1. პეპტიკური წყლული (პეპტიკური დაავადებები)
  2. პეპტიკური დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
პეპტიკური წყლული (პეპტიკური დაავადებები)

პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენის ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა.

  • პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს;

  • წყლულით გამოწვეული დისკომფორტი პერიოდულად ჩნდება და ქრება;

  • დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს კუჭის ტკივილზე და კუჭის ზონდით გამოკვლევის (ენდოსკოპია) შედეგებს;

  • ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლო ანტიბიოტიკები – ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის.

წყლული პენეტრირდება (გააღწევს) კუჭის ან თორმეტგოჯას (წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილი) ამომფენ გარსში. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში.

წყლულის დასახელება ასახავს ან მის ანატომიურ ლოკალიზაციას, ან იმ გარემოებას, რომლის შედეგადაც ის განვითარდა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც პეპტიკური წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თორმეტგოჯას დასაწყისში, პირველ რამდენიმე სანტიმეტრზე გვხვდება. კუჭის წყლული, რომელიც ნაკლებად ხშირია, ძირითადად ლოკალიზებულია კუჭის ზედა სიმრუდეზე. მოსაზღვრე წყლულები ვითარდება კუჭის ნაწილის ქირურგიული მოცილებისას იმ ადგილზე, სადაც დარჩენილი ნაწილი ნაწლავს უერთდება. სტრესით გამოწვეული წყლული, მწვავე სტრესული გასტრიტის მსგავსად, გვხვდება მძიმე დაავადებით, კანის დამწვრობით ან ტრავმით გამოწვეული სტრესის შემდეგ. სტრესული წყლულები აღმოცენდება ხოლმე კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში.

მიზეზები

წყლული ვითარდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენი გარსის ნორმალური დაცვითი და აღდგენითი მექანიზმების შესუსტებისას, რის გამოც ის უფრო ადვილად ზიანდება კუჭის წვენით.

პეპტიკური წყლულის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია კუჭის დაინფიცირება ჰელიკობაქტერიით და ზოგიერთი წამლის გამოყენება.

ჰელიკობაქტერიის სამკურნალოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებამდე ეს ბაქტერია თორმეტგოჯას წყლულის დროს გვხვდებოდა პაციენტების 90%-ში, კუჭის წყლულის დროს – 75%-ში. ამჟამად სიხშირის მაჩვენებელი უფრო დაბალია, დაახლოებით 50-დან 75%-მდე.

მრავალი პრეპარატი, განსაკუთრებით ასპირინი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და კორტიკოსტეროიდები აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და ხელს უწყობს წყლულის განვითარებას. ამავე დროს, აასს-ის და კორტიკოსტეროიდების მიღებისას ადამიანების უმრავლესობას პეპტიკური წყლული არ ემართება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტის რჩევით, პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა უმჯობესია გამოიყენონ აასს-ს ერთ-ერთი სახეობა – კოქსიბი (COX-2 ინჰიბიტორი), ვიდრე სხვა რომელიმე ძველი ტიპის აასს, რადგან კოქსიბების მიღებისას კუჭის დაზიანების ალბათობა ნაკლებია. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოქსიბების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს, ამიტომ მათი ხმარებისას სიფრთხილეა საჭირო. ამ გარემოების გათვალისწინებით იმ პაციენტებს, რომელთაც პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ექიმები ხშირად უნიშნავენ აასს-ს ძლიერ სიმჟავის დამთრგუნველ პრეპარატთან (როგორიცაა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად.

მწეველებს უფრო ხშირად უვითარდებათ და უფრო ნელა უხორცდებათ პეპტიკური წყლული, ვიდრე არამწეველებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს შეუძლია გაზარდოს მჟავას წარმოქმნა, ის არ ითვლება პეპტიკური წყლულის წარმოშობის მიზეზად.

