წამლის არასასურველი მოქმედების სახეები | მკურნალი.გე
  1. წამლის არასასურველი მოქმედების სახეები
  2. წამლის არასასურველი მოქმედება
  3. წამლები
წამლის არასასურველი მოქმედების სახეები

მრავალი გვერდითი რეაქცია მედიკამენტის თერაპიული ეფექტის გაძლიერებული გამოვლინებაა (რასაც პირველი ტიპის ანუ ზედოზირების რეაქციები ეწოდება). მაგალითად, არტერიული წნევის დასაქვეითებლად წამლის მიღებისას ადამიანმა შესაძლოა თავბრუსხვევა ან გაბრუება იგრძნოს, თუკი მედიკამენტმა წნევა ზედმეტად დასწია. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტს შეიძლება სისუსტე, ოფლიანობა, გულისრევა და გულის ფრიალის შეგრძნება განუვითარდეს, თუ ინსულინმა ან დიაბეტის საწინააღმდეგო, დასალევმა წამალმა სისხლში შაქრის დონე ძალიან დააქვეითა. ხშირად შესაძლებელია, ვიწინასწარმეტყველოთ, განვითარდება თუ არა გვერდითი მოვლენების ეს ტიპი მაგრამ ზოგჯერ მათი თავიდან აცილება შეუძლებელია. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს: წამლის ზედმეტად დიდი დოზა, ადამიანის მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტისადმი ან სხვა საშუალების მიღება, რომელიც ანელებს ამ წამლის გადამუშავებას ორგანიზმში და ზრდის მის შემცველობას სისხლში. პირველი ტიპის რეაქციები ბევრ შემთხვევაში მძიმე არ არის, მაგრამ ისინი შედარებით ხშირია.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განვითარების მექანიზმი დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი (ე.წ. მეორე ტიპის ანუ იდიოსინკრაზიული რეაქციები). ხშირად შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, განვითარდება თუ არა ისინი. ასეთი გვერდითი მოვლენების მაგალითებია: კანზე გამონაყარი, სიყვითლე, ანემია, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თირკმლის დაზიანება ან ნერვების დაზიანება, რამაც შესაძლოა მხედველობა ან სმენა დააქვეითოს. ასეთი რეაქციები ხშირად უფრო მძიმეა, მაგრამ ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში გვხვდება. ეს პაციენტები შესაძლოა ალერგიულნი იყვნენ შესაბამის მედიკამენტებზე ან ჰქონდეთ მომატებული მგრძნობელობა მათდამი, რასაც იწვევს გენეტიკური განსხვავებები, რაც ორგანიზმის მიერ წამლის გადამუშავებას ან მასზე პასუხს განაპირობებს.

ზოგი გვერდითი რეაქცია არ არის დაკავშირებული სამკურნალო საშუალების თერაპიულ ეფექტთან, მაგრამ შესაძლებელია მათი განვითარების პროგნოზირება, რადგან ამის მექანიზმები საკმაოდ კარგადაა გარკვეული. ასე მაგალითად, კუჭის გაღიზიანება და სისხლდენა ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებიც ასპირინს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ასას-ებს) იღებენ. ამის მიზეზია პროსტაგლანდინების წარმოქმნის შემცირება მედიკამენტების მოქმედების გამო, რადგან სწორედ ეს ნივთიერებები იცავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს კუჭის მჟავასგან.