გასტრიტი | მკურნალი.გე
  1. გასტრიტი
  2. პეპტიკური დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
გასტრიტი

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა.

  • ანთება შეიძლება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს; ესენია: ინფექცია, ტრავმა, ზოგიერთი წამალი და იმუნური სისტემის დარღვევები.

  • გასტრიტის სიმპტომებია: მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი მუცელში, ზოგჯერ გულისრევა და ღებინება.

  • გასტრიტის დიაგნოზის დასმისას ექიმები ხშირად ეყრდნობიან პაციენტის სიმპტომების შეფასების შედეგებს, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება კუჭის გამოკვლევა დრეკადი დასათვალიერებელი ზონდით (ენდოსკოპით).

  • მკურნალობა გულისხმობს ისეთი პრეპარატების მიღებას, რომლებიც ამცირებს კუჭის შიგთავსის მჟავიანობას.

ზოგადად, კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსი რეზისტენტულია გაღიზიანების მიმართ და უძლებს ძლიერი მჟავას ზემოქმედებას. მიუხედავად ამისა, გასტრიტის დროს აღინიშნება კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.

მიზეზები

გასტრიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. ის შეიძლება განვითარდეს ინფექციის, ტრავმის, ზოგიერთი პრეპარატის გამოყენების, იმუნური სისტემის დარღვევების შედეგად. ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციაც შეიძლება გახდეს გასტრიტით დაავადების მიზეზი. მსოფლიოში გასტრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი ინფექციური აგენტია ჰელიკობაქტერია. ვირუსული ან სოკოვანი გასტრიტი შეიძლება განუვითარდეთ იმათ, რომელთაც ჰქონდათ ესა თუ ის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება ან აქვთ იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება, მაგალითად, შიდსის ან კიბოს გამო, ან ვინც იმუნიტეტის დამთრგუნველ პრეპარატებს იღებს.

ეროზიული გასტრიტის დროს აღინიშნება კუჭის ლორწოვანის ანთებაც და დაზიანებაც. ეროზიული გასტრიტი ვითარდება ისეთი გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, როგორიცაა წამლები, განსაკუთრებით ასპირინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), კრონის დაავადება, ბაქტერიული და ვირუსული ინფექცია, კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების მიღება (გადაყლაპვა). ზოგჯერ ასპირინის ბავშვებისთვის განკუთვნილი დოზის მიღებაც კი აზიანებს კუჭის ლორწოვანს. ეროზიული გასტრიტი შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება თანდათან და, როგორც წესი, ემართება სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებს.

მწვავე სტრესული გასტრიტი, არსებითად, ეროზიული გასტრიტის ფორმაა და გამოწვეულია უეცარი დაავადებით ან ტრავმით. დაზიანება შესაძლოა კუჭს არც კი ეხებოდეს. ამისი ტიპური მაგალითებია კანის ფართო დამწვრობები და სისხლდენით თანხლებული ტრავმები. რა მექანიზმებით იწვევს სხვა დაავადებები გასტრიტს, უცნობია. სავარაუდოა კავშირი კუჭის სისხლით მომარაგების შემცირებასთან ან კუჭის ლორწოვანის მდგრადობის შესუსტებასთან.

რადიაციული გასტრიტი შესაძლოა განვითარდეს გულმკერდის ქვედა მარცხენა მიდამოს ან მუცლის ზედა ნაწილის დასხივების შემდეგ, კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.

პოსტგასტრექტომიული გასტრიტი უვითარდება პაციენტებს, რომელთაც კუჭის ნაწილი ამოჭრილი აქვთ (პროცედურას ნაწილობრივი გასტრექტომია ეწოდება). ანთება ძირითადად ვითარდება ქსოვილების ერთმანეთთან მიკერების ადგილზე. ვარაუდობენ, რომ გასტრექტომიის შემდეგ გასტრიტის მიზეზია ოპერაციის დროს კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლით მომარაგების დარღვევა ან კუჭის ლორწოვანი გარსის რეაქცია ნაღვლის (მომწვანო-მოყვითალო საჭმლის მომნელებელი სითხე, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს) ჭარბ რაოდენობაზე.

ატროფიული გასტრიტის დროს კუჭის ლორწოვანი გათხელებულია, ნაწილობრივ ან მთლიანად ნადგურდება მჟავას და ფერმენტების წარმომქმნელი უჯრედები, რაც ანტისხეულების მიერ კუჭის ლორწოვანის დაზიანების შედეგია (ეწოდება აუტოიმუნური მეტაპლაზიური ატროფიული გასტრიტი). ატროფიული გასტრიტი შეიძლება ჰელიკობაქტერიით ქრონიკული ინფიცირებით იყოს გამოწვეული.

ეოზინოფილური გასტრიტი შესაძლოა განვითარდეს მრგვალი ჭიებით ინვაზიით შეპირობებული ალერგიული რეაქციის შედეგად. სხვა შემთხვევებში გამომწვევი უცნობია. ამ ტიპის გასტრიტისას ეოზინოფილები (ლეიკოციტების სახეობა) გროვდება კუჭის კედელში.