პეპტიკური წყლულის იშვიათი მიზეზია ისეთი სიმსივნე, რომელიც იწვევს კუჭის მჟავას ჭარბ პროდუქციას (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი). სიმსივნური და არასიმსივნური წარმოშობის წყლულის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სიმსივნური წყლული არ რეაგირებს არასიმსივნური წყლულის სამკურნალოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე.

სიმპტომები

ტიპური წყლული მიდრეკილია შეხორცებისა და ხელახალი განვითარებისკენ. ამდენად, ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დღეების ან კვირების განმავლობაში, შემდგომ შემცირდეს ან გაქრეს. სიმპტომები განსხვავებულია წყლულის ლოკალიზაციისა და პაციენტის ასაკის მიხედვით. მაგალითად, ბავშვებს და ხანდაზმულ პირებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში წყლულის დიაგნოსტირება მხოლოდ გართულებების განვითარების შემდეგ არის შესაძლებელი.

თორმეტგოჯას წყლულის მქონე პაციენტთა მხოლოდ ნახევარს აქვს ტიპური სიმპტომები, სახელდობრ: ღრღნის, წვის, ტკივილის, სიცარიელის შეგრძნება და შიმშილის გრძნობა. ტკივილი მუდმივია, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ლოკალიზებულია უშუალოდ მკერდის ძვლის ქვემოთ. თორმეტგოჯას წყლულის დროს ტკივილი გაღვიძებისას ხშირად არ არის გამოხატული, იწყება მოგვიანებით. რძის ან საკვების (რაც კუჭის წვენზე ბუფერივით მოქმედებს), ან ანტაციდების მიღება ტკივილს აყუჩებს, მაგრამ, როგორც წესი, 2-3 საათში ის ისევ იჩენს ხოლმე თავს. ხშირია ტკივილი, რომელიც ღამე აღვიძებს ადამიანს. ზოგჯერ ტკივილი ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ან მეტჯერ არის გამოხატული, შემდეგ კი მკურნალობის გარეშე ქრება. დაავადების პირველი ორი წლის განმავლობაში ტკივილი უფრო ხშირია, მოგვიანებით კი არარეგულარულად იჩენს ხოლმე თავს. გამოცდილი პაციენტები ხვდებიან, როდისაა მოსალოდნელი ავადმყოფობის რეციდივი (უმეტესწილად გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აგრეთვე სტრესების დროს).

თორმეტგოჯას წყლულისგან განსხვავებით, კუჭის, ოპერირებული კუჭის დარჩენილი ნაწილის ნაწლავთან მიერთების ადგილზე ლოკალიზებული და სტრესით გამოწვეული წყლულის სიმპტომები არ არის სტანდარტული. საკვების მიღებამ შეიძლება დროებით შეამსუბუქოს ან, პირიქით, გამოიწვიოს ტკივილი. კუჭის წყლული ზოგჯერ იწვევს ქსოვილების შეშუპებას (ედემა), რომელიც წვრილ ნაწლავშიც ვრცელდება და შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭიდან საკვების გადასვლას. ასეთი დაბრკოლება ხანდახან იწვევს შებერილობას, გულისრევას ან ღებინებას საკვების მიღების შემდეგ.

პეპტიკური წყლულის გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა ან გასკდომა, თან ახლავს სისხლის წნევის დაქვეითებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – თავბრუსხვევა და გულის წასვლა.

დიაგნოზი

ექიმს მაშინ ებადება ეჭვი წყლულის არსებობაზე, როდესაც პაციენტს აქვს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ტკივილი კუჭის არეში. ზოგჯერ ექიმი გამოკვლევების ჩატარებამდე იწყებს წყლულის მკურნალობას და აკვირდება, მოიხსნება თუ არა სიმპტომები. სიმპტომების გაქრობა იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს წყლული ჰქონდა და შეუხორცდა.

