წამლების ურთიერთქმედება | მკურნალი.გე
  1. წამლების ურთიერთქმედება
  2. წამლებისადმი ორგანიზმის პასუხზე მოქმედი ფაქტორები
  3. წამლები
წამლების ურთიერთქმედება

წამალმა ადამიანის ორგანიზმზე შეიძლება მოსალოდნელისაგან განსხვავებული ეფექტი გამოიწვიოს, რადგან წამალი შეიძლება ურთიერთქმედებდეს:

  • სხვა წამალთან, რომელსაც იღებს ადამიანი (წამალთაშორისი ურთიერთქმედება)

  • საკვებთან, სასმელთან ან დანამატებთან, რომელსაც იღებს ადამიანი (წამლისა და საკვების ურთიერთქმედება)

  • სხვა დაავადებასთან, რომელიც ადამიანს აქვს (წამლისა და დაავადების ურთიერთქმედება).

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

წამალთაშორისი ურთიერთქმედება შეიძლება მოიცავდეს როგორც რეცეპტით, ასევე ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს. წამალთაშორისი ურთიერთქმედების ტიპებს მიეკუთვნება: გაორმაგება (დუბლირება), წინააღმდეგობა (ანტაგონიზმი) და რომელიმე ან ორივე წამალზე ორგანიზმის ზემოქმედების ცვლილება.

გაორმაგება: როდესაც მიიღება ორი, ერთი და იმავე მოქმედების წამალი, მათი გვერდითი ეფექტების ინტენსიურობა შეიძლება გაიზარდოს. დუბლირება შეიძლება განვითარდეს, როდესაც ადამიანები უყურადღებოდ იღებენ ორ წამალს (ხშირად ერთ-ერთი მათგანი არის ურეცეპტოდ გასაცემი წამალი), რომლებიც ერთ და იმავე აქტიურ ინგრედიენტს შეიცავენ. მაგ. ადამიანმა შეიძლება მიიღოს გრიპის საწინააღმდეგო წამალი და დასაძინებელი წამალი და ორივე შეიცავდეს დიფენჰიდრამინს; ან შეიძლება მიიღოს გრიპის საწინააღმდეგო წამალი და ტკივილგამაყუჩებელი და ორივე შეიცავდეს აცეტამინოფენს. გაორმაგების ეს ტიპი უფრო ხშირია ისეთი წამლების მიღებისას, რომლებიც მრავალ ინგრედიენტს შეიცავენ, ან რომლებიც იყიდება სავაჭრო სახელწოდებებით (რადგან სახელწოდებით ისინი განსხვავებულად ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ერთსა და იმავე ინგრედიენტებს შეიცავენ). დუბლირების ეფექტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მიღებული წამლის ყველა ინგრედიენტის ცოდნა, აგრეთვე, ყველა ახალი პრეპარატის კარგად გაცნობა. მაგალითად, რეცეპტით გასაცემი ბევრი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი შეიცავს ოპიოიდსა და აცეტამინოფენს. ადამიანებმა, რომლებიც იღებენ ამ წამალს და არ იციან მისი ინგრედიენტების შესახებ, შეიძლება მიიღონ ურეცეპტოდ გასაცემი წამალი აცეტამინოფენი ტკივილის მეტად შემსუბუქებისთვის, რაც ტოქსიკურობის რისკს გაზრდის.

გაორმაგებასთან დაკავშირებული ანალოგიური პრობლემები შეიძლება განვითარდეს, როდესაც ადამიანი იღებს ორ განსხვავებულ წამალს, რომელთაც ერთი და იგივე ეფექტი აქვთ. ხშირად ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ერთდროულად სხვადასხვა ექიმს მიმართავენ, ან წამლებს სხვადასხვა აფთიაქში ყიდულობენ, ან ორივე ერთად. ექიმებმა, რომლებმაც არ იციან, თუ რა გამოწერეს სხვა ექიმებმა, შესაძლოა მსგავსი პრეპარატი გამოწერონ. მაგალითად, როდესაც ორივე ექიმი გამოწერს ძილის წამალს, ან ერთი ექიმი გამოწერს ძილის წამალს და მეორე კი სხვა წამალს (მაგალითად, აგზნების საწინააღმდეგო წამალს), რომელსაც მსგავსი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, შესაძლოა განვითარდეს გადამეტებული სედაცია და თავბრუსხვევა. ზემოაღნიშნული რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ პაციენტები მკურნალ ექიმს მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას მათ მიერ მიღებული წამლების შესახებ, ან ყველა რეცეპტისთვის ერთსა და იმავე აფთიაქს მიმართავენ. ასევე სასარგებლოა ყველა მიღებული წამლის განახლებული ნუსხის ქონა და მისი ექიმთან მიტანა ყოველი ვიზიტის დროს. ამასთან, ადამიანებმა არ უნდა მიიღონ ადრე გამოწერილი წამლები (მაგალითად, ძილის წამლები ან ტკივილგამაყუჩებლები) ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გააორმაგოს ახალდანიშნული წამლის ეფექტი ან ხელი შეუშალოს მას.

