1. ჰეპატიტი
  2. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ჰეპატიტი

ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება.

ჰეპატიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ვირუსია, კერძოდ, ერთ-ერთი ჰეპატიტის გამომწვევი 5 ვირუსიდან – A, B, C, D და E. ჰეპატიტის სხვა ხშირი მიზეზებია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ზოგიერთი წამლის მიღება, მაგ.: იზონიაზიდით მკურნალობა (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ). შედარებით იშვიათად ჰეპატიტს იწვევს სხვა ვირუსული ინფექციები, როგორიცაა ინფექციური მონონუკლეოზი, მარტივი ჰერპესი ან ციტომეგალოვირუსული ინფექცია. ღვიძლში მცირე ზომის ანთებითი კერების გაჩენა შეიძლება მრავალმა სხვა ინფექციამ თუ დაავადებამ გამოიწვიოს, მაგრამ ისინი იშვიათად იწვევენ სიმპტომებს ან გართულებებს.

ჰეპატიტი შეიძლება იყოს მწვავე (გრძელდება ცოტა ხანს) ან ქრონიკული (გრძელდება, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში). ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.