სტაფილოკოკური კვებითი მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. სტაფილოკოკური კვებითი მოწამვლა
  2. გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები)
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
სტაფილოკოკური კვებითი მოწამვლა

სტაფილოკოკური კვებითი მოწამვლა ვითარდება გარკვეული ტიპის სტაფილოკოკების მიერ წარმოქმნილი ტოქსინით დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ, იწვევს ფაღარათს და ღებინებას.

სტაფილოკოკები იზრდება საკვებში და წარმოქმნის ტოქსინებს. ამრიგად, სტაფილოკოკური კვებითი მოწამვლა არა უშუალოდ ბაქტერიების, არამედ დაბინძურებულ საკვებში არსებული ტოქსინების ორგანიზმში მოხვედრის შედეგია. უხშირესად დაბინძურებულია ნადუღი, კრემიანი ნამცხვრები, რძე, დამუშავებული ხორცი, თევზი. ეპიდემიის რისკი მაღალია, თუ კანის ინფექციის მქონე მზარეული ამზადებს საკვებს, რომელსაც კარგად არ ხარშავს ან არ ინახავს მაცივარში.

სიმპტომები და დიაგნოზი

დაბინძურებული საკვების მიღებიდან 2-8 საათში უეცრად იწყება ძლიერი გულისრევა და ღებინება. შესაძლოა მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში, ფაღარათი, ზოგჯერ თავის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება. სითხის და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე და დააქვეითოს სისხლის წნევა (შოკი). სიმპტომები, როგორც წესი, 12 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება და სრულად გაივლის ხოლმე. ზოგჯერ სტაფილოკოკური კვებითი მოწამვლა ფატალურია, განსაკუთრებით ან ძალიან ახალგაზრდა, ან ხნიერ, ან ხანგრძლივი დაავადებით დასუსტებულ პირებს შორის.

გასტროენტერიტის დიაგნოზი მხოლოდ სიმპტომების შეფასებას ეფუძნება. კონკრეტულად სტაფილოკოკურ კვებით მოწამვლაზე ეჭვი უფრო მაშინ მიაქვთ, როცა სხვა პირებსაც, იმავე საკვების მიღების შემდეგ, იგივე სიმპტომები აღენიშნებათ და ყველა შემთხვევაში დაავადების წყარო, სავარაუდოდ, კონკრეტული საკვებია. ლაბორატორიული ანალიზით საეჭვო საკვებში სტაფილოკოკი უნდა აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ანალიზი უმეტესწილად არ ტარდება.

პრევენცია და მკურნალობა

სტაფილოკოკური კვებითი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად საკვების გულდასმით მომზადებაა საჭირო. თუ ვინმეს კანის ინფექცია აქვს, მან საკვები არ უნდა მოამზადოს მანამ, სანამ არ მორჩება. მომზადებული საკვები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული ან მაცივარში მოთავსდეს, არ უნდა დარჩეს ოთახის ტემპერატურაზე.

სამკურნალოდ პაციენტს სითხეების ადეკვატური რაოდენობა უნდა მიეცეს დასალევად. ძლიერი გულისრევის და ღებინების კონტროლისთვის ექიმმა შეიძლება დანიშნოს გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატი ინექციის ან სანთლის სახით. ზოგჯერ იმდენად ბევრი სითხე იკარგება, რომ საჭირო ხდება დანაკარგის ინტრავენური გადასხმის გზით შევსება.