ფაღარათი, შეკრულობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, რეგურგიტაცია, ყლაპვის გაძნელება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების არსებობაზე მიგვანიშნებს. უფრო ზოგადი სიმპტომები – მუცლის ტკივილი, შებერილობა, მადის დაკარგვა და გულისრევა როგორც საჭმლის მომნელებელი, ისე სხვა სისტემის დაავადებების შედეგი შეიძლება იყოს.
"საჭმლის მოუნელებლობა" გაურკვეველი ტერმინია, რომელსაც სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. ის გულისხმობს სიმპტომების ფართო სპექტრს, მათ შორის დისპეფსიას, გულისრევას, ღებინებას, რეგურგიტაციას და ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნებას.
ნაწლავების ფუნქცია ადამიანებს განსხვავებული აქვთ; ის ცვალებადობს ერთი ადამიანის სხეულშიც კი. უმრავლესობა თვლის, რომ ნაწლავის მოქმედების ჩვეული დრო დილაა, პირველი კვებიდან 30-60 წუთის განმავლობაში. ნაწლავების ფუნქციაზე შეიძლება გავლენა იქონიოს დიეტამ, სტრესმა, წამლებმა, დაავადებამ, აგრეთვე, სოციალურმა და კულტურულმა გარემოებებმა. დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს შორის ნაწლავების მოქმედების სიხშირე მერყეობს კვირაში 2 ან 3-დან დღეში 2-3-მდე. დაავადებაზე მიუთითებს ნაწლავების მოქმედების სიხშირის, განავლის კონსისტენციის ან მოცულობის ცვლილება, ან განავალში სისხლის, ლორწოს, ჩირქის, ან ცხიმის ჭარბი რაოდენობის არსებობა.
მუცლის ტკივილი ჩვეული და, უფრო ხშირად, უმნიშვნელო სიმპტომია. ძლიერი, უეცრად დაწყებული ტკივილი მუცელში თითქმის ყოველთვის სერიოზული პრობლემის არსებობაზე მიუთითებს. ტკივილი, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის საჭიროების ერთადერთი ნიშანი იყოს და შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა მუცლის ტკივილი აქვს ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ხნიერ პირს, აგრეთვე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულს ან პაციენტს, რომელიც იღებს იმუნური სისტემის დამთრგუნველ წამლებს. ასაკოვან ადამიანებს ტკივილის ინტენსივობა ნაკლებად აქვთ გამოხატული, ვიდრე ახალგაზრდებს, მაშინაც კი, როცა დაავადება სერიოზულია; ამასთან, ტკივილი თანდათან ძლიერდება ხოლმე. მუცლის ტკივილი შეიძლება აღენიშნოს ბავშვებს, მათ შორის ახალშობილებს და ჩვილებს, რომელთაც, ცხადია, არ შეუძლიათ ტკივილის შეგრძნების გამოხატვა.
ტკივილის გამომწვევი მიზეზები მრავლადაა, მათ შორისაა ინფექცია, ანთება, წყლული, პერფორაცია, ორგანოს გაგლეჯა, კუნთების არაკოორდინირებული შეკუმშვა, ორგანოს სისხლით მომარაგების შეფერხება სისხლძარღვის დახშობის გამო.
სასწრაფოდ დიაგნოსტირებისა და დახმარების მყისიერად აღმოჩენის აუცილებლობის მაგალითებია მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომა, კუჭის ან ნაწლავის კედლის პერფორაცია, ნაწლავის სისხლით მომარაგების შეფერხება (მეზენტერიული იშემია), საშვილოსნოსგარე ორსულობა. ასევე სერიოზულია და გადაუდებლად საჭიროებს დახმარებას ნაწლავების ობსტრუქცია, აპენდიციტი და პანკრეასის მწვავე ანთება (პანკრეატიტი). მუცლის ღრუს ამომფენი გარსის (პერიტონეუმი) ანთებით (პერიტონიტი) გამოწვეული ტკივილი ბევრ დაავადებას შეიძლება ახლდეს, მათ შორის აპენდიციტს, დივერტიკულიტს, ნაწლავის შიგთავსის ჩაღვრას მუცლის ღრუში ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევის გამო.
ზოგჯერ მუცლის გარეთ ლოკალიზებული ორგანოს დაავადება იწვევს ტკივილს მუცელში. ამისი მაგალითებია: გულის შეტევა, პნევმონია, სათესლე ბაგირაკის შემოხვევა სათესლე ჯირკვალზე. სხვა დაავადებებიდან შეიძლება აღინიშნოს დიაბეტური კეტოაციდოზი, პორფირია, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ზოგიერთი მწერის (როგორიცაა შავი ობობა, მორიელი) ნაკბენი და მომწამვლელი ნივთიერებების (მძიმე მეტალები და მეთანოლი) ზემოქმედება.
ზოგჯერ ტკივილის ხასიათი და ლოკალიზაცია ეხმარება ექიმს ტკივილის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრაში. ტკივილი, რომელიც ტალღისებურად აღმოცენდება და ქრება, საფიქრებელს ხდის ორგანოს სანათურის დახშობას, რაც შეიძლება აღინიშნოს ნაღველკენჭოვანი, თირკმელკენჭოვანი დაავადებების ან ნაწლავების ობსტრუქციის დროს. წყლულით გამოწვეული ტკივილი მწველი ხასიათისაა. დივერტიკულიტს ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა მარცხენა ნაწილის შემოფარგლულ არეში, პერიტონიტის დროს კი ტკივილი ხშირად მთელ მუცელში შეიგრძნობა. პანკრეატიტის დროს ტკივილი უარესდება საწოლში გადაბრუნებისას, უფრო ასატანი ხდება წამოჯდომისა და წინ წამოწევისას.
პაციენტთან გასაუბრებისა და მისი გასინჯვის შემდეგ ტკივილის კონკრეტული მიზეზის დასადგენად ხშირად საჭირო ხდება ლაბორატორიული გამოკვლევები. მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია ტკივილის გამომწვევი ბევრი, მაგრამ არა ყველა, მიზეზის დადგენა. ხშირად საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზები. ულტრაბგერითი გამოკვლევა სასარგებლოა გინეკოლოგიურ დაავადებებზე ეჭვის დროს.
მკურნალობის სამიზნეა ტკივილის გამომწვევი დაავადება. უკანასკნელ ხანებამდე ექიმები არ მიიჩნევდნენ გონივრულად მუცლის ძლიერი ტკივილის მიზეზის დადგენამდე ტკივილგამაყუჩებელი წამლის მიცემას, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ეს სიმპტომებს "შენიღბავდა". ამჟამად ტკივილგამაყუჩებლები გამოიყენება გამოკვლევების პროცესში.
სისხლდენის წყარო შეიძლება იქნეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი მონაკვეთი, დაწყებული პირის ღრუდან ვიდრე ანუსამდე. ზოგჯერ სისხლი პირნაღებ მასაში შეიმჩნევა (ჰემატემეზისი). თუ სისხლდენა გრძელდება, ალისფერ სისხლს ამოაღებინებს ხოლმე პაციენტი; სისხლდენის შენელების ან შეწყვეტისას ნაღებინები სისხლნარევი მასა შეიძლება ყავის მარცვლების შესახედაობის იყოს კუჭში მჟავას მიერ სისხლის ნაწილობრივი გადამუშავების გამო.
სისხლი შეიძლება გამოიყოს სწორი ნაწლავიდან შავი, კუპრისფერი განავლოვანი მასის (მელენა) ან ალისფერი, წითელი სისხლის სახით (ჰემატოქეზია), ან შესახედავად ნორმალური განავლის ფორმით, თუ სისხლის დანაკარგი დღეში რამდენიმე ჩაის კოვზზე ნაკლებია. მელენა უფრო სავარაუდოა საყლაპავიდან, კუჭიდან ან წვრილი ნაწლავიდან სისხლდენისას. შავი ფერი განპირობებულია სისხლის შერევით რამდენიმე საათის განმავლობაში კუჭის წვენთან ან მსხვილ ნაწლავში არსებულ ფერმენტებთან და იქ მობინადრე ბაქტერიებთან. ჰემატოქეზია მიუთითებს ან სისხლდენაზე მსხვილი ნაწლავიდან, ან სისხლის ზედმიწევნით სწრაფ დაკარგვაზე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან.
დიდი რაოდენობით სისხლის სწრაფი დაკარგვა შეიძლება გამოვლინდეს გახშირებული მაჯისცემით, დაბალი სისხლის წნევით და შარდის გამოყოფის შემცირებით. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ხელ-ფეხის გაცივება, კანის წებოვნება. ძლიერ სისხლდენას შეუძლია ტვინისკენ სისხლის მიდინების შემცირება, რაც იწვევს ცნობიერების დაბინდვას, დეზორიენტაციას, ძილიანობას და ზოგჯერ წნევის მკვეთრად დაქვეითებას (შოკი). ხანგრძლივმა, ქრონიკულმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ანემიის სიმპტომები და ნიშნები (როგორიცაა სისუსტე, ადვილად დაღლა, სიფერმკრთალე, ტკივილი გულმკერდის არეში და თავბრუსხვევა).
სისხლდენის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის: პეპტიკური წყლულები, ნაწლავების არტერიებს და ვენებს შორის პათოლოგიური კავშირები (არტერიალ-ვენური მალფორმაცა), საყლაპავის ვენების გაგანიერება (საყლაპავის ვენების ვარიკოზი), ზოგიერთი წამლის გამოყენება, როგორიცაა ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ნაწლავის ანთებითი დაავადება, კოლინჯის კედლის პარკისებრი გამობერვა (დივერტიკულოზი), კიბო.
ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სისხლდენა უფრო მძიმედ მიმდინარეობს იმ პაციენტებს შორის, რომელთაც აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება ან სისხლის შედედების თანდაყოლილი დარღვევები, ან რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს (როგორიცაა ჰეპარინი და ვარფარინი) და თრომბოციტების ფუნქციაზე მოქმედ პრეპარატებს (როგორიცაა ასპირინი და ზოგიერთი სხვა აასს და კლოპიდოგრელი).
სისხლდენის შეფასებისას ექიმი ცდილობს გაარკვიოს, საიდან მოდის სისხლი, რამდენად სწრაფად იკარგება სისხლი და რითია გამოწვეული სისხლდენა. პაციენტის ჩივილები და ფიზიკური გასინჯვის შედეგები (მოიცავს სწორი ნაწლავის თითით გასინჯვასაც ნაწლავის შიგთავსის შესამოწმებლად და განავლის ანალიზს სისხლის შემცველობაზე) ზოგჯერ მიანიშნებს ექიმს სისხლდენის შესაძლო მიზეზზე, ადგილზე და, შესაბამისად, საჭირო გამოკვლევებზე.
