძლივებლად, ინფუზიის (გადასხმის) სახით ინიშნება.
ინტრათეკალური შეყვანისას ნემსი თავსდება ორ მალას შორის ხერხემლის ქვედა ნაწილში ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში. შემდეგ წამალი შეჰყავთ ზურგის ტვინის არხში. ხშირად კანში წინასწარ შეჰყავთ ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება, როცა საჭიროა წამლით სწრაფი და ადგილობრივი ეფექტის გამოწვევა ტვინზე, ხერხემლის ტვინზე ან მათ მფარავ ქსოვილებზე (მენინგეალურ გარსებზე) – მაგალითად, ამ სტრუქტურების ინფექციების მკურნალობისას. ზოგჯერ ამ გზით შეჰყავთ საანესთეზიო და ტკივილგამაყუჩებელი წამლები (მაგ., მორფინი).
სუბლინგვური გზა: ზოგიერთი წამალი თავსდება ენის ქვეშ (სუბლინგვურად), რათა მათი შეწოვა მოხდეს ენის ქვეშ არსებული წვრილი სისხლძარღვებიდან. ენის ქვეშ მიღება განსაკუთრებით კარგია ნიტროგლიცერინისთვის, რომელიც სტენოკარდიის (გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუარესებით გამოწვეული ტკივილი) სამკურნალოდ გამოიყენება, რადგან შეწოვა სწრაფად ხდება და წამალი პირდაპირ სისხლის მიმოქცევის სისტემას აღწევს ნაწლავებისა და ღვიძლის გვერდის ავლით. თუმცა, წამლების უმრავლესობის ამ გზით მიღება შეუძლებელია, რადგან ისინი არასრულად ან არათანაბრად შეიწოვება.
რექტალური გზა: მრავალი წამალი, რომელსაც ორალურად ნიშნავენ, შეიძლება სანთლის სახით სწორი ნაწლავიდანაც (რექტალურად) იქნეს შეყვანილი. ამ მეთოდის გამოყენებისას წამალს ურევენ ცვილისებრ ნივთიერებას, რომელიც იხსნება ან ლღვება სწორ ნაწლავში მოთავსებისას. იმის გამო, რომ სწორი ნაწლავის კედელი თხელია და უხვი სისხლმომარაგება აქვს, მასში წამალი სწრაფად შეიწოვება. სანთლებს უნიშნავენ პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ წამლის ორალური გზით მიღება გულისრევის, ყლაპვის გაძნელების გამო, ან ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში საკვების მიღების შეზღუდვის გამო. წამლები, რომლებიც სანთლის ფორმით ქსოვილების გაღიზიანებას იწვევენ, ინექციის სახით უნდა დაინიშნოს.
ვაგინალური გზა: ზოგიერთი წამლის შეყვანა ქალებში საშოდან ხდება ხსნარის, ტაბლეტის, კრემის, გელის, სანთლის ან რგოლის სახით. წამალი საშოს კედლიდან ნელა შეიწოვება. ხშირად ეს მეთოდი მენოპაუზის ეტაპზე მყოფ ქალებში გამოიყენება ესტროგენის დანიშვნისას, რადგან ეს წამალი ხელს უშლის საშოს კედლის გათხელებას, რაც მენოპაუზით არის გამოწვეული.
ოკულარული გზა: თვალის დაავადების (როგორიცაა გლაუკომა, კონიუნქტივიტი თვალის ტრავმა) სამკურნალო წამლებს ურევენ არააქტიურ ნივთიერებებს და ამზადებენ ხსნარს, გელს ან მალამოს, რომლებიც თვალის გზით შესაყვანად გამოიყენება. თვალის თხევადი წვეთების გამოყენება შედარებით ადვილია, მაგრამ თვალიდან გარეთ სწრაფად გადმოედინება, რაც მათ კარგად შეწოვას ხელს უშლის. გელისა და მალამოს ფორმით მიწოდებული წამალი უფრო დიდხანს ეხება თვალის ზედაპირს. არსებობს წამლის უფრო მყარი ფორმებიც, რომელთაგანაც აქტიური წამალი შედარებით ნელა და უწყვეტად გამოთავისუფლდება, მაგრამ მათი თვალთან მოთავსება და იქ შეკავება გართულებულია. თვალის წამლები თითქმის ყოველთვის ადგილობრივი მკურნალობისთვის გამოიყენება. მაგალითად, ხელოვნური ცრემლები მშრალი თვალის სამკურნალოდ არის მოწოდებული. სხვა წამლები (მაგალითად, გლაუკომის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა აცეტაზოლამიდი და ბეტაქსოლოლი, აგრეთვე, გუგების გასაფართოებელი საშუალებები ფენილეფრინი და ტროპიკამიდი) ადგილობრივ ეფექტებს რქოვანასა და კონიუნქტივიდან შეწოვის შემდეგ იწვევენ. ამ წამლების ნაწილი სისხლის მიმოქცევაშიც ხვდება და შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებზე არასასურველი მოქმედება გამოიწვიონ.