წინააღმდეგობა (ანტაგონიზმი): ორმა, ერთმანეთის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე, წამალმა შეიძლება ერთმანეთზე იმოქმედოს, რის გამოც შემცირდება ერთ-ერთი მათგანის ან ორივეს ეფექტურობა. მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (ასას-ები, NSAIDs), როგორიცაა იბუპროფენი, რომელიც მიიღება ტკივილის შესამცირებლად, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში მარილისა და წყლის შეკავება. შარდმდენები, მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი და ფუროსემიდი, ეხმარება ორგანიზმს მარილისა და წყლის ჭარბი რაოდენობისაგან გათავისუფლებაში. თუ ადამიანი იღებს ორივე სახის წამალს, ასას-ებმა შეიძლება შეამციროს შარდმდენების ეფექტურობა. გარკვეული ბეტა-ბლოკერები (მაგალითად, პროპრანოლოლი), რომლებიც მაღალი არტერიული წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ეწინააღმდეგება ბეტა-ადრენერგული სისტემის სტიმულატორებს, როგორიცაა ალბუტეროლი, რომელიც ბრონქული ასთმის სამკურნალოდ არის მოწოდებული. ზემოხსენებული ორივე წამლის სამიზნე ერთი და იგივე რეცეპტორებია – ბეტა-2 რეცეპტორები (იხ. ცხრილი "სამიზნეები ორგანიზმში: უჯრედის რეცეპტორები"), მაგრამ ერთი მათგანი აბლოკირებს მათ, ხოლო მეორე ასტიმულირებს.

ალტერაცია: ერთმა წამალმა შესაძლოა შეცვალოს ორგანიზმის მიერ სხვა წამლის შეწოვის, განაწილების, გარდაქმნის ან გამოყოფის უნარი.

კუჭის სიმჟავის დამაქვეითებელი წამლები, როგორებიცაა ჰისტამინ-2 (H2) რეცეპტორების ბლოკატორები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ზრდიან კუჭის pH-ს და ამცირებენ ზოგიერთი წამლის შეწოვას, როგორიცაა სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატი კეტოკონაზოლი.

ბევრი წამალი იშლება და ინაქტივირდება (მეტაბოლიზდება) ღვიძლში არსებული გარკვეული ფერმენტების მოქმედებით. ბევრი წამალი ზეგავლენას ახდენს ამ ფერმენტებზე და იწვევენ მათი აქტიურობის გაზრდას ან შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვა წამლების ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი ან უფრო ნელი ინაქტივაცია. მაგ. ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის გაზრდით, ბარბიტურატები (მაგალითად, ფენობარბიტალი) იწვევს ანტიკოაგულანტის ვარფარინის უფრო სწრაფ ინაქტივაციას, რაც ამ პერიოდში მიღებულ ვარფარინს ნაკლებ ეფექტურს ხდის. მეორე მხრივ, ფერმენტთა სისტემის აქტიურობის შემცირების გამო ისეთი წამლები, როგორიცაა ერითრომიცინი და ციპროფლოქსაცინი იწვევენ ვარფარინის აქტიურობის მომატებას, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. ამიტომ როცა პაციენტებს, რომლებიც ვარფარინს იღებენ, ენიშნებათ ღვიძლის ფერმენტულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ექიმები ამ პაციენტებს ყურადღებით აკვირდებიან და შესაბამისად ცვლიან ვარფარინის დოზას არასასურველი ეფექტების საკომპენსაციოდ. ვარფარინის დოზას კვლავ ცვლიან, როდესაც წყდება სხვა წამლების მიღება. ღვიძლის ფერმენტებზე ზეგავლენას ბევრი სხვა წამალიც ახდენს.

სიგარეტის კვამლში არსებული ქიმიური ნაერთები ზრდიან ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის აქტივობას. ამის შედეგად, მოწევა ამცირებს ზოგიერთი წამლის ეფექტურობას, მათ შორის პროპოქსიფენის (ანალგეტიკი) და თეოფილინის (პრეპარატი, რომელიც აფართოებს სასუნთქ გზებს – ე.წ. ბრონქოდილატატორი) მოქმედებას.