თუ პაციენტმა ამოაღებინა სისხლი ან მუქი ფერის მასა (რაც, ზოგჯერ, ნაწილობრივ გადამუშავებულ სისხლს წარმოადგენს), ექიმს ცხვირიდან კუჭში შეჰყავს პლასტიკური ზონდი (ნაზოგასტრული ზონდი) და ამოქაჩავს კუჭის შიგთავსს. თუ მასში სისხლია შერეული, ეს მიმდინარე სისხლდენაზე მიუთითებს, შიგთავსის მუქი ფერი კი იმის მაჩვენებელია, რომ სისხლდენა ნაკლებად ინტენსიურია ან სულაც შეწყვეტილი. ზოგჯერ კუჭიდან ამოქაჩულ შიგთავსში სისხლის კვალი არ აღინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ახლახან ჰქონდა სისხლდენა. ნაზოგასტრულ ზონდს უდგამენ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ღებინება არ ჰქონია, მაგრამ სწორი ნაწლავიდან გამოეყო დიდი რაოდენობით სისხლი და, ამავე დროს, აშკარაა, რომ სისხლდენის წყარო ბუასილის კვანძი არ არის; მოხსენიებულის გამო საფიქრებელია, რომ სისხლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან მოდის. ნაზოგასტრულ ზონდს უხშირესად ადგილზე ტოვებენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ სისხლდენა შეწყდა.
თუ ნაზოგასტრული ზონდის გამოყენებით დადგინდა მიმდინარე სისხლდენის ნიშნები ან პაციენტის სიმპტომები ნათლად მიუთითებს, რომ სისხლდენის ადგილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილშია, ექიმი, როგორც წესი, ატარებს ზედა ენდოსკოპიას. ეს უკანასკნელი საყლაპავის, კუჭის და წვრილი ნაწლავის პირველი საგმენტის (თორმეტგოჯა ნაწლავის) ვიზუალური გამოკვლევაა დრეკადი ზონდის გამოყენებით, რომელსაც ენდოსკოპი ეწოდება. ზედა ენდოსკოპია ექიმს როგორც სისხლდენის ადგილის დადგენის, ისე მისი მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს. მსგავსად ამისა, ტარდება კოლონოსკოპია იმ შემთხვევებში, როდესაც ან სიმპტომები მიუთითებს სისხლდენის წყაროს ლოკალიზაციაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში, ან თუ ზედა ენდოსკოპიამ არ გამოავლინა სისხლდენის ადგილი.
იშვიათად ენდოსკოპიით (როგორც ზედა, ისევ ქვედა) ვერ ხერხდება სისხლდენის მიზეზის დადგენა. ასეთ დროს, ძლიერი სისხლდენისას, გამოიყენება ანგიოგრაფია, ზოგჯერ – რადიოაქტიური მარკერით მონიშნული სისხლის წითელი უჯრედები. სპეციალური სკანირების კამერის მეშვეობით რადიოაქტიურმა მარკერმა შესაძლოა გამოავლინოს სისხლდენის მიახლოებითი ლოკალიზაცია. თუ სისხლდენა ძლიერი არ არის, ზემოხსენებულის ნაცვლად ექიმმა შეიძლება გადაიღოს რენტგენის სურათი, მას მერე, რაც პაციენტს დაალევინებენ ბარიუმის ფაფას. კვლევის კიდევ ერთი მეთოდია კაფსულური ენდოსკოპია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გამოსადეგია წვრილი ნაწლავის, უფრო ნაკლებად – კოლინჯისა და კუჭის გამოსაკვლევად, ვინაიდან ეს უკანასკნელები ძალიან დიდია საიმისოდ, რომ მათი შიდა ზედაპირის კარგი გამოსახულება იქნეს მიღებული.
ზემოხსენებულის გარდა, ტარდება სისხლის ანალიზები. მათი დახმარებით შეიძლება დადგინდეს დაკარგული სისხლის რაოდენობა. თრომბოციტების რიცხვის შემცირება სისხლდენის რისკფაქტორია. სისხლის შედედების უნარის შესასწავლად განისაზღვრება პროთრომბინის დრო, პარციალური თრომბოპლასტინის დრო, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა.
სისხლის უეცარი და მწვავე დაკარგვისას მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის საჭიროა სითხეების ინტრავენურად გადასხმა, ზოგჯერ – სასწრაფოდ სისხლის გადასხმა. სისხლის შედედების ანომალიების არსებობისას შესაძლოა საჭირო გახდეს თრომბოციტების ან ახალგაყინული პლაზმის გადასხმა, ან K ვიტამინის ინექციები.
უხშირესად გასტროინტესტინური სისხლდენა თავისით ჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმს შეუძლია მისი შეჩერება ენდოსკოპიის დროს ელექტროკოაგულაციის, ლაზერის ან ზოგიერთი წამლის გამოყენებით. სისხლმდენი პოლიპების მოცილება შეიძლება სპეციალური მავთულის მარყუჟით ან სხვა მოწყობილობით. თუ ყველა მოხსენიებული უშედეგო აღმოჩნდა, საჭირო ხდება ქირურიული ჩარევა.
ტკივილი გულმკერდის შუა ან ზურგის ზედა არეში შეიძლება გამოწვიოს ან საყლაპავის, ან გულის და აორტის დაავადებებმა. ამ დაავადებების დროს შესაძლებელია მსგავსი სიმპტომების არსებობა. გასტროეზოფაგურ რეფლუქს-დაავადებას (გერდ), რომლის დროსაც კუჭის მჟავე შიგთავსი საყლაპავში ამოდის, შეუძლია განაპირობოს წვის ან მოჭერის შეგრძნება მკერდის ძვლის (სტერნუმი) ქვემოთ, რაც გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი ტკივილის მსგავსია. საყლაპავის სპაზმებმა და საყლაპავის კუნთების რაიმე მიზეზით დაზიანებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი მოჭერის შეგრძნება, რაც ჰგავს ტკივილს გულის დაავადების დროს.
ზოგიერთი სიმპტომი უფრო მეტად საყლაპავის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. გულძმარვა არის გერდით განპირობებული წვის შეგრძნება და ტკივილი გულმკერდში, ზოგჯერ კისრის მიდამოში და ხახაში, უმეტესად საკვების მიღების შემდეგ ან დაწოლისას. აშშ-ის მოსახლეობაში გულძმარვა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომებიდან ყველაზე ხშირია. დისკომფორტი, რომელიც მხოლოდ ყლაპვისას ჩნდება, აგრეთვე მიუთითებს საყლაპავის დაზიანებაზე. დისკომფორტი გულმკერდში ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც გაივლის მოსვენებისთანავე, გულის დაავადებაზე მიგვანიშნებს. ამავე დროს, იმის გამო რომ სიმპტომები ხშირად გადაფარავს ერთიმეორეს, და, ამასთან, გულის დაავადება განსაკუთრებით საშიშია, ექიმი ჯერ ატარებს გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ), ზოგჯერ ფიზიკური დატვირთვის ტესტს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საყლაპავის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის საჭირო კვლევების ჩატარებას.
მკურნალობა, როგორც წესი, ინიშნება მას შემდეგ, რაც გულძმარვის მიზეზი ცნობილი ხდება. თუმცა მათ, ვისაც აქვთ გერდ-ისთვის ტიპური სიმპტომები, საცდელად მჟავას დამთრგუნველ წამლებს აძლევენ.
ყაბზობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ნაწლავების მოქმედება გაძნელებული ან იშვიათია.
ყაბზობა შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე ყაბზობა იწყება უეცრად და მაშინვე აშკარა ხდება. ქრონიკული ყაბზობა ხშირად თანდათან იწყება და თვეების და წლების განმავლობაში გრძელდება.
ყაბზობისას ყოველთვის ან ხშირად განავალი მკვრივი კონსისტენციის არის, მისი გამოყოფა გაძნელებულია. სწორი ნაწლავი შეიძლება მთლიანად არ დაიცალოს. ნაწლავის მოქმედება იშვიათია. ბევრს ჰგონია, რომ თუ ყოველდღე არ აქვს ნაწლავების მოქმედება (დეფეკაცია), მას ყაბზობა აქვს. თუმცა ყოველდღიურად ნაწლავის მოქმედება არ არის ყველასთვის ნორმა და ნაწლავის მოქმედების ნაკლები სიხშირეც არ ნიშნავს უპირობოდ, რომ ყაბზობასთან გვაქვს საქმე. ეს უკანასკნელი სავარაუდო ხდება იმ შემთხვევებში, როცა გამოხატულია განავლის კონსისტენციისა და ფერის შესამჩნევი ცვლილებები. შეკრულობას მიაწერენ ბევრ სიმპტომს, სახელდობრ, დისკომფორტს მუცელში, გულისრევას, ღებინებას, დაღლილობას და ცუდ მადას; ამავე დროს, ეს სიმპტომები სხვა დაავადებით (როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და დეპრესია) შეიძლება იყოს გამოწვეული (თუმცა შეკრულობამაც შეიძლება განაპირობოს გულისრევა და ცუდი მადა). ადამიანი არ უნდა ელოდეს, რომ ყოველდღიურად ნაწლავების მოქმედება შეუმსუბუქებს ყველა სიმპტომს.
გართულებები: ნაწლავების მოქმედების დროს გაჭინთვამ, ანუსის ირგვლივ მდებარე ვენებზე ზეწოლის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი; გარდა ამისა, მართალია დროებით, მაგრამ მკვეთრად იზრდება სისხლის წნევა.
ყაბზობა არის დივერტიკულების განვითარების ძირითადი რისკის ფაქტორი. მსხვილი ნაწლავის კედლები ზიანდება მცირე ზომის, მყარი განავლოვანი მასის გადასაადგილებლად საჭირო მომეტებული შეკუმშვის გამო. მსხვილი ნაწლავის კედლების დაზიანების შედეგად ყალიბდება ბუშტის ფორმის პარკები ან გარე ჯიბეები (დივერტიკული), რომლის დაბინძურებამ შეიძლება ანთება გამოიწვიოს.
