წამლის არასასურველი მოვლენების სიმძიმე | მკურნალი.გე
  1. წამლის არასასურველი მოვლენების სიმძიმე
  2. წამლის არასასურველი მოქმედება
  3. წამლები
წამლის არასასურველი მოვლენების სიმძიმე

არ არსებობს უნივერსალური სკალა, რომელიც აღწერდა ან შეაფასებდა გვერდითი მოვლენების სიმძიმეს. ეს დიდწილად სუბიექტურია. რეაქცია შეიძლება დავახასიათოთ, როგორც: მსუბუქი, საშუალო, მძიმე ან სასიკვდილო.

გვერდითი მოვლენები, რომელთაც აღწერენ როგორც მსუბუქს ან უმნიშვნელოს, მოიცავს: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევებს, თავის ტკივილს, დაღლილობას, კუნთების ზოგად ტკივილს, უგუნებობას (ზოგადად, ცუდად ყოფნის უსიამოვნო შეგრძნებას) და ძილის შეცვლას. თუმცაღა, ასეთი რეაქციები ადამიანისთვის შეიძლება საკმაოდ შემაწუხებელი იყოს. შედეგად, პაციენტებს ზოგჯერ აღარ უნდათ მიიღონ დანიშნული წამალი და შესაძლოა, მკურნალობის მიზნის მიღწევაც ვერ მოხერხდეს.

რეაქციები, რომლებიც ზოგადად მსუბუქად ითვლება, საშუალო სიმძიმისა ხდება, თუკი პაციენტი მათ ძალიან გამაღიზიანებლად, შემაწუხებლად ან აუტანლად მიიჩნევს. სხვა საშუალო სიმძიმის მოვლენებიდან აღსანიშნავია: გამონაყარი კანზე (განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გავრცელებულია და ხანგრძლივადაა), მხედველობის დარღვევები (განსაკუთრებით კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში), კუნთების კანკალი, მოშარდვის გაძნელება (მრავალი მედიკამენტის ხშირი გვერდითი მოვლენაა მოხუც მამაკაცებში), განწყობის ან გონებრივი ფუნქციების ნებისმიერი საგრძნობი ცვლილება და ზოგიერთი გამოვლინება სისხლის მხრივ, მაგ. ლეიკოციტების დროებითი, შექცევადი შემცირება ან ზოგი ნივთიერების, მაგ. გლუკოზის დონის ცვლილებები.

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გვერდითი რეაქციების განვითარება სულაც არ ნიშნავს, რომ მედიკამენტის მოხსნაა აუცილებელი, განსაკუთრებით თუ მის მაგივრად სხვა ვერაფერი დაინიშნება. თუმცა, ექიმი, სავარაუდოდ, გადახედავს დოზას, მიღების სიხშირეს (რამდენჯერ მიიღება წამალი დღეში) და დროს (მაგ. მედიკამენტი ჭამამდე მიიღება თუ შემდეგ, დილას თუ ძილის წინ). გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად შესაძლოა, სხვა წამლებიც დაინიშნოს (მაგ. განავლის გამათხელებლები შეკრულობის შემთხვევაში).

მძიმე რეაქციებს მიეკუთვნება ისინი, რომლებიც სიცოცხლისთვის სახიფათოა (მაგ. ღვიძლის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, ზოგი ალერგიული რეაქცია), იწვევს ხანგრძლივ, მძიმე უნარშეზღუდულობას, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას ან თანდაყოლილ დეფექტებს. მძიმე გვერდითი მოვლენები შედარებით იშვიათია. მათი გამოვლენის შემთხვევაში, როგორც წესი, წამლის მიღება წყდება და შესაბამისი მკურნალობა იწყება. თუმცა, ზოგჯერ ექიმები საჭიროდ თვლიან, რომ გაგრძელდეს მაღალი რისკის შემცველი მედიკამენტის მიღება (მაგ. ქიმიოთერაპიული საშუალების მიღების გაგრძელება ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ან იმუნიტეტის დამთრგუნავი საშუალებების ხანგრძლივი მიღება ორგანოს გადანერგვის შემდეგ). ასეთ შემთხვევებში ექიმები მიმართავენ ყველა შესაძლო მეთოდს მძიმე გვერდითი რეაქციის გასაკონტროლებლად.