გამოკვლევების ჩატარება შეიძლება საჭირო გახდეს დიაგნოზის დასაზუსტებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სიმპტომები გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ ან როდესაც სიმპტომები თავს იჩენს 45 წელზე მეტი ასაკის პირებს შორის, ან, წყლულისთვის დამახასიათებლის გარდა, პაციენტს აქვს სხვა სიმპტომებიც, სახელდობრ, წონაში კლება. მსგავსი სიმპტომები შეიძლება კუჭის კიბომ განაპირობოს. გარდა ამისა, როდესაც მძიმედ მიმდინარე წყლული არ ემორჩილება მკურნალობას ან ადამიანს აქვს რამდენიმე წყლული, ან წყლულები უვითარდება უჩვეულო ადგილებში, ექიმმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს სხვა დაავადებაზე, რომლის დროსაც კუჭის წვენი ჭარბად გამომუშავდება.

წყლულის დიაგნოზისა და მისი მიზეზის დასადგენად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ენდოსკოპია (დრეკადი ზონდით დათვალიერება) ან ბარიუმის კონტრასტით რენტგენოგრაფია (რენტგენოგრაფია მას შემდეგ, რაც პაციენტი დალევს სითხეს, რომელიც თვალსაჩინოს ხდის კუჭ-ნაწლავის სისტემის კონტურებს).

სადიაგნოზო კვლევის დაწყებას ექიმები ენდოსკოპიით ამჯობინებენ. ეს მეთოდი უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა წყლულის აღმოსაჩენად თორმეტგოჯაში ან კუჭის უკანა კედელზე, ვიდრე ბარიუმის კონტრასტით რენტგენოგრაფია. გარდა ამისა, ის ბევრად საიმედოა იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს მანამდე კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ამავე დროს, ზოგჯერ მაღალკვალიფიციურ ენდოსკოპისტსაც კი შეიძლება გამოეპაროს კუჭის და თორმეტგოჯას წყლული. ენდოსკოპის დახმარებით ექიმს შეუძლია ბიოფსიის ჩატარება (ქსოვილის ნიმუშის აღება მიკროსკოპით დასათვალიერებლად),რათა გამოირიცხოს კუჭის წყლულის სიმსივნური წარმოშობა და, აგრეთვე, დადასტურდეს ჰელიკობაქტერიის არსებობა. ენდოსკოპი გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად და წყლულიდან რეციდიული სისხლდენის ალბათობის შესამცირებლად.

ბარიუმის კონტრასტის გამოყენებით და გასტროინტესტინალური ე.წ. მრავალჯერადი რენტგენოგრაფიის ჩატარებით შეიძლება განისაზღვროს კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის სიმძიმე და ზომა, რაც ყოველთვის არ ხერხდება ენდოსკოპიით იმ შემთხვევებში, როცა წყლული თორმეტგოჯაში მოშორებით, ქვემოთ მდებარეობს ან ნაკეცით არის დაფარული.

მკურნალობა

რადგან წყლულის ძირითადი გამომწვევი ჰელიკობაქტერიაა, მის სამკურნალოდ ხშირად იყენებენ ანტიბიოტიკებს. ზოგჯერ ანტიბიოტიკებთან ერთად ბისმუტის სუბსალიცილატიც იხმარება. კუჭის მჟავას განეიტრალება ან შემცირება იმ წამლების გამოყენებით, რომლებიც თრგუნავს კუჭში მჟავას გამომუშავებას, ხელს უწყობს წყლულის შეხორცებას, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა. უმეტეს შემთხვევებში მკურნალობა გრძელდება 4-დან 8 კვირამდე. მიუხედავად იმისა, რომ დამზოგავი დიეტა ხელს უწყობს მჟავას გამომუშავების შემცირებას, არ არის დადასტურებული, რომ ის აჩქარებს შეხორცებას ან აფერხებს წყლულის განმეორებით განვითარებას. ამის მიუხედავად, მაინც აქვს აზრი ისეთი საკვების შეზღუდვას, რომელიც, პაციენტის შეგრძნებით, ტკივილს და შებერილობას აძლიერებს. ასევე მნიშვნელოვანია კუჭის სავარაუდოდ გამაღიზიანებელი ნივთიერებების (როგორიცაა აასს, ალკოჰოლი და ნიკოტინი) მოხმარების აღკვეთა.