განავლოვანი მასის გადაადგილების შეფერხებისას განავალი მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილში და სწორ ნაწლავში მკვრივდება და ახშობს ნაწლავის სანათურს. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირია ასაკოვან ადამიანებში, ორსულ ქალებსა და არააქტიური მსხვილი ნაწლავის (ნაწლავური ინერცია) მქონე ადამიანებში. ნაწლავის სანათურის განავლოვანი მასით დახშობა იწვევს სპაზმს, ტკივილს სწორ ნაწლავში, მკვეთრ, მაგრამ უშედეგო ძალისხმევას დეფეკაციის დროს. ხშირად წყალწყალა, ლორწონარევი ან თხიერი განავალი გამოჟონავს ხოლმე დახშული ადგილის გარშემო და ფაღარათის ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის. ნაწლავის სანათურის განავლით ამოვსება ამწვავებს და კიდევ უფრო აუარესებს ყაბზობას.
გადაჭარბებული ზრუნვა ნაწლავის რეგულარულ მოქმედებაზე საფაღარათო საშუალებების, სანთლების და ოყნების გამოყენებით ზიანს აყენებს ნაწლავებს. ამ საშუალებების ხშირად ხმარებამ შეიძლება შეზღუდოს ნაწლავების შეკუმშვის უნარი და გააძლიეროს ყაბზობა.
ყაბზობა შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ დაავადების არსებობისას ან ზოგიერთი წამლის გამოყენებისას მსხვილ ნაწლავში განავლის გადაადგილების (მოძრაობა) შენელების გამო. ზოგჯერ ყაბზობა გამოწვეულია გაუწყლოებით ან საკვებში ბოჭკოს დაბალი შემცველობით. ტკივილმა და ფსიქიკურმა დარღვევებმაც (როგორიცაა დეპრესია) შეიძლება შეუწყოს ხელი ყაბზობის განვითარებას. უფრო ხშირად ყაბზობის მიზეზი უცნობია.
განავლის გადაადგილების შენელება: ყაბზობა ვითარდება მსხვილ ნაწლავში განავლის გადაადგილების შენელებისას. ჩვეულებრივ, მსხვილ ნაწლავში გავლისას განავლიდან წყალი გამოიქაჩება ხოლმე. ეს პროცესი განავლის შენელებული გადაადგილებისას მსხვილ ნაწლავში კიდევ უფრო ინტენსიურია, რის შედეგადაც განავალი მყარი და მშრალი ხდება, მისი გადაადგილება ძნელდება. სწორედ ეს არის ყაბზობის დამახასიათებელი. განავლის მოძრაობის შემანელებელი წამლებია ალუმინის ჰიდროქსიდი (საერთოდ, ურეცეპტოდ გასაცემი ანტაციდები), ბისმუთის სუბსალიცილატი, რკინის მარილები, ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე პრეპარატები (როგორიცაა ანტიჰისტამინები და ზოგი ანტიდეპრესანტი), ზოგიერთ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, ოპიოიდები და ბევრი სედაციური საშუალება. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ნაწლავებში განავლის გადაადგილებას, მისი ნაკლებობა კი ანელებს ამ პროცესს და ყაბზობის განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზეზითაა, რომ მწოლიარე ავადმყოფებს შორის ყაბზობა ხშირია.
განავლის გადაადგილების შენელება აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას (ჰიპოთირეოზი), სისხლში კალციუმის მაღალი დონის (ჰიპერკალცემია) შემთხვევებში და პარკინსონის დაავადების დროს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს შორის ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი ნაწილის ფუნქციის დაქვეითება. სხვა მიზეზებია მსხვილი ნაწლავის სისხლით მომარაგების შემცირება, ნერვის ან ზურგის ტვინის დაზიანება.
ცალკე უნდა გამოიყოს ე.წ. ნაწლავის ინერტულობა. ამ დროს მსხვილი ნაწლავი არ რეაგირებს იმ სტიმულებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ნაწლავის მოძრაობას იწვევს. ასეთი სტიმულებია: საკვების მიღება, კუჭის სისავსე, სავსე მსხვილი ნაწლავი და განავალი სწორ ნაწლავში. მსხვილი ნაწლავის კედლის შეკუმშვის უნარის დაქვეითება ან სწორი ნაწლავის არეაქტიულობა ხშირია ასაკოვან, დასუსტებულ და საწოლს მიჯაჭვულ პირებს შორის. თუმცაღა მოხსენიებული ზოგჯერ სხვა მხრივ ჯანმრთელ ქალებსაც აღენიშნებათ (ნაკლებად ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებს შორის). ნაწლავების ინერტულობა ზოგჯერ გამოხატული აქვთ იმ პირებს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში იყენებს საფაღარათო საშუალებებს ან ოყნას.
გაუწყლოება და დაბალბოჭკოვანი საკვები: გაუწყლოება იწვევს ყაბზობას, რადგან ორგანიზმი ცდილობს სისხლში წყლის სათანადო დონის უზრუნველყოფას განავლიდან წყლის დამატებითი მოცულობის მოცილებით. დიეტაში ბოჭკოს ნაკლებობა (საკვების მოუნელებელი ნაწილი) იწვევს ყაბზობას, რადგანაც მოხსენიებული აკავებს წყალს განავალში, ზრდის მის მოცულობას, რაც აადვილებს განავლის გადაადგილებას.
ობსტრუქცია: ყაბზობას ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია იწვევს. ობსტრუქცია შეიძლება კიბომ გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ის მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილშია და აფერხებს განავლის გადაადგილებას. პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუს ორგანოებზე, შეიძლება განუვითარდეს ობსტრუქცია, უმეტესწილად წვრილი ნაწლავის კედელში ფიბროზული ქსოვილების ზონრების განვითარების (შეხორცებები) გამო; ეს ხელს უშლის განავლის გადაადგილებას.
დისქეზია: დისქეზია არის მენჯისა და ანალური კუნთების კონტროლის უუნარობით გამოწვეული გაძნელება დეფეკაციისა. ნორმაში ნაწლავის მოქმედება საჭიროებს მენჯის კუნთების (შარდის ბუშტის, საშვილოსნოს და სწორ ნაწლავის საყრდენია), აგრეთვე ანუსის დამხურავი ირგვლივი კუნთების (სფინქტერების) მოდუნებას. ამ უკანასკნელის გარეშე, ძლიერი ჭინთვების მიუხედავადაც კი, განავალი არ გამოიყოფა. დისქეზიის დროს ადამიანს აქვს დეფეკაციის სურვილი, მაგრამ ვერ ახერხებს. მაშინაც კი, როცა განავალი არ არის მკვრივი, მისი გამოყოფა მაინც გაძნელებულია.
დისქეზიის მიზეზებია: მენჯის კუნთების დისსინერგია (კოორდინაციის დარღვევა), დეფეკაციის დროს სფინქტერის კუნთების არასაკმარისი მოდუნება, რექტოცელე (სწორი ნაწლავის წინა კედლის საშოში გამობერვა), ენტეროცელე (წვრილი ნაწლავისა და მუცლის ღრუს ამომფენი გარსის საშვილოსნოსა და სწორ ნაწლავს შორის ან შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის გამობერვა), სწორი ნაწლავის წყლულები და სწორი ნაწლავის პროლაფსი (სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამობერვა ანუსში).
დაბერება: ყაბზობა განსაკუთრებით გავრცელებულია ასაკოვან პირებს შორის. მსხვილ ნაწლავში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები, წამლების ჭარბად გამოყენებასთან, მცირებოჭკოვან დიეტასთან და დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ანელებს მსხვილ ნაწლავში განავლის გადაადგილებას. შენელება განსაკუთრებით ხშირია ავადმყოფობის პერიოდებში. სწორი ნაწლავი ასაკთან ერთად ფართოვდება და მასში განავლის მომეტებული დაგროვება ხელს უწყობს მყარი განავლის შეკავებას.
ტკივილი და ფსიქოლოგიური ფაქტორები: ქრონიკული ტკივილი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განსაკუთრებით დეპრესია, მწვავე და ქრონიკული ყაბზობის გავრცელებული მიზეზებია. ნაწლავებზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ტვინში ზოგიერთი ნივთიერების (როგორიცაა სეროტონინი) დონის ცვლილებამ.
როდესაც ყაბზობა უვითარდება ისეთ ადამიანს, ვისაც ის მანამდე არ ჰქონია, ექიმი პირველ რიგში ეძებს ყაბზობის გამომწვევ ცნობილ და მარტივ მიზეზებს, როგორიცაა ცვლილება კვებაში, ფიზიკურ აქტივობაში ან ახალი პრეპარატის გამოყენება. ამის შემდეგ ექიმი სისხლის ანალიზებით შეამოწმებს, ხომ არ არის დაქვეითებული ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა (ჰიპოთირეოზი) ან ხომ არ არის სისხლში მომატებული კალციუმის დონე (ჰიპერკალცემია). დასახელებულთაგან ორივემ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. თუ გაჩნდა ეჭვი კიბოს არსებობაზე, ტარდება კოლონოსკოპია.
ყაბზობის საუკეთესო პრევენცია და მკურნალობაა ვარჯიში, ბოჭკოთი მდიდარი საკვების გამოყენება, წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება, აგრეთვე, პერიოდულად, საფაღარათო საშუალებების მოხმარება. როდესაც პოტენციურად ყაბზობის გამომწვევი პრეპარატი ინიშნება, ბოჭკოთი მდიდარი საკვების, სითხეების მიღებითა და საფაღარათო საშუალებების გამოყენებით არის ხოლმე შესაძლებელი ყაბზობის თავიდან აცილება.
ბოსტნეული, ხილი და ქატო ყველაზე მდიდარია ბოჭკოთი. ბევრისთვის მოსახერხებელია 2-3 ჩაის კოვზი გაუწმენდელი დაფქული ქატოს შერევა მაღალბოჭკოვან მარცვლეულში ან დღეში 2-3-ჯერ ხილის მიღება. ბოჭკოს მიღება ბევრ სითხესთან ერთად არის საჭირო.
როდესაც ყაბზობას იწვევს რომელიმე დაავადება, ამ უკანასკნელს უნდა ვუმკურნალოთ.
დისქეზია საფაღარათოებით ადვილად არ იკურნება. ზოგჯერ ეფექტურია რელაქსაციური ვარჯიშები და ბიოლოგიური უკუკავშირი, თუ პაციენტს მენჯის კუნთების დისსინერგია აქვს. ენტეროცელეს და დიდი რექტოცელეს სამკურნალოდ ოპერაცია შეიძლება გახდეს საჭირო.