ზოგიერთი წამალი ზეგავლენას ახდენს თირკმლების მიერ სხვა წამლების გამოყოფის სისწრაფეზე. მაგალითად, დიდი რაოდენობით ვიტამინ C ზრდის შარდის მჟავიანობას, რის გამოც მან შეიძლება შეცვალოს სხვა წამლების გამოყოფის სისწრაფე და მოქმედება. მაგალითად, შესაძლოა, შემცირდეს მჟავე რეაქციის მქონე წამლების (როგორიცაა ასპირინი) გამოყოფის სიჩქარე, მაგრამ მოიმატოს ტუტე რეაქციის მქონე წამლების (როგორიცაა ფსევდოეფედრინი) გამოყოფის სიჩქარემ.

იმის გამო, რომ წამალთაშორისი ურთიერთქმედება ძალზე მრავალფეროვანია, ბევრი ექიმი და ფარმაცევტი მსგავსი პრობლემების განვითარების რისკის შესამცირებლად მუდმივად მიმართავენ სათანადო ცნობარებს და კომპიუტერულ პროგრამებს ახალი წამლის გამოწერის წინ. ბევრ აფთიაქში რეცეპტებს აფასებენ კომპიუტერული სისტემის დახმარებით, რომელიც ავტომატურად ამოწმებს წამალთა ურთიერთქმედებას.

წამლისა და საკვების

ურთიერთქმედება

საკვებ ნივთიერებებს მიეკუთვნება საკვები, სასმელი (მათ შორის ალკოჰოლიც) და საკვები დანამატები. ამ ნივთიერებებმა შეიძლება ზეგავლება მოახდინოს ადამიანის მიერ მიღებული წამლების ეფექტურობაზე.

საკვები: მიღებული წამლები, საკვების მსგავსად, კუჭის ან წვრილი ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის გავლით შეიწოვება. შესაბამისად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების არსებობამ შეიძლება შეამციროს წამლის შეწოვა. ხშირად, ასეთი ურთიერთქმედების თავიდან აცილება შესაძლებელია წამლის ჭამამდე 1 საათით ადრე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ მიღებით.

საკვები დანამატები: საკვები დანამატები, მათ შორის სამკურნალო მცენარეები, წარმოადგენენ პროდუქტებს (თამბაქოს გარდა), რომლებიც შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეებს ან ამინომჟავებს და გამიზნულია საკვებთან ერთად გამოსაყენებლად დანამატის სახით. საკვები დანამატები მიეკუთვნებიან საკვებს, და არა წამლებს. ამიტომ არ ხდება მათი გულმოდგინედ შესწავლა. თუმცა, ისინი შესაძლოა ურთიერთქმედებდნენ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამლებთან. ადამიანებმა, რომლებიც იღებენ საკვებ დანამატებს, ამის შესახებ უნდა აცნობონ თავის ექიმებსა და ფარმაცევტებს, რათა თავიდან აიცილონ არასასურველი ურთიერთქმედება.

ალკოჰოლი: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ალკოჰოლს საკვებ ნივთიერებად არ მიიჩნევს, ის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე და ურთიერთქმედებს წამლებთან. მაგალითად, ალკოჰოლის ანტიბიოტიკ მეტრონიდაზოლთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წამოწითლება, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, გულისრევა და ღებინება. ექიმებს და ფარმაცევტებს შეუძლიათ პასუხი გასცენ ალკოჰოლისა და წამლების ურთიერთქმედების შესახებ არსებულ კითხვებს.

წამლისა და დაავადების ურთიერთქმედება

ზოგჯერ, წამლები, რომლებიც შველიან ერთ დაავადებას, აუარესებენ მეორეს. მაგალითად, ზოგიერთმა ბეტა-ბლოკერმა, რომელიც გულის დაავადების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ ინიშნება, შეიძლება გააუარესოს ასთმა და გაურთულოს დიაბეტიან პაციენტებს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების დროული აღქმა. ზოგმა გაცივების საწინააღმდეგო წამალმა შესაძლოა დაამძიმოს გლაუკომა. ადამიანებმა უნდა უთხრან ექიმს მათი ყველა დაავადების შესახებ, სანამ ექიმი მათ ახალ წამალს გამოუწერს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ან დაბალი წნევა, წყლული, გლაუკომა, გადიდებული პროსტატა, შარდის შეუკავებლობა და უძილობა, რადგან ასეთი დაავადებების მქონე პირებს უფრო ხშირად აღენიშნებათ წამლისა და დაავადების ურთიერთქმედება.

წამლისა და დაავადების ურთიერთქმედება შეიძლება ნებისმიერ პირს განუვითარდეს, თუმცა ის უფრო ხშირია მოხუცებში, რადგანაც მათ მეტი დაავადება აქვთ.