მენეტრიეს დაავადების დროს კუჭის კედელზე სქელი, დიდი ზომის ნაკეცები, გადიდებული ჯირკვლები და სითხით სავსე კისტები აღინიშნება. ეს დაავადებაც შეიძლება პათოლოგიური იმუნური რეაქციის და ჰელიკობაქტერიითინფიცირების შედეგი იყოს.

ლიმფოციტური გასტრიტის დროს ლიმფოციტები (ლეიკოციტების კიდევ ერთი სახეობა) გროვდება კუჭის კედელსა და სხვა ორგანოებში. ლიმფოციტების ასეთი დაგროვება გვხვდება ცელიაკიის დროსაც (მალაბსორბცია), მიზეზი უცნობია.

სიმპტომები და გართულებები

გასტრიტი, ჩვეულებრივ, ასიმპტომური დაავადებაა. სიმპტომების აღმოცენებისას მათი ვარიაბელურობაა გამოხატული. პაციენტს, გასტრიტის გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, შეიძლება აწუხებდეს ტკივილი და დისკომფორტი (დისპეფსია) ან გულისრევა, ან ღებინება. ჩამოთვლილთა ერთობლიობას ხშირად საკვების მოუნელებლობის სიმპტომებად მოიხსენიებენ. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში, რაც სიმპტომების გამძაფრებას იწვევს ხოლმე.

გულისრევა და ხანგამოშვებითი ღებინება შეიძლება იყოს ეროზიული გასტრიტის, რადიაციული გასტრიტის, მენეტრიეს დაავადების და ლიმფოციტური გასტრიტის თანმხლები. დისპეფსია შეიძლება გამოვლინდეს ეროზიული გასტრიტის, რადიაციული გასტრიტის, გასტრექტომიის შემდგომ განვითარებული გასტრიტის და ატროფიული გასტრიტის დროს. მსუბუქი დისპეფსია აღინიშნება მწვავე სტრესული გასტრიტის შემთხვევებში.

წყლული შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი ტიპის, განსაკუთრებით, მწვავე სტრესული, ეროზიული და რადიაციული გასტრიტის დროს. წყლული შეიძლება იყოს სისხლმდენი და ახლდეს სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზისი) ან კუპრისფერი, შავი განავალი (მელენა). მწვავე სტრესული გასტრიტის დროს წყლულიდან სისხლდენა შეიძლება აღინიშნოს დაავადების დაწყებიდან ან ტრავმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ეროზიული და რადიაციული გასტრიტის დროს კი სისხლდენა ბევრად უფრო მოგვიანებით ვითარდება. ხანგრძლივი სისხლდენა იწვევს ანემიის სიმპტომებს, მათ შორის დაღლილობას, სისუსტეს და თავბრუსხვევას. თუ წყლულმა გახვრიტა კუჭის კედელი (პერფორაცია), შიგთავსი მუცლის ღრუში ჩაიღვრება, რის შედეგადაც ვითარდება მუცლის ღრუს ამომფენი გარსის (პერიტონიუმი) ანთება და ინფიცირება, ტკივილი მკვეთრად ძლიერდება

გასტრიტის ზოგიერთი გართულება თანდათან ვითარდება. გასტრიტის შედეგად, განსაკუთრებით რადიაციული და ეოზინოფილური გასტრიტის დროს, შეიძლება შევიწროვდეს და დანაწიბურდეს კუჭის გასავალი, რაც ძლიერი გულისრევის და ხშირი ღებინების მიზეზი ხდება. მენეტრიეს დაავადებისას, კუჭის ანთებითი ზედაპირიდან ცილების დაკარგვის გამო, სითხის შეკავება და ქსოვილების შეშუპება (ედემა) აღინიშნება. მენეტრიეს გასტრიტით დაავადებულთა 10%-ს რამდენიმე წლის შემდეგ კუჭის კიბო უვითარდება. პოსტგასტრექტომიულმა და ატროფიულმა გასტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს ანემიის სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, შინაგანი ფაქტორის (ცილა, რომელიც ბოჭავს ვიტამინ B12-ს, ხელს უწყობს მის შეწოვას ერითროციტების წარმოქმნისთვის გამოსაყენებლად) გამომუშავების შემცირება. ატროფიული გასტრიტით დაავადებულთა მცირე პროცენტს უვითარდება მდგომარეობა, რომელსაც მეტაპლაზია ეწოდება; ამ შემთხვევებში კუჭის ამომფენი გარსის უჯრედები იცვლება – კიბოსწინარე უჯრედებად გარდაიქმნება. პაციენტთა კიდევ უფრო მცირე პროცენტში მეტაპლაზია კიბოდ გარდაიქმნება.