განავლის შეკავების მკურნალობა ვერ ხერხდება საკვების შეცვლით ან მხოლოდ საფაღარათოების მიღებით. მყარი განავლის გამოყოფა-მოცილებაში პაციენტს ეხმარება ექიმი ან ექთანი ხელთათმნიანი თითით. ხშირად მყარი განავლის მოცილების შემდეგ პაციენტს ოყნას უკეთებენ ხოლმე.
მეტისმეტ მკურნალობას, განსაკუთრებით საფაღარათოების ხანგრძლივ გამოყენებას, გამაღიზიანებელ სანთლებს და ოყნებს შეუძლია გამოიწვიოს ფაღარათი, გაუწყლოება, მუცელში სპაზმური ტკივილები ან საფაღარათოებზე დამოკიდებულება.
საფაღარათო საშუალებები: საფაღარათო საშუალებები ყაბზობის შესამსუბუქებლად ხშირად გამოიყენება. ზოგიერთი მათგანის ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხოა, სხვებისა კი მხოლოდ პერიოდულად შეიძლება; ზოგი ეფექტურია ყაბზობის თავიდან ასაცილებლად, ზოგი კი სამკურნალოდ.
მოცულობის გამზრდელი საშუალებები, როგორიცაა ქატო და ფსილიუმი (ბევრი ბოსტნეულის ბოჭკო შეიცავს), განავლის მოცულობას ზრდის, რაც ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, განავალი რბილდება და უფრო ადვილად გადაადგილდება. მოცულობის გამზრდელი საშუალებები მოქმედებს ნელა, ნაზად და ყველაზე უსაფრთხო გზაა რეგულარული ნაწლავების მოქმედებისთვის ხელშესაწყობად.
ამ საშუალებების მიღება მცირე დოზით იწყება. დოზა თანდათანობით იზრდება, განავლის გამოყოფის სისტემატურობის აღდგენამდე. მოცულობის გამზრდელი საშუალებების გამოყენებისას სითხის დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აირების სიჭარბით შეპირობებული პრობლემები (მეტეორიზმი).
განავლის დამარბილებელი საშუალებები, როგორიცაა დოკუზატი, ზრდის განავალში შეკავებული წყლის რაოდენობას. ფაქტობრივად, ეს გამწმენდი საშუალებებია, ხელს უწყობს წყლის შეღწევას განავალში და ამცირებს განავლის სიმკვრივეს, არბილებს მას. მოცულობაში ოდნავ მომატებული განავლოვანი მასა ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის ბუნებრივ შეკუმშვებს და ხელს უწყობს განავლის უფრო ადვილად გამოყოფას. თუმცა ზოგიერთი თავს არიდებს განავლის დარბილებას. განავლის დამარბილებლები უმჯობესია მისცეს ისეთ პირებს, ვისაც გაჭინთვის თავიდან აცილება სურს, მაგალითად, ბუასილის კვანძების ან ცოტა ხნის წინ ჩატარებული ქირურგიული ჩარევის გამო.
ოსმოსურ საშუალებებს დიდი რაოდენობით წყალი გამოაქვს მსხვილ ნაწლავში და განავალს რბილსა და ფხვიერს ხდის. გარდა ამისა, სითხის ჭარბი რაოდენობა აწვება მსხვილი ნაწლავის კედლებს და ხელს უწყობს მის შეკუმშვას. ეს საფაღართოები შეიცავს მარილებს ან შაქრებს, რომლებიც ცუდად შეიწოვება. ამ საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება თირკმლების დაავადებისა და გულის უკმარისობის დროს, განსაკუთრებით როცა დიდი დოზები მიიღება. მაგნიუმისა და ფოსფატის შემცველი ოსმოსური საშუალებები ნაწილობრივ სისხლში შეიწოვება და შეიძლება საზიანო გახდეს თირკმლების უკმარისობის მქონე პაციენტისთვის. გარდა ამისა, ძალიან იშვიათად, მაგრამ ფოსფატური საფაღარათოების მიღება თავად შეიძლება გახდეს თირკმლების უკმარისობის მიზეზი. ეს საფაღარათოები ძირითადად მოქმედებას იწყებს 3 საათში. გარდა ამისა, ისინი გამოიყენება ნაწლავების განავლისგან გასაწმენდად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ ან კოლონოსკოპიამდე.
სტიმულატორი საფაღარათოები შეიცავს გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, როგორიცაა სინამაქის ფოთოლი და კასკარა (ამერიკელი ხეჭრელა). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ მსხვილი ნაწლავის კედლებს, იწვევენ მათ შეკუმშვას და ხელს უწყობენ განავლის გადაადგილებას. მასტიმულირებელი საფაღარათოების მიღება უმეტესად იწვევს ნახევრად მკვრივი კონსისტენციის განავლის გამოყოფას 6-8 საათში, რასაც ხშირად შეიძლება დაერთოს სპაზმური ტკივილები მუცელში. სანთლების სახით მიღებული მასტიმულირებელი საფაღარათოები მოქმედებას იწყებს 15-60 წუთში. მათმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება განაპირობოს პათოლოგიური პიგმენტის დაგროვებით გამოწვეული ცვლილებები მსხვილი ნაწლავის ლორწოვანში (ამ მდგომარეობას უწოდებენ მსხვილი ნაწლავის მელანოზს). გარდა ამისა, მასტიმულირებელ საფაღარათოებს ახასიათებს მიჩვევა, რის შედეგადაც ვითარდება "ზარმაცი ნაწლავის" სინდრომი, რომელიც, თავის მხრივ, მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებას დამოკიდებულს ხდის საფაღარათოს მიღებაზე. აქედან გამომდინარე, საფაღარათო საშუალებები ყაბზობის სამკურნალოდ გამოიყენება ხანმოკლე პერიოდებით. მათი მიღება შედეგიანია ყაბზობის თავიდან ასაცილებლად მათთვის, ვინც იღებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, იწვევს ყაბზობას, მაგალითად ოპოიდები. მასტიმულირებელი საფაღარათოები ხშირად გამოიყენება სადიაგნოზო პროცედურების ჩატარების წინ მსხვილი ნაწლავის დასაცლელად. უფრო ახალი სტიმულატორი საფაღარათო საშუალებაა ლუბიპროსტონი, რომლის გავლენითაც მსხვილი ნაწლავი გამოყოფს დამატებით სითხეს, რაც არბილებს განავალს და აადვილებს მის გადაადგილებას. სხვა მასტიმულირებელი საფარათოებისგან განსხვავებით, ლუბიპროსტონის გამოყენება ხანგრძლივად შეიძლება.
ოყნები: ოყნა მექანიკურად გამორეცხავს განავალს სწორი ნაწლავიდან და მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილიდან. კუმშვად ბოთლში მცირე მოცულობის ოყნის შეძენა შეიძლება აფთიაქში. მისი გამოყენება შეიძლება მრავალჯერადი მოხმარების შეკუმშული ბურთის მეშვეობითაც. მიუხედავად ამისა, მცირე ზომის ოყნები ხშირად არასაკმარისია, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომელთა სწორი ნაწლავის მოცულობაც იზრდება ასაკთან ერთად და ამის გამო სწორი ნაწლავი უფრო ადვილად იწელება. უფრო დიდი მოცულობის ოყნები კეთდება ჩანთიანი ოყნით.
უბრალო წყალი ხშირად საუკეთესო სითხეა ოყნისთვის. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ოდნავ თბილი, არც ცხელი და არც ცივი. 150-300 მლ წყალი ფრთხილად შეჰყავთ სწორ ნაწლავში (ყურადღება: ზედმეტი ძალის დატანება სახიფათოა). წყალი მოგვიანებით გამოძევდება და თან გამოიტანს განავალს.
დაფასოებული ოყნები ხშირად შეიცავს მცირე რაოდენობით მარილებს – უმეტესწილად ფოსფატებს. შესაბამისი მარილების დამატება შინ მომზადებული ოყნისთვისაც შეიძლება. მათ აქვთ მცირედი უპირატესობა, სუფთა წყალთან შედარებით.
წყლისთვის მცირე რაოდენობით საპნის დამატება (საპნიანი ოყნა) მასტიმულირებელ საფაღარათოებს ამატებს საპნის ეფექტს. საპნიანი ოყნები ხშირად სასარგებლოა, როცა უბრალო წყლის ოყნა უშედეგოა; შეიძლება გამოიწვიოს მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში.
წყლის ოყნებს ზოგჯერ უმატებენ სხვა ნივთიერებებსაც, მათ შორის მინერალურ ზეთს. თუმცა მათი სარგებლობა მინიმალურია.
ძალიან დიდი ტევადობის ოყნები, რომლებსაც მსხვილი ნაწლავის ოყნებს უწოდებენ, იშვიათად გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. ექიმები იყენებენ ასეთ ოყნებს მკვეთრად გამოხატული ყაბზობის დროს (ძლიერი შეკრულობა). ალტერნატიული მედიცინის ზოგიერთი პრაქტიკოსი მსხვილი ნაწლავის ოყნებს იყენებს იმ მოსაზრებით, რომ მსხვილი ნაწლავის გაწმენდა სასარგებლოა. ხშირად სითხეში ურევენ ჩაის, ყავას და სხვა ნივთიერებებს, მაგრამ მათი ღირებულება სარწმუნოდ დადასტურებული არ არის. გარდა ამისა, მათი გამოყენება სახიფათოა.
ფაღარათი (დიარეა) არის ნაწლავების მოქმედების მოცულობის, წყლიანობის სიჭარბე ან გახშირება.
ნაწლავების მოქმედების სიხშირე, ცალკე აღებული, არ არის ფაღარათის დამადასტურებელი კრიტერიუმი. ზოგიერთს დღეში 3-5 ჯერ აქვს ნაწლავების მოქმედება. ადამიანს, რომელიც იღებს ბოჭკოს შემცველი ბოსტნეულის დიდ რაოდენობას, შეიძლება დღეში ერთზე მეტად ჰქონდეს ნაწლავის მოქმედება, მაგრამ ამ შემთხვევაში განავალი კარგადაა ფორმირებული და არ არის წყალწყალა. ფაღარათს განაპირობებს განავლიდან წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამოდევნა, რის გამოც განავალი ცუდად არის გაფორმებული, თხიერია; ხშირად ახლავს გაზების დაგროვება, მოვლითი ტკივილები მუცელში და დეფეკაციის იმპერატიული სურვილი. თუ ფაღარათი გამოწვეულია ინფექციით ან ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებით, მაშინ გულისრევა და ღებინებაც აღინიშნება.
ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და სისხლიდან ელექტროლიტების – ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ქლორიდის და ბიკარბონატის დაკარგვა.
სითხისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით დაკარგვისას ადამიანი სუსტად გრძნობს თავს, სისხლის წნევა შეიძლება ისე დაქვეითდეს, რომ გამოიწვიოს გულის წასვლა (სინკოპე) და სხვა სერიოზული დარღვევები. განსაკუთრებით საშიშია ფაღარათი ძალიან ახალგაზრდების, მოხუცებისა და დაუძლურებული პირებისთვის, აგრეთვე ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ის ძალიან მკვეთრად არის გამოხატული. დიარეა განვითარებად ქვეყნებში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია, აშშ-ში კი – ჰოსპიტალიზაციის ხშირი მიზეზი.
განავლის 60-90% წყალია. ფაღარათი ვითარდება, თუ წყლის რაოდენობა 90%-ს აჭარბებს. განავალი შეიძლება შეიცავდეს ძალიან ბევრ წყალს, თუ ის სწრაფად გადაადგილდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, თუ მისი ზოგიერთი შემადგენელი აფერხებს მსხვილ ნაწლავში წყლის შეწოვას ან თუ მსხვილ ნაწლავში გამოყოფილი წყალი ერევა განავალს. დიარეის გამომწვევი მიზეზები მრავალია, მათ შორის წამლები და ქიმიკატები, ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექცია (გასტროენტერიტი), ზოგიერთი საკვები, სტრესი, სიმსივნეები, ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ნაწლავის ანთებითი დაავადება და მალაბსორბციის სინდრომი.
განავლის სწრაფი გადაადგილება ფაღარათის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ნორმალური კონსისტენციის შესანარჩუნებლად განავალი მსხვილ ნაწლავში უნდა დაყოვნდეს გარკვეული დროის განმავლობაში. მსხვილი ნაწლავის ძალიან სწრაფად დატოვების შემთხვევაში ის წყალწყალა ხდება. ზოგიერთი დაავადება და მედიკამენტი ამცირებს განავლის მსხვილ ნაწლავში დაყოვნების ხანგრძლივობას. ეს დაავადებებია: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (სიმსივნის მიერ კუჭის მჟავას გადაჭარბებული გამომუშავება), კუჭის, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის სეგმენტის ქირურგიული გზით მოცილება, ნაწლავის რომელიმე ნაწილის ქირურგიული შუნტი. რაც შეეხება წამლებს, მაგნიუმის შემცველი ანტაციდები, საფაღარათო საშუალებები, პროსტაგლანდინები, სეროტონინი და კოფეინიც კი ამცირებს განავლის მსხვილ ნაწლავში დაყოვნების დროს. ზოგიერთი საკვები (განსაკუთრებით მჟავე საკვები) აგრეთვე ზრდის გადაადგილების სიჩქარეს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აღენიშნება ამა თუ იმ საკვების აუტანლობა, რის შედეგადაც ამ საკვების ყოველი მიღების შემდეგ ფაღარათი ეწყება. ფაღარათის ასევე ხშირი მიზეზებია სტრესი და მღელვარება.
ოსმოსური დიარეა ვითარდება, როდესაც გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც ვერ შეიწოვება კოლინჯში, რჩება ნაწლავში, იწვევს განავალში წყლის ჭარბი რაოდენობით შეკავებას, რის შედეგადაც ვითარდება ფაღარათი. ზოგიერთ საკვებს (ზოგი ხილი და ლობიო), ჰექსიტოლს, სორბიტოლს და მანიტოლს (გამოიყენება დიეტურ საკვებში, ტკბილეულში და საღეჭ რეზინაში შაქრის შემცვლელად), აგრეთვე ლაქტაზის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს ოსმოსური დიარეა. ლაქტაზა წვრილი ნაწლავის ლორწოვანში გამომუშავებული ფერმენტია, რომელიც ლაქტოზას (რძის შაქარი) გარდაქმნის გლუკოზად და გალაქტოზად, რომლებიც სისხლში შეიწოვება. როდესაც ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანი იღებს რძეს ან რძის პროდუქტებს, ლაქტოზის მონელება არ ხდება, ის გროვდება ნაწლავებში, რაც იწვევს ოსმოსურ დიარეას. ეს მდგომარეობა ცნობილია ლაქტოზის აუტანლობის სახელით. ოსმოსური დიარეის სიმძიმე დამოკიდებულია მიღებული ოსმოსური ნივთიერებების რაოდენობაზე. დიარეა მალევე წყდება, როგორც კი ადამიანი შეწყვეტს მოხსენიებულთა მიღებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლიც ოსმოსური აგენტის როლს ასრულებს და სწორედ ამისი შედეგია შავი, კუპრისფერი განავალი (მელენა). ოსმოსური დიარეის კიდევ ერთი მიზეზია ნორმაში ნაწლავში მობინადრე ბაქტერიების მომეტებული ზრდა ან ისეთი ბაქტერების გამრავლება, რომლებიც ჩვეულებრივ არ გვხვდება ნაწლავებში. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში არსებული ბაქტერიების განადგურება ანტიბიოტიკების გამოყენებისას აგრეთვე შეიძლება გახდეს ოსმოსური დიარეის მიზეზი.
სეკრეტორული დიარეა წვრილ და მსხვილ ნაწლავებში გამოყოფილი მარილებისა (განსაკუთრებით ნატრიუმის ქლორიდი) და წყლის განავალთან შერევის შედეგია. ზოგიერთ ტოქსინს, მაგალითად, ქოლერის ან ვირუსული ინფექციის დროს წარმოქმნილ ტოქსინებს, შეუძლია განაპირობოს ზემოხსენებული. იგივე ითქმის ზოგიერთ ბაქტერიულ (მაგალითად, კამპილობაქტერია) და პარაზიტულ (მაგალითად, კრიპტოსპორიდია) ინფექციებზე. ქოლერის დროს ერთ საათში გამოყოფილი განავლის რაოდენობა შეიძლება ერთ ლიტრზე მეტი იყოს. მარილისა და წყლის სეკრეციის ხელშემწყობია ზოგიერთი საფაღარათო საშუალება, როგორიცაა აბუსალათინის ზეთი და ნაღვლის მარილები (რომლებიც წარმოიქმნება წვრილი ნაწლავის ნაწილის ამოკვეთის შემდეგ). ზოგიერთმა პოლიპმა და იშვიათმა სიმსივნემ, სახელდობრ, კარცინოიდმა, გასტრინომამ და ვიპომამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტორული დიარეა.
ანთებითი დიარეა ვითარდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების, დაწყლულების, მსხვილი ნაწლავის გადავსების დროს, რის შედეგადაც გამოიყოფა ცილები, სისხლი, ლორწო და სხვა სითხეები; მოხსენიებულს მოჰყვება ხოლმე განავლის მოცულობის მატება და მისი გათხიერება. ამ ტიპის დიარეა შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა დაავადებამ, მათ შორის კოლიტმა, კრონის ავადმყოფობამ (რეგიონალური ილეიტი), ტუბერკულოზმა, სიმსივნეებმა (ლიმფომა და ადენოკარცინომა). სწორი ნაწლავის ლორწოვანის დაზიანებისას ადამიანს აქვს დეფეკაციის გახშირებული სურვილი, ნაწლავის მოქმედებაც გახშირებულია, ვინაიდან ანთებითი სწორი ნაწლავი უფრო მგრძნობიარე ხდება განავლოვანი მასით შეპირობებულ გაფართოებაზე, გაბერვაზე.
უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს, ფაღარათი მწვავეა (უეცრად იწყება და ხანმოკლეა) თუ ქრონიკული (მუდმივი).
მწვავე დიარეის დროს, თუ ფაღარათი 72 საათზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევებშიც საჭიროა, როცა ხანგრძლივობა 72 საათზე ნაკლებია, მაგრამ განავალში შეიმჩნევა სისხლი, პაციენტი ძალიან დასუსტებულია ან მომატებული აქვს სხეულის ტემპერატურა, აქვს გამონაყარი ან ძლიერი ტკივილი. თუ ექიმის გასინჯვისას პაციენტს არ აღენიშნება გაუწყლოება, არ ტოვებს მძიმე ავადმყოფის შთაბეჭდილებას, დიარეის ხანგრძლივობა 1 კვირაზე ნაკლებია, გამოკვლევების ჩატარება არ არის საჭირო. სხვა შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ელექტროლიტების შესწავლა, განავლის ანალიზი სისხლის, ლეიკოციტების და ინფექციური აგენტების არსებობის დასადგენად (ბაქტერიები – კამპილობაქტერია და იერსინია, პარაზიტები, როგორიცაა ამება, გიარდია და კრიპტოსპორიდია). ზოგჯერ ინფექციის არსებობა დგინდება განავლის მიკროსკოპული შესწავლით, სხვა შემთხვევაში – ბაქტერიული კულტურის შესწავლით (ლაბორატორიაში მიკროორგანიზმის ზრდის შედეგების შესწავლა).
სხვებს შეიძლება დასჭირდეთ სისხლის ანალიზი ელექტროლიტების ცვლილების დასადგენად ან განავლის ანალიზი სისხლის, ლეიკოციტების და ინფექციური აგენტების არსებობაზე (მაგალითად, კამპილობაქტერია და იერსინია, პარაზიტები – ამება, გიარდია და კრიპტოსპორიდია). ინფექციის ზოგიერთი გამომწვევი დგინდება მიკროსკოპით დათვალიერებისას, მაშინ როცა ზოგჯერ საჭიროა ბაქტერიული კულტურის (ლაბორატორიაში ორგანიზმის ზრდა) შესწავლა ან ფერმენტული ტესტების ჩატარება (მაგალითად, შიგელა და გიარდია). თუ ადამიანმა ახლახან მიიღო ანტიბიოტიკი, ექიმმა შეიძლება შეამოწმოს განავალი კლოსტრიდიუმ დიფიცილეს ტოქსინის არსებობის დასადგენად. კოლონოსკოპია უმრავლეს შემთხვევაში არ არის ხოლმე საჭირო.
