საკვების გადაადგილებისთვის პირის ღრუდან კუჭში პირის ღრუს, ხახის და საყლაპავის გამტარი გზების ნორმალური და კოორდინირებული მუშაობა, აგრეთვე სფინქტერების მოდუნებაა საჭირო. ზემოხსენებულთაგან რომელიმეს დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება (დისფაგია), რეგურგიტაცია (საკვების უკუდინება საყლაპავიდან ან კუჭიდან, გულისრევის ან მუცლის კუნთების ძლიერი შეკუმშვის გარეშე), ღებინება ან საკვების აპირაცია (შესუნთქვისას საკვების შესრუტვა სასუნთქ გზებში).
აქალაზია (აგრეთვე უწოდებენ კარდიოსპაზმს, საყლაპავის აპერისტალტიკას ან მეგაეზოფაგუსს) არის დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავის კედლების რიტმული შეკუმშვების ძალა მნიშვნელოვნად შესუსტებულია, საყლაპავის ქვედა სფინქტერი არ დუნდება როგორც ჯერ არს, ხოლო მისი წნევა მოსვენებულ მდგომარეობაში მომატებულია.
აქალაზია საყლაპავის რიტმული შეკუმშვების მარეგულირებელი ნერვების დისფუნქციის შედეგია. ამ უკანასკნელის მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა ვირუსული ეტიოლოგია. ზოგიერთი სიმსივნე აქალაზიას იწვევს ან საყლაპავის ქვედა სფინქტერის შევიწროებით, ან საყლაპავის ნერვების დაზიანებით.
აქალაზიის გამოწვევა შეუძლია ჩაგასის დაავადებასაც, რომლის დროსაც უჯრედების გროვების (ავოტნომიური განგლია) დესტრუქცია ხდება.
აქალაზია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა უფრო ხშირია 20-დან 60 წლამდე ასაკის პირებში. იწყება შეფარულად, სიმპტომების გარეშე და ნელა პროგრესირებს – მრავალი თვისა და წლის განმავლობაში. საყლაპავის ქვედა სფინქტერის შევიწროება იწვევს მის ზემოთ მდებარე საყლაპავის ნაწილების მნიშვნელოვან გაგანიერებას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, განაპირობებს სიმპტომების აღმოცენებას. დაავადების ძირითადი სიმპტომია როგორც მყარი, ისე თხევადი საკვების ყლაპვის გაძნელება. გარდა ამისა, შეიძლება გამოხატული იყოს სხვა სიმპტომები, სახელდობრ, გულმკერდის ტკივილი, გაგანიერებული საყლაპავის შიგთავსის რეგურგიტაცია და ხველა ღამით. იშვიათად გულმკერდის ტკივილი შეიძლება აღინიშნოს ყლაპვის დროსაც ან სულაც უმიზეზოდ. აქალაზიით დაავადებული ადამიანების ერთ მესამედს მოუნელებელი საკვების რეგურგიტაცია აქვს ძილის დროს. მათ შეიძლება შეისუნთქონ საკვები, რაც იწვევს ხველას, ფილტვის აბსცესს, სასუნთქი გზების ინფიცირებას, ბრონქოექტაზიას ან ასპირაციულ პნევმონიას. მოუნელებელი საკვები, როგორც წესი, რჩება საყლაპავში. აღინიშნება ხოლმე მსუბუქი ან ზომიერი კლება წონაში. თუ ასაკოვან ადამიანს აღენიშნა წონის მკვეთრი შემცირება და დისფაგიის სწრაფად განვითარება, ექიმები ეჭვობენ და ეძებენ სიმსივნეს კუჭისა და საყლაპავის შეერთების ადგილზე.
საყლაპავის რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ბარიუმის სულფატით (ბარიუმის გადაყლაპვა) თვალსაჩინო ხდება კუნთების ტალღისებური, თანამიმდევრული შეკუმშვის (პერისტალტიკის) არარსებობა. საყლაპავი მხოლოდ ზომიერადაა გაგანიერებული, ზოგჯერ კი ძალიან მკვეთრად. ქვედა სფინქტერის მიმდებარე ნაწილი შევიწროებულია.
