ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარის დაავადებები
  2. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარის დაავადებები

ღვიძლი წარმოქმნის ნაღველს – მომწვანო-მოყვითალო ფერის, სქელი კონსისტენციის წებოვან ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელებას. კერძოდ, ნაღველი ამარტივებს ნაწლავიდან ქოლესტერინის (ქოლესტეროლის), ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას. ნაღველი ასევე ხელს უწყობს გარკვეული ნარჩენი პროდუქტების (ძირითადად ბილირუბინისა და ჭარბი ქოლესტეროლის) და წამლების შუალედური ცვლის პროდუქტების ორგანიზმიდან გამოყოფას.

სანაღვლე ტრაქტი შედგება მცირე ზომის მილებისგან (სადინარები), რომლებსაც გადააქვთ ნაღველი ღვიძლიდან ნაღვლის ბუშტამდე და შემდეგ წვრილ ნაწლავამდე. ნაღვლის ბუშტი არის მცირე ზომის, მსხლისებრი პარკი, რომელიც ღვიძლის ქვევით მდებარეობს. ნაღვლის ბუშტში ნაღველი გროვდება. როდესაც ადამიანი იკვებება და საჭირო ხდება ნაღვლის გამოყოფა, ნაღვლის ბუშტი იკუმშება და გამოდევნის ნაღველს წვრილ ნაწლავში სანაღვლე სადინარების საშუალებით.

ნაღვლის დინების შეფერხების ან შეჩერების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ნაღვლის კენჭები, რომლებიც ნაღვლის ბუშტიდან სანაღვლე სადინარებში გადადის;

  • სანაღვლე სადინარების დაზიანება ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის დროს;

  • პანკრეასის დაავადებები, რომლებმაც შეიძლება პანკრეასში გამავალი ნაღვლის სადინარების შევიწროება გამოიწვიოს;

  • სიმსივნე პანკრეასში ან სანაღვლე სადინარებში;

  • პარაზიტებით ინვაზია (აზიაში).

თუ სანაღვლე სადინარები დაიხშო, შესაძლებელია განვითარდეს ნაღვლის ბუშტის ანთება.