ქრონიკული დიარეის დროსაც ტარდება მსგავსი კვლევები. დამატებით შეიძლება შესწავლილ იქნეს ცხიმის შემცველობა განავალში (მიუთითებს მალაბსორბციაზე), ჩატარდეს სიგმოიდოსკოპია ან კოლონოსკოპია სწორი ნაწლავისა და კოლინჯის ლორწოვანის დასათვალიერებლად. ზოგჯერ ტარდება სწორი ნაწლავის ლორწოვანის ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება მიკროსკოპით დასათვალიერებლად), ზოგიერთი პაციენტისთვის საჭირო ხდება 24 საათის განმავლობაში გამოყოფილი განავლის მოცულობის განსაზღვრა. განავლის ნიმუშის შემოწმებით საფაღარათოების უჩუმრად გამოყენებაც შეიძლება დადგინდეს.
ფაღარათი სიმპტომია და მისი მკურნალობის ეფექტურობა მიზეზზეა დამოკიდებული. პაციენტთა უმეტესობისთვის ფაღარათის მკურნალობა ნიშნავს მისი მიზეზის აღმოფხვრას, ფაღარათის აღკვეთას თვითგანკურნების დადგომამდე. ვირუსით გამოწვეული ფაღარათი თავისით გაივლის ხოლმე 24-48 საათში. გაუწყლოებული პაციენტებისთვის წყლის სათანადო რაოდენობის, შაქრისა და მარილების შემცველი სითხის მიწოდებაა საჭირო. თუ ადამიანს არ აქვს ღებინება, ამ სითხეების მიცემა დასალევად შეიძლება. მძიმედ ავადმყოფები და ისინი, რომელთაც ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დისბალანსი აქვთ, ესაჭიროებათ სითხეების ინტრავენურად გადასხმა, ზოგჯერ ჰოსპიტალიზაცია.
ფაღარათის სამკურნალოდ გამოიყენება მრავალი რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი წამალი. ურეცეპტოდ გასაცემი წამლებია ადსორბენტები (მაგალითად, კაოლინპექტინი), რომლებიც ბოჭავს ქიმიურ ნივთიერებებს, ტოქსინებს და ინფექციის გამომწვევებს. ზოგიერთი ადსორბენტი ხელს უწყობს განავლის გამკვრივებას; ბისმუთი ეფექტური საშუალებაა დიარეის დროს. მისი მიღებისას განავალი შავი ფერისა ხდება. მოხსენიებულის გარდა, ფაღარათის სამკურნალო ურეცეპტოდ გასაცემი წამლებია ლოპერამიდი, კოდეინი და დიფენოქსილატი.
დიარეის სამკურნალო რეცეპტით გასაცემი წამლებია ოპიოიდები, აგრეთვე სხვა პრეპარატები, რომლებიც ადუნებს ნაწლავების კუნთებს.
ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ მოწოდებული საშუალებები ფსილიუმი და მეთილცელულოზა, რომლებიც ხელს უწყობს განავლის მოცულობის მატებას, ზოგჯერ ეფექტურია ქრონიკულ დიარეის შემთხვევებშიც.
ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) საყლაპავში (მილი, რომელიც ხახას კუჭთან აკავშირებს) საკვების გადაადგილების შეფერხების ან საკვების გაჭედვის შეგრძნებაა.
ყლაპვის გაძნელება ფიზიკური დაბრკოლების ან საყლაპავის ნერვის, ან კუნთის დაზიანების შედეგია (საყლაპავის მოტორიკის [მოძრაობის უნარის] დარღვევა). ზოგჯერ ყლაპვის გაძნელება წარმოსახვითია (ფსიქოგენური).
მექანიკური დაბრკოლება შეიძლება განვითარდეს საყლაპავის კიბოს, საყლაპავის კედელზე რგოლების და ქსოვილოვანი აპკების, ნაწიბურების გაჩენისას, რაც კუჭის მჟავა შიგთავსის რეფლუქსის შედეგია ან კაუსტიკური ხსნარების დალევას მოსდევს თან. ზოგჯერ საყლაპავს აწვება გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, გულმკერდის ღრუში მსხვილი არტერიული სისხლძარღვის გამობერილი ნაწილი (აორტის ანევრიზმა) ან სიმსივნე გულმკერდში, მაგალითად, ფილტვის კიბო.
საყლაპავის მოტორიკის დარღვევებით მიმდინარე დაავადებებია აქალაზია (რომლის დროსაც საყლაპავის კუნთების რიტმული შეკუმშვები მნიშვნელოვნად შესუსტებულია, ხოლო საყლაპავის ქვედა კუნთი სათანადოდ არ დუნდება) და საყლაპავის სპაზმი. სისტემურმა სკლეროდერმიამაც შეიძლება გამოიწვიოს პერისტალტიკის დარღვევა.
ყლაპვის თანაბრად გაძნელება მყარი და თხევადი საკვების მიღებისას მოტორიკის დარღვევას ახასიათებს. თუ პაციენტს ჯერ მყარი საკვების გადაყლაპვა უჭირდა, მოგვიანებით კი თხევადისაც გაუჭირდა, ეს საყლაპავის ფიზიკურ ობსტრუქციაზე, სახელდობრ, სიმსივნეზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევებში ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რისთვისაც პაციენტს ბარიუმის ხსნართან (რომელიც ჩანს რენტგენზე) ერთად დასალევად აძლევენ სამკურნალო ტუხტს ან ტაბლეტს, ან ზონდის მეშვეობით ათვალიერებენ საყლაპავს (ენდოსკოპია).
მკურნალობენ ყლაპვის გაძნელების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზს. სიმპტომების შესამსუბუქებლად ექიმები ურჩევენ პაციენტს საკვების მცირე ლუკმებად მიღებას და კარგად დაღეჭვას.
დისპეფსია არის ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნახევრის შუა ნაწილში.
დისპეფსია შეიძლება აღიწეროს როგორც მოუნელებლობა, აირების დაგროვება, სისავსის, ღრღნის ან წვის შეგრძნება. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ცუდი მადა, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ბოყინი და ნაწლავების ხმიანობა (ყურყური). ზოგ პაციენტს საკვების მიღება სიმპტომებს დაუმძიმებს ხოლმე, ზოგს კი შეუმსუბუქებს.
დისპეფსიას აქვს მრავალი მიზეზი, მათ შორის კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის კიბო. კუჭის ანთებამ (გასტრიტი) აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს დისპეფსია. ჰელიკობაქტერიამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების და წყლულის განვითარებას, შესაბამისად – დისპეფსიის სიმპტომების აღმოცენებას. ნაღვლის სადინარებში კენჭების არსებობაც იწვევს ზოგჯერ დისპეფსიას. იგივე ითქმის ზოგიერთ წამალზე, როგორიცაა ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ე.წ. ფუნქციური დისპეფსია შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მომატებულმა მგრძნობელობამ ან შეკუმშვების გაძლიერებამ (სპაზმები). ასეთ შემთხვევებში პაციენტს რაიმე სხვა პათოლოგია არ აქვს.
შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს დისპეფსია იმის გამო, რომ ზოგადად შფოთვა აძლიერებს ადამიანის უსიამოვნო შეგრძნებებს, უმნიშვნელო დისკომფორტსაც კი ძალიან შემაწუხებელს ხდის. შფოთვამ შეიძლება გააუარესოს კუჭის პათოლოგიური მგრძნობელობა და გააძლიეროს შეკუმშვები ან გამოიწვიოს ამოქარვება, ან სუნთქვის შეკვრა, ან ჰაერის ყლაპვა (აეროფაგია).
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს დისპეფსიის უფრო სერიოზულ მიზეზზე შემდეგია: ცუდი მადა, გულისრევა და ღებინება, წონაში კლება, ანემია, განავალში სისხლი, ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას. ამ სიმპტომების არსებობისას 45 წელს ზემოთ ასაკის პირებში ექიმი, როგორც წესი, ათვალიერებს საყლაპავს და კუჭს დრეკადი ზონდით (ენდოსკოპი). უფრო ახალგაზრდა პაციენტებს, რომელთაც მხოლოდ დისპეფსია აქვთ, რაიმე სხვა სიმპტომების გარეშე, ხშირად უნიშნავენ მჟავიანობის დამთრგუნველ მკურნალობას. თუ ეს უკანასკნელი უშედეგოა, ტარდება ენდოსკოპია.
განავლის შეუკავებლობა არის ნაწლავის მოქმედებაზე კონტროლის დაკარგვა.
განავლის ხანმოკლე შეუკავებლობა შეიძლება განვითარდეს დიარეის შეტევების დროს ან განავლის დაგროვებისას სწორ ნაწლავში (განავლის შეკავება). მუდმივი შეუკავებლობა აღინიშნება ხოლმე ანუსის ან ზურგის ტვინის დაზიანებების, რექტალური პროლაფსის (სწორი ნაწლავის ლორწოვანის გამობერვა ანუსში), დემენციის, დიაბეტის შედეგად განვითარებული ნევროლოგიური დაზიანებების, ანუსის სიმსივნეების ან მშობიარობის დროს განვითარებული მენჯის დაზიანებების დროს.
ექიმი გამოკვლევებს ატარებს ანატომიური ან ნევროლოგიური პათოლოგიის დასადგენად. ეს გულისხმობს ანუსის და სწორი ნაწლავის გამოკვლევას, ანუსის ირგვლივ მგრძნობელობის ხარისხის შემოწმებას და, როგორც წესი, სიგმოიდოსკოპიას. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა გამოკვლევებიც, მათ შორის ანალური სფინქტერის ექოსკოპია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, მენჯის კუნთების და ნერვების ფუნქციის შემოწმება.
განავლის შეუკავებლობის კორექციის გზაზე პირველი ნაბიჯია რეგულარული ნაწლავების მოქმედების აღდგენა კარგად ფორმირებული განავლის წარმოქმნით. ხშირად ეფექტურია ცვლილებები კვების რაციონში, მათ შორის, მცირე რაოდენობით ბოჭკოს შემცველი საკვების დამატება. თუ მოხსენიებული უშედეგო აღმოჩნდა, შეიძლება ეფექტური გამოდგეს ისეთი წამალი, რომელიც ანელებს ნაწლავების მოძრაობას, მაგალითად, ლოპერამიდი.
ანალური კუნთების (სფინქტერების) ვარჯიში, მათი დაძაბვა და მოდუნება ზრდის ხსენებულთა ტონუსს და სიძლიერეს. ბიოუკუკავშირის მეთოდის გამოყენებით ადამიანს შეუძლია სფინქტერების ფუნქციის აღდგენა და სწორი ნაწლავის მგრძნობელობის გაზრდა განავლით გავსებაზე. კარგად მოტივირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ში ბიოუკუკავშირი შედეგიანია.
