ჰემორაგიული კოლიტი | მკურნალი.გე
  1. ჰემორაგიული კოლიტი
  2. გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები)
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ჰემორაგიული კოლიტი

ჰემორაგიული კოლიტი გასტროენტერიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ნაწლავის ჩხირის გარკვეული შტამები აინფიცირებს მსხვილ ნაწლავს და წარმოქმნის ტოქსინს (შიგა ტოქსინი), რომელიც იწვევს სისხლიან ფაღარათს და სხვა სერიოზულ გართულებებს.

ჰემორაგიული კოლიტი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, ყველაზე ხშირია ბავშვებსა და ასაკოვან პირებს შორის. ჩრდილოეთ ამერიკაში ნაწლავის ჩხირის ყველაზე გავრცელებული შტამია O157:H7, რომელიც ჰემორაგიულ კოლიტს იწვევს. ეს ბაქტერია, ჩვეულებრივ, ბინადრობს ჯანმრთელი რქოსანი საქონლის ნაწლავებში. დაავადების გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს ცუდად მოხარშული საქონლის ხორცის ფარშის გამოყენებამ საკვებად ან არაპასტერიზებული რძის, ან წვენის და დაბინძურებული წყლის დალევამ. დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, განსაკუთრებით პამპერსიან ბავშვებს შორის.

ნაწლავის ჩხირის ტოქსინები აზიანებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანს. თუ ტოქსინები სისხლის მიმოქცევაში შეიწოვა, შესაძლებელია სხვა ორგანოების, მაგალითად, თირკმლების, დაზიანებაც.

სიმპტომები

მუცლის არეში ძლიერი მოვლითი ხასიათის ტკივილები და წყალწყალა განავლის გამოყოფა მოულოდნელად იწყება. მომდევნო 24 საათის განმავლობაში განავალი სისხლიანი ხდება. ფაღარათი, ჩვეულებრივ, 1-8 დღე გრძელდება. სხეულის ტემპერატურის მომატება, როგორც წესი, არ აღინიშნება ან მსუბუქად არის გამოხატული, მხოლოდ ზოგ შემთხვევაში აღემატება 38,9ºC-ს.

ჰემორაგიული კოლიტით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 2-7%-ს უვითარდება მძიმე გართულება, სახელდობრ, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელია ანემიის სიმპტომები (ადვილად დაღლა, სისუსტე და თავბრუსხვევა), რაც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტები) დაშლით (ჰემოლიზი); თრომბოციტების რაოდენობა სისხლში მცირდება (თრომბოციტოპენია), ვითარდება თირკმლების უკმარისობა. დაავადება ზოგჯერ რთულდება ნერვის ან ტვინის დაზიანებით (კრუნჩხვები, ინსულტი). ეს გართულებები როგორც წესი, ვითარდება ხოლმე დაავადების დაწყებიდან მეორე კვირაში, მას შეიძლება წინ უძღოდეს თანდათან მზარდი ცხელება. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი უფრო მეტად 5 წელზე პატარა ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. ჰემორაგიული კოლიტი, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის და მისი გართულებების გარეშეც, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს ასაკოვანი ადამიანისთვის.

დიაგნოზი

ჰემორაგიული კოლიტის არსებობაზე ეჭვი იბადება, თუ პაციენტს აქვს სისხლიანი ფაღარათი. დიაგნოზისთვის საჭიროა განავლის ნიმუშის ანალიზი ნაწლავის ჩხირის შტამის არსებობის დასადასტურებლად. ზოგჯერ ტარდება განავლის გამოკვლევა ნაწლავის ჩხირის მიერ გამოყოფილი ტოქსინის აღმოსაჩენად. შეიძლება ჩატარდეს სხვა გამოკვლევებიც, მაგალითად, კოლონოსკოპია, თუ ექიმი ეჭვობს, რომ სისხლიანი ფაღარათი სხვა დაავადებით არის გამოწვეული.

მკურნალობა

მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. ზოგჯერ იმდენად ბევრი სითხე იკარგება, რომ ექიმს უწევს მისი ჩანაცვლება ინტრავენური გადასხმების გზით. ანტიბიოტიკები არ ინიშნება, რადგან მათი გამოყენება ზრდის ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარების ალბათობას. გართულებების შემთხვევაში აუცილებელია საავადმყოფოში მკურნალობა, შესაძლოა საჭირო გახდეს ხელოვნური თირკმელი – დიალიზი.