ექიმებს ხშირად ვიწრო მილი შეჰყავთ საყლაპავში მისი შეკუმშვების წნევის გასაზომად (საყლაპავის მანომეტრია). წვრილი დრეკადი მილის გამოყენებით საყლაპავის დათვალიერებისას (ეზოფაგოსკოპია) ექიმი ბიოფსიასაც (ქსოვილის ნიმუშის აღება მიკროსკოპით დასათვალიერებლად) ატარებს,რათა დარწმუნდეს, რომ საყლაპავის ქვედა ნაწილის დაზიანების სიმპტომები არ არის სიმსივნით გამოწვეული.
კუჭისა და საყლაპავის შეერთების ადგილზე სიმსივნით გამოწვეული აქალაზიის დიაგნოზის დადგენა შეიძლება გულმკერდის ან მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ), ან ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევით (ენდოსკოპის წვერზე მოთავსებული ძალიან პატარა ულტრაბგერის გადამცემი, რომელიც პირიდან შეჰყავთ კუჭში).
პერისტალტიკის აღდგენა მკურნალობით ვერ ხერხდება. ამიტომაც მკურნალობის მიზანია საყლაპავის ქვედა სფინქტერში დაქვეითებული წნევით შეპირობებული სიმპტომების შემსუბუქება. ნიტრატები (მაგალითად, ჭამის წინ ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ჩადება) ან კალციუმის არხის ბლოკატორები (მაგალითად, ნიფედიპინი) ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ სფინქტერის მოდუნების გზით მისი გაფართოების საჭიროება მცირდება.
დილატაცია აფართოებს სფინქტერს მექანიკურად – მაგალითად, მის შიგნით დიდი ბალონის გაბერვით. ეს პროცედურა ეხმარება პაციენტების 85%-ს, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს პროცედურის გამეორება. შემთხვევების 2%-ზე ნაკლებში დილატაციის დროს საყლაპავი შეიძლება გაიგლიჯოს, რაც იწვევს საყლაპავის გარშემო მდებარე სივრცის ანთებას (მედიასტინიტი), რომელიც, იშვიათ შემთხვევებში, სათანადო მკურნალობის გარეშე, სასიკვდილოა. გაგლეჯილი საყლაპავის კედლის მთლიანობის აღსადგენად გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო.
მექანიკური დილატაციის ალტერნატივაა საყლაპავის ქვედა სფინქტერში ბოტულინის ტოქსინის შეყვანა. ეს მკურნალობა ისევე ეფექტურია, როგორც მექანიკური დილატაცია ბალონით. ბოტულინის ტოქსინი უმსუბუქებს სიმპტომებს პაციენტების 70-80%-ს, მაგრამ მისი მოქმედება მხოლოდ 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება.
თუ ბალონით გაფართოება ან ბოტულინის ტოქსინი არ მოქმედებს, ტარდება ქირურგიული პროცედურა – საყლაპავის ქვედა სფინქტეფრის კუნთოვანი ბოჭკოების ამოკვეთა (მიოტომია). პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ლაპარასკოპით ან თორაკოსკოპით. ის ეფექტურია დაახლოებით შემთხვევების 85%-ში. ამავე ქირურგიული ჩარევისას ტარდება მეორე პროცედურაც (ე.წ. ფუნდოპლიკაცია), რომლის მიზანია კუჭიდან საყლაპავში კუჭის შიგთავსის უკუდინების (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) თავიდან აცილება. ოპერაციის შემდეგ რეფლუქსის ეპიზოდები უმეორდება პაციენტების დაახლოებით 15%-ს.
საყლაპავის დივერტიკული არის საყლაპავის კედლის პათოლოგიური გამობერვა, რომელიც იშვიათ შემთხვევებში იწვევს ყლაპვის გაძნელებას და რეგურგიტაციას (საკვების უკუდინება საყლაპავიდან ან კუჭიდან გულისრევის ან მუცლის კუნთების ძლიერი შეკუმშვის გარეშე).
საყლაპავის დივერტიკულის რამდენიმე სახე არსებობს. ყოველი მათგანის გამომწვევი მიზეზი განსხვავებულია, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველა ყლაპვისა და კუნთების მოდუნების კოორდინაციის დარღვევის შედეგია. დივერტიკულების უმეტესობა დაკავშირებულია საყლაპავის დაავადებებთან, სახელდობრ საყლაპავის სპაზმთან და აქალაზიასთან.