თუ განავლის შეუკავებლობა მუდმივია, ხოლო მიზეზი ანუსის დაზიანება ან მისი ანატომიური დეფექტია, შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ქირურგიული ჩარევა. უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ კოლოსტომიას (მსხვილი ნაწლავის ნაწილის გარეთ გამოტანა მუცლის წინა კედელში გაკეთებული ხვრელის გზით); პაციენტს ანუსი ამოკერილი აქვს და განავალი გადადის მოსახსნელ პლასტმასის ჩანთაში, რომელიც მიმაგრებულია ხვრელთან მუცლის წინა კედელზე.
ნორმაში საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირები არის. აირის გამოძევება სხეულიდან 2 გზით შეიძლება: პირიდან (ბოყინი) ან ანუსიდან (გაზებზე გასვლა).
არსებობს აირების დაგროვებასთან დაკავშირებული სამი ძირითადი ჩივილი: ხშირი ბოყინი, მუცლის შებერვა, ზომაგადასული რაოდენობით გაზებზე გასვლა.
ბოყინი უმეტესწილად ჩნდება მალევე ჭამის შემდეგ ან სტრესულ სიტუაციაში. ზოგიერთს უშუალოდ ამობოყინებამდე აქვს მოჭერის შეგრძნება გულმკერდში ან კუჭის მიდამოში. ტკივილი გაყუჩდება ხოლმე აირების ამოსვლისთანავე.
ადამიანი ნორმაში ანუსიდან აირებს გამოყოფს დღეში 10-ჯერ, ზოგი – უფრო ხშირადაც. ანუსიდან გამოყოფილ აირებს შეიძლება სუნი ან ჰქონდეს, ან არა. ზოგჯერ აირების ანუსიდან გამოყოფის მცდელობას განავლის გამოყოფაც (შეუკავებლობა) მოჰყვება ხოლმე.
კუჭში ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილში შეიძლება დაგროვდეს აირების ჭარბი რაოდენობა.
ბოყინი ვითარდება გაზიანი სასმელების დალევისას ჰაერის ჩაყლაპვით. მცირე რაოდენობით ჰაერის ჩაყლაპვა ნორმალურია, მაგრამ ზოგი ადამიანი გაუცნობიერებლად ყლაპავს ჰაერის დიდ რაოდენობას (აეროფაგია) ჭამის, მოწევის და, ზოგჯერ, სხვა გარემოებებისას, განსაკუთრებით ღელვის დროს. მოჭარბებული ნერწყვდენა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს, ცუდად ჩასმული კბილის პროთეზები, საღეჭი რეზინის მოხმარება ზრდის ჩაყლაპული ჰაერის მოცულობას. მისი ძირითადი ნაწილი ამოდის ბოყინისას, ხოლო მცირე ნაწილი ჩადის კუჭში და საჭმლის მომნელებელი სისტემის დანარჩენ ნაწილებში. ნაწლავებში გადასული ჩაყლაპული ჰაერის დიდი ნაწილი შეიწოვება ნაწლავის კედლებიდან სისხლში, ძალიან მცირე ნაწილი ანუსიდან გამოიყოფა.
აირების დაგროვება ნაწლავებში საკვების ბაქტერიული დაშლის შედეგად წყალბადის, მეთანის და ნახშირორჟანგის გამოყოფის შედეგია. აირები განსაკუთრებით ჭარბად წარმოიქმნება ლობიოსა და კომბოსტოს მიღების შემდეგ. ცილების ან ხილის დიდი რაოდენობით მიღებისას თითქმის ყველა შემთხვევაში აღინიშნება ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული მეტეორიზმი. იმათ, ვისაც აქვს გარკვეული შაქრების დამშლელი ფერმენტების ნაკლებობა (მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა), ამ შაქრების შემცველი საკვების მიღების შემდეგ აირები დიდი რაოდენობით წარმოექმნებათ. მალაბსორბციის სინდრომით თანხლებული სხვა დაავადებები, როგორიცაა ტროპიკული სპრუ და პანკრეასის უკმარისობა, ასევე იწვევს გაზების დიდი რაოდენობით დაგროვებას.
მუცლის შებერვის შეგრძნება გამოხატულია ხოლმე კუჭის დაცლის შეფერხების ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. ზოგჯერ გულის დაავადების ერთადერთი სიმპტომია შებერილობის შეგრძნება. თუმცა, იმათ გარდა, ვინც სვამს გაზიან სასმელებს ან ჭარბად ყლაპავს ჰაერს, შებერილობის შეგრძნების მქონე ადამიანთა უმეტესობას საჭმლის მომნელებელ სისტემაში არ აქვთ დაგროვილი აირების ჭარბი რაოდენობა. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვისაც აქვს, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, განსაკუთრებით მგრძნობიარეა აირების ნორმალური რაოდენობით დაგროვების მიმართაც.
ბოყინის დროს ექიმები, როგორც წესი, პაციენტს რაიმე გამოკვლევას არ უტარებენ. თუ მას გაზებზე გასვლა აწუხებს და მალაბსორბციის სინდრომის არსებობაა სავარაუდო, მაშინ გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია.
ბოყინის და გაზებზე გასვლის შემსუბუქება რთულია. თუ ძირითადი პრობლემა ბოყინია, ჩაყლაპული ჰაერის რაოდენობის შემცირებას კი მოაქვს შედეგი, მაგრამ მისი განხორციელება ძნელია, რადგან ადამიანი უმეტესწილად ვერ აცნობიერებს, რომ ყლაპავს ჰაერს. საღეჭი რეზინის ღეჭვისთვის თავის არიდებამ და მშვიდ გარემოში საკვების დინჯად მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს მდგომარეობა. ზოგჯერ გაზიანი სასმელებისთვის თავის არიდებასაც მოაქვს შედეგი.
გაზებზე ჭარბად გასვლისას შეიძლება საჭირო გახდეს კვების რაციონის შეცვლა, სახელდობრ, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ძნელად მოსანელებელი საკვები. იმის გასარკვევად, რა სახის საკვები იწვევს პრობლემას, შეიძლება საჭირო გახდეს ერთი რომელიმე საკვების ან რამდენიმე ერთი ტიპის საკვების ამოღება რაციონიდან. უპირველეს ყოვლისა, ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლების რაციონიდან ამოღებაა საჭირო (როგორიცაა ლობიო და კომბოსტო); შემდგომ – რძე და რძის პროდუქტები; ამის მერე უმი ხილი და შემდეგ ზოგიერთი ბოსტნეული, აგრეთვე სხვა საკვები.
სიმეტიკონმა, რომელიც ზოგიერთი ანტაციდის შემადგენელი კომპონენტია და ცალკეც არის ხელმისაწვდომი, შეიძლება მცირედი შვება მოჰგვაროს ადამიანს. ზოგჯერ სხვა წამლებიც, მათ შორის სხვა ტიპის ანტაციდებიც (საკვებ სოდას რომ შეიცავენ), მეტოკლოპრამიდი, ბეთანექოლი შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო. არომატული ზეთები, როგორიცაა პიტნის ზეთი, ეხმარება ზოგს, განსაკუთრებით მათ, ვისაც, შებერილობასთან ერთად, მუცელში მოვლითი ხასიათის ტკივილები აქვს. ზოგჯერ სასარგებლოა მეტი ბოჭკოვანი საკვების მიღება, თუმცა ამ უკანასკნელმა შეიძლება გაუარესებაც გამოიწვიოს. ქლოროფილი, რომელიც ბევრი რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლის შემადგენლობაში შედის, აგრეთვე ნახშირის ტაბლეტები მეტეორიზმს არ შველის, მაგრამ ამცირებს ცუდ სუნს.
ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება (ადრე უწოდებდნენ ისტერიკულ ბურთს – globus hystericus) ილუზიაა, ყელში მოწოლილი გუნდის, სიმსივნის ცრუ შეგრძნებაა. სინამდვილეში დასახელებულთაგან არც ერთი არ არსებობს.
ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება ადამიანისთვის ემოციურად მოხრჩობის შეგრძნებასთან არის გაიგივებული. ის აღმოცენდება ხოლმე განსაკუთრებულ სიტუაციებში – მწუხარების, მღელვარების, გაბრაზების, სიამაყის ან ბედნიერების დროს. ადამიანს ყელში არაფერი აქვს გაჩრილი, თავისუფლად იღებს მყარ საკვებსაც და სითხეებსაც. უფრო მეტიც, საკვებისა და სითხის მიღება მდგომარეობას შეუმსუბუქებს ხოლმე.
ყელში გაჩრილი ბურთის შეგრძნების მიზეზი შეიძლება იყოს კუნთების პათოლოგია ან საყლაპავის მგრძნობელობის შეცვლა. ეს სიმპტომი ზოგჯერ აღინიშნება კუჭის შიგთავსის უკან საყლაპავში გადასვლისას (გასტროეზოფაგური რეფლუქსი). ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს გახშირებული ყლაპვისას, ყელის სიმშრალისას, რაც მღელვარებით ან სხვა ძლიერი ემოციით, ან სუნთქვის გახშირებით არის გამოწვეული.
ექიმები ზემოხსენებული შეგრძნების მქონე პაციენტებს გამოკვლევებს არ უტარებენ, ვინაიდან ყლაპვის გაძნელება ან სხვა სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, სხეულის წონის შემცირება ან განავალში სისხლი არ აღინიშნება.
მადის დაკარგვა (ანორექსია) გულისხმობს შიმშილის გრძნობის არქონას – ადამიანს არ აქვს ჭამის სურვილი. ანორექსისგან უნდა განვასხვაოთ კვებითი აშლილობები – ნერვული ანორექსია ან ნერვული ბულიმია, რომლის დროსაც ადამიანს აქვს შიმშილის გრძნობა, მაგრამ, წონაში დაკლების მიზნით ან ზღუდავს საკვების მიღებას, ან ჭამის მერე პირღებინებას იწვევს.