ანტაციდები: ანტაციდები წყლულს ვერ ახორცებს, მაგრამ ამსუბუქებს სიმპტომებს კუჭის მჟავას განეიტრალებით და ამ გზით ზრდის კუჭის წვენის pH-ის მაჩვენებელს. ანტაციდების ეფექტურობა განსხვავებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობისა და კუჭში წარმოქმნილი მჟავას მოცულობის მიხედვით. თითქმის ყველა ანტაციდის შეძენა შეიძლება ექიმის რეცეპტის გარეშე, ტაბლეტების ან თხევადი ფორმით. ამასთან, ანტაციდის მიღებამდე ფარმაცევტის კონსულტაცია აუცილებელია ანტაციდის სხვა წამლებთან შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.

ნატრიუმის ბიკარბონატი (იგივე საკვები სოდა) და კალციუმის კარბონატი, უძლიერესი ანტაციდებია, მათი მიღება შეიძლება პერიოდულად, სიმპტომების სწრაფად და ხანმოკლე შემსუბუქებისთვის. ანტაციდები სისხლში შეიწოვება, მათმა ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება სისხლი ტუტე რეაქციისა გახადოს (ალკალოზი), რაც გულისრევას, თავის ტკივილს და სისუსტეს გამოიწვევს. ამიტომაც ანტაციდების დიდი რაოდენობით გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება. არ არის სასურველი მათი მიღება პაციენტებისთვის, რომელთათვისაც უმარილო დიეტაა მიზანშეწონილი, ვინაიდან ანტაციდებში მარილები დიდი რაოდენობით არის.

ალუმინის ჰიდროქსიდი შედარებით უსაფრთხო და ხშირად გამოყენებული ანტაციდია. მიუხედავად ამისა, ალუმინი შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფოსფატს დაუკავშირდეს, რის გამოც ორგანიზმი იცლება კალციუმისგან, სისხლში მცირდება ფოსფატის დონე, რაც სისუსტეს და მადის დაკარგვას განაპირობებს. ამ გვერდითი ეფექტების რისკი უფრო მაღალია ალკოჰოლიკებსა და თირკმლების დაავადებების მქონე, აგრეთვე დიალიზზე მყოფ პაციენტებს შორის. ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება ყაბზობა გამოიწვიოს.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი უფრო ეფექტური ანტაციდია, ვიდრე ალუმინის ჰიდროქსიდი. ის სწრაფად მოქმედებს, მჟავას ეფექტურად ანეიტრალებს. მისი მიღების ფონზე ნაწლავების მოქმედება უხშირესად რეგულარულია, თუ პაციენტი მხოლოდ რამდენიმე სუფრის კოვზს იღებს დღეში. ამასთან, 4 დოზაზე მეტის მიღებამ შეიძლება ფაღარათი გამოიწვიოს. ვინაიდან მაგნიუმის მცირე რაოდენობა შეიწოვება სისხლში, თირკმლების დაზიანების მქონე ადამიანებმა მაგნიუმის ჰიდროქსიდი უნდა მიიღონ მცირე დოზით. ბევრი ანტაციდი შეიცავს მაგნიუმის ჰიდროქსიდსაც და ალუმინის ჰიდროქსიდსაც.

თუ პაციენტს აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მაღალი წნევა ან თირკმლების დაზიანება, ანტაციდების შერჩევამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

მჟავიანობის დამაქვეითებელი მედიკამენტები: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებისხვა წამლებზე უფრო მეტად ამცირებს მჟავას წარმოქმნას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ხელს უწყობს წყლულის შეხორცებას უფრო ხშირად და დროის უფრო მოკლე მონაკვეთში, ვიდრე ჰისტამინ-2 (H2) ბლოკერები. ისინი ასევე ძალიან ეფექტურია კუჭის მჟავას ჭარბი სეკრეციით მიმდინარე მდგომარეობების, მაგალითად, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობისას.

