საყლაპავის ტრავმული დაზიანება იშვიათია. დაზიანება შეიძლება თანდათანობით განვითარდეს კუჭიდან სიმჟავის უკუდინებისას (გასტროეზოფაგური რეფლუქსი). გარდა ამისა, საყლაპავი შეიძლება დაზიანდეს ტუტე ან მჟავა ნივთიერებებით, გამაღიზიანებელი წამლებით, ბასრი საგნით ან ექსტრემალური წნევით. ეს უკანასკნელი შეიძლება განვითარდეს ხელოვნურად გამოწვეული ღებინების დროს.
უეცარმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილი მკერდის ძვლის ქვემოთ, აგრეთვე სისხლდენა, რომლის შემჩნევა შეიძლება ამონაღებ მასაში ან განავალში. ტკივილმა შეიძლება გულისწასვლაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით საყლაპავის გაგლეჯისას. ამ უკანასკნელის დროს საყლაპავის შიგთავსი ჩაიღვრება შუასაყარში (გულმკერდის არე, რომელიც წინიდან შემოსაზღვრულია მკერდის ძვლით, უკნიდან – ხერხემლით, ზემოდან – გულმკერდის ღრუს შესავლით და ქვემოდან – დიაფრაგმით) და მის ანთებას იწვევს (მედიასტინიტი).
ეროზიული ეზოფაგიტი არის საყლაპავის შიდა ზედაპირის ანთება და დაწყლულება.
ეროზიული ეზოფაგიტის ხშირი მიზეზია კუჭის მჟავანარევი შიგთავსის უკუდინება საყლაპავში (რეფლუქსი). კოროზიული ნივთიერებები (როგორიცაა საწმენდი საშუალებები), შემთხვევით ან განზრახ გადაყლაპვისას, "ამოჭამს" ხოლმე საყლაპავის შიდა ზედაპირს. ზოგიერთი წამლის (ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ალედრონატი, დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი ან დიდი ზომის რკინის ან კალიუმის ტაბლეტები) საყლაპავში დიდხანს დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული ეროზიები.
ეროზიული ეზოფაგიტის დიაგნოზი ისმება ეზოფაგოსკოპიით. თუ წამლის ტაბლეტი საყლაპავში გაიჭედა, ის შეიძლება გადაადგილდეს წყლის დიდი რაოდენობის მიღებისას, ტკივილი რამდენიმე საათის შემდეგ გაივლის. იშვიათად, კოროზიული ნივთიერებებით ან საყლაპავში დაყოვნებული აბებით გამოწვეული ეროზიების შედეგად საყლაპავის შევიწროება ვითარდება.
საყლაპავის ნახეთქები (მელორი-ვეისის სინდრომი) არის საყლაპავის შიდა ზედაპირის მთლიანობის დარღვევა, რომელიც კედლის პერფორაციას არ იწვევს.
ხელოვნურად გამოწვეული ღებინებისას ან სლოკინის დროს საყლაპავის ქვედა ნაწილის და კუჭის ზედა ნაწილის შიდა ზედაპირის დასკდომას მელორი-ვეისის სინდრომი ეწოდება. ნახეთქმა შეიძლება გაგლიჯოს სისხლძარღვები და სისხლდენა გამოიწვიოს. ეს სინდრომი პირველად ალკოჰოლიკებს შორის აღიწერა. სადღეისოდ ცნობილია, რომ ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს ხელოვნურად გამოწვეული ღებინებისას.
პირველი სიმპტომია პირნაღებ მასაში სისხლის გამოჩენა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის ეპიზოდების დაახლოებით 5%-ის მიზეზი მელორი-ვეისის სინდრომია.
დიაგნოზი დგინდება ეზოფაგოსკოპიით ან ანგიოგრაფიით (სისხლძარღვის დათვალიერება რენტგენის სხივებით, რისთვისაც სისხლძარღვში კათეტერით შეჰყავთ კონტრასტი). საყლაპავის ნახეთქები რუტინული რენტგენოლოგიური გამოკვლევებისას არ გამოვლინდება.
სისხლდენა უხშირესად თავისით შეწყდება ხოლმე. ზოგჯერ აუცილებელია ეზოფაგოსკოპია და სისხლდენის შეჩერება სისხლძარღვის მოწვით ან მასში სათანადო პრეპარატის შეყვანით. მოხსენიებულის ალტერნატივაა ვაზოპრესინის ან ეპინეფრინის შეყვანა ანგიოგრაფიის დროს; ეს ამცირებს სისხლმდენ სისხლძარღვებში გამავალ სისხლის ნაკადს. თუ სისხლი დიდი რაოდენობით დაიკარგა, სისხლის გადასხმას მიმართავენ. ქირურგიული მკურნალობა იშვიათად ხდება საჭირო.
საყლაპავის გასკდომისას საყლაპავის კედლის მთლიანობა მთელ სისქეზე ირღვევა.
საყლაპავის კედლის მთლიანობის დარღვევა ძირითადად ვითარდება ენდოსკოპიის (საყლაპავის გამოკვლევა დრეკადი დასათვალიერებელი ზონდით) ან სხვა პროცედურის ჩატარებისას, როცა ინსტრუმენტი საყლაპავში ჩაიდგმება პირის ღრუსა და ხახის გავლით. გარდა ამისა, გასკდომა შესაძლებელია ძლიერი ღებინების ან საკვების დიდი მასის გადაყლაპვისას. ამ მოვლენას ბოერჰევის სინდრომს უწოდებენ.
საყლაპავის გასკდომა იწვევს მწვავე ანთებას შუასაყარში (მედიასტინიტი), რის შედეგადაც სითხე შეაღწევს ხოლმე ფილტვის მფარავი გარსის (პლევრა) ფენებს შორის სივრცეში. ამ მდგომარეობას პლევრალური გამონაჟონი ეწოდება. პაციენტებს აქვთ გულმკერდის ტკივილი, მუცლის ტკივილი, შეიძლება შოკი განვითარდეს.
რადგან ბარიუმის (კონტრასტი, რომელიც საყლაპავის ზედაპირს კარგად გამოავლენს რენტგენზე) დალევა ერთობ გამაღიზიანებელია პაციენტისთვის, ექიმები დიაგნოზს აზუსტებენ საყლაპავის რენტგენით ან ვიდეოგამოკვლევით პაციენტისთვის სხვა კონტრასტული ნივთიერების (გასტროგრაფინი) მიცემის შემდეგ. საყლაპავის ქირურგიული გზით აღდგენა და მის ირგვლივ მიდამოს დრენირება დაუყოვნებლივ არის საჭირო. ქირურგიულ ჩარევამდე შოკის სამკურნალოდ გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და, საჭიროებისამებრ, სითხეების გადასხმა. მკურნალობის მიუხედავად, დიდი რუპტურის შედეგად სიკვდილის ალბათობა ძალიან მაღალია.