ანორექსიის ხანმოკლე პერიოდი თითქმის ყველა უეცრად დაწყებულ (მწვავე) დაავადებას ახლავს თან. ხანგრძლივად მიმდინარე (ქრონიკული) ანორექსია ძირითადად გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომელთაც აქვთ ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა სიმსივნე, შიდსი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, გულის, თირკმლების ან ღვიძლის მკვეთრად გამოხატული უკმარისობა. გარდა მოხსენიებულისა, ანორექსიას იწვევს დაავადებები, რომლებიც აზიანებს ტვინის იმ ნაწილს, საიდანაც მადის რეგულირება ხდება. ანორექსია ხშირად გვხვდება მომაკვდავ ადამიანებში. ზოგიერთი წამალი, როგორიცაა დიგოქსინი, გლუოქსეტინი, ქინიდინი და ჰიდრალაზინი აგრეთვე იწვევს ანორექსიას.
ყველაზე ხშირად ანორექსია გვხვდება ამა თუ იმ ცნობილი, უკვე დიაგნოსტირებული დაავადების მქონე პირთა შორის. აუხსნელი ქრონიკული ანორექსია ექიმისთვის სიგნალია, რომ რაღაც ვერ არის კარგად. სიმპტომების და სრული ფიზიკური გამოკვლევის შედეგების გულდასმით შეფასება ხშირად შესაძლებელს ხდის სავარაუდო მიზეზის განსაზღვრას და ეხმარება ექიმს საჭირო კვლევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში.
გამომწვევი მიზეზების სამკურნალოდ შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებენ. ადამიანს ჭამის სურვილის მომატებაში ეხმარება შემდეგი: საყვარელი საკვების მიწოდება, მისთვის მისაღები და მოსახერხებელი კვების განრიგი, თუ მოისურვებს, მცირე რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მიღება კვებამდე 30 წუთით ადრე. ზოგიერთი გარემოების დროს მადის აღსაძვრელად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს წამლები – ციპროჰეპტადინი, კორტიკოსტეროიდები დაბალი დოზით, მეგესტეროლი, დრონაბინოლი.
გულისრევა არის უსიამო შეგრძნება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით, მუცელში დისკომფორტით, უმადობით და ღებინების აუცილებლობის შეგრძნებით. ღებინება არის კუჭის შეკუმშვები, რის შედეგადაც კუჭის შიგთავსი გადმოისროლება საყლაპავში და გადმოდის პირიდან. ღებინების დროს კუჭი იცლება შიგთავსისგან და ხშირად, თუნდაც დროებით, უკეთ ხდის გულისრევის შეგრძნების მქონე ადამიანს. გულისრევა და რეგურგიტაცია არ არის ერთი და იმავე მნიშვნელობის ცნებები. რეგურგიტაცია არის კუჭის მოუნელებელი შიგთავსის უკუდინება საყლაპავში, რასაც არ ახლავს გულისრევა და მუცლის დაჭიმვა.
პირნაღები მასა უხშირესად ცოტა ხნის წინ მიღებული საკვებით არის ხოლმე წარმოდგენილი, ზოგჯერ საკვების ნაჭრებს შეიცავს. სისხლიანი ღებინებისას (ჰემატემეზისი) პირნაღები ღია წითელი ფერის არის, თუ პირნაღებში ნაღველია შერეული, ის მწვანეა.
ღებინებისას ადამიანი წინ გადაიხრება ხოლმე, თავად ღებინება ხმაურიანი პროცესია. ძლიერი ღებინებისას საკვები შეიძლება რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გადაიფრქვეს (შადრევანისმაგვარი ღებინება). ღებინებისას საყლაპავშიდა წნევა მკვეთრად იზრდება, ძლიერი ღებინებისას საყლაპავის ლორწოვანი შეიძლება გაიგლიჯოს კიდეც. თუ ადამიანი უგონოდაა, შეიძლება შეისუნთქოს მჟავე პირნაღები მასა, რაც ფილტვებს აღიზიანებს. ხშირმა ღებინებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და ელექტროლიტების დისბალანსი; ეს გართულებები უფრო ხშირად ახალშობილებს და ჩვილებს აღენიშნებათ.
გულისრევა და ღებინება თავის ტვინში გულისრევის ცენტრის გააქტიურების შედეგია. ეს სიმპტომები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების თანმხლებია, განსაკუთრებით ხშირია გასტროენტერიტების და ნაწლავების ობსტრუქციისას. ამ უკანასკნელის დროს მიღებული საკვები და სითხე ვერ გასცდება ხოლმე დაბრკოლებას და უკან ბრუნდება კუჭში. ღებინების ცენტრი შეიძლება გააქტიურდეს ტვინის ზოგიერთი, მათ შორის ინფექციებით გამოწვეული დაავადებების (როგორიცაა მენინგიტი და ენცეფალიტი), ტვინის სიმსივნეების, შაკიკის დროს.
შიგნითა ყურის წონასწორობის ორგანოები (ვესტიბულარული აპარატი) დაკავშირებულია ღებინების ცენტრთან. ამ კავშირით არის შეპირობებული ის გარემოება, რომ ზოგიერთ ადამიანს გულისრევის შეგრძნება ეწყება გემით, მანქანით ან თვითმფრინავით მგზავრობისას, აგრეთვე თავად შიგნითა ყურის ზოგიერთი დაავადების დროს (ლაბირინთიტი და პოზიციური თავბრუსხვევა). გულისრევა და ღებინება არცთუ იშვიათია ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ კვირებში, უმეტესწილად დილაობით. გულისრევას ბევრი წამალიც იწვევს, მათ შორის ქიმიოთერაპიისთვის გამოყენებული წამლები, აგრეთვე ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა მორფინი.
ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც შეუძლია გულისრევის და ღებინების გამოწვევა (ფუნქციური ან ფსიქოგენური ღებინება). მაგალითად, ბულიმიის დროს ხელოვნურად გამოწვეული ღებინებით ცდილობენ წონაში დაკლებას. ღებინება შეიძლება ფსიქოლოგიური დისტრესის საპასუხოდ აღინიშნოს, მაგალითად, სკოლაში წასვლის თავიდან აცილების სურვილი.
ჯანმრთელ ზრდასრულებს და მოზარდებს, ვისაც ღებინების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდათ (დიარეით ან მის გარეშე) და არ აქვთ სხვა სიმპტომები, შეიძლება არც კი დასჭირდეთ შეფასება. ექიმი შეფასებას იწყებს, თუ პაციენტი მცირეწლოვანი ან ასაკოვანი ადამიანია, აგრეთვე, როცა ღებინება ერთ დღეზე მეტხანს გრძელდება და სხვა სიმპტომებიც არის გამოხატული, განსაკუთრებით მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე ან ცნობიერების დაბინდვა. თუ სიმპტომებით და ფიზიკური გასინჯვით არ გამოვლინდა გაუწყლოების ნიშნები ან სერიოზული ძირითადი დაავადება, მაშინ გამოკვლევები არ არის საჭირო. რეპროდუქციული ასაკის ქალებს შეიძლება ჩაუტარდეს ორსულობის ტესტი. სხვა შემთხვევაში სისხლის ანალიზი შეიძლება გაკეთდეს გაუწყლოების ნიშნების არსებობისას და ელექტროლიტების დისბალანსის შესაფასებლად. თუ ეჭვია ნაწლავის ობსტრუქციაზე, ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობენ კონკრეტულ მდგომარეობებს. თუ რაიმე სერიოზული ძირითადი დაავადება არ არის და ადამიანი არაა გაუწყლოებული, ბოლო ღებინებიდან დაახლოებით ერთ საათში შეიძლება მცირე რაოდენობით წყლის მიცემა. თუ ადამიანი იტანს სითხეს, მაშინ რაოდენობას თანდათანობით ზრდიან. თუ ეს გაზრდილი რაოდენობაც კარგად აიტანა პაციენტმა, შეიძლება დაიწყოს საკვების მიღება. თუ ადამიანი გაუწყლოებულია და შეუძლია მცირე რაოდენობით სითხის მიღება, მაშინ ექიმები ურჩევენ სარეჰიდრატაციო ხსნარების დალევას. მნიშვნელოვანი გაუწყლოების ან ელექტროლიტების დისბალანსის მქონე პირებს და მათ, ვისაც არ შეუძლიათ სითხის დალევა, ესაჭიროებათ სითხეების ინტრავენური გადასხმა.
ზოგიერთი ზრდასრულის და ახალგაზრდისთვის ექიმები იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგო წამლებს, როგორიცაა კეტოკლოპრამიდი ან ფლორპერაზინი. იმ შემთხვევაში, როცა ღებინება გამოწვეულია ქიმიოთერაპიით, ექიმები ნიშნავენ უფრო ძლიერ წამლებს, როგორიცაა ოდანსეტრონი ან გრანისეტრონი.
რეგურგიტაცია არის კუჭის მოუნელებელი შიგთავსის უკუდინება საყლაპავში და ზემოთ გულისრევის შეგრძნების ან მუცლის კუნთების შეკუმშვების გარეშე.
კუჭსა და საყლაპავს შორის მდებარე რგოლის ფორმის კუნთი (სფინქტერი) რეგურგიტაციას შეუძლებელს ხდის. მჟავე და მწარე გემოს მქონე მასის რეგურგიტაცია კუჭიდან მჟავას უკუდინების შედეგია. გემოს არმქონე ლორწონარევი სითხის ან მოუნელებელი საკვების რეგურგიტაცია საყლაპავის შევიწროების (სტრიქტურა) ან დახშობის შედეგი შეიძლება იყოს. დახშობა ვითარდება საყლაპავის მჟავათი დაზიანების, კაუსტიკური ნივთიერებების მიღების, საყლაპავის კიბოს ან ნერვული რეგულაციის დარღვევის შედეგად, რაც აბრკოლებს საყლაპავის და კუჭის შესავალთან მდებარე ზემოხსენებული სფინქტერის კოორდინირებულ ფუნქციონირებას.
რეგურგიტაცია ზოგჯერ ყოველგვარი ფიზიკური მიზეზის გარეშე ვითარდება. ასეთ რეგურგიტაციას ცოხნას უწოდებენ. ის კუჭიდან მცირე რაოდენობის მოუნელებელი საკვების რეგურგიტაციის შედეგია მისი მიღებიდან უახლოესი 15-20 წუთის განმავლობაში. ეს მასა ამოდის პირის ღრუში და ადამიანს შეუძლია ის ხელმეორედ დაღეჭოს და გადაყლაპოს. ცოხნას არ ახლავს ტკივილი ან ყლაპვის გაძნელება. ზრდასრულებში ცოხნა უფრო ხშირია ემოციური აშლილობების მქონე ადამიანებს შორის, განსაკუთრებით სტრესის დროს.