წამლის გავრცელება გულისხმობს წამლის გადაადგილებას სისხლში და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში (მაგალითად, ცხიმში, კუნთებში, ტვინის ქსოვილში), ასევე წამლის შემცველობას სხვადასხვა ქსოვილში.
სისხლის მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ წამალი სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში. სისხლის ცირკულაციის საშუალო დრო ერთი წუთია. სისხლის ცირკულირებასთან ერთად წამალი სისხლიდან ქსოვილებში გადაადგილდება.
შეწოვის შემდეგ წამლები ორგანიზმში თანაბრად არ ნაწილდება. წყალში ხსნადი წამლები, როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული წამალი ატენოლოლი, რჩება სისხლში და უჯრედების გარშემო არსებულ სითხეში (ინტერსტიციული სივრცე). ცხიმში ხსნადი წამლები, როგორიცაა საანესთეზიო წამალი ჰალოტანი, ცხიმოვან ქსოვილებში კონცენტრირდება. ზოგიერთი სხვა წამალი სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილში გროვდება (მაგალითად, იოდი ძირითადად ფარისებრ ჯირკვალში კონცენტრირდება), რადგან იქ არსებულ ქსოვილებს გააჩნიათ სპეციფიკური მიდრეკილება (აფინურობა) ამ წამლების მიმართ და მათი შეკავების გამოხატული უნარი.
წამლები სხვადასხვა ქსოვილში განსხვავებული სისწრაფით აღწევენ, რაც წამლის მიერ მემბრანებში გასვლის უნარზეა დამოკიდებული. მაგალითად, საანესთეზიო საშუალება თიოპენტალი, რომელიც ცხიმში კარგად იხსნება, სწრაფად აღწევს ტვინში, მაგრამ წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი პენიცილინი – ვერა. ზოგადად, ცხიმში ხსნადი წამლები უფრო სწრაფად გააღწევენ უჯრედის მემბრანაში, ვიდრე წყალში ხსნადი წამლები. ზოგიერთი წამლის ქსოვილებში გადაადგილებას ხელს უწყობს ტრანსპორტირების განსაკუთრებული მექანიზმები.
ზოგიერთი წამალი სისხლის მიმოქცევას ძალიან ნელა ტოვებს, რადგან იქ მჭიდროდ უკავშირდება სისხლში მოცირკულირე ცილებს. სხვა წამლები კი სწრაფად გამოდიან სისხლის მიმოქცევიდან და ქსოვილებში გადაადგილდებიან, რადგან ისინი სისხლის ცილებთან მჭიდროდ არ არიან დაკავშირებული. სისხლის ცილებს შეიძლება დაუკავშირდეს წამლის მხოლოდ ნაწილი ან მისი ყველა მოლეკულა. წამლის ცილებთან შეკავშირებული ნაწილი, ჩვეულებრივ, არააქტიურია. მას შემდეგ, რაც ცილებთან დაუკავშირებელი წამალი ქსოვილებში გადავა და მისი კონცენტრაცია სისხლში დაქვეითდება, სისხლის ცილები თანდათან გამოათავისუფლებს მათთან მიერთებულ წამალს. ამრიგად, სისხლის მიმოქცევაში ცილებთან შეკავშირებული წამალი რეზერვუარის როლს ასრულებს.
ზოგიერთი წამალი გარკვეულ ქსოვილებში გროვდება, რომლებმაც ასევე შეიძლება რეზერვუარის როლი შეასრულოს. ამ ქსოვილებიდან წამალი ნელა გადადის სისხლის მიმოქცევაში, რაც სისხლში წამლის კონცენტრაციის სწრაფად დაქვეითებას ეწინააღმდეგება და წამლის მოქმედების გახანგრძლივებას უწყობს ხელს. გარკვეული წამლები, რომლებიც ცხიმოვან ქსოვილებში აკუმულირდება, ისე ნელა ტოვებენ ამ ქსოვილებს, რომ სისხლში მათი ცირკულაცია წამლის მიღების შეწყვეტიდან კიდევ რამდენიმე დღეს გრძელდება.
ორგანიზმში წამლის გავრცელება განსხვავდება ადამიანებს შორის. მაგალითად, მსუქანი ადამიანების ორგანიზმში ცხიმში ხსნადი წამლები შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს, მაშინ, როცა გამხდარ პირებში იგივე წამლები ნაკლებად აკუმულირდება. ხანდაზმული ადამიანების ორგანიზმში, მაშინაც კი, როცა ისინი გამხდრები არიან, ცხიმში ხსნადი წამლები შეიძლება ჭარბად დაგროვდეს, რადგან ცხიმის შემცველობა ორგანიზმში დაბერებასთან ერთად მატულობს.