დაბერება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, სხვა ორგანოთა სისტემებთან შედარებით, მცირე გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, სიბერე საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მაგალითად, ასაკოვან ზრდასრულებს უფრო ხშირად უვითარდებათ დივერტიკულოზი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებები (მაგალითად, შეკრულობა) ზოგიერთი წამლის მიღების საპასუხოდ (წამლის გვერდითი მოქმედება).
საყლაპავი: ასაკთან ერთად, საყლაპავის კედლებისა და მისი ზედა სფინქტერის შეკუმშვის ძალა მცირდება, მაგრამ საკვების გადაადგილებას ეს ხელს არ უშლის. თუმცა ასაკოვან მოზრდილებს შორის ხშირია დაავადებები, რომლებიც აფერხებს საყლაპავის შეკუმშვას.
კუჭი: ასაკთან ერთად კუჭის შიდა ზედაპირის ამომფენი უჯრედების დამცავი უნარი ქვეითდება, რაც ზრდის წყლულოვანი დაავადების ალბათობას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იღებს ასპირინს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). გარდა ამისა, ასაკის მატებისას, კუჭის კედლების ელასტიკურობის შემცირების გამო, მცირდება ორგანოს ტევადობა, ქვეითდება საკვების კუჭიდან წვრილ ნაწლავში გადადინების სისწრაფე. ეს ცვლილებები არ იწვევს რაიმე შემაწუხებელ სიმპტომებს. დაბერება მცირედ მოქმედებს მარილმჟავას, პეფსინის გამოყოფაზე. ამავე დროს, ხშირია ატროფიული გასტრიტი, რომელიც მჟავას სეკრეციის დაქვეითებით მიმდინარეობს.
წვრილი ნაწლავი: დაბერება მცირე გავლენას ახდენს წვრილი ნაწლავის სტრუქტურაზე, რის გამოც საკვების გადაადგილება ნაწლავებში და მონელებული საკვების შეწოვის ინტენსივობა დიდად არ იცვლება. ხშირია ლაქტაზის დონის დაქვეითება, რაც ზრდასრულებს შორის ხშირად იწვევს რძის პროდუქტების აუტანლობას (ლაქტოზის აუტანლობა). ასაკის მატებასთან ერთად ხშირია ზოგიერთი ბაქტერიის მეტისმეტი გამრავლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, შებერილობა და წონის დაქვეითება.
პანკრეასი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: ასაკთან ერთად პანკრეასის წონა მცირდება, ზოგჯერ მისი ქსოვილის ნაწილს შემაერთებელი ქსოვილი ჩაანაცვლებს და ნაწიბური ვითარდება. ეს ცვლილებები არ აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და ნატრიუმის ბიკარბონატის გამომუშავების უნარს. რაც შეეხება ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, ხანდაზმულებში აღინიშნება ამ ორგანოებში სტრუქტურული, მიკროსკოპიული ცვლილებები.
მსხვილი და სწორი ნაწლავი: მსხვილი ნაწლავი ასაკის მატებასთან ერთად დიდად არ იცვლება. სწორი ნაწლავი რამდენადმე ფართოვდება. შეკრულობა უფრო ხშირია, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მსხვილ ნაწლავში საკვების გადაადგილების შენელება და განავლით გადავსებული სწორი ნაწლავის კედლის შეკუმშვების ძალის შემცირებაა.