დიაგნოზი

გასტრიტზე ეჭვის საფუძველია მუცლის ზედა ნაწილში დისკომფორტი, ტკივილი ან გულისრევა. გამოკვლევები არ არის ხოლმე საჭირო, თუმცა, თუ ექიმი არ არის დარწმუნებული დიაგნოზში ან თუ მკურნალობის შედეგად სიმპტომები არ ალაგდა, შეიძლება ჩატარდეს კუჭის ენდოსკოპიური გამოკვლევა. საჭიროებისამებრ, კეთდება კუჭის ბიოფსიაც (ქსოვილის ნიმუშის აღება მიკროსკოპით დასათვალიერებლად).

მკურნალობა

გასტრიტის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, სიმპტომების შემსუბუქება შეიძლება კუჭში მჟავას გამანეიტრალებელი ან მისი პროდუქციის შემამცირებელი პრეპარატებით, აგრეთვე, იმ წამლების მიღების შეწყვეტით, რომლებიც ამ სიმპტომების განვითარებას უწყობს ხელს. მსუბუქად გამოხატული სიმპტომების დროს ანტაციდის მიღება, რომელიც კუჭში წარმოქმნილ და გამოყოფილ მჟავას ანეიტრალებს, ხშირად საკმარისია. ანტაციდების მიღება დღეში რამდენჯერმეა საჭირო. ისინი ხშირად იწვევს ფაღარათს ან შეკრულობას. მჟავას წარმოქმნას აგრეთვე ამცირებს ჰისტამინ-2 (H2)-ის ბლოკატორები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. სიმპტომების მოსახსნელად ამ უკანასკნელთაგან პირველი უფრო ეფექტურია, ვიდრე ანტაციდები, თანაც მისი მიღება უფრო მოსახერხებელია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ინიშნება მაშინ, როცა უფრო ეფექტური მკურნალობაა საჭირო. თუ გასტრიტი ინფექციით არის გამოწვეული, გამოიყენება ანტიბიოტიკებიც. ლორწოვანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად იხმარება სუკრალფატიც.

თუ გასტრიტი წყულად გარდაიქმნა, რომელმაც გახვრიტა კუჭის კედელი, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო.

ეროზიული გასტრიტის მქონე პირები უნდა მოერიდონ კუჭის ლორწოვანის გამაღიზიანებელი პრეპარატების (როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) მიღებას. ზოგიერთი ექიმი კუჭის ლორწოვანის დასაცავად ნიშნავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს ან მიზოპროსტოლს. კოქსიბები (კოქს-2 ინჰიბიტორი, მაგალითად, კოქსიბი), სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად აზიანებს კუჭის ამომფენ გარსს, მაგრამ კვლევებით დადასტურებულია, რომ ხანგრძლივად მიღებისას კოქსიბები ზრდიან გულის შეტევის და ინსულტის რისკს. ამიტომაც მათი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

მწვავე სტრესული გასტრიტის მქონე პაციენტთა უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება, თუ ძირითადი დაავადება, ტრავმა ან სისხლდენა წარმატებით არის ნამკურნალები, თუმცაღა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სტრესული გასტრიტის მქონე პაციენტთა 2%-ს უვითარდება მძიმე, ხშირად ფატალური სისხლდენა. ამიტომაც ექიმები ცდილობენ თავიდან ააცილონ პაციენტს მწვავე სტრესული გასტრიტი ამა თუ იმ დაავადების, მძიმე ტრავმის ან დამწვრობის შემდეგ. პოსტოპერაციულ პერიოდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებების უმეტესობაში პაციენტებს მწვავე სტრესული გასტრიტის თავიდან ასაცილებლად აძლევენ მჟავას წარმოქმნის შემამცირებელ პრეპარატებს. იგივე პრეპარატები გამოიყენება სხვა მიზეზით განვითარებული წყლულების სამკურნალოდ. მწვავე სტრესული გასტრიტის დროს მძიმე სისხლდენისას მკურნალობის ბევრ სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე აუმჯობესებს გამოსავალს. სისხლის გადასხმამ შესაძლოა გააუარესოს სისხლდენა. სისხლდენის ადგილები დროებით შეიძლება მოიწვას ენდოსკოპის გამოყენების დროს, მაგრამ თუ გამომწვევი დაავადება გრძელდება, სისხლდენა ხშირად მეორდება. გახანგრძლივებული სისხლდენის შემთხვევაში კუჭი მთლიანად უნდა ამოიჭრას. აღწერილ სიტუაციაში ეს სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებაა.

პოსტგასტრექტომიული ან ატროფიული გასტრიტი არ იკურნება. მათ, ვისაც აქვს ატროფიული გასტრიტის ფონზე განვითარებული B12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითებით გამოწვეული ანემია, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იკეთონ ვიტამინის ინექციები.

კორტიკოსტეროიდები ან ოპერაცია შეიძლება საჭირო გახდეს კუჭიდან ეოზინოფილური გასტრიტით განპირობებული საკვების გადინების შეფერხების შესამსუბუქებლად. კუჭის ნაწილის ან მთლიანად ამოჭრამ შეიძლება განკურნოს პაციენტი მენეტრიეს დაავადებისგან, რომლის წამლებით მკურნალობა უეფექტოა.