ცენკერის დივერტიკული: ხახის პარკი ანუ ცენკერის დივერტიკული, სავარაუდოდ, გამოწვეულია, ერთი მხრივ, პირის ღრუდან საკვების გადაადგილებასა და, მეორე მხრივ, კრიოფარინგული კუნთის რელაქსაციას შორის დისკოორდინაციით. დივერტიკული შეიძლება საკვებით გაივსოს, რაც ზოგჯერ ძილის დროს საკვების ფილტვებში ინჰალაციას და ასპირაციული პნევმონიის განვითარებას განაპირობებს. იშვიათად ჯიბე დიდდება და ყლაპვის გაძნელებას, კისრის მიდამოს შეშუპებას იწვევს.
საყლაპავის შუა ნაწილის დივერტიკული: საყლაპავის შუა ნაწილის პარკის ანუ ტრაქციული დივერტიკულის განვითარების მიზეზია შუასაყარში (მედიასტინუმი) ლოკალიზებული ანთებითი დაზიანებები ან, მეორადად, საყლაპავის მოძრაობის (მოტორიკის) დარღვევები. ტრაქციული დივერტიკულის არსებობისას გამოხატულია მხოლოდ ძირითადი დაავადების სიმპტომები.
კუჭის დიაფრაგმისზედა დივერტიკული: დიაფრაგმისზედა პარკი ან დივერტიკული ჩნდება ზუსტად დიაფრაგმის ზემოთ და, როგორც წესი, თან ახლავს მოტორიკის დარღვევებს (როგორიცაა აქალაზია და საყლაპავის სპაზმი). დიაფრაგმისზედა დივერტიკული იშვიათად იწვევს სიმპტომებს, პაციენტს უფრო ძირითადი დაავადებით შეპირობებული სიმპტომები აწუხებს.
ნებისმიერი დივერტიკულის დიაგნოზი დგინდება პაციენტის მიერ ბარიუმის მიღების შემდეგ გაკეთებული ვიდეოჩანაწერით.
ჩვეულებრივად, მკურნალობა საჭირო არ არის. თუ სიმპტომები ძალიან შემაწუხებელია, გამობერილობას ქირურგიული გზით მოაცილებენ ხოლმე. დივერტიკული, რომელიც მოტორიკის დარღვევებთანაა დაკავშირებული, საჭიროებს ძირითადი დაავადების მკურნალობას. მაგალითად, თუ ცენკერის დივერტიკულის მიზეზია კრიკოფარინგული კუნთის დისფუნქცია, ექიმმა, ცენკერის დივერტიკულის მოცილებასთან ერთად, შეიძლება გადაჭრას მოხსენიებული კუნთიც (მიოტომია). საყლაპავის სპაზმის ან აქალაზიის შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სფინქტერის შემავიწროებელი მკურნალობა.
საყლაპავის სპაზმი (აგრეთვე უწოდებენ სპასტიკურ ფსევდოდივერტიკულს ან სიმპტომურ დიფუზურ საყლაპავის სპაზმს) არის საყლაპავის ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვების (პერისტალტიკა) დარღვევა.
ამ დაავადების დროს საკვების გადაადგილებისთვის აუცილებელი შეკუმშვები პერიოდულად იცვლება საწინააღმდეგო მიმართულების ან გადაჭარბებული კუნთოვანი შეკუმშვებით (ჰიპერდინამია). ამ დაავადების მქონე პაციენტთა 30%-ს საყლაპავის ქვედა სფინქტერი ნორმალურად არ ეხსნება და არ ეხურება. ამ მდგომარეობის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, სავარაუდოა ინერვაციის დეფექტი.
კუნთების სპაზმი შეიგრძნობა როგორც გულმკერდის ტკივილი საყლაპავის საპროექციო არეში, უმეტესწილად მკერდის ძვლის ქვემოთ, რასაც თან ახლავს თხევადი, განსაკუთრებით ძალიან ცივი ან ცხელი, ან მყარი საკვების ყლაპვის გაძნელება. ტკივილი ღამით აღმოცენდება ხოლმე და შესაძლოა ისეთი მწვავე იყოს, რომ გააღვიძოს ადამიანი. ზოგჯერ ტკივილს ყლაპვის გაძნელება არ ახლავს თან. ამ ტკივილს ხშირად აღწერენ ხოლმე, როგორც მოჭერითი ხასიათის ტკივილს მკერდის ძვლის ქვემოთ, ზოგჯერ ვარჯიშის ან ფიზიკური დაძაბულობის დროს, რის გამოც ექიმისთვის რთულია მისი გარჩევა სტენოკარდიისგან (გულის დაავადებით გამოწვეული ტკივილი). მრავალი წლის შემდეგ ეს მდგომარეობა შეიძლება ტრანსფორმირდეს აქალაზიად, ანუ დაავადებად, რომლის დროსაც საყლაპავის რიტმული შეკუმშვები მნიშვნელოვნად არის შესუსტებული. სიმპტომების ერთ-ერთ ასეთ კომბინაციას უწოდეს ძლიერი აქალაზია. მას ახასიათებს როგორც საკვების შეკავება და მისი ასპირაცია, ისე საყლაპავის დიფუზური სპაზმისთვის ტიპური გულმკერდის ძლიერი ტკივილი.
რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ბარიუმის მიღების შემდეგ თვალსაჩინო ხდება, რომ ბარიუმის გადაადგილება საყლაპავში შეფერხებულია, საყლაპავის კედლის შეკუმშვები არაკოორდინირებულია, არ არის საკმარისი ბარიუმის გადაადგილებისთვის. საყლაპავის სპაზმების ყველაზე ზუსტი და დეტალური ანალიზი შესაძლებელია საყლაპავშიდა წნევის გაზომვით მანომეტრით (საყლაპავში მოთავსებულ ზონდზე დამაგრებული მანომეტრი ზომავს შეკუმშვებით განპირობებულ წნევას).
საყლაპავის სპაზმი რთული სამკურნალოა. კალციუმის არხის ბლოკატორებმა, როგორიცაა ნიფედიპინი, შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები საყლაპავის კუნთების რელაქსაციით (მოდუნებით). ზოგჯერ დადებითი შედეგის მისაღწევად საყლაპავის კუნთებში შეჰყავთ ბოტულიზმის გამომწვევი ტოქსინი. სხვა წამლები, სახელდობრ, ნიტროგლიცერინი, გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატები და ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე პრეპარატები (როგორიცაა დიციკლომინი) ნაკლებად ეფექტურია. ზოგჯერ საჭირო ხდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები. საყლაპავის გასაფართოებლად ხშირად იყენებენ ბალონირებას (საყლაპავში ბალონის შეყვანა) ან საყლაპავის ბუჟირებას (მექანიკური გამაფართოებელი საშუალება). იშვიათ შემთხვევებში, როცა სხვა ნაკლებად რადიკალური მკურნალობის ფორმები არაეფექტურია, ქირურგმა შეიძლება საყლაპავის მთელ სიგრძეზე გაკვეთოს კუნთოვანი შრე (ქირურგიული მიოტომია).
ხახის მოტორიკის დარღვევისას შეფერხებულია საკვების გადაადგილება ხახის ზედა ნაწილიდან საყლაპავში. შეფერხება უმეტესწილად დაკავშირებულია ხახის კუნთების ან ნერვების დაზიანებასთან. მოხსენიებულის ყველაზე ხშირი მიზეზია ინსულტი. გარდა ამისა, ხახის კუნთებისა და ნერვების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს დერმატომიოზიტმა, სკლეროდერმიამ, მიასთენიამ, კუნთოვანმა დისტროფიამ, პოლიომიელიტმა, ფსევდობულბურმა დამბლამ, პარკინსონის დაავადებამ და გვერდითმა ამიოტროფულმა სკლეროზმა. ყლაპვის გაძნელება შეიძლება გამოიწვიოს ფენოთიაზინის მიღებამ (ანტიფსიქოზური ჯგუფის პრეპარატი), ხახის კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შესუსტების გამო. ხახის მოძრაობის დარღვევების მქონე პირებში ხშირია საკვების რეგურგიტაცია ცხვირში, მისი შესუნთქვა სასულეში (ტრაქეა), რაც ხშირად ხველის მიზეზი ხდება.
კრიკოფარინგული დისკოორდინაციის დროს საყლაპავის ზედა სფინქტერი (კრიკოფარინგული კუნთი) დახურული რჩება ან იხსნება არაკოორდინირებულად. პათოლოგიურად მოფუნქციონირე სფინქტერი საშუალებას აძლევს საკვებს შეაღწიოს სასულესა და ფილტვებში, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს განმეორებადი ფილტვის ინფექციები და, საბოლოოდ, ფილტვის ქრონიკული დაავადებები. ქირურგმა შეიძლება გადაჭრას სფინქტერი. მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს დივერტიკული, პარკი, რომელიც ფორმირდება, როცა კრიკოფარინგული კუნთის გაყოლებით საყლაპავის ზედაპირი ბიძგისებურად მოძრაობს გარეთ და უკან.