ნაზალური გზა: იმისათვის, რომ წამალი ცხვირის ღრუდან შესუნთქვისას ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსიდან შეიწოვოს, აუცილებელია მისი უმცირესი ზომის წვეთებად გარდაქმნა და ჰაერთან შერევა. შეწოვის შემდეგ წამალი სისხლის მიმოქცევაში ხვდება. აღნიშნული მეთოდით შეყვანილი წამლები, ჩვეულებრივ, სწრაფად მოქმედებენ. ზოგიერთი მათგანი ცხვირის ღრუს აღიზიანებს. ინტრანაზალურად დასანიშნ წამლებს მიეკუთვნება ნიკოტინი (თამბაქოს მიტოვებისთვის), კალციტონინი (ოსტეოპოროზისთვის), სუმატრიპტანი (შაკიკისთვის) და კორტიკოსტეროიდები (ალერგიისთვის).
ინჰალაცია: პირის ღრუდან ინჰალაციის გზით შესაყვანი წამლები ცხვირის ღრუდან დანიშნულ წამლებზე უფრო მცირე ნაწილაკებად უნდა დაქუცმაცდეს, რათა ისინი სასულეს (ტრაქეას) გასცდნენ და ფილტვებს მიაღწიონ. მათი ფილტვების სიღრმეში შეღწევა დამოკიდებულია დაქუცმაცებული წვეთების ზომაზე. მცირე ზომის წვეთები უფრო ღრმად აღწევს, რაც ზრდის შეწოვილი წამლის რაოდენობას. ფილტვებიდან შეწოვის შემდეგ წამალი სისხლის მიმოქცევაში ხვდება.
ამ გზით შედარებით ცოტა წამალი ინიშნება, რადგან ინჰალაცია ზედმიწევნით დაკვირვებას საჭიროებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტის მიერ წამლის სათანადო რაოდენობითა და განსაზღვრული დროის განმავლობაში მიღება. ეს მეთოდი, ჩვეულებრივ, ფილტვებზე მოქმედი წამლების (მაგალითად, კონტეინერში აეროზოლის ფორმით გამოშვებული ანტიჰისტამინური წამლები) და ზოგადი ანესთეზიის გამომწვევი გაზების შესაყვანად გამოიყენება.
კუტანეური გზა: კანის გზით შესაყვანი წამლები, ჩვეულებრივ, მათი ადგილობრივი მოქმედებისთვის გამოიყენება და, შესაბამისად, კანის ზედაპირული დაავადებების სამკურნალოდ ნიშნავენ – კანის ისეთი პრობლემებისთვის, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, კანის ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი), ქავილი და მშრალი კანი. ამ დროს წამალს ურევენ არააქტიურ ნივთიერებას. ასეთი არააქტიური ნივთიერების კონსისტენციის შესაბამისად წამალი შეიძლება მომზადდეს მალამოს, კრემის, ლოსიონის, ხსნარის, ფხვნილის ან გელის სახით.
ტრანსდერმული გზა: ზოგიერთი წამალი ორგანიზმში შეჰყავთ კანის პლასტირის გზით. ასეთი წამლები, რომელთაც ზოგჯერ კანში შეღწევადობის გასაუმჯობესებლად სხვა ნივთიერებას ურევენ (მაგალითად, ალკოჰოლს), გაივლიან კანს და სისხლის მიმოქცევაში ინექციის გარეშე ხვდებიან. პლასტირის მეშვეობით შესაძლებელია წამლის ორგანიზმში უწყვეტად და ნელა შეყვანა საათების, დღეების განმავლობაში და ზოგჯერ უფრო ხანგრძლივადაც. აღნიშნულის გამო შესაძლებელი ხდება სისხლში წამლის დონის შედარებით მუდმივ დონეზე შენარჩუნება. პლასტირის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი წამლების შესაყვანად, რომლებიც ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნება, რადგან მათი სხვა ფორმით დანიშვნისას ძალიან ხშირი მიღება იქნება საჭირო. თუმცა, პლასტირი ზოგიერთ ადამიანს კანს უღიზიანებს. ამასთან, პლასტირის გამოყენება დამოკიდებულია წამლის კანში შეღწევის უნარზე. პლასტირის სახით მხოლოდ იმ წამლების დანიშვნაა შესაძლებელი, რომელთა დღიური დოზა მაღალი არ არის. ასეთი წამლებია ნიტროგლიცერინი (სტენოკარდიისთვის), სკოპოლამინი (ზღვის ავადმყოფობისთვის – კინეტოზისთვის), ნიკოტინი (თამბაქოს მისატოვებლად), კლონიდინი, იგივე კლოფელინი (მაღალი არტერიული წნევისთვის) და ფენტანილი (ტკივილის გასაყუჩებლად).