ზედოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობა | მკურნალი.გე
  1. ზედოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობა
  2. წამლის არასასურველი მოქმედება
  3. წამლები
ზედოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობა

ტოქსიკური ზედოზირება ნიშნავს სერიოზულ, ხშირად მავნე და ზოგჯერ სასიკვდილო ტოქსიკურ რეაქციას მედიკამენტის დოზის უნებლიეთ (ექიმის, ფარმაცევტის ან პაციენტის შეცდომით) ან ნებით გადაჭარბების გამო (მკვლელობა ან თვითმკვლელობა).

ექიმები ორი ერთნაირად ეფექტური წამლიდან ხშირად სწორედ იმას ირჩევენ, რომელსაც ტოქსიკური ზედოზირების შედარებით დაბალი რისკი ახასიათებს. მაგალითად, თუკი სედაციური, შფოთვის საწინააღმდეგო ან საძილე საშუალება ესაჭიროება პაციენტს, ექიმები ხშირად ბენზოდიაზეპინს გამოწერენ, მაგ, დიაზეპამს ან ტემაზეპამს, და არა ბარბიტურატებს, როგორიცაა პენტობარბიტალი. ბენზოდიაზეპინები ბარბიტურატებზე მეტად ეფექტური არ არის, მაგრამ მათ თერაპიული სიგანე უფრო დიდი აქვთ და ბევრად ნაკლებია მძიმე ტოქსიკური რეაქციის განვითარების რისკი დოზის უნებლიეთ ან ნებით გადაჭარბების შემთხვევაში. სწორედ უსაფრთხოებაა იმის მიზეზიც, რომ ახალი თაობის ანტიდეპრესანტებმა, მაგ. ფლუოქსეტინმა და პაროქსეტინმა დიდწილად ჩაანაცვლა ძველი, მაგრამ თანაბრად ეფექტური მედიკამენტები, მაგ. იმიპრამინი და ამიტრიპტილინი.

ტოქსიკური ზედოზირების რისკი მაღალია პატარა ბავშვებში. ხასხასა ფერის აბებმა და კაფსულებმა, რომლებიც ხშირად მოზრდილთა დოზას შეიცავს, შესაძლოა მათი ყურადღება მიიქციოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო რეგულაციებით სავალდებულოა, რომ ყველა რეცეპტით გაცემული მედიკამენტი, რომელიც დასალევად მიიღება, მოთავსებული იყოს ბავშვისგან დაცულ კონტეინერში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტი ოფიციალურად აწერს ხელს, რომ ასეთი კონტეინერის გამოყენება მისთვის შეუძლებელია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგაპოლისთა უმრავლესობაში არსებობს მომწამვლელი ნივთიერებების კონტროლის ცენტრები, რომელთაც შეუძლიათ, ინფორმაცია მიაწოდონ ადამიანებს ქიმიურ და მედიკამენტებით მოწამვლაზე. ადგილობრივი ცენტრის ნომრის მოძიება კი შესაძლებელია სატელეფონო წიგნაკთა უმრავლესობაში. რეკომენდებულია ამ ნომრის ამოწერა და ტელეფონთან ახლოს მოთავსება ან ავტომატურად დასაკავშირებელ ნომერთა ჩამონათვალში შეყვანა სახლის ტელეფონში ან მობილურში.