ხახა პირის ღრუს ქვემოთ და უკან მდებარეობს. საკვები და სითხე პირის ღრუდან ხახაში გადადის. ყლაპვის პროცესის დასაწყისი ადამიანის ნებას ემორჩილება, შემდეგ კი ავტომატურად გრძელდება. ყლაპვისას მცირე ზომის კუნთოვანი წარმონაქმნი – ხორხსარქველი იხურება, რაც შეუძლებელს ხდის საკვებისა და სითხის სასულეს გავლით ფილტვებში მოხვედრას. იმავდროულად, პირის ღრუს ზემო კედლის უკანა ნაწილი, რბილი სასა, მაღლა იწევა და ხელს უშლის საკვების და სითხის ცხვირში გადასვლას.
საყლაპავი თხელკედლიანი კუნთოვანი მილია, რომელიც ამოფენილია ლორწოვანი გარსით. ის ხახას აკავშირებს კუჭთან. საკვები და სითხე საყლაპავში გადაადგილდება არა მხოლოდ სიმძიმის ძალით, არამედ კუნთების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვებით, რასაც პერისტალტიკას უწოდებენ. საყლაპავის ორივე ბოლოში არის ბეჭდის ფორმის კუნთები (საყლაპავის ზედა და ქვედა სფინქტერები), რომლებიც იხსნება და იხურება. საყლაპავის სფინქტერები ნორმაში ხელს უშლიან კუჭის შიგთავსის უკან გადაადგილებას საყლაპავსა და ხახაში.