1. რისკ-ფაქტორები
  2. წამლის არასასურველი მოქმედება
  3. წამლები
რისკ-ფაქტორები

წამლის გვერდითი რეაქციის განვითარების საშიშროებას მრავალი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა: რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად მიღება, ძალიან მცირე ან დიდი ასაკი, ორსულობა და ძუძუთი კვება. მემკვიდრეობითი ფაქტორების გამო ზოგი ადამიანი უფრო მოწყვლადია ზოგიერთი წამლის ტოქსიკური ეფექტებისადმი. დაავადებებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მედიკამენტის შეწოვაზე, გადამუშავებაზე, სხეულიდან გამოყოფასა და ორგანიზმის პასუხზე, რაც ასევე ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს. დღემდე კარგად არ არის შესწავლილი, თუ როგორ ახდენს ამაზე გავლენას გონებისა და სხეულის ურთიერთქმედება, მაგ. განწყობა, მოლოდინი, თვითრწმენა და ექიმის ნდობა.

რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღება

გვერდითი მოვლენების რისკის ზრდას რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღებაც იწვევს, იქნება ისინი რეცეპტით თუ ურეცეპტოდ გაცემული. გვერდითი რეაქციების რიცხვი და სიმძიმე გამოყენებული წამლების რაოდენობასთან ერთად, არაპროპორციულად იზრდება. რისკი იმატებს ალკოჰოლის მიღებისას, რადგან ისიც, მედიკამენტების მსგავსად, ორგანიზმზე მოქმედი ნივთიერებაა. ექიმისთვის ან ფარმაცევტისთვის თხოვნით, დროდადრო გადახედოს იმ წამლების ჩამონათვალს, რომელსაც პაციენტი იღებს და შეიტანოს საჭირო ცვლილებები მათში, შესაძლოა გვერდითი მოვლენების რისკი შემცირდეს.

ასაკი

ჩვილებსა და ძალიან პატარა ბავშვებში არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ძალიან დიდია, რადგან მათი ორგანიზმის უნარი, გადაამუშაოს წამლები, სრულად არ არის განვითარებული. მაგალითად, ახალშობილებს არ შეუძლიათ ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლის გადამუშავება და გამოყოფა. თუკი ეს მედიკამენტი ახალშობილმა მიიღო, შესაძლოა ნაცრისფერი ჩვილის სინდრომი განვითარდეს – საკმაოდ მძიმე და ხშირად სასიკვდილო რეაქცია. თუკი სხვა ანტიბიოტიკი, კერძოდ, ტეტრაციკლინი დაენიშნა ჩვილს ან პატარა ბავშვს კბილების ამოსვლის პერიოდში (დაახლოებით 8 წლამდე), შესაძლოა კბილის მინანქარმა სამუდამოდ შეიცვალოს ფერი. 18 წლამდე ბავშვებში მაღალია რეიეს სინდრომის რისკი ასპირინის მიღებისას გრიპის ან ჩუტყვავილას დროს.

მოხუცებში გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება რამდენიმე მიზეზის გამო იზრდება. ამ ასაკში უფრო ხშირია ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემის ერთდროულად არსებობა და, შესაბამისად, ხანში შესულებიც უფრო ბევრ წამალს (როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს) იღებენ. ამასთანავე, დაბერებასთან ერთად მცირდება ღვიძლის მიერ წამლების გარდაქმნის უნარი, ხოლო თირკმელებს წამლების ორგანიზმიდან გამოყოფა უჭირთ, რაც ზრდის მედიკამენტის მიერ თირკმლების დაზიანებისა და სხვა გვერდითი მოვლენების რისკს. ეს ასაკთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო მძიმდება არასაკმარისი კვებითა და გაუწყლოვნებით, რაც შედარებით ხშირად გვხვდება მოხუცებში.

ხანში შესული ადამიანის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეცაა მრავალი მედიკამენტის ეფექტებისადმი. მაგალითად, მოხუცებულებში შედარებით ხშირად ვითარდება თავბრუსხვევა, უმადობა, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა და კოორდინაციის მოშლა, რაც დაცემისა და მოტეხილობის რისკს ზრდის. ასეთი რეაქციების გამომწვევი მედიკამენტებია: მრავალი ანტიჰისტამინური საშუალება, ძილის წამლები, შფოთვის საწინააღმდეგო, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები და ანტიდეპრესანტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მრავალ მედიკამენტს, მაგ. ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, როგორიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ბლოკერები, ახასიათებს რისკი ნაყოფის ჯანმრთელობისა და ნორმალური განვითარების მხრივ. ორსულობისას მედიკამენტების მიღება შეზღუდული უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით კი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. თუმცაღა, ზოგი წამლის შემთხვევაში, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ბლოკერების, რისკი ყველაზე მაღალი ორსულობის ბოლო ტრიმესტრშია. ურეცეპტოდ ან რეცეპტით გაცემული საშუალებების, საკვები დანამატების მიღებამდე ექიმის კონსულტაციაა საჭირო ორსულთათვის. ალკოჰოლის, ნიკოტინის და აკრძალული ნივთიერებების (კოკაინი და ოპიოიდები, მაგ. ჰეროინი) მიღება ასევე სარისკოა ფეხმძიმე ქალისა და ნაყოფისთვის.

მედიკამენტები და სამედიცინო მცენარეები დედის რძით შესაძლოა ბავშვის ორგანიზმშიც მოხვდეს. ზოგი წამლის მიღება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება, ზოგი კი ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს. არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებიც ზოგადად არ ვნებს ბავშვს, მაგრამ მაინც სჯობს, ქალმა ექიმს მიმართოს, სანამ ძუძუთი კვების დროს რაიმე წამალს მიიღებდეს. ალკოჰოლი, თამბაქო და აკრძალული ნივთიერებებიც საშიშია ბავშვისთვის, რომელიც დედის რძით იკვებება.