ჰისტამინ-2 (H2) ბლოკერები, როგორიცაა ციმეტიდინი, ჰამოტიდინი, ნიზატიდინი და რანიტიდინი ამცირებს კუჭის მჟავას წარმოქმნას და, შესაბამისად, ამსუბუქებს სიმპტომებს, ხელს უწყობს წყლულის შეხორცებას. ამ ჯგუფის პრეპარატები მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ.H2ბლოკერების გამოყენებას, უხშირესად, არ ახლავს სერიოზული გვერდითი მოვლენები, თუმცა ხანდაზმული პაციენტების ციმეტიდინით მკურნალობისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების აღმოცენება; წამლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაბინდვა. გარდა ამისა, ციმეტიდინმა შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანიზმიდან ზოგიერთი წამლის, სახელდობრ, თეოფილინის (ასთმის სამკურნალოდ), ვარფარინის (სისხლის შედედების დასაქვეითებლად) და ფენოპტინის (კრუნჩხვების სამკურნალოდ) გამოყოფას.

შერეული პრეპარატები: სუკრალფატმა შეიძლება ხელი შეუწყოს წყლულის ფუძეზე დამცავი საფრის ფორმირებას და წყლულის შეხორცებას. ის კარგად მოქმედებს პეპტიკური წყლულის დროს და ანტაციდების ალტერნატივაა. სუკრალფატი მიიღება 2-4-ჯერ დღეში, არ შეიწოვება სისხლში და ამიტომაც ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა შესაძლებელია შეკრულობის განვითარება. ზოგ შემთხვევაში სუკრალფატი ამცირებს სხვა წამლების ეფექტურობას.

მიზოპროსტოლი გამოიყენება აასს-ით გამოწვეული კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის განვითარების ალბათობის შესამცირებლად. მიზოპროსტოლი ამცირებს კუჭის მჟავას წარმოქმნას და ზრდის კუჭის ლორწოვანის მდგრადობას მჟავასადმი. აასს-ის მიღებისას წყლულის განვითარების ალბათობა მაღალია ასაკოვან პაციენტებს შორის, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს; იმავე პრეპარატების გამოყენებისას განმეორებითი წყლულის განვითარების რისკი მაღალია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც წარსულში უკვე ჰქონდათ წყლული. ამრიგად, ორივე მოხსენიებული ჯგუფის პაციენტები მიზოპროსტოლის მიღების პოტენციური კანდიდატები არიან. მიზოპროსტოლი შემთხვევების 30%-ში ფაღარათს იწვევს. ორსული ქალებისთვის მიზოპროსტოლის მიღება სარისკოა, იზრდება სპონტანური აბორტის ალბათობა. მათთვის, ვინც იღებს ასპირინს, აასს-ს ან კორტიკოსტეროიდებს, მიზოპროსტოლის ალტერნატივაა პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები, რომლებიც ამცირებს წყლულის განვითარების ალბათობას და, ამავე დროს, მიზოპროსტოლზე ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

ქირურგიული ჩარევა: სადღეისოდ ქირურგიული ჩარევა იშვიათად არის საჭირო, ვინაიდან წამლებით მკურნალობა ახორცებს წყლულს, ხოლო ენდოსკოპია ეფექტურია სისხლდენის შესაჩერებლად. ქირურგიული ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება პეპტიკური წყლულის გართულებების სამკურნალოდ. ეს გართულებებია: პერფორაცია, ობსტრუქცია, რომელიც წამლებით მკურნალობაზე არ რეაგირებს ან მორეციდივეა, წყლულიდან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი, კუჭის წყლული, რომელიც, სავარაუდოდ, სიმსივნური გენეზისაა, წყლულის მძიმედ მიმდინარე და ხშირი რეციდივები. მოხსენიებული გართულებების სამკურნალოდ ბევრი სხვადასხვა ქირურგიული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს. წყლული შეიძლება ქირურგიული ჩარევის შემდეგაც განვითარდეს, ყოველმა პროცედურამ, თავის მხრივ, შეიძლება განაპირობოს წონაში კლება, საკვების მონელების გაუარესება და ანემია.