წამლისმიერი ალერგია | მკურნალი.გე
  1. წამლისმიერი ალერგია
  2. წამლის არასასურველი მოქმედება
  3. წამლები
წამლისმიერი ალერგია

ადამიანებს ზოგჯერ წამლის გვერდითი რეაქცია შეცდომით ალერგია ჰგონიათ. მაგალითად, ისინი, ვისაც ასპირინის მიღების შემდეგ კუჭის არეში უსიამოვნო შეგრძნება უვლინდება (რაც ხშირი გვერდითი რეაქციაა), ხანდახან ამბობენ, რომ "ალერგიულნი" არიან ასპირინზე. ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია მოიცავს მედიკამენტის მიერ იმუნური სისტემის გააქტიურებას. ასპირინის მიღება კი კუჭის არეში უსიამოვნო შეგრძნებას იმიტომ იწვევს, რომ ეს წამალი არღვევს ბუნებრივ დამცველობით ბარიერს კუჭის წვენის წინააღმდეგ.

ალერგიული რეაქციები (ზემგრძნობელობა) წამალზე შედარებით იშვიათია. სხვა გვერდითი მოვლენებისგან განსხვავებით, ალერგიის სიმძიმე და მისი განვითარების სიხშირე არ არის დამოკიდებული მიღებული წამლის რაოდენობაზე. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ალერგიულნი არიან მედიკამენტზე, სულ მცირე დოზაც კი საკმარისია, რომ ალერგიული რეაქცია განვითარდეს. იგი შეიძლება იყოს მსუბუქი და უბრალოდ გამაღიზიანებელი ან მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში, მაგალითად: გამონაყარი კანზე და ქავილი; ცხელება; სასუნთქი გზების შევიწროება და მსტვინავი სუნთქვა; ქსოვილების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება (მაგ. ხორხის ან სახმო იოგებს შორის არსებული სივრცის (ყია), რომელიც იხურება ფილტვებიდან ჰაერის დინების ჩასაკეტად); არტერიული წნევის დაცემა, ზოგჯერ სახიფათოდაც კი.

შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, განვითარდება თუ არა წამალზე ალერგია, რადგან ხშირად ადამიანს მანამდეც აქვს ხოლმე ეს მედიკამენტი მიღებული ერთხელ ან მეტჯერ (კანის გზით, დასალევად ან ინექციით) და მაშინ ალერგიული რეაქცია არ განვითარებულა. თუმცა, კანის სინჯებით ზოგჯერ წინასწარაც შეიძლება განისაზღვროს, ალერგიულია თუ არა ადამიანი მედიკამენტზე. მსუბუქი რეაქციის სამკურნალოდ ანტიჰისტამინური საშუალებები ინიშნება. მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიას კი ეპინეფრინის (ანუ ადრენალინის) ან კორტიკოსტეროიდის, მაგ. ჰიდროკორტიზონის ინექცია შეიძლება დასჭირდეს.

ახალი წამლის დანიშვნამდე ექიმი, როგორც წესი, ეკითხება პაციენტს, რომელიმე მედიკამენტზე ალერგია ხომ არ აქვს. მათ, ვისაც ოდესმე მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონია, უნდა ატარონ სამედიცინო გამაფრთხილებელი ყელსაბამი ან სამაჯური, სადაც აღნიშნული იქნება, რომელ მედიკამენტზე არიან ალერგიულნი. ეს ინფორმაცია (მაგ. ალერგია პენიცილინზე) სამედიცინო და სასწრაფო სამედიცინო პერსონალს გამოადგება გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში.